Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას გადაწყვეტს სააპელაციო ანი იანუშაიტიტეს საქმეზე ბრალდებულ და გამართლებულ ექსპერტზე?

სამედიცინო ექსპერტი დავით გრიგოლია. 12 წლის ანი იანუშაიტიტე, რომელიც 2023 წლის 17 მარტის ღამეს გარდაცვლილი იპოვეს სახლთან (ფოტოკოლაჟი)
სამედიცინო ექსპერტი დავით გრიგოლია. 12 წლის ანი იანუშაიტიტე, რომელიც 2023 წლის 17 მარტის ღამეს გარდაცვლილი იპოვეს სახლთან (ფოტოკოლაჟი)

დავით გრიგოლია, სამედიცინო ექსპერტი, რომელსაც 12 წლის ანი იანუშაიტიტეს მკვლელობის საქმეში, მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლას ედავებოდა გამოძიება და გასული წლის ბოლოს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გაამართლა, ამჯერად, 9 ივნისს, სააპელაციო სასამართლოში შეეცდება დაამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა.

სწორედ 9 ივნისს უნდა თქვას მან დასკვნითი სიტყვა სასამართლოში. არ არის გამორიცხული, რომ მოსამართლე მზია ლომთათიძემ, იმავე დღეს მიიღოს გადაწყვეტილება - შეცვლის თუ ძალაში დატოვებს პირველი ინსტანციის მოსამართლის, ეკა არეშიძის განჩინებას, რომლითაც უდანაშაულოდ ცნო სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი წარდგენილ ბრალში.

მოსამართლე ეკა არეშიძის ეს გადაწყვეტილება პროკურატურამ და 12 წლის ანი იანუშაიტიტეს ოჯახის ინტერესების დამცველმა ორგანიზაციამ „უფლებები საქართველო“, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

ცალკე გამოყოფილი საქმით, 45 წლის ექსპერტს გამოძიება ედავებოდა მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლას, რაც ექსპერტის მიერ გაუფრთხილებლობით საექსპერტო კვლევის ობიექტის დაუცველობაში გამოიხატა - საქმის მასალების მიხედვით, ანი იანუშაიტიტეს გვამიდან - სახიდან და მტევნებიდან აღებული ანაწმენდები „დაობდა“.

„ეს არის საქმე, სადაც, რასაც გვედავებოდნენ, იმაზე კვლევაც არ ჩატარებულა“ - რა თქვა ადვოკატმა

5 მაისს, მოსამართლე მზია ლომთათიძემ, საქმის პროკურორისა და დავით გრიგოლიას ადვოკატის დასკვნითი სიტყვები მოისმინა. მათ სიტყვებს სხდომათა დარბაზში უსმენდნენ 12 წლის ანი იანუშაიტიტეს მშობლებიც.

12 წლის ანი იანუშაიტიტეს დედა სააპელაციო სასამართლოს ჭიშკართან
12 წლის ანი იანუშაიტიტეს დედა სააპელაციო სასამართლოს ჭიშკართან

დედა, ნატო ხუტაშვილი, დრო და დრო, დაბალ ხმაზე ცდილობდა გამოეხატა პროტესტი და უკმაყოფილება, როდესაც დავით გრიგოლიას ადვოკატი, თამარ კუჭავა, სასამართლოს წინაშე დასკვნით სიტყვას ამბობდა:

„სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ მე ამ საქმეში არ მქონია არანაირი სტრატეგია. ყველაფერი მოხდა ასე - დავით გრიგოლია არის ჩემი მეგობარი და ეს არის ჩემი პირველი და უკანასკნელი საქმე, როცა ჩემი მეგობრის ინტერესებს ვიცავ, რადგან ამან ემოციურად გამანადგურა“, - ასე დაიწყო თავისი სიტყვა ადვოკატმა თამარ კუჭავამ სააპელაციო სასამართლოს დარბაზში.

ის ირწმუნება, რომ მეგობრის მიმართ წაყენებული ბრალის შესახებ მან აღკვეთის ღონისძიების სხდომის დაწყებამდე 45 წუთით ადრე შეიტყო:

ადვოკატი თამარ კუჭავა და სამედიცინო ექსპერტი დავით გრიგოლია სააპელაციო სასამართლოს ჭიშკართან, 5 მაისი, 2026 წელი
ადვოკატი თამარ კუჭავა და სამედიცინო ექსპერტი დავით გრიგოლია სააპელაციო სასამართლოს ჭიშკართან, 5 მაისი, 2026 წელი

„დამირეკა და მითხრა, რომ ჰქონდა სასამართლო. სანამ სასამართლომდე მივედი, გზადაგზა ვისმენდი იმ ბრალდებებს, რასაც ედავებოდნენ. მაშინვე ვკითხე, თუკი ყველაფერი წესის დაცვით გააკეთე, როგორ დაობდა ანაწმენდი?... ვუთხარი, რომ ცალკე ჩავატარებდი ალტერნატიულ გამოძიებას და თუკი რომელიმე კითხვაზე შენი საწინააღმდეგო პასუხი დადგინდება-მეთქი... და არ დამამთავრებინა, ყველაფერზე მზად ვარ, რომ პასუხი ვაგოო. ასე დაიწყო ის გოლგოთა, რომელიც 2 წელს გრძელდებოდა [ექსპერტს ბრალი გამოძიებამ 2023 წლის ოქტომბერში წარუდგინა - რ.თ.]“, - თქვა თამარ კუჭავამ 5 მაისს გამართულ სხდომაზე.

მისი არგუმენტებისა და მტკიცებულებების თანახმად, რომელიც 2025 წლის 16 დეკემბერს მოსამართლე ეკა არეშიძემაც გაიზიარა და ბრალდებული გაამართლა, დავით გრიგოლიამ, ექსპერტმა 16-წლიანი გამოცდილებით, მასზე დაკისრებული მოვალეობა პირნათლად შეასრულა, გააკეთა ის, რაც ევალებოდა - 12 წლის ბავშვის გვამიდან ანაწმენდები შეაგროვა და დალუქა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში მოქმედი წესის შესაბამისად.

თამარ კუჭავას თქმით, ეს პირველი ინსტანციის მოსამართლემ „უპრეცედენტო გადაწყვეტილებით“დაადასტურა კიდეც:

„ეს განაჩენი აუცილებლად უნდა დარჩეს ძალაში და სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. მე მართალი ვარ გარდაცვლილი ბავშვის სულის წინაშე, არცერთი სიმართლე არა შემიცვლია. ისეთ საკითხებზეც დავსვით კითხვები, რაც საქმის ფარგლებს სცილდებოდა. ბრალდების მხარის მოწმეებიც, ისე გამოვიდა, რომ დაცვის მოწმეები აღმოჩნდნენ, რადგან ის, რაც მათ სასამართლოზე ისაუბრეს, ერთადერთს ადასტურებდა, რომ დავით გრიგოლია უდანაშაულოა. მან ყველაფერი გააკეთა, რაც მის კომპეტენციაში შედიოდა...

მთელი ორწლიანი ჯოჯოხეთი, რომელიც დათოს გაატარეს, ამ საქმეშია... თავად დარწმუნდებით, რომ ერთადერთი დაზარალებული ახლა ამ დარბაზში, დათოა, რადგან ორი წლის წინ, მე მას სხვანაირს ვიცნობდი“.

ადვოკატი ამბობს, რომ პროკურატურამ დავით გრიგოლიას ბრალდებულად ცნობა მხოლოდ იმიტომ გადაწყვიტა, რომ 12 წლის ბავშვის მკვლელობის საქმის გამოძიება ვერ მოახერხა.

მისი თქმით, დოლბანდები, რომელთა დაობებასაც ედავებოდა გამოძიება, ექსპერტმა სრულად გაშრობის შემდეგ მოათავსა პოლიეთილენის პაკეტებში და სამ ნიმუშზე - ანაწმენდებზე სახიდან და მტევნებიდან, არა ობი, არამედ პირნაღები მასის ანაწმენდი და მიწა იყო.

ადვოკატის თქმითვე, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს არ აქვს ანაწმენდების სხვა, ალტერნატიული, მათ შორის, ქაღალდის დასალუქი საშუალებები და ეს დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე გამოკითხულმა სხვა ექსპერტებმაც.

დავით გრიგოლიას ინტერესების დამცველი ამბობს, რომ სამედიცინო ექსპერტის ერთადერთი დანიშნულება ამ საქმეში იყო დაედასტურებინა ანი იანუშაიტიტეს გარდაცვალების ფაქტი, დაედგინა ის ანატომიური ნიშნები, თუ რამ გამოიწვია მისი გარდაცვალება, აღეწერა დაზიანებები მის სხეულზე, გვამიდან აეღო გამოძიების მიერ მოთხოვნილი ნიმუშები და ანაწმენდები, რაც ადვოკატის მტკიცებით, დავით გრიგოლიამ წესების სრული დაცვით შეასრულა.

რაც შეეხება დოლბანდებზე არსებულ „ობისმაგვარ კვალს“, თამარ კუჭავას თქმით, იყო თუ არა ეს ნამდვილად ობი, ამ კითხვაზე გამოძიებას პასუხი არ გაუცია, რადგან იმ დოლბანდებზე, რომელთა დაზიანებასაც გამოძიება ექსპერტს ედავებოდა, შესაბამისი ექსპერტიზა არ ჩატარებულა:

„სამხარაულის ბიოლოგიური ექსპერტი, ნინო კვიწინაძე წერდა, რომ პაკეტში მოთავსებული დოლბანდი, სადაც ანაწმენდები იყო დატანილი, „მოყვითალო ფერის ლაქებითა და მოშავო-მონაცრისფრო ობისმაგვარი დანაშრევით“ იყო დაფარული. ნინო კვიწინაძემ სასამართლოში თქვა ასეთი რამ, „ობისმაგვარი“ იყო ჩემი ვიზუალური შეფასება. ნებისმიერ სხვა ექსპერტს, შეიძლებოდა სხვა რაიმესთვის შეედარებინა. ეს არის საქმე, ბატონო მოსამართლევ, სადაც ობის სოკოზე კვლევა არ ჩატარებულა. ყველაფერი არის ამ ჩანაწერის ჰიპოთეტური დაშვების შედეგი“, - მიმართა თამარ კუჭავამ მზია ლომთათიძეს.

"დედის კითხვებს გამოძიება პასუხს ვერ სცემს. რატომ? იმიტომ, რომ მთავარი ნიმუშები, სადაც შეიძლებოდა ყოფილიყო დნმ, არ არის" - რა თქვა პროკურორმა.

საქმის პროკურორმა ნათია თათიაშვილმა თავისი დასკვნითი სიტყვა იმ ერთ-ერთი ფოტოს წარდგენით დაიწყო, რომელიც ანი იანუშაიტიტეს ცხედარს, შემთხვევის ადგილზე გადაუღეს.

მისი თქმით, სწორედ ამ ფოტოს გადაღების მომენტიდან დაიწყო „ექსპერტის ქმედებების“ ის ჯაჭვი, რომელმაც გამოძიება ჩიხში შეიყვანა:

პროკურორი ნათია თათიაშვილი, 5 მაისი, 2026 წელი
პროკურორი ნათია თათიაშვილი, 5 მაისი, 2026 წელი

„ექსპერტს უჭირავს ბავშვის ხელი და აი, ჩანს ფრჩხილში თმა, რომელიც ექსპერტს არ შეუმჩნევია, ექსპერტმა ვერ ნახა, დაიკარგა. ჩავატარეთ ფოტოსურათზე ექსპერტიზა, მაგრამ ვერ ტარდება. ვერ გვეუბნება ექსპერტიზა პასუხს, ნამდვილად არის თუ არა ეს თმის ღერი. არის ის ადამიანის თუ ცხოველის...

როდესაც გვამი გხვდება ასეთ მიუვალ ადგილზე და ნებისმიერი სცენარი შეიძლება იყოს განვითარებული და ექსპერტი ასეთ მნიშვნელოვან მტკიცებულებას კარგავს, აქედან იწყება სწორედ მისი როლი. ამას ემატება უშუალოდ ის, რის გამოც დაიკარგა შემდგომში უკვე სხვა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები და დაზიანდა. ისევ და ისევ ექსპერტის ქმედებით, დაუცველობა, რაც მან განახორციელა“.

თმის ღერის შესახებ გაჩენილ კითხვებს დავით გრიგოლიამ რადიო თავისუფლებასთან ორი თვის წინ ისაუბრა. მაშინ მან გვითხრა: „მე მევალებოდა მხოლოდ გვამის გარეგნული დათვალიერება, რაც გულისხმობს მხოლოდ იმას, რომ დავადასტურო გარდაცვალება, გვამური გაშეშება, დაწყებულია თუ არა ლაქები. ყველა სხვა ნივთმტკიცებას იღებს კრიმინალისტი ექსპერტი. სასამართლომ დაკითხა ექსპერტ-კრიმინალისტები და მათ თქვეს, რომ იქ არ ყოფილა თმა. ეს იყო ღამით, ხელოვნური განათების პირობებში გადაღებული ფოტოები და ერთ-ერთმა ექსპერტმა თქვა, რომ შესაძლოა, ეს იყო ოპტიკური კვალი. თუკი შემთხვევის ადგილზე რაიმე დაიკარგა, ამაზე პასუხისმგებელია გამომძიებელი და ექსპერტ კრიმინალისტი, რომელიც ათვალიერებს ადგილს. გამომძიებელი აძლევს მითითებას შემთხვევის ადგილზე მყოფ ყველა ადამიანს“, - თქვა დავით გრიგოლია.

პროკურორი ირწმუნება, რომ ნიმუშები - ანაწმენდები სახიდან და ხელებიდან, რომელთა გაფუჭებასაც ედავებოდა გამოძიება ექსპერტს, ნამდვილად დაობებული იყო და მასზე არ იყო პირნაღები მასისა და მიწის კვალი, რაზეც დაცვის მხარე აპელირებს.

ამის საილუსტრაციოდ მან სხდომათა დარბაზში ანი იანუშაიტიტეს გვამის ფოტოები წარადგინა:

„აბა, ამ ხელზე, თქვენ სადმე ხედავთ პირნაღებ მასას? არა. ანალოგიურად არის მეორე ხელიც. სახის თუნდაც ეს ნაწილი, შუბლი, სად არის პირნაღები მასა? ამ ფოტოშიც ორივე ხელი ჩანს და არცერთ ხელზე დაბინძურება არ არის... სწორედ ეს არის კიდევ ერთი გარემოება და სიგნალი, რაც იმ ერთიან ჯაჭვს ქმნის, რის გამოც ბრალდების მხარე დავით გრიგოლიას ედავებოდა. სწორედ ამიტომ და არა მხოლოდ ამიტომ მიიჩნევს ბრალდების მხარე, რომ დავით გრიგოლიამ ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული“.

საქმის მასალებზე დაყრდნობით, ნათია თათიაშვილი ამბობს, რომ ექსპერტი, რომელმაც 2023 წლის 17 მარტის გამთენიისას, 12 წლის ბავშვის ცხედარი შეისწავლა და ნიმუშები და ანაწმენდები აიღო, არ იყო მოტივირებული, საქმეს ზედაპირულად მიუდგა და მათ შორის, არ გააკეთა სპეციალური მინიშნება იმ პოლიეთილენის პაკეტებზე, სადაც ანაწმენდები მოათავსა:

„ექსპერტმა, რომელმაც იცის, რომ ეს ნიმუშები უნდა ტრანსპორტირდეს ბიოლოგიურ დეპარტამენტში, იცის, რომ ამისთვის უნდა მოვიდეს გამომძიებელი და წაიღოს, შესაძლებელია, რომ ეს მაგალითად, ერთ საათში ვერ მოხდეს და ისიც კარგად იცის, რომ ბიოლოგიური დეპარტამენტი ამ ნიმუშებს მიტანიდან ერთ საათში ვერ გამოიკვლევს, რადგან რიგითობაა დასაცავი, ამისათვის პაკეტებს გააჩნია შენიშვნის გრაფა, რომელსაც ავსებს ექსპერტი.

თუკი ექსპერტმა, რომელმაც იცი, რომ პირნაღებინები მასა გაქვს აღებული, გაქვს ეჭვი, რომ შესაძლოა, დოლბანდი ბოლომდე არ იყოს მშრალი, ეს გრაფა სწორედ ამისთვისაა, რომ მე კი ვაშრობდი ამ დოლბანდებს ხუთი საათი, მაგრამ ბიოლოგიურმა ექსპერტმა იცოდეს, რომ ეს ნიმუში რომ მივა მასთან, რომელიც შესაძლოა, სველი იყოს, ის მაშინვე გახსნას, გამოაშროს და სათანადო წესით დაილუქოს შემდეგ ისე, რომ არ დაზიანდეს“, - ამბობს პროკურორი და აგრძელებს იმ ხარვეზების ჩამოთვლას, რომელიც მისი მტკიცებით, ექსპერტმა ანი იანუშაიტიტეს გვამის კვლევისას დაუშვა - მათ შორის, არ აიღო ანაწმენდები დაზიანებული ყელის არედან. ანაწმენდების აღებისას გამოიყენა მხოლოდ ერთი დოლბანდი და არა რამდენიმე, არ აიღო ანაწმენდები სუფთა ადგილებიდან.

ნათია თათიაშვილი თვლის, რომ ექსპერტის ამგვარმა ქმედებებმა დატოვა ანი იანუშაიტიტეს ოჯახი პასუხების გარეშე:

„ეს არის თავიდან ბოლომდე საექსპერტო კვლევის ობიექტის დაუცველობა და არა ის, რომ ეს გამიზნულად გააკეთა. არა. ყოველივე ეს ქმნის გაუფრთხილებლობის ჯაჭვს და საბოლოოდ ვიღებთ იმას, რომ სწორედ ის საკვლევი ობიექტები, რომლებიც ამ საქმეში შესაძლოა, ყოფილიყო უმთავრესი, რომელზეც შესაძლოა ყოფილიყო მკვლელის დნმ და დღეს დაზარალებულს არ აქვს პასუხი, მისი შვილი მოკლეს თუ არა, მისი შვილის მკვლელი გარეთ არის ახლა და სხვის შვილსაც ემუქრება საფრთხე თუ არა. კითხვები აქვს, რომელსაც გამოძიება პასუხს ვერ სცემს. რატომ? იმიტომ, რომ მთავარი, სადაც შეიძლებოდა ყოფილიყო დნმ, არ არის. არ არის თმის ღერი, რომელიც შესაძლოა, სწორედ მკვლელის თმის ღერი ყოფილიყო“.

კითხვაზე, რატომ არ აიღო ექსპერტმა ანაწმენდი ე.წ. სუფთა ადგილებიდან, თაკო კუჭავა ამბობს:

„როდის ეძებს გამოძიება სახესა და ხელებზე დნმ-ს? როცა გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა ყოფილიყო, მაგალითად, მოხრჩობა. გარდაცვალების ერთადერთი მიზეზი ანატომიურად დამტკიცებულია, რომ ეს იყო ასფიქსია გამოწვეული პირნაღებინები მასით. თუკი 99 ნიმუშში არ ამოვიდა მითიური მოძალადის დნმ, მაინც და მაინც ამ სამ ნიმუშში რატომ უნდა ყოფილიყო ნაპოვნი გენეტიკური კვალი, ეს გამოძიებამ ვერ დაადასტურა“.

რაც შეეხება დაცვის მხარის განცხადებას იმის შესახებ, რომ დოლბანდებზე, რომელთა დაზიანებას და დაობებას ედავებოდა გამოძიება დავით გრიგოლიას, არ ჩატარებულა შესაბამისი ექსპერტიზა, პროკურორი პასუხობს, რომ მათ საკვლევი ობიექტები შემდგომი, გაცილებით პრიორიტეტული კვლევებისთვის გააგზავნეს უცხოეთში და სწორედ ამის გამო თქვეს უარი ობის სოკოს კვლევასა და ამ ნიმუშების სასამართლოზე წარდგენაზე:

„დიახ, არ არის ობზე ჩატარებული ექსპერტიზა და არ ტარდება, მაგრამ სამაგიეროდ, გამოვიკვლიეთ, რა იწვევს ობის სოკოს და ეს ერთიანი ჯაჭვია. თუკი ექსპერტი მიწერს, რომ მან ობისმაგვარი დანაშრევები დაინახა, არ არის აუცილებელი მქონდეს პასუხი, რომ ეს ნამდვილად ობის სოკო იყო თუ არა.

ამ კვლევის ობიექტზე, რომელზეც ხავსჩაჭიდებულებივით, ხან რომელ ქვეყანაში ვნიშნეთ ექსპერტიზა და ხან რომელში, რომ დაზარალებულ მხარეს ჰქონოდა პასუხი და მისი შვილის მკვლელის საპოვნელად რაიმე გვქონოდა ხელჩასაჭიდი, სწორედ ამიტომ არ იყო მოტანილი ეს საკვლევი ობიექტი, დიდი პატივისცემის მიუხედავად, ეკა არეშიძესთან, ეს გამეხსნა და მეჩვენებინა, აი, როგორ არის დაობებული. არა! ის უფრო მნიშვნელოვანი იყო, რომ მკვლელობის საქმეში ეს ნივთმტკიცება ისე ყოფილიყო დაცული, რომ შემდგომში იქნებ რაღაც ყოფილიყო აღმოჩენილი, თუმცა, ესეც უშედეგო აღმოჩნდა. რადგან თავდაპირველად იმ დონეზე იქნა დაზიანებული, რომ ვეღარ წავიდა წინ გამოძიება.

სწორედ ეს არის საექსპერტო ობიექტის დაუცველობა, რამაც საბოლოოდ განზრახ მძიმე დანაშაულის გამოძიებას შეუშალა ხელი“, - თქვა ნათია თათიაშვილმა 5 მაისს სააპელაციო სასამართლოს სხდომათა დარბაზში.

იმ შემთხვევაში, თუკი სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, მზია ლომთათიძე პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას შეცვლის, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს სამედიცინო ექსპერტს, დავით გრიგოლიას, ოთხ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

2023 წლის 17 მარტის ღამეს, დიდ დიღომში, 12 წლის ანი იანუშაიტიტე მეზობლებმა და ოჯახის წევრებმა, სახლთან ახლოს, პეტრიწის 12 ნომერთან, ნაგავსაყრელად ქცეულ ტერიტორიაზე იპოვეს. ტერიტორია, სადაც ბავშვი ნახეს, მისი სახლის უკან, დაახლოებით 200 მეტრში მდებარეობს.

ბავშვის სხეულზე სამედიცინო ექსპერტმა 39 დაზიანება აღწერა - მათ შორის, დალურჯებები ნეკნებზე, სისხლნაჟღენთი ხელის არეში, დაზიანებები ტუჩებზე, ნაკაწრები სახეზე, დაზიანება შუბლზე...

3 წელია, ანის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. 3 წელია, ანის ოჯახი ელოდება პასუხს კითხვაზე, რა მოხდა 16-17 მარტის ღამეს.


  • 16x9 Image

    ნინო თარხნიშვილი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. 

ფორუმი

XS
SM
MD
LG