Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არაადაპტირებული საარჩევნო უბნები კახეთში


კახეთის რეგიონში საარჩევნო უბნების დიდი ნაწილი შშმ პირთა საჭიროებებზე არ არის ადაპტირებული. ამის გამო კონკრეტული პირები არჩევნებში მონაწილეობას იღებენ გადასატანი ყუთის საშუალებით. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში თქვეს, რომ რადგან საარჩევნო უბნები მათ საკუთრებას არ წარმოადგენს, ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარების უფლება არა აქვთ, თუმცა იმასაც გვეუბნებიან, რომ ადაპტირებული უბნების რაოდენობა არჩევნებიდან არჩევნებამდე იზრდება. რა პრობლემას ქმნის შშმ პირებისთვის არაადაპტირებული გარემო და რა კეთდება პრობლემის მოსაგვარებლად?

გადმოწერა

ლექსო ჭუმბურიძე 38 წლის არის. საარჩევნო უფლების მქონე პირია და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელიანში ცხოვრობს. მან სკოლის დამთავრების აღსანიშნავ წვეულებაზე ხერხემალი დაიზიანა და მას შემდეგ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსით ცხოვრობს. დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება. ეტლით მოსარგებლეა და 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გადასატანი ყუთის საშუალებით მიიღებს. ლექსოს თქმით, არ მოსწონს, როდესაც ამ ფორმით იღებს არჩევნებში მონაწილეობას, თუმცა სხვა გამოსავალი არ აქვს - სოფელში მისი საარჩევნო უბანი არ არის ადაპტირებული, სხვების შეწუხება კი არ უნდა. ლექსო ჭუმბურიძე იმასაც გვეუბნება, რომ საარჩევნო უბნის ადაპტირების მოთხოვნით არავისთვის მიუმართავს, რადგან არა აქვს იმედი, რომ შედეგი დადგება:

ადაპტირებული უბნები

ცენტრალურ საარჩევნო კომისიის თანახმად:

  • წელს შშმ პირების საჭიროებებზე მორგებული იქნება 1 233 უბანი;
  • მათგან პანდუსიანია - 725;
  • ნულოვანი ადაპტირებით - 508 უბანი.

„არ მსიამოვნებს, როცა სახლში მოაქვთ ყუთი. მინდა, რომ მე თავად მივიდე საარჩევნო უბანზე და ხმა ასე მივცე. მაგრამ უბნები ბაღის შენობაშია ხოლმე და ისიც მეორე სართულზე. მე გადასატანი ყუთით ვაძლევ ხმას. პრობლემის შესახებ არ მიმიმართავს არავისთვის, იმიტომ რომ არ მგონია, მარტო ჩემი გულისთვის ვინმე რამეს მოაწყობს. არადა, არ მინდა, რომ ვინმე შევაწუხო. ცესკოს რეკლამა გადის, რომ ადაპტირებულიაო შშმ პირებისთვისო, მაგრამ ჩემთან ასე არ არის“.

ლაგოდეხში 37 საარჩევნო უბანი და 35 ათასზე მეტი ამომრჩეველია, თუმცა არ არსებობს სტატისტიკური მონაცემები, მათგან რამდენია შშმ პირი. უბნები ძირითადად განთავსებულია სკოლებსა და ბაგა-ბაღებში. ზოგი შენობა ნახევარი საუკუნის წინ არის აშენებული. შესაბამისად, იშვიათი გამონაკლისების გარდა, ნაგებობები არ არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებზე. ლაგოდეხის მეთხუთმეტე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რევაზ გაიპარაშვილი ამბობს, რომ 37 უბნიდან ადაპტირებულია 8 უბანი. მისივე თქმით, მათ ამ დრომდე არც ერთი განაცხადი არ მიუღიათ, უბნის ადაპტირების მოთხოვნით, ხოლო თუკი ასეთი მოთხოვნა იქნებოდა, შეეძლოთ კონკრეტულ საარჩევნო უბანზე დროებითი პანდუსი მოეწყოთ:

„რაც შეეხება ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველს, ჩვენთან, ლაგოდეხში, 8 უბანია მარტივად ადაპტირებული. მარტივ ადაპტაციაში იგულისხმება ის, რომ ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველს შეუძლია სხვისი დახმარების გარეშე შევიდეს საარჩევნო კაბინაში. დანარჩენ უბნებზე თუ ასეთი საჭიროება იყო, თავად შშმ პირებს უნდა მოემართათ სპეციალური განცხადებით და ჩვენ შეგვიძლია მოვუწყოთ დროებითი პანდუსი“.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 3 ათას 709 უბანი იქნება გახსნილი. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გვითხრეს, რომ წელს შშმ პირების საჭიროებებზე ადაპტირებული იქნება 1233 უბანი. მათგან პანდუსიანია 725, ხოლო ნულოვანი ადაპტირებით - 508 უბანი. როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში თქვეს, რადგან საარჩევნო უბნები მათ საკუთრებას არ წარმოადგენს, ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარების უფლება არა აქვთ, თუმცა იმასაც გვეუბნებიან, რომ ადაპტირებული უბნების რაოდენობა არჩევნებიდან არჩევნებამდე იზრდება.

განსხვავებული ვითარებაა უსინათლო და მცირემხედველი ამომრჩევლისთვის. როგორც ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ გვითხრა, უსინათლოებისთვის საქართველოს მასშტაბით ყველა უბანზე სპეციალურ ჩარჩო-ფორმას გამოიყენებენ, მცირემხედველებისთვის კი - გამადიდებელ ლინზას:

„ეს არის უნივერსალური ჩარჩო-ფორმა, რომელიც არ მოითხოვს ბრაილის შრიფტის ცოდნას. ჩვენ ბრაილის შრიფტს იქიდან გამომდინარე არ გამოვიყენებთ, რომ არსებობს ბევრი უსინათლო, რომელიც არ ფლობს ცოდნას ბრაილის შრიფტის გამოყენების. ეს ჩარჩო-ფორმა არის უნივერსალური, რაც იმას ნიშნავს, რომ მასში იდება ბიულეტენი და ნებისმიერ უსინათლოს მარტივად, სხვისი დახმარების გარეშე, შეუძლია განახორციელოს ხმის მიცემის პროცედურა“.

28 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობა პრეზიდენტს პირდაპირი არჩევის წესით უკანასკნელად აირჩევს. ამ არჩევნებზე საქართველოში 3 მილიონ 518 ათას 890 ამომრჩეველია რეგისტრირებული. მოსახლეობას პრეზიდენტის არჩევა 25 კანდიდატს შორის მოუწევს.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG