Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასამთავრობო ორგანიზაციებმა საპრეზიდენტო არჩევნების მედიამონიტორინგი დაიწყეს


მიუხედავად იმისა, რომ წლევანდელი საპრეზიდენტო არჩევნების გამართვის თარიღი ჯერ გამოცხადებული არ არის, სამმა ორგანიზაციამ 18 ივნისიდან მაინც დაიწყო არჩევნების მედიაში გაშუქების მონიტორინგი. ისევე როგორც წინა წლებში, დაკვირვების ქვეშ მოექცევა როგორც ტელევიზია და რადიო, ისე პრესა და ონლაინგამოცემები.

ტელევიზიების მონიტორინგს განახორციელებს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, რადიოსადგურებს დააკვირდება „ინტერნიუს-საქართველო“, ხოლო პრესისა და ონლაინმედიასაშუალებების წინასაარჩევნო მუშაობას შეისწავლის სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი.

ეს სამი ორგანიზაცია, უკვე წლებია, ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფარგლებში ახორციელებს წინასაარჩევნო მედიამონიტორინგს, იქნება ეს საპრეზიდენტო, საპარლამენტო თუ ადგილობრივი არჩევნები. მედია საშუალებები კი, ისევე როგორც წინა წლებში, შეირჩა მათი რეიტინგებისა და მედიაექსპერტების რეკომენდაციების გათვალისწინებით.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარის, გიორგი მგელაძის, თქმით, ქარტია 8 ტელევიზიას დააკვირდება:


„გასულ წელს, რაკი იყო ადგილობრივი არჩევნები, ვამონიტორინგებდით 14 ტელევიზიას. მათ შორის იყო 5 რეგიონული ტელევიზია და 9 ეროვნული ტელევიზია. წელს იქნება 8 ტელევიზია, რომელიც ძირითად აუდიტორიას მოიცავს. რეგიონში ბაზირებული იქნება აჭარის ტელევიზია, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელევიზია. დაგვემატა „იბერიაც“, რომელიც აქამდე არასოდეს გვქონია სამონიტორინგოდ“.

ქარტიის საბჭოს თავმჯდომარემ დასძინა, რომ ისინი დააკვირდებიან ტელევიზიების პრაიმტაიმში გასულ მთავარ საინფორმაციო გამოშვებებს, ასევე პოლიტიკურ ტოქშოუებს, მათ შორის სპეციალურად არჩევნებისთვის მომზადებულ გადაცემებს. გიორგი მგელაძის განმარტებით, როგორც პროექტი მოითხოვს, გამოქვეყნდება ორი ანგარიში - პირველი არჩევნების დასრულებამდე რამდენიმე დღით ადრე, საბოლოო კი არჩევნების დასრულების შემდეგ.

ეკა ბერიძე, მედიამონიტორინგის კოორდინატორი „ინტერნიუს-საქართველოდან“, ამბობს, რომ ორგანიზაცია მონიტორინგს გაუწევს 11 რადიოსადგურს. აქედან სამი იქნება რეგიონალური: ლაგოდეხის „ჰერეთი“ და ზუგდიდის „ათინათი“, გაშუქდება ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთი არხის, „რადიო აჭარის“, მუშაობა:

„დავითვლით, ვის რამდენი წუთი დაეთმო. მერე თვისობრივად დამუშავდება და იქ... რაღაც მიუკერძოებლობა, ბალანსის სიზუსტე, დროული გაშუქება და ყველაფერი ის, რაც ამ თვისობრივ ანალიზს გულისხმობს. დაიდება ანგარიში, რომელსაც ვწერდით წლების განმავლობაში“.

იწყება წინასაარჩევნო მედიამონიტორინგი

სამი ორგანიზაცია - ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, „ინტერნიუს-საქართველო“, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი - წლებია, ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფარგლებში ახორციელებს წინასაარჩევნო მედიამონიტორინგს.

  • ტელევიზიების მონიტორინგს განახორციელებს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია;
  • რადიოსადგურებს დააკვირდება „ინტერნიუს-საქართველო“;
  • პრესისა და ონლაინმედიასაშუალებების წინასაარჩევნო მუშაობას შეისწავლის სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი.

ეკა ბერიძის ცნობით, მონიტორინგის ამ მეთოდოლოგიას გამოიყენებენ პროექტის მონაწილესხვა ორგანიზაციებიც. მანვე დასძინა, რომ საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნება დამოკიდებული იქნება არჩევნების ჩატარების თარიღზე.

გაეროს განვითარების პროექტი, რომელიც მედიის წინასაარჩევნო მონიტორინგს ითვალსწინებს, 2010 წლიდან ტარდება. პროექტის დაწყებას ყოველთვის წინ უსწრებს სამუშაო შეხვედრა, რომელსაც მონიტორინგის განმახორციელებელ ორგანიზაციებთან ერთად ესწრებიან მედიასაშუალებებიც.

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენელმა, გიორგი ჯოლოგუამ, შეხვედრაზე ყურადღება მიაპყრო იმ ფაქტს, რომ შარშან ადგილობრივი არჩევნების დროს ონლაინმედიაში მომრავლდა დაფინანსებული სტატიები, რომლებსაც მითითებული არ ჰქონდათ რეკლამის აღმნიშვნელი ნიშანი:

„ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა. ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ ამას, რადგან ძალიან გაძლიერდა ეს ტენდენცია. აქვე ვიტყვი, რომ ეს პრობლემა არ შეგვხვედრია შარშან [2017 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს], ყველა რეგიონული გაზეთი ძალიან მკაფიოდ უთითებდა [რეკლამის ნიშანს]. იყო „რეზონანსის“ შემთხვევა, ძალიან ისეთი, მნიშვნელოვანი და სერიოზული, როდესაც ორ სხვადასხვა ნომერში, ფაქტობრივად, მთლიანად დაუთმო მთელი კამპანია [კანდიდატ] კახი კალაძეს, ეს იყო პიარკამპანია“.

გიორგი ჯოლოგუამ დასძინა, რომ წლევანდელი საპრეზიდენტო არჩევნების დროს მათი ორგანიზაცია მონიტორინგს გაუწევს 7 ცენტრალურ გაზეთს და 11 ონლაინგამოცემას. შეხვედრაზე მედიის წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს ყალბ ინფორმაციასა დაე. წ.ბოტების თემაზეც, რაც, მათი აზრით, დიდ გავლენას ახდენს ამომრჩეველთა განწყობაზე.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარემ გიორგი მგელაძემ ამაზე უპასუხა, რომ თუ ამგვარი კონტენტი ტელევიზიებშიც მოხვდება, ეს მათ ანგარიშებშიც აისახება.

  • 16x9 Image

    დავით მჭედლიძე

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.

XS
SM
MD
LG