Accessibility links

არის თუ არა პედაგოგთა ხელფასების ზრდა განათლების რეფორმის პროგრესი?


ახალი სასწავლო წლიდან პედაგოგთა ანაზღაურება იზრდება. სიახლე განათლების მინისტრმა გააცნო საზოგადოებას. დანამატებს მიიღებენ სტატუსის მქონე მასწავლებლები - უფროსი, წამყვანი და მენტორი პედაგოგები. მათი ანაზღაურება ეტაპობრივად გაიზრდება და 2022 წლისთვის, მაგალითად, მენტორი მასწავლებლების ანაზღაურება თითქმის 2500 ლარს მიაღწევს.

"მასწავლებლის პროფესია გახდება ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და დაფასებული", - თქვა მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა. პედაგოგებთან 27 აგვისტოს გამართულ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად ისაუბრა განათლების რეფორმის ახალ ეტაპზე.

„2019 წლის ოქტომბრის დასაწყისში ყველა პედაგოგს, რომელსაც აქვს სტატუსი და აქვს მინიმუმ 15 საგაკვეთილო საათი, ანაზღაურება გაეზრდება 150 ლარით. უფროსი მასწავლებელი, სტატუსის გარდა, მიიღებს საათობრივ დანამატთან ერთად 1011 ლარს, წამყვანი მასწავლებელი – 1435 ლარს, მენტორი მასწავლებელი – 1745 ლარს. მეტი საგაკვეთილო საათის შემთხვევაში ანაზღაურება კიდევ უფრო მეტი იქნება“, - თქვა მინისტრმა.

პედაგოგებს, რომლებსაც 15 საგაკვეთილო საათზე ნაკლები აქვთ, საშუალოდ 100 ლარით გაეზრდებათ ანაზღაურება.

პრემიერ-მინისტრმა კი დაამატა, რომ პედაგოგების გარდა ხელფასები გაეზრდებათ რესურსცენტრების თანამშრომლებს და სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, ასევე ინკლუზიური განათლების მხარდამჭერ პერსონალს და სკოლის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირებს. მისი თქმით, ზრდა ამით არ დასრულდება.

როგორ მოიმატებს პედაგოგების ხელფასები შემდგომ წლებში?

2019 წლის ივლისის თვის მდგომარეობით, ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში დაფიქსირებულია 38 312 პრაქტიკოსი მასწავლებელი, უფროსი – 24 765, წამყვანი – 496 მენტორი – 49. განათლების სამინისტროს ინფორმაციით 2019 წლის შემოდგომაზე სისტემას ეყოლება 33 000 პედაგოგი, რომლებმაც სტატუსი აიმაღლეს.

განათლების რეფორმის ფარგლებში ყოველწლიურად მოემატებათ ხელფასები სტატუსის მქონე პედაგოგებს, რაც საბოლოოდ 2022 წლისთვის ასეთ სახეს მიიღებს:

  • უფროსი მასწავლებელი - 1700 ლარი
  • წამყვანი მასწავლებელი - 2135 ლარი
  • მენტორი მასწავლებელი - 2445 ლარი

უკვე ცნობილია, რომ 2019 წელს განხორციელებული შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებების საფუძველზე, 2022 წლისთვის საქართველოს ბიუჯეტის მეოთხედი განათლების სფეროზე დაიხარჯება, როგორც პრიორიტეტულ მიმართულებაზე.

კიდევ ერთი ცვლილება რეფორმის ფარგლებში - საპენსიო ასაკს მიღწეული მასწავლებლები, რომლებმაც ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე პროფესიიდან გასვლა გადაწყვიტეს, ორი წლის ხელფასის ჯამურ ოდენობას მიმდინარე წლის ოქტომბრის დასაწყისშივე მიიღებენ. როგორც სამინისტროდან რადიო თავისუფლებას უთხრეს, ასეთი სულ 6 000-მდე პედაგოგი დარეგისტრირდა.

ამჟამად მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე 6 825 ვაკანსიაა გამოცხადებული სხვადასხვა დისციპლინის პედაგოგებისა და სკოლის თანამშრომლების თანამდებობებზე.

არის თუ არა ხელფასების გაზრდა განათლების რეფორმის ნაწილი?

რადიო თავისუფლება პედაგოგების ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობების ცენტრის ხელმძღვანელს შალვა ტაბატაძეს ესაუბრა, რომელიც პედაგოგთა ხელფასის ზრდაში ხედავს როგორც პოზიტიურ ტენდენციებს, ასევე საუბრობს განათლების დაბალ ხარისხზე, რომელიც შესაძლოა ამ ზრდამ ვერც კი მოაგვაროს.

დადებითი შედეგები:

  • ხელფასების ზრდის გადაწყვეტილება მოწმობს იმაზე, რომ სახელმწიფო ზრუნავს განათლებაზე.
  • მასწავლებლებს გაუჩნდებათ დამატებითი შემოსავალი.
  • თუ იქნება მზარდი და მაღალი ანაზღაურება, უფრო ბევრი სტუდენტი და აბიტურიენტი დაინტერესდება ამ პროფესიით, რადგნ დაბალანაზღაურებად პროფესიაში ნაკლებად მოდიან კვალიფიციური კადრები.

თუმცა შალვა ტაბატაძე ამბობს, რომ ეს ზრდა არ ეფუძნება განათლების რეფორმას.

“პრობლემა არის ის, რომ ჩვენ არ გვივარგა მასწავლებელთა შედეგების შეფასების და პროფესიული განვითარების სისტემა. არის ტენდენცია, რომ როცა მასწავლებელი არის წამყვანი ან უფროსი მასწავლებელი, მას აქვს პრესტიჟი საზოგადოებაში და ის ამ პრესტიჟს კარგად იყენებს კერძო აბიტურიენტების მისაზიდად. ეს სტატუსი მისთვის სასარგებლოა კერძო თანხის გამოსამუშავებლად, თუმცა ხშირად ის ნაკლებად ინტერესდება სასკოლო პროცესებით და გაკვეთილების ეფექტურად წარმართვით. შესაბამისად, ამ სტატუსის მქონე მასწავლებელს შეიძლება უფრო ცუდი გაკვეთილები ჰქონდეს, ვიდრე სტატუსის არმქონე მასწავლებელს.

ჩვენ ვერ ვაფასებთ მასწავლებლებს ყოველდღიურობაში და მათ მიერ ჩატარებული გაკვეთილებით და მიღებული შედეგებით, არამედ ვაფასებთ გამოცდით და ხელოვნურად ჩატარებული ერთი ან ორი გაკვეთილით”, - ამბობს შალვა ტაბატაძე.

ახალი სასწავლო წელი 16 სექტემბერს იწყება. სწორედ ამ სეზონიდან დაიწყება ეტაპობრივი ცვლილებები პედაგოგებისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG