Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არის თუ არა საზამთროსა და ნესვში ნიტრატების გადაჭარბებული რაოდენობა


ორი განსხვავებული ლაბორატორიული კვლევა: ეკოლოგი და გაეროს ექსპერტ ხათუნა ახალაია ამბობს, რომ საქართველოში მოყვანილ ნესვსა და საზამთროში იტრიტებისა და ნიტრატების შემცველობა დასაშვენ ნორმას აღემატება, სურსათის ეროვნული სააგენტო კი ამ ინფორმაციას უარყოფს. რას ამბობენ თავად მებაღეები და მომხმარებლები?

„მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაციაში“ შემავალი ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საზამთროსა და ნესვში ნიტრიტებისა და ნიტრატების შემცველობა 3-4-ჯერ აღემატება დასაშვებ ნორმას. როგორც ეკოლოგმა და გაეროს ექსპერტმა ხათუნა ახალაიამ განაცხადა, საზამთროსა და ნესვის დაბინძურების მთავარი მიზეზი ფერმერებისგან მომდინარეობს, რომლებიც მწვანე მასის შესანარჩუნებლად მცენარეს აზოტოვანი სასუქების დიდ რაოდენობას აწვდიან. ახალაია ამბობს, რომ პროდუქციაში ნიტრიტებისა და ნიტრატების გადაჭარბებულმა შემცველობამ შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის მდგომარეობის ისეთი გართულებები, როგორიც არის ანემია და გონებრივი ჩამორჩენა:

ამ დროისთვის, ნიტრატების ლაბორატორიული კვლევის შედეგების მიხედვით, ნიტრატების ზღვრული ოდენობა დადგენილ ნორმას არ აღემატება, თუმცა კვლევა ამ მიმართულებით გრძელდება.
თეა შველიძე

„აზოტოვანი სასუქი უნარჩუნებს მცენარეს ქლოროფილს, რომლითაც ის ზრდის თავის ნაყოფს. აქედან გამომდინარე, ფერმერი ცდილობს რაც შეიძლება დიდხანს შეუნარჩუნოს მცენარეს მწვანე მასა, რომ მიიღოს უფრო დიდი საზამთრო და ნესვი. შესაბამისად, არ ფიქრობს იმაზე, თუ რა გროვდება და რამდენად მავნე გავლენას ახდენს თავისსავე პროდუქციასა და მომხმარებელზეც. ანემიას იწვევს და შემდეგ, ანემიიდნ გამომდინარე, ხდება იმუნური სისტემის დაქვეითება, გონებრივი ჩამორჩენა და ასე შემდეგ...“

ხილში, მათ შორის საზამთროსა და ნესვში ნიტრატების შემცველობას ამოწმებენ სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებიც, თუმცა, მათი მონაცემებით, ნიტრატების გადაჭარბებული რაოდენობა არ ფიქსირდება. სურსათის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის თეა შველიძის თქმით, ამ დროისთვის 30-მდე ნიმუში შემოწმდა და არც ერთში არ აღოჩნდა ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერება:

„ამ დროისთვის, ნიტრატების ლაბორატორიული კვლევის შედეგების მიხედვით, ნიტრატების ზღვრული ოდენობა დადგენილ ნორმას არ აღემატება, თუმცა კვლევა ამ მიმართულებით გრძელდება. წლის ბოლომდე იგეგმება 70-მდე ნიმუშის აღება . ეს არის ამ ეტაპზე ჩვენი კომენტარი“.

კახეთში მცხოვრებ ალექსი წიქარაძეს, როგორც თავად ამბობს, უკვე 20 წელია, საზამთრო და ნესვი მოჰყავს. ირწმუნება, რომ სასუქად მხოლოდ საქონლის ნაკელს იყენებს. ის კვლევის შედეგებს არ ენდობა, რომელმაც საზამთროსა და ნესვში ნიტრიტებისა და ნიტრატების მომატებული შემცველობა აჩვენა.

საზამრო კი სასიამოვნო საკვებია, მაგრამ ჯანმრთელობისთვის ასაკოვან ხალხს არ გვიხდება. პოტრომბინს უმატებს. პირადად ჩემზე საზამთრო ნამდვილად არ მოქმედებს კარგად.

„ჩვენ გვითესია ჰექტარ-ნახევარ ნაკვეთზე ნესვი და საზამთრო. ველოდებით მინიმუმ 30 ტონა მოსავალს. უკვე 20 წელია, ამ საქმით ვარ დაკავებული. ვიყენებ ნატურალურ სასუქებს - ძირითადად საქონლის სასუქს - და ვირჩევ უფრო ნაყოფიერ ნიადაგს. ვინც ამ საქმეში ჩახედულია, ყველამ იცის, რომ ყამირ მიწას და, თანაც, კარგად დამუშავებულს, არანაირი ნიტრატი, სასუქი და ჰერბიციდები არ სჭირდება. ნებისმიერს შეუძლია ჩვენი პროდუქტი შეამოწმოს ყველანაირ ნივთიერებაზე, თუ რას შეიცავს“.

„მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაციაში“ შემავალი ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევა, რომლის მიხედვითაც საზამთროსა და ნესვში ნიტრიტებისა და ნიტრატების შემცველობა 3-4-ჯერ აღემატება დასაშვებ ნორმას, ჩვენ მიერ გამოკითხული რესპონდენტებისთვის სიახლე აღმოჩნდა. მათი ნაწილი ამ მონაცემებს ენდობა, ნაწილი კი ფიქრობს, რომ არ არის სიმართლე:

„დღეს ყველაფერი წამლით მოდის და დასაშვებია კვლევა სწორი იყოს“;

„ჩვენ მოგვყავს საზამთრო, პირადად ჩემი მეუღლე ყიდის. ჩვენ სასუქად არ მოვიხმართ ნიტრატებს. დადგმული გვაქვს წვეთოვნები დ ასე მოგვყავს საზამთრო და ნესვი“;

„არ იწამლება, სულ ტყუილია ყველაფერი“;

„ახლა ყველაფერი იწამლება, ისე არაფერი არ მოდის, რათ უნდა მაგას ლაპარაკი“;

„საზამრო კი სასიამოვნო საკვებია, მაგრამ ჯანმრთელობისთვის ასაკოვან ხალხს არ გვიხდება. პოტრომბინს უმატებს. პირადად ჩემზე საზამთრო ნამდვილად არ მოქმედებს კარგად“.

საზამთროსა და ნესვში ნიტრატების არსებობის შესახებ გაკეთებულ განცხადებას კახელი ფერმერების ნაწილის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ისინი ამბობენ, რომ ამ განცხადებამ მათი ბიზნესი მნიშვნელოვნად დააზარალა და მყიდველი აღარ ჰყავთ. სიღნაღის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მებაღეები მოითხოვენ, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები ადგილზე ჩავიდნენ და ხილი ლაბორატორიულად შეამოწმონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მებაღეები შიშობენ, რომ ბანკიდან აღებულ კრედიტებს ვეღარ გაისტუმრებენ.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG