Accessibility links

ყველა ეპოქას თავისი ლამაზები ჰყავს - ინტერვიუ არმინე არუთინიანთან


არმინე არუთინიანის გამოჩენას მოდის სახლ “გუჩის” ჩვენებაზე საქართველოში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ იტალიურმა ბრენდმა მასთან კონტრაქტი გააფორმა. მსჯელობდნენ მის "არასტანდარტულ" გარეგნობაზე.

სინამდვილეში კი, არმინე მოდელი არ არის, ის რაფიკული დიზაინერია, “გუჩის” ჩვენებაშიც მონაწილეობა სრულიად შემთხვევით მიიღო.

არმინე ერევანში ცხოვრობს და სახვით ხელოვნებას სწავლობს. მას რადიო თავისუფლება ესაუბრა.

პროფესიონალი მოდელი არ ხარ. მაშ როგორ აღმოჩნდი მოდის სფეროში?

მე ხელოვანების ოჯახში გავიზარდე, ბავშვობიდან ვიყავი გარშემორტყმული მხატვრებით და ჩემთვის შემოქმედებითი ატმოსფერო უცხო არ არის. ბაბუაჩემი, ხაჩატურ აზიზიანი და ბებიაჩემი, სვეტლანა სარგისიანი, ორივე მხატვარი იყო და ასწავლიდნენ კიდეც ხატვას. ბაბუაჩემის მამაც ხელოვანი იყო, დედის მხრიდან. ის კი არა, დედაჩემიც, რომელიც ექიმია, მშვენივრად ხატავს. მეც სახვით ხელოვნებას ვსწავლობ პანოს ტერლემეზიანის სახელმწიფო კოლეჯში. მოდითაც იქ დავინტერესდი. ბევრი ფოტოგრაფი და დიზაინერი მეგობარი მყავს, მათ დავხმარებივარ გადაღებებში, მოდელის როლიც შემისრულებია.

როგორ იპოვეთ ერთმანეთი შენ და "გუჩიმ"?

მეგობრებთან ერთად ბერლინში ვიყავი, კორეული ბენდის კონცერტს დავესწარით და მეორე დღეს, საკმაოდ დაღლილები და გამოუძინებლები ქუჩაში ვსეირნობდით. ერთი გოგო მოვიდა ჩემთან და მკითხა, თუ შეიძლება ფოტო გადაგიღოთო. იმდენად მოულოდნელი იყო, ვკითხე, რაში სჭირდებოდა ჩემი ფოტო. მოდის სკაუტი აღმოჩნდა, ახალ, განსხვავებულ სახეებს ეძებდა და ჩემმა გარეგნობამ დააინტერესა. დავთანხმდი, გადამიღო ფოტოები, გავცვალეთ კონტაქტები და მერე, როცა უკვე ერევანში ვიყავი, მომწერა, რომ “გუჩი” ჩემთან თანამშრომლობით დაინტერესდა და კასტინგში მონაწილეობის მიღება შემომთავაზა.

შენ ჩვენების გახსნით ნაწილში მონაწილეობდი, რომელიც მენტალური ჯანმრთელობის თემას ეძღვნებოდა - ეს თეთრი უნიფორმებიც სიმბოლური იყო და მას "გუჩი" არც კი გაყიდის მიუხედავად ამისა, ერთ-ერთმა მოდელმა ამავე ჩვენებაზე გააპროტესტა კიდეც შოუს ეს ნაწილი, როცა კამერების წინ აწია ხელები და გამოაჩინა ხელისგულებზე გაკეთებული წარწერა "ფსიქიკური ჯანმრთელობა მოდა არ არის." მეორეს მხრივ თემა ძალიან მნიშვნელოვანია. შენ რას ფიქრობ ეს გადაწყვეტილება ეთიკური, სწორი იყო?

მე თეთრი კაბა მეცვა. ვფიქრობ, რომ გარემოს ადამიანებში სხვადასხვა ემოციების გამოწვევა, შთაგონება შეუძლია. ხელოვნება იდეების გამოხატვის საშუალებაა, მერე უკვე ყველას შეუძლია სხვადასხვა საკითხზე საკუთარი წარმოდგენა შეიქმნას. მოდელის პროტესტზე მეც მოგვიანებით გავიგე. თავისუფალ საზოგადოებაში ვცხოვრობთ და ყველას შეუძლია თავისი აზრის გამოხატვა, დამოკიდებულების დაფიქსირება.

რას ფიქრობ სილამაზის სტანდარტებზე და მრავალფეროვნებაზე, რომელიც ასე ჭირდება სტანდარტიზებულ “მაღალი მოდის” სამყაროსაც და "ჩვეულებრივ" ადამიანებსაც?

ყველა ეპოქას თავისი "ლამაზები" ჰყავს. ვფიქრობ რომ დღეს სილამაზის სტანდარტები ბევრად ველური და მკაცრია, ვიდრე ოდესმე. ყველა გოგონას ალბათ ერთხელ მაინც უფიქრია მიემართა პლასტიკური ქირურგიისთვის და შეეცვალა რაიმე საკუთარ გარეგნობაში. რაც დრო გადის, ვხვდები, რომ მომწონს როგორიც ვარ, მიყვარს ჩემი თავი და პლასტიკური ქირურგიისთვის რომ მიმემართა, ჩემი თავისადმი პატივისცემას დავკარგავდი;

რა გინდა რომ შენს შესახებ ვიცოდეთ, გარდა იმისა, რომ “გუჩის” ჩვენების მონაწილე აღმოჩნდი?

სომეხი გოგო ვარ, რომელსაც უყვარს ის ქალაქი [ერევანი], რომელშიც ცხოვრობს. მიყვარს ჩემ გარშემო მცხოვრები ადამიანები და მიყვარს ხელოვნებაში ყოფნა, რა ფორმაც არ უნდა ქონდეს მას.


დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG