Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არსებობს თუ არა შეიარაღებული დაპირისპირების საფრთხე საოკუპაციო ხაზთან


ყობის ტყეში საოკუპაციო საგუშაგოები და ახალი გაჭრილი გზები
ყობის ტყეში საოკუპაციო საგუშაგოები და ახალი გაჭრილი გზები

23 ოქტომბერს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა (სუკ) გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, თითქოს, საქართველოს სპეცსამსახურები უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში ე.წ. საზღვრის რეგიონში დესტაბილიცაზიის კერის შექმნას ცდილობენ.

განცხადებაში წერია: „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გადაადგილების თავისუფლებას უზღუდავს ქართველ აქტივისტებს, მასმედიის წარმომადგენლებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ხაშურის მუნიციპალიტეტის საზღვრისპირა ქართულ სოფლებში - კოდაში, აბანოში, კობში, წაღვლსა და ატოცში“. ცხინვალის რეჟიმის სუკ-ის თანახმად, ქართული სპეცსამსახურების მიზანია, ამით ხელი შეუშალოს მათ „ინციდენტის რაიონში ვითარების ობიექტურ შეფასებაში“.

დე ფაქტო რესპუბლიკის სუკ-ს პრესსამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ უწყების ხელთ არსებული მასალები მეტყველებს „საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომელთა აქტიურ საქმიანობაზე ზნაურის რაიონის სოფელ უისტის (წნელისი) რაიონში მასშტაბური პროვოკაციების მოსამზადებლად“.

წნელისი-ჩორჩანა-წაღვლის მიმართულებით ვითარება აგვისტოში გამწვავდა, როცა ჩორჩანის ტყეში საქართველოს საპოლიციო საგუშაგო ჩადგეს. საპასუხოდ, საოკუპაციო ძალებმა ჩორჩანის მიმართულებით ტყეში, დაახლოებით, კილომეტრ-ნახევრით თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე შემოიწიეს და ორი ე.წ. საგუშაგო მოაწყვეს. ამ ინფორმაციას ადასტურებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ამჟამად წნელისიდან სოფელ ყობის გვერდის ავლით საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს ე.წ. სასაზღვრო საგუშაგოებისკენ ახალი გზა გაჰყავთ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ეხმიანება ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის განცხადებას, თითქოს, საქართველოს ძალოვანი სტრუქტურები ე.წ. საზღვრის მონაკვეთზე მასშტაბურ პროვოკაციას ამზადებდნენ.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, მსგავსი პროვოკაციული განცხადებები იმ დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილია, რომელსაც განსაკუთრებით ბოლო ხანებში აქტიურად იყენებენ საოკუპაციო ძალები ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანის მიმდებარე ტერიტორიაზე და, ზოგადად, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მათ მიერვე ინსპირირებული პროვოკაციული ქმედების გასამართლებლად.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის უსაფრთხოებისათვის ცენტრალური ხელისუფლება ყველა ბერკეტს იყენებს. სუს-ის თანახმად, ფუნქციონირებს ცხელი ხაზი და ინფორმაცია ადგილზე არსებული ვითარების შესახებ საერთაშორისო პარტნიორებს მიეწოდებათ.

კონფლიქტის ზონაში მცხოვრები მოსახლეობა ბოლო თვეების განმავლობაში მართლაც შიშის ქვეშ იმყოფება. გუგუტიაანთკარიდან დაწყებული ახალი ბორდერიზაციის პროცესი ჩორჩანასა და ატოცში გაგრძელდა, ადგილობრივმა მოსახლეობამ კი კიდევ ერთხელ დაკარგა წვდომა საკუთარ მიწის ფართობებზე, საძოვრებსა და ტყეზე. მათი აზრით, მთავარი საფრთხე საოკუპაციო ძალების მხრიდან მოდის, შეიარაღებული პირები ხშირად პატრულირებენ გამყოფ ხაზებთან და საქართველოს მოქალაქეებს აკავებენ, ამიტომ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობა თავიანთ ნაკვეთებს უშიშრად ვეღარ ამუშავებს.

ცხინვალის მიერ გავრცელებულ განცხადებას 24 ოქტომბერს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილიც გამოეხმაურა. მან დეზინფორმაცია უწოდა ცხინვალიდან გავრცელებულ განცხადებას და საქართველოს სპეცსამსახურების მხრიდან რაიმე აგრესიული მოქმედება გამორიცხა:

„ცხადია, ეს არის დეზინფორმაცია, იმიტომ რომ არანაირ მოქმედებებს ქართული მხრიდან ადგილი არა აქვს. თავისთავად განცხადება არის პროვოკაციული და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ამას მისცა შესაბამისი შეფასება“.

განცხადება განცხადებისთვის და ოსური მხარის თვითშემოქმედება - ასე აფასებს დე ფაქტო სუკ-ს განცხადებას კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი. მისი აზრით, იმ დროს, როცა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მუდმივად პატრულირებს კონფლიქტის რეგიონში, ქართული მხრიდან რაიმე აგრესიული ქმედება გამორიცხულია. ბენდიანიშვილი ასევე გამორიცხავს მასშტაბურ პროვოკაციას ოსური მხრიდანაც, რადგან, მისი აზრით, ამის არც წინაპირობაა და არც რესურსი.

25 ოქტომბერს ერგნეთში მორიგი ტექნიკური შეხვედრა გაიმართება და მხარეების წარმომადგენლები კიდევ ერთხელ იმსჯელებენ ჩორჩანა--წნელისის მონაკვეთზე შექმნილი ვითარების შესახებ. ქართული მხარე ახალგორის ე.წ. გამშვები პუნქტების გახსნასაც მოითხოვს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG