Accessibility links

არჩევნებით გაყოფილი მოლდოვა


საპროტესტო აქციის მონაწილეები არჩევნების შემდეგ

საერთაშორისო დამკვირვებლების თქმით, კვირას გამართული საპარლამენტო არჩევნები მოლდოვაში ჩატარდა კონკურენტულ გარემოში, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვით“. ამასთან, წინასაარჩევნო კამპანიას სახელი შეუბღალა „ხმების მოსყიდვის ძლიერმა ნიშნებმა“ და ადმინისტრაციული რესურსით ბოროტად სარგებლობამ.

„მე მოვუწოდებ ჩემს ახლად არჩეულ კოლეგებს პარლამენტში, რომ შეასრულონ პირობა, მოაგვარონ ჩვენ მიერ გამოაშკარავებული პრობლემები და გაამართლონ ხალხის ნდობა“, - განაცხადა გიორგი წერეთელმა, ეუთოს მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა.

ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში, 3,6 მილიონიანი მოსახლეობით, 2015 წლიდან მოყოლებული სამი მთავრობა შეიცვალა პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის გამო, რაც ქვეყნის ბანკებიდან 1 მილიარდი დოლარის გაუჩინარებას მოჰყვა.

ეუთოს სადამკვირვებლო ჯგუფის განცხადება გამოქვეყნდა 25 თებერვალს, მოლდოვაში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების მეორე დღეს, არჩევნებისა, რომელშიც ერთმანეთის მთავარი კონკურენტები იყვნენ პროევროპული და პრომოსკოვური ძალები.

არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად, პრორუსული სოციალისტური პარტია, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტ იგორ დოდონთან ასოცირდება, ყველაზე მეტ მანდატს მიიღებს მომავალ პარლამენტში, მაგრამ არ ეყოლება აშკარა საპარლამენტო უმრავლესობა.

24 თებერვალს კენჭისყრა გაიმართა ახალი საარჩევნო კანონით, რომლითაც 101-მანდატიან პარლამენტში 50 ადგილს დაიკავებენ პარტიული სიებით არჩეული, 51 ადგილს კი ერთმანდატიან ოლქებში გამარჯვებული მაჟორიტარი კანდიდატები.

თუ მომავალი პარლამენტი 45 დღის განმავლობაში ვერ მოახერხებს მმართველი კოალიციის შესახებ შეთანხმების მიღწევას, ქვეყნის პრეზიდენტს შეუძლია დაშალოს საკანონმდებლო ორგანო და დანიშნოს ვადამდელი არჩევნები.

მოლდოვის პრეზიდენტმა იგორ დოდონმა, რომელიც არჩევამდე სოციალისტური პარტიის ლიდერი იყო, 24 თებერვალს განაცხადა, რომ არსებობს „მაღალი რისკი იმისა, რომ რამდენიმე თვის შემდეგ საქმე ვადამდელ არჩევნებამდე მივიდეს“.

არჩევნების მიმდინარეობით უკმაყოფილოა და მმართველ დემოკრატიულ პარტიას გაყალბებასა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს როგორც პრორუსული სოციალისტური პარტია, ისე პროევროპული ბლოკი (ACUM). მისმა თანათავმჯდომარემ მაია სანდუმ განაცხადა, რომ 24 თებერვლის არჩევნები არ შეიძლება ჩაითვალოს თავისუფლად და სამართლიანად, რადგან ამომრჩევლები „ყალბი ინფორმაციის“ გავლენის ქვეშ იყვნენ.

საპროტესტო აქციის მონაწილეები არჩევნების შემდეგ
საპროტესტო აქციის მონაწილეები არჩევნების შემდეგ

არჩევნების მთლიანი შედეგით, რომელიც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღის ბოლოს გამოაქვეყნა, საბოლოო სურათი ასე გამოიყურება: 34 ადგილს მიიღებენ მომდევნო პარლამენტში სოციალისტები, დემოკრატებს წილად ხვდათ 31 მანდატი, 26 ადგილი პროევროპული ბლოკს ( ACUM), კონსერვატიულ პარტიას 7, დანარჩენი სამი ადგილი კი დამოუკიდებელ კანდიდატებს ერგოთ.

შედეგების გამოცხადების შემდეგ დემოკრატთა ლიდერებმა - მოლდავეთის პრემიერ-მინისტრმა პაველ ფილიპმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ადრიან კანდუმ - არჩევნები „გამჭვირვალობისა“ და „თავისუფალი და დემოკრატიული ბუნების“ გამო შეაქეს.

ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში, 3,6 მილიონიანი მოსახლეობით, 2015 წლიდან მოყოლებული სამი მთავრობა შეიცვალა პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის გამო, რაც ქვეყნის ბანკებიდან 1 მილიარდი დოლარის გაუჩინარებას მოჰყვა.

ამ ვითარებამ ხელი შეუწყო მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში პრორუსულად განწყობილი იგორ დოდონის გამარჯვებას, დოდონისა, რომელმაც მთავარ პოლიტიკურ მიზნად რუსეთთან მჭიდრო ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირის აღდგენა დაისახა.

იგორ დოდონი, ვლადიმირ პუტინი
იგორ დოდონი, ვლადიმირ პუტინი

გასული წლის დეკემბერში დოდონმა განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის მომხრეა ვლადიმირ პუტინი.

რუსეთი 95 %-ით ამარაგებს მოლდოვას ბუნებრივი აირით. მოსკოვის ჯარები იმყოფებიან სეპარატისტულ დნესტრისპირეთში, მიუხედავად გაეროს არაერთი მოწოდებისა, დატოვონ ეს რეგიონი.

რუსეთსა და მოლდოვას შორის ურთიერთობა გაუარესდა 2014 წელს, მას შემდეგ, რაც კიშინიოვმა ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას.

რუსეთმა მოლდოვას სწრაფად დაუწესა სასურსათო ემბარგო. დღეისათვის ქვეყნის ექსპორტის 70 % ევროკავშირის ბაზარზე გადის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG