Accessibility links

არჩევნები მარნეულში - ტრადიციული და არაპროგნოზირებადი


ჩამოხეული საარჩევნო პლაკატები მარნეულში

ჩამოხეული საარჩევნო პლაკატები, დაკეტილი საარჩევნო უბნები და საოლქო კომისიაში შესული საჩივრები - ეს არის მარნეულის 22-ე საარჩევნო ოლქში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის თავისებურება.

მარნეულის ცენტრალურ გზებზე პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის დიდ სარეკლამო ბანერებს გადააწყდებით, კოალიციის „ძალა ერთობაშია“ და “ევროპული საქართველოს” კანდიდატთა პლაკატები შედარებით მოკრძალებულ ადგილებზეა გაკრული - განათების ბოძებზე, შენობათა კედლებზე, ღობეებზე. სხვა კანდიდატების საარჩევნო პლაკატებს თითქმის ვერ ნახავთ.

პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის ადგილობრივი საარჩევნო შტაბის უფროსი აგილ მუსტაფაევი იმაზე ჩივის, რომ ქუჩებში გაკრულ ვაშაძის პლაკატებს თითქმის ყოველდღე ხევენ. თუმცა, როგორც აგილ მუსტაფაევი აქვე შენიშნავს, არ ჰგონია, რომ მათ წინააღმდეგ პლაკატების ომში ოპოზიციური „ევროპულ საქართველო“ იყოს ჩართული, რომელთანაც “ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივ ორგანიზაციას მთლად კარგი ურთიერთობა არა აქვს. საქმე ისაა, რომ სექტემბერში „ევროპული საქართველოს“ მარნეულის ორგანიზაციიდან “ნაციონალურ მოძრაობაში” რამდენიმე ადამიანი გადავიდა.

აგილ მირზოევის თქმით, ხელისუფლება ეცდება არჩევნების გაყალბებას, თუმცა მათ აქვთ ადამიანური რესურსები, რომ ეს არ დაუშვან.

საარჩევნო სიები მარნეულის ერთ-ერთ საარჩევნო უბანში
საარჩევნო სიები მარნეულის ერთ-ერთ საარჩევნო უბანში

მარნეულის მუნიციპალიტეტის 22-ე საარჩევნო ოლქში 84 ათასი ამომრჩეველია რეგისტრირებული 87 საარჩევნო უბანზე, მაგრამ რადიო თავისუფლებას რამდენიმე უბანი დღის საათებში დახურული დახვდა - მაგალითად, მესამე საარჩევნო უბანი, რომლის ერთი წევრიც, სევდია ალიევა, სატელეფონო საუბრის შემდეგ ერთი საათში მოვიდა და მას საოლქო კომისიის თავმჯდომარე კობა ასანიძე მოჰყვა, რომელმაც რადიო თავისუფლებას მტკიცება დაუწყო, საარჩევნო უბანი დახურული არ არისო.

6 საათის შემდეგ ვხსნით [საარჩევნო უბანს]. 9-დან 6 საათამდე ოთახი დაკავებულია, მაგრამ ორ-სამ დღეში საკლასო ოთახი განთავისუფლდება და უბანიც გაიხსნება.

მარნეულის 22-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ რადიო თავისუფლებას კომისიის წევრ სევდია ალიევასთან გასაუბრება არ ურჩია და თავად კომისიის წევრსაც ეს მითითება მისცა იმ მოტივით, რომ, როგორც კობა ასანიძემ რადიო თავისუფლებას სიტყვასიტყვით უთხრა, ამის გამო „ალიევას მეუღლე გაუბრაზდება“.

„თქვენ ამ ხალხს არ იცნობთ“, თქვა ასანიძემ.

რადიო თავისუფლებას დახურული დახვდა მე-8 საჯარო სკოლაში გახსნილი მე-5 საარჩევნო უბანიც, რომელსაც, როგორც გაირკვა, სწავლის დასრულების შემდეგ, საღამოს 6 საათიდან ხსნიან.

6 საათის შემდეგ ვხსნით [საარჩევნო უბანს]. 9-დან 6 საათამდე ოთახი დაკავებულია, მაგრამ ორ-სამ დღეში საკლასო ოთახი განთავისუფლდება და უბანიც გაიხსნება“, თქვა მე-8 საჯარო სკოლის პედაგოგმა, რომელიც მე-5 საუბნო საარჩევნიო კომისიის წევრი აღმოჩნდა. მან კატეგორიული უარი თქვა ვინაობის დასახელებაზე.

მარნეულის საოლქო კომისიის წევრ ლაშა ქველაძის თქმით, საუბნო საარჩევნო კომისიების უმოქმედობის შესახებ რამდენიმე საჩივარი შევიდა, მაგრამ კომისიამ ისინი დარღვევად არ მიიჩნია.

ერთ-ერთი საარჩევნო უბანი მარნეულში
ერთ-ერთი საარჩევნო უბანი მარნეულში

„ევროპული საქართველო“ დაკეტილი უბნების გამო საოლქო კომისიაში საჩივრების შეტანას აპირებს. პარტიის ადგილობრივი ლიდერის, ახმედ იმამყულიევის, თქმით, ყოველ ასეთ ფაქტზე საჩივარს დაწერენ.

მე მინდა, რომ ხალხი იყოს ერთიანი, ყველა ერთად იყოს. მაშინ ქვეყანაც აყვავდება, იქნება ძლიერი, მაგრამ როცა ყველა თავისკენ ექაჩება, გედის, კიბორჩხალის და ქარიყლაპიასავით, მაშინ არაფერი გამოდის.

რას ფიქრობენ რიგითი მარნეულელები საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ? ამის თაობაზე რადიო თავისუფლებამ ქალაქის ქუჩებში გამოკითხვა ჩაატარა. მაგალითად, აზატ ჯაფარლის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნები ამჯერად ძალზე არაპროგნოზირებადია:

„ვიღაც 48-ს უჭერს მხარს, ვიღაც 5-იანს, ვიღაც 2-იანს. ზუსტად ვერ გეტყვით, ვის აირჩევენ, ამას ვერც ვერავინ გეტყვით. ყველაფერი არჩევნების შემდეგ გამოჩნდება“.

თუმცა, აზატ ჯაფარლის პროგნოზით, მეტი უპირატესობა მაინც სახელისუფლებო კანდიდატს ექნება, რაც ტრადიციულია მარნეულისთვის. ფოლად ორუჯევის თქმით კი, მისთვის სულ ერთია, ვინ გაიმარჯვებს, მთავარია ქვეყნის ერთიანობა და თანხმობა:

„მე მინდა, რომ ხალხი იყოს ერთიანი, ყველა ერთად იყოს. მაშინ ქვეყანაც აყვავდება, იქნება ძლიერი, მაგრამ როცა ყველა თავისკენ ექაჩება, გედის, კიბორჩხალის და ქარიყლაპიასავით, მაშინ არაფერი გამოდის“.

მარნეულელი ამომრჩეველი დასძენს, რომ პოლიტიკური და ეროვნული თანხმობის შემთხვევაში ყველა პრობლემის მოგვარებას შეძლებენ, იქნება ეს უმუშევრობა თუ განათლების ხარისხის ამაღლება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG