Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნები მარნეულში - ყველა ყველას წინააღმდეგ


პლაკატების გაკვრას ახლა იწყებს საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი ერთადერთი დამოუკიდებელი კანდიდატი.
პლაკატების გაკვრას ახლა იწყებს საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი ერთადერთი დამოუკიდებელი კანდიდატი.

მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიამ მუნიციპალიტეტის მერობის 15 კანდიდატი დაარეგისტრირა, თუმცა მერობისთვის ზოგიერთი კანდიდატის ბრძოლა პირობითია, რადგან ისინი არც ამომრჩევლებს ხვდებიან, არც საარჩევნო პლაკატები აქვთ და არც ადგილობრივ მოსახლეობას სმენია რაიმე მათ შესახებ. ამჟამად მარნეულში მხოლოდ სამი კანდიდატის საარჩევნო პლაკატებს შეხვდებით: „ქართული ოცნებიდან“ ზაურ დარგალის, „ნაციონალური მოძრაობიდან“ აგილ მუსტაფაევისა და „ევროპული საქართველოდან“ აკმამედ იმამკულიევის.

გადმოწერა

პლაკატების გაკვრას ახლა იწყებს საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი ერთადერთი დამოუკიდებელი კანდიდატი ალი ბადიროვი. მისგან განსხვავებით, გამარჯვებაში დარწმუნებული არიან მმართველი და ოპოზიციური პარტიების კანდიდატები. მაგალითად, აგილ მუსტაფაევი მეორე ტურის შესაძლებლობას საერთოდ გამორიცხავს:

„შეხვედრებზე დავდივარ, კარდაკარ დავდივარ. მოსახლეობასთან, სულ ამომრჩევლებთან ვართ და ზუსტად ვიცი, ჩვენ პირველივე ტურში მოვიგებთ ამ არჩევნებს“.

მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალი ბადიროვი დარწმუნებულია, რომ არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალი ბადიროვი დარწმუნებულია, რომ არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

„ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, აგილ მუსტაფაევს, იმ 22 ათასი ამომრჩევლის იმედი აქვს, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ხმა გრიგოლ ვაშაძეს მისცა. მარნეულის მერის არჩევნების მეორე ტურის შესაძლებლობას გამორიცხავს „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი აკმამედ იმამკულიევიც:

„ჩვენმა ამომრჩევლებმა ძალიან კარგად იციან, რომ 2003 წლიდან არც ერთ ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია. აქედან გამომდინარე, აუცილებლად გავიმარჯვებთ“.

აკმამედ იმამკულიევი ფიქრობს, რომ სახელისუფლებო რესურსების განეიტრალებისა და მისი გამარჯვების გარანტი იქნება პარტიის რესურსიც, რომელსაც „ევროპული საქართველო“ სხვა ქალაქებიდან მიაშველებს საარჩევნო უბნებზე ზედამხედველობისთვის. მან აქვე ბრალი დასდო „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელმაც, მისი თქმით, „ევროპულ საქართველოსთან“ წინასწარი შეთანხმების მიუხედავად, უარი თქვა მარნეულის მერის რიგგარეშე არჩევნებში საერთო კანდიდატის დაყენებაზე.

ამჟამად მარნეულში მხოლოდ სამი კანდიდატის საარჩევნო პლაკატებს შეხვდებით.
ამჟამად მარნეულში მხოლოდ სამი კანდიდატის საარჩევნო პლაკატებს შეხვდებით.

ამ გარემოების გათვალისწინებით, მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალი ბადიროვი დარწმუნებულია, რომ არჩევნების მეორე ტური გაიმართება:

„ნებისმიერ კანდიდატს გაგვიჭირდება თუნდაც მეორე ტურში გასვლა, რადგან ოთხი მთავარი კანდიდატი ვართ და მეორე ტურის საჭიროება ნებისმიერ შემთხვევაში იქნება, თუ არჩევნების გაყალბება არ მოხდა“.

ალი ბადიროვი საარჩევნო პლაკატების გაკვრასთან ერთად იწყებს სოფლებში უფრო აქტიურად გასვლას და ამომრჩევლებთან შეხვედრას.

მარნეულის მერის არჩევნებში კენჭს იყრის გარდაბნის მკვიდრი მალხაზ გორგასლიძეც, რომლის კანდიდატურა წარადგინა პარტიამ „თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა”. მალხაზ გორგასლიძე ამბობს, რომ გამარჯვების იმედი არც არასდროს ჰქონია, მაგრამ არჩევნები მისთვის ტრიბუნაა, საიდანაც მარნეულის საერთო სახელმწიფო ორგანიზმში ინტეგრაციის საკითხებზე იქადაგებს და მოსახლეობას საკუთარ ხედვას გააცნობს:

„არაქართველებით დასახლებული ტერიტორიები ხელისუფლების ბეღელია და არ ხდება ამ ადამიანების [აზერბაიჯანელების] ინტეგრაცია საქართველოს სახელმწიფოებრივ აღორძინებაში. სპეციფიკა, როგორ უნდა დაიცვან, რას აწარმოებენ, რა შეუძლიათ მისცენ მარნეულს... ეს ყველაფერი მინდა, რომ იმ პატარა შესაძლებლობებით, რომელიც მექნება, დავაფიქსირო“.

საარჩევნო სიები მარნეულის 22-ე საარჩევნო ოლქის მე-5 საარჩევნო უბანზე.
საარჩევნო სიები მარნეულის 22-ე საარჩევნო ოლქის მე-5 საარჩევნო უბანზე.

დღის განმავლობაში მერობის ძირითად კანდიდატებს საარჩევნო შტაბებში ვერ ნახავთ. ისინი სოფელ-სოფელ დადიან, ამომრჩევლებს ხვდებიან და სხვადასხვა დაპირებას აძლევენ. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ კანდიდატი ზაურ დარგალი აქცენტს ინფრასტრუქტურის განვითარებაზე აკეთებს:

„წელს ჩვენ ვიწყებთ ილმაზლოს, ამბაროვკის და ღვინის მეურნეობის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას. ასევე დაგეგმილი გვაქვს სარწყავი და სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება“.

მარნეულის 22-ე საარჩევნო ოლქის მონაცემებით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს დაფიქსირებული ამომრჩევლების რაოდენობა - 99 ათასზე ოდნავ მეტი - არ შეცვლილა, თუმცა ამ ეტაპზე სიის კორექტირება ხდება. განახლებულ სიებს 84-ივე საარჩევნო უბანზე კენჭისყრამდე 5 დღით ადრე გამოაკრავენ. ამჟამად საუბნო კომისიებში შარშანდელი სიებია გაკრული.

ვინ არიან მერობის სხვა კანდიდატები

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მარნეულის 22-ე საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული არიან:

  • ელენე გაბინაშვილი -„მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის”;
  • ბექა სვანიძე - „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა”;
  • ნინო-ჯურხაძე - პარტია „თავისუფალი საქართველო”;
  • ლეილა ხარაიშვილი - პარტია „საქართველო”;
  • ირენა სტურუა - „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის”;
  • ლისა სიხარული -„ახალი ქრისტიან-დემოკრატები”;
  • ნინიკო ჩხეტია - „პოლიტიკური პლატფორმა - ახალი საქართველო”;
  • ელისო ქართველიშვილი - „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა”;
  • ჯანო ჟვანია - „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ)”;
  • ილია პატარაია - „ქრისტიან-კონსერვატორები”.
  • 16x9 Image

    დავით მჭედლიძე

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG