Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნები ცხინვალის რეგიონში, რეპრესიების დასაწყისი


ცხინვალის რეგიონში ეგრეთ წოდებული საპარლამენტო არჩევნები წელს პირველად ჩატარდა შერეული, მაჟორიტარულ-პროპორციული, სისტემით
ცხინვალის რეგიონში ეგრეთ წოდებული საპარლამენტო არჩევნები წელს პირველად ჩატარდა შერეული, მაჟორიტარულ-პროპორციული, სისტემით

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისია ეგრეთ წოდებული საპარლამენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს აქვეყნებს.

ამომრჩეველთა ხმების 37%-ზე ოდნავ მეტს აგროვებს მმართველი პარტია „ერთიანი ოსეთი“, 37%-ით მეორე ადგილზეა „სახალხო პარტია“, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ კოკოითის, მომხრეები შეადგენენ, ხოლო მესამე ადგილს პარტია „ნიხასი”იკავებს 17.5 %-ით, ასევე 15%-მდე ხმებს აგროვებს პარტია „ხალხთა ერთობა“.

ცხინვალის რეგიონში ეგრეთ წოდებული საპარლამენტო არჩევნები წელს პირველად ჩატარდა შერეული, მაჟორიტარულ-პროპორციული, სისტემით. მანამდე რეგიონში მხოლოდ პროპორციული სიებით ირჩევდნენ დეპუტატებს.

მაჟორიტარულ ოლქებში მმართველ „ერთიან ოსეთს“ დიდი წარმატება არა აქვს - 17 ოლქიდან მხოლოდ შვიდში გაიმარჯვეს მათმა კანდიდატებმა. 34-კაციან პარლამენტში ნახევარი მაჟორიტარები იქნებიან, ნახევარი კი პროპორციული სიებით არჩეულები. საერთო ჯამში, ოპოზიციურმა პარტიებმა მმართველ პარტიას მოუგეს და, წარმატებული მოლაპარაკების შემთხვევაში, მათ შეუძლიათ საპარლამენტო უმრავლესობა შექმნან და პარლამენტის მაღალი თანამდებობებიც დაიკავონ, თუმცა ძნელი სათქმელია, „ნიხასი“ და „ხალხთა ერთობა“ კოკოითის პარტიასთან ითანამშრომლებენ თუ არა.

ასევე საინტერესოა, რა პოზიციას დაიკავებენ დამოუკიდებელი კანდიდატები. მაგალითად, ერთ- ერთმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ალან გაგლოევმა, მერვე საარჩევნო ოლქში დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი დაამარცხა.

დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტში, ჯამში, 6 დამოუკიდებელი დეპუტატი მოხვდა. როგორც ცხინვალში ამბობენ, მათ უმრავლესობას მმართველი პარტია გააკონტროლებს. ახალგორელმა ამომრჩეველებმა, რომელთა უმრავლესობას ქართველები და შერეული ოჯახების წარმომადგენლები შეადგენენ, პარტიულ კანდიდატებს უარი უთხრეს და ხმების უმრავლესობა დამოუკიდებელ კანდიდატს, ზაზა დრიაევს, მისცეს.

ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი აცხადებს, რომ ზაზა დრიაევი წარსულში დაბის გამგებელი იყო, მაგრამ სულ ორიოდე თვე იმუშავა და ამ დროში რაღაცების გაკეთება შეძლო. თუმცა, მეარაყიშვილის აზრით, ახალგორელებმა არჩევანი უფრო მმართველი პარტიის კანდიდატის, სპარტაკ დრიაევის, წინააღმდეგ გააკეთეს, რომელსაც კრიმინალური წარსული აქვს და ადგილობრივ მოსახლეობაზე მუდმივად ზეწოლას ახორციელებდა:

[ზაზა დრიაევს]ქართული სკოლა აქვს დამთავრებული, ქართულად კარგად საუბრობს. ჟინვალიდან არის, ბოლოს ჟინვალში ცხოვრობდნენ.
თამარ მეარაყიშვილი

„[ზაზა დრიაევს]ქართული სკოლა აქვს დამთავრებული, ქართულად კარგად საუბრობს. ჟინვალიდან არის, ბოლოს ჟინვალში ცხოვრობდნენ. დედამისი საქართველოს კონტროლირებულ ტერიტორიაზეა დაკრძალული. 90-იან წლებში გახდა დედამისი დაპირისპირების მსხვერპლი...დანარჩენმა ოჯახმა უსაფრთხოების მიზნით ის ტერიტორია დატოვა. მიუხედავად ასეთი მდგომარეობისა, დრიაევს ქართველების მიმართ ცუდი განწყობა არა აქვს“.

თამარ მეარაყიშვილი აცხადებს, რომ დაბაში და მთლიანად ცხინვალის რეგიონში არჩევნების შემდეგ რეპრესიები იწყება და მიმდინარეობს ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერთა დევნა პოლიტიკური ნიშნით. მისი თქმით, ასეთი შემთხვევები მას შემდეგ გახშირდა, რაც მმართველმა პარტიამ არჩევნები ფაქტობრივად წააგო. მეარაყიშვილს იმედი არა აქვს, რომ 34- მანდატიან პარლამენტში მათი რაიონის რჩეული ადგილობრივი მოსახლეობის სასიკეთოდ რამეს შეცვლის.

თამარ მეარაყიშვილი
თამარ მეარაყიშვილი

„სამაგიეროდ, ახლა იგეგმება და უკვე ვრცელდება ინფორმაცია რეპრესიების შესახებ იმ ადამიანების მიმართ, ვინც არ მისცა ხმა მმართველ პარტიას. ძირითადად საბიუჯეტო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ეხებათ. მაგალითად, პარასკევს ერთ-ერთი სოფლის გამგებელი გაათავისუფლეს, იმიტომ რომ ის ზაზას მხარდამჭერი იყო."

კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი მიიჩნევს, რომ ამ არჩევნებზე კოკოითის პარტიამ საპროტესტო ელექტორატის დიდი ნაწილი მიიმხრო და ამით მისი რეანიმირების პროცესი დაიწყო. მისი აზრით, არაღიარებული რესპუბლიკის პარლამენტში გადამწყვეტი უპირატესობა არავის ექნება და ეს კრემლს საშუალებას მისცემს ვითარება სათავისოდ დაალაგოს. ბენდიანიშვილის თქმით, ამ არჩევნებით ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობისთვის არაფერი შეიცვლება:

ზურაბ ბენდიანიშვილი
ზურაბ ბენდიანიშვილი

„კოკოითის რეანიმირება მოხდა, ფაქტობრივად, იმიტომ რომ ოპოზიციური ელექტორატი თავის მხარეზე გადმოიყვანა. ეს თავიდან თითქოს მოსალოდნელი არ იყო. ოპოზიციას მოუწევს კოალიციურად ჩამოყალიბდნენ. ვერ მიიღო ვერავინ გამოკვეთილი უპირატესობა, მაგრამ რუსეთი დაალაგებს. მოსახლეობისთვის რა უნდა შეიცვალოს? უბრალოდ, შეიცვალა ის, რომ არჩევნების განცდა გაუჩნდა ხალხს და მრავალფეროვანი პარლამენტი მიიღეს“.

დე ფაქტო რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისია ეგრეთ წოდებული საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებს, რომელსაც დასავლეთი და საერთაშორისო თანამეგობრობის დიდი ნაწილი არ ცნობს, 5 დღეში გამოაცხადებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG