პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციური პარტიებისთვის შესათავაზებლად მოამზადა წინადადება, რომელიც არჩევნების შერეულ მოდელში „პროპორციული არჩევნების წილის“ დაბალანსებას უზრუნველყოფს. არჩილ თალაკვაძემ ეს განცხადება გააკეთა 20 დეკემბერს, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემის გარშემო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის დაწყებამდე.
„ჩვენ მოვამზადეთ წინადადება, რომელიც არის დაბალანსებული და, ჩვენი აზრით, უნდა იყოს მისაღები ყველა მხარისათვის, ვინც ამ პროცესშია ჩართული. ეს მოდელი, ჩვენი აზრით, უზრუნველყოფს იმას, რომ რეგიონების, დედაქალაქის წარმომადგენლობა, პროპორციული არჩევნების წილი შერეულ მოდელში იყოს დაბალანსებული.
რეალურად, ამ მოდელის წარდგენის შემდეგ, დღეს გამოჩნდება, თუ რომელი პოლიტიკური პარტიაა ორიენტირებული შეთანხმებაზე და ვის სურს რეალურად დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ვის აქვს სხვა ინტერესები, რომლებიც, შესაძლოა, საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით იყოს რაიმე ცვლილებებთან დაკავშირებული“, - განაცხადა თალაკვაძემ.
სასტუმრო „შერატონში“ იმართება მე-4 რაუნდი ხელისუფლებასა და ოპოზიციური პარტიების ერთობას შორის მოლაპარაკებებისა, რომელიც საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით მიმდინარეობს. წინა სამი რაუნდი უშედეგოდ დასრულდა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ უარი განაცხადა ოპოზიციური პარტიების ერთობის მიერ შეთავაზებულ ე.წ. „გერმანულ მოდელზე“.
მოლაპარაკებები დაიწყო მას შემდეგ, რაც პარლამენტში ჩავარდა პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები. იმის გამო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არ შეასრულა საზოგადოებისთვის მიცემული დაპირება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ, საქართველოში საპროტესტო აქციების ახალი ტალღა აგორდა.
დაწერეთ კომენტარი