ვინიცაში პირველი ვარჯიშიდან იაპონიაში იმპერატორის თასამდე 14 წელზე მეტი გავიდა. სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ დანილო ამომავალი მზის ქვეყანაში გადავიდა საცხოვრებლად. ეძებდა სპორტულ კლუბებს, რათა როგორც პროფესიონალ მოჭიდავეს ეასპარეზა, მაგრამ უარეს ეუბნებოდნენ. როგორც თვითონ იხსენებს, ბევრ დაწესებულებაში უკვე იყვნენ უცხოელები, სხვაგან კი მხოლოდ ადგილობრივ სპორტსმენებს იღებდნენ.
ერთხელაც, ამჟამინდელმა მწვრთნელმა ვარჯიშის დროს შეამჩნია დანილო და თავის კლუბში მიიწვია. მათ ერთად 15 ტურნირი გაიარეს და ბოლო კიუშუ ბაშოზე ნამდვილი ტრიუმფი მოახდინეს.
ასე იქცა 21 წლის დანილო (სიმაღლე 182 სმ, წონა 140 კგ) ბოლო რვა წლის განმავლობაში პირველ ევროპელად, და პირველ უკრაინელად ამ სპორტის ისტორიაში, რომელმაც იაპონიის იმპერატორის თასი მოიგო. დღეს სპორტსმენს ოძეკის წოდება აქვს - მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი რანგი მსოფლიო სუმოში, იოკუძუნას შემდეგ.
„ჩემს შანსს ველოდი“
„ძიუდოში ვარჯიში ექვსი წლის ასაკში დავიწყე. ვარჯიშის შემდეგ დედა მაკითხავდა ხოლმე წასაყვანად. ერთ დღეს ცოტა დაიგვიანა, ამიტომ დავყოვნდი დარბაზში. ამ დროს სუმოს ვარჯიში დაიწყო. ვიჯექი და ვუყურებდი. მომეწონა, საინტერესო იყო. როდესაც დედაჩემი მოვიდა, ვუთხარი, რომ მეც მინდოდა სუმოში თავის მოსინჯვა“.
როგორც დანილო იავგუსიშინი ამბობს, სწორედ ასე დაიწყო მისი გატაცება სუმოთი, პროფესიონალი სუმოისტის კარიერა კი მისი ბავშვობის ოცნებად იქცა.
დანილო ვინიცაში ვარჯიშობდა, მონაწილეობდა რეგიონულ, უკრაინისა და საერთაშორისო ჩემპიონატებში, იკავებდა საპრიზო ადგილებს.
2022 წლის აპრილში, სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, დანილო იაპონიაში გადავიდა საცხოვრებლად. ამომავალი მზის ქვეყანაში ის მიიწვია მეგობარმა, რომელიც ექვსი წლით ადრე იაპონიაში გამართულ ჩემპიონატზე გაიცნო. მეგობრები ერთად ცხოვრობდნენ და ვარჯიშობდნენ. დანილომ ასევე დაიწყო იაპონურის სწავლა.
„ენების სკოლაში დავდიოდი, მაგრამ ყველაზე მეტად ის დამეხმარა, რომ მუდმივად იაპონელთა შორის ვიყავი. მათთან ერთად ვცხოვრობდი, ვვარჯიშობდი - და ყველა მხოლოდ იაპონურად მელაპარაკებოდა. სწორედ ასე ვისწავლე ენა. სწავლაზე ბევრ დროს ვხარჯავდი, მაგრამ ვარჯიშით მუდმივად თავდაუზოგავად ვვარჯიშობდი და ველოდი ჩემს შანსს, რათა პროფესიულ სუმოში მოვხვედრილიყავი. ვცდილობდი იაპონურ კლუბებში ადგილი მეპოვა, მაგრამ აქ ასეთი წესია: ერთ კლუბში მხოლოდ ერთი უცხოელი შეიძლება იყოს. ამიტომ საკმაოდ რთულია ადგილის პოვნა, რადგან ბევრი მოჭიდავეა მონღოლეთიდან, ყაზახეთიდან. ასევე არიან კლუბები, რომლებიც საერთოდ არ იღებენ უცხოელებს.“
სწავლის გარდა, დანილო მეგობართან ერთად უმაღლეს სკოლაში ვარჯიშობდა. სწორედ ამ სკოლის მწვრთნელმა დაურეკა დანილოს ამჟამინდელ მწვრთნელს, რომ მისულიყო და ათლეტი ენახა. მისი თქმით, ასე დაიწყო მათი თანამშრომლობა.
„ჩემი კლუბი (აჯიგავა-ბეს სუმოს სკოლა - რედ.) ახალი გახსნილი იყო და იქ ჯერ არც ერთი უცხოელი არ იყო - ეს უბრალოდ დიდი გამართლება იყო.“
სუმოისტების ვარჯიში და ტრადიციები
ყოველ დილით დანილო შვიდ საათზე იღვიძებს: აკეთებს გაწელვებს, იხვევს ტეიპებს და ერთ საათში უკვე სავარჯიშო დარბაზშია.
„ვარჯიში დაახლოებით 2,5-3 სთ-მდე გრძელდება. ამის შემდეგ ვბანაობთ, ვჭამთ და თავისუფალი დრო გვრჩება. ვიღაც ისვენებს ან მასაჟზე მიდის, როგორც წესი, მე დამატებით ვარჯიშებს ვაკეთებ სპორტდარბაზში მწვრთნელთან ერთად. საღამოს, ვახშამი. ვარჯიშის დღეებში დღის განრიგი, როგორც წესი, არ იცვლება.
თუმცა ეს ასევე დამოკიდებულია სუმოისტის რანგზე. თუ დაბალი რანგის ხართ, უნდა დაალაგოთ სავარჯიშო/საცხოვრებელი გარემო, მოამზადოთ სადილი, დარეცხოთ სარეცხი და ა.შ. თუ მეორე ან პირველ დივიზიონში გადახვალთ, ვარჯიშის შემდეგ თავისუფალი ხართ და შეგიძლიათ საკუთარი საქმეებით დაკავდეთ.“
სპორტსმენი ამბობს, რომ იაპონელებისთვის სუმო არა მხოლოდ სპორტი, არამედ ცხოვრების წესი და კულტურაა, რომელიც მჭიდრო კავშირშია წეს-ჩვეულებებთან და სინტოიზმთან - რელიგიასთან, რომელიც დაფუძნებულია ბუნების და წინაპრების სულების რწმენაზე.
როდესაც დოჰიოზე მარილს ყრიან, მიიჩნევა, რომ ავი სულები განიდევნებიან
„როდესაც დოჰიოში შედიხარ (4.55 მეტრი დიამეტრის წრე, რომელშიც ბრძოლები მიმდინარეობს - რედ.), მასზე მარილს ყრიან. მიიჩნევა, რომ ამ დროს ავი სულები განიდევნებიან. შიკო განსაკუთრებული ცეკვაა, რომელსაც რიკიშები ასრულებენ თავიანთი ძალის საჩვენებლად. ამ დროს სუმოისტები ცალ ფეხს სწევენ მაქსიმალურად მაღლა ბალანსის გასაუმჯობესებლად და ფეხების გასამაგრებლად. შემდეგ ისინი ხელისგულებს აჩვენებენ - იმის ნიშნად, რომ იარაღის გარეშე მოვიდნენ. ეს არ კეთდება ისე უბრალოდ ან სანახაობისთვის: ამ ყველაფერს ძალიან დიდი ხნის ისტორია აქვს”.
სიმბოლურია მისი სახელიც - არატა აონიშიკი
„ჩემი სახელი სამი იეროგლიფისგან შედგება. პირველი იეროგლიფი აქვს ჩემი სკოლის ყველა მოჭიდავეს. ჩემს მწვრთნელსაც ეს იეროგლიფი ჰქონდა სახელის დასაწყისში. მეორე იეროგლიფი ნიშნავს „აო“-ს - ცისფერს, ლურჯს. ცისფერი თვალები მაქვს და უკრაინის დროშაც ლურჯია. სწორედ ამიტომ მე და ჩემმა მწვრთნელმა გადავწყვიტეთ, გამოგვეყენებინა ეს იეროგლიფი. ბოლო იეროგლიფი კი „ნიშიკია“, რომელსაც ჩემი მწვრთნელი იყენებდა, როცა ის ჯერ კიდევ მოქმედი სპორტსმენი იყო. მოკლედ, ჩემი მწვრთნელისგან ორი იეროგლიფი მაქვს“.
„თავიდან ლიდერი არ ვიყავი“
იაპონიაში ცხოვრების სამი წლის განმავლობაში სპორტსმენმა 14 პროფესიულ ტურნირში მიიღო მონაწილეობა.
23 ნოემბერს, მე-15 ტურნირზე, ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულ Kyushu Basho-ზე უკრაინელმა რიკიშიმ დაამარცხა მონღოლი იოკოძუნა და იმპერატორის თასი მიიღო.
„ჩვეულებრივ ვვარჯიშობდი. ტურნირი 15 დღე გრძელდება. სამოყვარულო სპორტში ტურნირი ერთ ან ორ დღეში მთავრდება, აქ ეგრე არ არის. ორი კვირის განმავლობაში მუდმივად შეჯიბრების რეჟიმში ხარ, დღეში ერთი შეხვედრა. მორალურად იღლები და სხეულიც იფიტება.
ბევრი ძლიერი მეტოქე იყო. არ მეგონა, რომ ამ ტურნირს მოვიგებდი. თავიდან ტურნირის ლიდერი არ ვიყავი. ბოლოსკენ ლიდერებს ცოტათი წინ გავუსწარი. და როდესაც გავიმარჯვე, ნამდვილი სიხარული ვიგრძენი. ბედნიერი ვიყავი.“
კიუშუ ბაშოს მოგებით, დანილომ ერთდროულად რამდენიმე რეკორდი დაამყარა: ბოლო რვა წლის განმავლობაში პირველი ევროპელი და პირველი უკრაინელია, ვინც იმპერატორის თასი მოიგო. შთამბეჭდავია დანილოს შედეგი - იმპერატორის თასის აღება 15 ტურნირში. მასზე უკეთესი შედეგი - იმპერატორის თასი ათ ტურნირში - მხოლოდ იაპონელ მიკია კატერუფუჯის აქვს.
2025 წლის 26 ნოემბერს, იაპონიის სუმოს ასოციაციამ აონიშიკი მსოფლიო სუმოს მეორე ყველაზე პრესტიჟულ, ოძეკის რანგში აიყვანა. იაპონური ტრადიციის თანახმად, ცერემონიის დროს სპორტსმენს გადასცეს ტაი - თევზი (ზღვის კაპარჭინა), რაც მოჭიდავეების წარმატების სიმბოლოდ მიიჩნევა.
დანილოს თქმით, მაღალი რანგი მაღალ ხელფასს, პირველი კლასით ფრენას და მეტ თანაშემწეს ნიშნავს.
უკრაინელი სუმოისტი ამბობს, რომ მისი გამარჯვება იაპონიაში ძალიან დადებითად მიიღეს. მისი მიზანი ახლა იოკოძუნას წოდების მოპოვებაა.
„სუმოში, როგორც წესი, არ აქვს მნიშვნელობა რომელი ქვეყნიდან ხარ. თუმცა, აქ ბევრი ძლიერი მონღოლი მოჭიდავეა, რომლებმაც იმპერატორის თასებიც მოიგეს და იოკოძუნის ტიტულებიც მოიპოვეს. ამიტომ, სუმოში უცხოელები აღარავის უკვირს. უკვე ქუჩაში მცნობდნენ, ზოგი ავტოგრაფს მთხოვს ზოგი ფოტოს გადაღებას.
2026 წელს მინდა ზედიზედ ორი ტურნირი მოვიგო და იოკოძუნას ტიტული მოვიპოვო. თუმცა ეს საკმაოდ რთულია. სუმოს ისტორია 1500 წელზე მეტს ითვლის, მაგრამ იოკოძუნას ტიტულის მოპოვება მხოლოდ 75 რიკიშიმ შეძლო, ოძეკისა და დაახლოებით 270-მა.“
დანილო იავგუსიშინი ერთადერთი უკრაინელი არ არის, ვინც უკვე გამოირჩა დიდ სუმოში. 2023 წელს უმაღლესი მაკუუჩი დივიზიონში ასპარეზობა დაიწყო მელიტოპოლის მკვიდრმა სერგიი სოკოლოვსკიმ (შიში მასარუ - სიმაღლე 193 სმ, წონა 166 კგ) ).
იაპონიას წლების განმავლობაში ლტოლვილებისთვის დახურული ქვეყნის იმიჯი ჰქონდა. 2023 წლის დეკემბრის მონაცემებით, ქვეყნის იმიგრაციის სააგენტოს მონაცემებით, ბოლო 40 წლის განმავლობაში, თავშესაფრის მაძიებელთა 87 ათასზე მეტი განაცხადიდან მხოლოდ 915 დაკმაყოფილდა, რაც 1%-ზე ოდნავ მეტია. რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ამომავალი მზის ქვეყანამ თავშესაფარი მისცა 2,5 ათასზე მეტ უკრაინელს.
ფორუმი