Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არც მან იცოდა, რომ ვირუსი ჰქონდა და არც მე - ინტერვიუ ბენო ქაშაკაშვილთან


ბენო ქაშაკაშვილი
ბენო ქაშაკაშვილი

რადიო თავისუფლება ესაუბრა ბიზნესმენ ბენო ქაშაკაშვილს, რომელიც ამჟამად ახალი კორონავირუსით ინფიცირების დიაგნოზით ინტენსიურ მკურნალობას გადის. იგი ჰყვება, თუ როგორ მკურნალობენ მას ქართველი ექიმები, რა ვითარებაა საავადმყოფოში, აღიდგენს გარემოებებს, რომელშიც ვირუსი გადაედო და აფასებს, შეიძლებოდა თუ არა ამის თავიდან აცილება.

ბენო ქაშაკაშვილმა და მისმა მეუღლემ 11 მარტს რესტორან „ვინოტელში“ მეგობრის გარდაცვალებიდან 40 დღის თავზე სადილი გამართეს, რომელსაც ჯამში 20 ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის, 4 უცხოელი მეგობარი რუსეთიდან და შვეიცარიიდან. 4 დღის შემდეგ ბიზნესმენსა და მის მეუღლეს შეატყობინეს, რომ სადილზე დამსწრე ერთ-ერთ ქართველ მეგობარს კორონავირუსი - SARS-COV2 დაუდგინდა. მალევე ტესტებმა ბენო ქაშაკაშვილისა და მისი მეუღლის ინფიცირებაც დაადასტურა.

მოუსმინე ინტერვიუს ბენო ქაშაკაშვილთან
please wait

No media source currently available

0:00 0:11:54 0:00
გადმოწერა


რადიო თავისუფლება: ბენო, დიდი მადლობა, რომ დაგვთანხმდით ინტერვიუზე, ალბათ ლოგიკურია, რომ თავიდანვე გკითხოთ - როგორ გრძნობთ თავს?

ბენო ქაშაკაშვილი: აბსოლუტურად ნორმალურად, დარეგულირებულია ყველა სიმპტომი და შემიძლია ვთქვა, რომ ნორმალური მდგომარეობა მაქვს, პროცესი მიდის ისე, როგორ დაგეგმილია, ალბათ, ექიმების მიერ.

რადიო თავისუფლება: წოლითი რეჟიმი გაქვთ თუ დადიხართ? თუ შეიძლება, უფრო დეტალურად რომ მოგვიყვეთ. არ მინდა, ზედმეტად შემოვიჭრათ თქვენს ცხოვრებაში, მაგრამ ახლა ყველას გვაინტერესებს გავიგოთ დეტალები მათგან, ვინც ინფიცირებულია.

ბენო ქაშაკაშვილი: იზოლირებულ სივრცეში ვარ, საავადმყოფოს პალატაში. ყველა ექიმი, რომელიც შემოდის, არის ზედმიწევნით დაცული - ხელთათმანებით, სათვალით. მე ჩვეულებრივ დავდივარ, გავდივარ, ვკითხულობ, ვუსმენ. ზუსტად ისეთივე სიტუაციაა, როგორც სახლში, ოღონდ იზოლირებული ხარ გარემოსგან, რომ სხვა არ დაზიანდეს.

რადიო თავისუფლება: რა სიმპტომები გაქვთ - სიცხე, ხველა, სისუსტე გაწუხებთ?

ბენო ქაშაკაშვილი: მე მაქვს ძალიან მსუბუქი ფორმა, ჩემს მეუღლესაც აქვს მსუბუქი ფორმა და ყველა სიმპტომი, რაც მქონდა, დღეს უკვე აღარ არის; ანუ არ არის ისეთი რამ, რაც თქვენ შეიძლება წარმოიდგინოთ - რაღაც ისეთი „დაგეცეს თავში“, რომ ვერ დადიოდე, ხოხავდე… ღმერთმა დაიფაროს. აქ არის საუბარი იმაზე, რომ დაავადება შეიძლება გართულდეს და სახიფათო გახდეს სხვებისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც სუსტი ჯანმრთელობა აქვს. ეს იყო მიზეზი ჩვენი მოსვლის და ეს არის მოთხოვნა და რეკომენდაცია ყველა ექიმის… და, რა თქმა უნდა, ჩვენ ვასრულებთ ყველაფერს, რასაც გვეუბნებიან.

რადიო თავისუფლება: მკურნალობის როგორი სტრატეგია აქვთ ექიმებს? მაგალითად, თუ იცით, რა წამლებს იყენებენ, თუ გიხსნიან ამას და თუ გითანხმებენ მკურნალობის ეტაპებს?

ბოქსირებული პალატის ფანჯარა, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა
ბოქსირებული პალატის ფანჯარა, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა

ბენო ქაშაკაშვილი: რა თქმა უნდა, გაყენებენ საქმის კურსში. რა თქმა უნდა, პრეპარატებს, რომლებსაც გაძლევენ - გადასხმა იქნება ეს, აბი თუ ნემსი, თუ იკითხავ, გეუბნებიან. შეიძლება რამე შეცდომა დავუშვა, ექიმი არ ვარ, მაგრამ, როგორც მე ვიცი, ეს არის მეთოდი, რომელიც აპრობირებული იყო ჩინეთში და საფრანგეთში. მათი პრეპარატების, რეკომენდაციების და ცოდნის გაზიარებით ხდება, უფრო დეტალურად რომ ვისაუბრო, ალბათ, არასწორი იქნება.

რადიო თავისუფლება: უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების დაცვა ამ სივრცეში მნიშვნელოვანია. როგორი წესები მოქმედებს იმისათვის, რომ, მაგალითად, ექიმები არ დაინფიცირდნენ?

ბენო ქაშაკაშვილი: მოქმედებენ ძალიან თავდაჯერებულად, ფაციფუცის, ნერვიულობის, დაძაბულობის გარეშე და ზედმიწევნით დაცულები არიან. მე თაყვანს ვცემ მათ. ჩვენ არ გვემუქრება ის, რაც იტალიაში მოხდა. ახალგაზრდებიც არიან, რეზიდენტურა, პროფესიონალებიც, პროფესურაც მოდის და დარწმუნებული ვარ, ზედმიწევნით იცავენ რეკომენდაციებს. დღის და ღამის ყველა მომენტში ყველა პაციენტთან.

რადიო თავისუფლება: უკან რომ იხედებით, როგორ ფიქრობთ, დაინფიცირება შემთხვევითობის ბრალია თუ შეცდომის? უფრო მეტი სიფრთხილე რომ გამოგეჩინათ, შეიძლებოდა თავიდან აგეცილებინათ?

ბენო ქაშაკაშვილი: კი, ალბათ შეიძლებოდა, ჩემი აზრით, შეიძლებოდა. ეს ასე მოხდა - მეგობარი დავპატიჟე სადილზე, სადაც 20 ადამიანი ვიყავით, არც მან იცოდა, რომ ვირუსი ჰქონდა და არც მე.

ყველა ის ინსტრუქცია, რომელიც მოცემული იყო, ზედმიწევნით რომ დამეცვა, კი, ალბათ შეიძლებოდა თავის არიდება
ბენო ქაშაკაშვილი

აქ სპეციალური სამსახურია, რომელიც ჩამეკითხა, რა კონტაქტები მქონდა... და რომ დავუფიქრდი, რამდენ ადამიანთან მაქვს ურთიერთობა, ზოგიერთი ვერც გავიხსენე. მართალი რომ გითხრათ, გულწრფელად, მე თვითონ გადავწყვიტე, გამესაჯაროებინა. მივხვდი, რომ ასე უფრო დავიცავდი ჩემს ახლობლებს, მათ, ვისთანაც მქონდა ურთიერთობა თბილისში და არამარტო თბილისში.

ყველა ის ინსტრუქცია, რომელიც მოცემული იყო, რომლის ცოდნაც არ მაკლდა, ზედმიწევნით რომ დამეცვა, კი, ალბათ შეიძლებოდა თავის არიდება - ასე გიპასუხებდით.

რადიო თავისუფლება: როგორ ეძებენ ეპიდემიოლოგები დაინფიცირებული პაციენტების კავშირებს, კონტაქტებს? მაგალითად, რისი გახსენება მოგიწიათ?

ანალიზების აღების პროცესი, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა
ანალიზების აღების პროცესი, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა

ბენო ქაშაკაშვილი: გეკითხებიან, ვისთან გქონდა კონტაქტი და შენ იხსენებ. პროფესიული ჯგუფია ადამიანების, რომელიც აფასებს რისკებს. ხშირად ჩვენ გვგონია, რომ, ვთქვათ, ესა და ეს ადამიანი კონტაქტი იყო, მაგრამ აღმოჩნდება, რომ არა, რადგან პროფესიონალების ეს ჯგუფი რაღაც სისტემით ითვლის დღეებს, საათებს... და პირიქით, ჩვენ არ გვგონია, რომ ესა თუ ის ადამიანი არ არის კონტაქტი, მაგრამ ის რისკის ჯგუფში აღმოჩნდება - აი, ეს არის მთელი იდეა.

რადიო თავისუფლება: სოციალურ ქსელებში ადამიანებს, როგორც წესი, აინტერესებთ დეტალები გადადების მომენტის შესახებ. რა თქმა უნდა, ამის ზუსტად თქმა შეუძლებელია, მაგრამ თუ აღიდგინეთ, როგორ მოხდა ეს თქვენს შემთხვევაში - საუბრით, ხელის შეხებით, ჩახუტებით?

გვგონია, რომ, ვთქვათ, ესა და ეს ადამიანი კონტაქტი იყო, მაგრამ აღმოჩნდება, რომ არა, პროფესიონალების ჯგუფი ითვლის დღეებს, საათებს... და პირიქით, ჩვენ არ გვგონია, რომ ესა თუ ის ადამიანი არ არის კონტაქტი, მაგრამ ის რისკის ჯგუფში აღმოჩნდება
ბენო ქაშაკაშვილი

ბენო ქაშაკაშვილი: ჩემი გამოცდილებაც ეყრდნობა ინფორმაციას და ცოდნას, რომელიც სოციალურ ქსელებში და ჩემი ცნობისმოყვარეობით შევიძინე. პირადი გამოცდილება კი არ უკავშირდება არც კოცნას და არც ჩახუტებას.

რადიო თავისუფლება: „ვინოტელზეც“ მინდა, გკითხოთ, თქვენ ასობით თანამშრომელი და სტუმარი გყავთ. ეს შემთხვევა კი მედიის განხილვის თემა გახდა. რას აპირებთ უსაფრთხოების დაცვის კუთხით, ან თუნდაც რეპუტაციის აღდგენის თვალსაზრისით?

ბენო ქაშაკაშვილი: უსაფრთხოების კუთხით, ყველა ის ზომა, რომელიც სამედიცინო და ტექნოლოგიური თვალსაზრისით საქართველოში არსებობს, მიღებულია.

100 წლის წინ დაიწყო ყველაზე დიდი პანდემია მსოფლიოს ისტორიაში, რომელიც ესპანური გრიპის სახელით არის ცნობილი. გრიპი საფრანგეთში დაიწყო, თუმცა ესპანეთმა, რომელიც ნეიტრალიტეტს იცავდა, უბრალოდ გაასაჯაროვა ეპიდემია და პანდემია და ამიტომ დაერქვა მას „ესპანკა“, დაახლოებით იმავე სიტუაციაშია ჩვენი კომპანიაც.

მე რომ არ გამესაჯაროვებინა ჩემი თავი, ალბათ არც კომპანია გასაჯაროვდებოდა, იმიტომ, რომ კომპანიისგან კი არ დაიწყო პრობლემები, არამედ კომპანიაში მოვიდა პრობლემა.
ბენო ქაშაკაშვილი

იცით, რა, მე რომ არ გამესაჯაროვებინა ჩემი თავი, ალბათ არც კომპანია გასაჯაროვდებოდა, იმიტომ, რომ კომპანიისგან კი არ დაიწყო პრობლემები, არამედ კომპანიაში მოვიდა პრობლემა. სხვათა შორის, ჩემმა მეუღლემაც გაასაჯაროვა თავისი შემთხვევა, რადგან მასაც საჯარო პოზიცია აქვს და ბევრ ადამიანთან აქვს კომუნიკაცია.

გული მწყდება, რომ ჟურნალიტებმა თქვეს, ვითომ ვიღაც რომანოვების შთამომავალმა ჩამოიტანა ვირუსი თბილისში, რომ იცოდეთ, რომანოვების მემკვიდრეს 100 წელია ეძებს მსოფლიო და ჯერჯერობით ვერ აღმოაჩინეს.

ის ადამიანი ჩამოვიდა ჯანმრთელი, გაფრინდა ჯანმრთელი და ჯანმრთელად გრძნობს თავს. საერთოდ არავის არაფერი არ ჩამოუტანია. ვირუსს არ გააჩნია არც გეოგრაფია, არც ნაციონალობა და არასწორი ინტერპრეტირება რომ ხდება, ეს ჩემთვის უფრო მტკივნეულია, ვიდრე ქილიკი და შურისძიების მცდელობა. ეპიდემიოლოგიის კუთხით ქვეყანას არასდროს გაუვლია ასეთი მძიმე გამოცდა, ხო? და საზოგადოებამ, ალბათ, ხელი უნდა შევუწყოთ გაგებით და არა ხელის შეშლით, შეგნებული თუ შეუგნებელი, რომლის შემთხვევების შესახებაც სამწუხაროდ გავიგე.

რადიო თავისუფლება: თქვენი შემთხვევაც ალბათ ამის მაგალითია, არა? სადილი გაიმართა 11 მარტს, ამ დროს ავიამიმოსვლა იტალიასთან უკვე შეწყვეტილია, სასწავლო პროცესი - შეჩერებული, კარანტინი - სავალდებულო, შიდა გადადების პირველი შემთხვევა უკვე დაფიქსირებული. შეცვლიდით რამეს თქვენს გადაწყვეტილებებში ამ გადასახედიდან?

ბენო ქაშაკაშვილი: ვითვალისწინებდით ყველაფერს, მაგრამ გათვალისწინება კი არ არის საკმარისი, საჭიროა ნაბიჯ-ნაბიჯ ყველაფრის ზუსტი შესრულება. უპირობოდ ზუსტი შესრულება. ალბათ, ყველა დეტალი ზედმიწევნით, ისე რომ შემესრულებინა, როგორი მოთხოვნაც და რეკომენდაციაც იყო - აი, ამას შევცვლიდი, კი... ალბათ რაღაც ნიუანსებში დავუშვი შეცდომები.

რადიო თავისუფლება: ბენო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ინტერვიუსთვის და ბოლო კითხვა, სრულ გამოჯანმრთელებას როდის ვარაუდობენ ექიმები, ასეთი რამე არის დათქმული?

ბენო ქაშაკაშვილი: ინკუბაციის პერიოდი უნდა გავიდეს, მერე ხელმეორედ აიღებენ ტესტს. პრაქტიკულად, სადღაც ბოლოსკენ ვართ, ვნახოთ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG