Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არ ენდოთ საკუთარი ფეისბუკის კედელს - რას ამბობს კვლევა, რომელმაც ათასობით ქართული პოსტი შეისწავლა


საქართველოში აუდიტორია ინფორმაციას პასიურად იღებს - უმეტესად, ტელევიზიიდან და ნაცნობებისგან. ფეისბუკი ბევრისთვის ინტერნეტის ტოლფასია - ეს და სხვა მიგნებები წარადგინა ინტერნიუსის გუნდმა უახლეს კვლევაში საინფორმაციო ეკოსისტემის შესახებ. ინტერნიუსის ექსპერტები, რომლებმაც 12 000-ზე მეტი პოსტი შეაფასეს სოციალურ ქსელში, გვიხსნიან, თუ რა საფრთხეებს შეიძლება შეიცავდეს მზა, ალგორითმის მოწოდებული ინფორმაციის მოხმარება და როგორ შეგვიძლია თავის დაზღვევა ყალბი ამბებისგან.

რას ნიშნავს ინფორმაციის პასიური მიღება


ინფორმაციას მიზანმიმართულად ეძებთ ინტერნეტში, თუ იმას კითხულობთ, რაც კედელზე გხვდებათ? თქვენთვის საინტერესო საინფორმაციო საშუალებები გაქვთ მოწონებული ან გამოწერილი, თუ გაუაზრებლად მიჰყვებით იმ წყაროებს, რომლებიც ოდესღაც შემთხვევით აღმოჩნდა თქვენს სივრცეში?

გამოკითხულთა უმეტესობამ თქვა, რომ კითხულობს იმას, რასაც შემთხვევით აწყდება. „პასიური მოხმარებაც ეს არის - თქვენ მაგივრად

მაია მიქაშავიძე
მაია მიქაშავიძე

არჩევანს ალგორითმი აკეთებს, მას კი ის პოსტები მიაჩნია „საინტერესოდ”, სადაც მომხმარებელთა ჩართულობა უფრო მაღალია.
„ალგორითმი “აჯილდოებს” იმ კონტენტს, რომელსაც მეტი კომენტარი და მოწონება აქვს. როდესაც რაიმე კონტენტს, მაგალითად, ბოტები შეესევიან და ცდილობენ ის წარმოადგინონ, როგორც გამოსაყენებლად მიზანშეწონილი, ისინი ალგორითმს [ატყუებენ] და, შესაბამისად, ტყუვდებიან ადამიანებიც. მაგალითად, ერთი და იგივე ნეგატიური კომენტარი თუ შეგხვდათ სამი-ოთხი კომენტარის გამოტოვებით, ჩანს, რომ ეს არის ავტომატიზებული, მაგრამ ფეისბუკი ამას ვერ ხედავს“, - ამბობს მაია მიქაშავიძე, ინტერნიუსის დირექტორი, მკვლევარი და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი.

სწორედ ასე თქვენს კედელზე შეიძლება ის პოსტები აღმოჩნდეს, რომლის პოპულარობაზეც ბოტებმა იზრუნეს - იქნება ეს დეზინფორმაცია თუ პოლიტიკურად მწვავე საკითხი.

პასიური მოხმარების კიდევ ერთი გამოხატულებაა ის, რომ მომხმარებლების უმრავლესობა არ მონაწილეობს ონლაინდისკუსიაში და არ აზიარებს საკუთარ მოსაზრებას. და თუკი უმრავლესობა მხოლოდ „მოწონებით” აფიქსირებს თავის აზრს, გამოდის, რომ იმ ადამიანების პოზიცია, რომლებიც უფრო აქტიურები არიან, უფრო ჩანს და, შესაბამისად, მათი მოსაზრება დისპროპორციულად იკვეთება კომენტარებსა და პოსტებში.

როგორ ცვლიან ტროლები, ბოტები და ყალბი გვერდები საზოგადოებრივ აზრს
please wait

No media source currently available

0:00 0:08:27 0:00

თუ კომენტარებში აქტიურობს ხალხი, რომელიც ანგაჟირებულია, ხოლო დანარჩენები, უბრალოდ, ვერ ბედავენ თვითგამოხატვას, შეიქმნება შთაბეჭდილება, რომ მთელი სამყარო ერთი მიმართულებით ფიქრობს.
რა თქმა უნდა, აქტიური მომხმარებელი შეიძლება, უბრალოდ, გულწრფელად გამოხატავდეს საკუთარ აზრს, თუმცა არ არის გამორიცხული, კომერციული ინტერესი ჰქონდეს - მაგალითად, კონკრეტულ პროდუქტს უწევდეს რეკომენდაციას ან, სულაც, დეზინფორმატორი იყოს.

კი მაგრამ, მე ხომ შევძლებ დეზინფორმაციის გარჩევას?


გამოკითხულთა უდიდეს ნაწილს მიაჩნია, რომ წარმატებით შეუძლია ყალბი ამბების გარჩევა, თუმცა უფრო სიღრმისეული კვლევით გაირკვა, რომ ინფორმაციის გადამოწმება „კუსტარულად” ხდება.

„ერთ-ერთი ხერხი არის ამბების მოყოლა ერთმანეთისთვის, მაგალითად, სამსახურში, ვინ რა ნახა, ერთმანეთთან შეჯერება. სხვა ადამიანების ფილტრში ვატარებთ და ამით ვცდილობთ გავიგოთ სიმართლე. გამოკითხულები ამბობენ, ასევე, რომ გამოცდილებას და ინტუიციას ენდობიან“, - ამბობს მაია მიქაშავიძე.

ანა ქეშელაშვილი
ანა ქეშელაშვილი

ნდობა ხშირად დამოკიდებულია პოლიტიკურ განწყობაზეც, რაც კვლევაში მკვეთრად გამოჩნდა. მკვლევარი და კომუნიკაციის დოქტორი ანა ქეშელაშვილი გვიხსნის, რომ ადამიანებს მიკერძოებული აზრი და ყალბი ინფორმაცია ხშირად ერთმანეთში ერევათ. „მუდმივი იმედგაცრუება ინფორმაციით ძალიან ცუდად მოქმედებს ადამიანების უნარზე, მიიღონ საწინააღმდეგო არგუმენტები. ასე რომ, პროპაგანდა თავის საქმეს აკეთებს რეალურად“.

ადამიანებს სჯერათ, რომ ყალბ ამბავს გაარჩევენ, მაგრამ გადამოწმების კონკრეტულ მეთოდებზე ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ. ერთი და იმავე ინფორმაციის გადამოწმება სხვადასხვა წყაროში ნაკლებად გავრცელებული ხერხია. ამიტომ „ინტერნეტში ვნახე”, როგორც წესი, ნიშნავს, რომ ადამიანმა ინფორმაცია კი არ მოიძია და გადაამოწმა, არამედ ტელეფონში ფეისბუკი ან ინსტაგრამი გახსნა, ამბავს რამდენიმე წინადადებით გაეცნო და შემდეგ საკუთარ გამოცდილებასთან შეაჯერა.
დეზინფორმაციას ახასიათებს ემოციური კონტენტი - შიშთან ან სიხარულთან დაკავშირებული ამბები. როცა, უბრალოდ, მექანიკურად სქროლავ და მძაფრ ემოციას იღებ, ძნელია გაიხსენო, საიდან მოდის. განსაკუთრებით მარტივია ადამიანის მოტყუება იმ სფეროებში, სადაც არ არსებობს ელემენტარული ცოდნა - მაგალითად, მედიცინა, მეცნიერება.
მაია მიქაშავიძე იხსენებს კვლევიდან მაგალითს, თუ როგორ მოახდინა გავლენა ყალბმა ამბავმა ერთ-ერთი გამოკითხულის გადაწყვეტილებაზე:

„ერთმა ქალმა გაიგო, რომ კოვიდის საწინააღმდეგოდ იგეგმება გარემოს შეწამვლა ვერტმფრენებით. ძალიან შეეშინდა. მოაგროვა ყველაფერი, რაც ეზოში ჰქონდა, შეიტანა სახლში და ელოდებოდა მთელი ღამე, რომ რაღაც ხსნარს გადმოასხამდნენ. ამ შემთხვევის შესახებ მეზობლებს როცა მოუყვა, ძალიან დამცინესო, და, რასაკვირველია, თვითონაც ეს ადამიანი შეშფოთებული იყო იმით, რომ ასე მარტივად ემსხვერპლა ტყუილს”.


მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხულთა უმეტესობა დარწმუნებული იყო, რომ შეეძლო ყალბი ამბის გარჩევა, გამოკითხულთა მხოლოდ 15 %-მა დაასახელა ბოტები დეზინფორმაციის წყაროებს შორის, 28 %-მა კი საერთოდ არ იცოდა, რას ნიშნავს „ბოტი”.

მე კარგად ვიცნობ ჩემს ფეისბუკს… თუ ვცდები?!


ფეისბუკის მომხმარებელი, როგორც წესი, ათობით ჯგუფის წევრია, თუმცა შეიძლება არც აცნობიერებდეს, რომ ბევრ მათგანში უნებლიეთ გაწევრიანდა. 2018 წლამდე ჯგუფის ადმინისტრატორებს არ სჭირდებოდათ მომხმარებელთა ნებართვა ჯგუფში მათი გაწევრიანებისთვის. ამ წლების განმავლობაში ჯგუფს, შესაძლოა, სახელიც და დანიშნულებაც შეეცვალა და, თუ დააკვირდებით, შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ სრულიად უსარგებლო ჯგუფებში ხართ გაწევრიანებული.


„დიდ ჯგუფებში ძალიან დიდია ყალბი ინფორმაციის საფრთხე. თავიდან ჯგუფი რაიმე ცხელ თემაზე შეიკრიბება - მაგალითად, კოვიდი ან ჯანმრთელობა. შემდეგ შესაძლებელია, რომ ამ ჯგუფის ადმინისტრატორმა გაყიდოს აუდიტორია, შეცვალოს სახელი და რომელიმე პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერად გამოაცხადოს. შეიძლება თქვენ იორკშირული ტერიერები მოგწონდათ და ახლა პოლიტიკური ჯგუფის წევრი ხართ. შეიძლება ამას მიაქციო ყურადღება და შეიძლება არა. ადამიანები ძალიან სწრაფად ათვალიერებენ ამ პოსტებს“, - ამბობს ანა ქეშელაშვილი.


ჯგუფებით ვაჭრობა საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა. ინტერნიუსის სპეციალისტების გამოცდილებით, ჯგუფის ღირებულება 1500 ლარამდე ადის, ფასი ძირითადად აუდიტორიის სიდიდეზეა დამოკიდებული. იყიდება ცალკეული გვერდები, ასევე, ჯგუფში რეკლამის განთავსების უფლებაც.
ასეთი ვაჭრობა კანონით აკრძალული არ არის, თუმცა ეწინააღმდეგება თავად ფეისბუკის მოხმარების წესებს, ამიტომაც სწორედ პლატფორმამ უნდა გადაწყვიტოს პრობლემა. თუმცა, იმისთვის, რომ ფეისბუკმა დარღვევა დაადგინოს, მას ინფორმაციაზე წვდომა სჭირდება. ამიტომ ინტერნიუსის მკვლევართა რეკომენდაციაა, ფეისბუკმა ითანამშრომლოს საქართველოზე მომუშავე უფრო მეტ ორგანიზაციასთან და, ასევე, აიყვანოს ან გააფართოოს ქართულენოვანი შტატი კომპანიის შიგნით.
გავრცელებულია დახურული ჩატებიც. როგორც წესი, ეს მეგობრების, თანამშრომლების ან ნათესავების მესენჯერის სივრცეში შექმნილი ჯგუფია. ეს ერთგვარი სოციალური ქსელია უკვე არსებული ფართო სოციალური ქსელის შიგნით.


„აქ, სავარაუდოდ, მეტია თვითგამოხატვა და ხდება ინფორმაციის აქტიურად გაზიარება, სანდო ქსელია ადამიანების და შესაძლო კონფლიქტის განვითარების ალბათობა ნაკლებია. მნიშვნელოვანია დაფიქრება იმაზე, როგორ შეიძლება ამ დახურული ჯგუფიდან აზრის ღია სივრცეში გამოტანა“, - ამბობს მაია მიქაშავიძე. უფრო ფართო სოციალურ ქსელში ადამიანებს, როგორც წესი, კამათში შესვლისა და აგრესიის ეშინიათ, საკუთარ აზრის გამოხატვა „უსაფრთხო სივრცეში” ურჩევნიათ.

რა გავაკეთოთ, თუ გვინდა ზიანი შევამციროთ?


დავარეპორტოთ - არა მხოლოდ 18+ კონტენტი, აგრესია და ძალადობისკენ მოწოდება, არამედ ყველაფერი, რაც ყალბ ინფორმაციად გვეჩვენება.

„ამ დროს არ უნდა შეგეშინდეთ, რადგან მხოლოდ ამ თქვენი დარეპორტებით ამ ინფორმაციას არავინ გააქრობს - ხდება ამის შეჯერება და გადამოწმება. მაგრამ, თუ ტყუილს გაატარებ, მისი ციფრული სიცოცხლე გრძელდება და ადამიანები შეჰყავს შეცდომაში“, - გვირჩევს მაია მიქაშავიძე. მომხმარებლების უმეტესობა ყალბი ამბის ამოცნობისას უკმაყოფილოა, მაგრამ გამოკითხულთა მხოლოდ 6 %-მა თქვა, რომ ყალბ ამბებს არეპორტებს.

მოვიწონოთ საინფორმაციო საშუალებები, რომლებიც გვაინტერესებს - სასურველია, ასეთი პლატფორმა რამდენიმე იყოს, რათა ერთი და იმავე ამბის გაშუქების სხვადასხვა კუთხე დავინახოთ. ასევე, მივაქციოთ ყურადღება პირველწყაროებს - მაგალითად, კორონავირუსთან დაკავშირებული ინფორმაციის გადამოწმება სასურველია ოფიციალურ სახელმწიფო ვებგვერდსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გვერდზე.

ვნახოთ, რა გვაქვს მოწონებული, რომ გავიგოთ, შემთხვევით ხომ არ მოვიწონეთ რომელიმე საეჭვო მედიასაშუალება. „მაგალითად, არის შემთხვევები, როცა საეჭვო მედია ავრცელებს ულამაზესი ხედის ფოტოს, შენ ეს მოიწონე და ალგორითმულად ამ მედიასაშუალებამ მიიღო წვდომა და ალგორითმი მოგაწვდის მის გავრცელებულ ინფორმაციას“.

გადავამოწმოთ, რომელი ჯგუფების წევრები ვართ და ვინ გვყავს მეგობრებში - შესაძლოა, ამ ადამიანებს სულაც არ იცნობთ, ჯგუფში დამატება კი არ გახსოვთ. დიდია ალბათობა, რომ დამეგობრებასა თუ დამატებას შემთხვევით მიაჭირეთ.


ვნახოთ, რომელ აპლიკაციებს აქვთ წვდომა ჩვენს ანგარიშზე - უბრალოდ, გაინტერესებდათ, 80 წლის ასაკში როგორ გამოიყურებით, ახლა კი უცხო აპლიკაციას შეუძლია თქვენს კედელზე საკუთარი კონტენტის რეკლამირებაში ჩაერთოს.

ვკითხოთ ფეისბუკს, რა იცის ჩვენ შესახებ - ამის გაკეთება ფუნქციებიდან მარტივად შეიძლება. საჭირო ინფორმაციას კატეგორიების მიხედვით აქ დაათვალიერებთ, შეგიძლიათ ერთიანად გადმოიწეროთ კიდეც. ასე უკეთ გეცოდინებათ, რა მონაცემებს უზიარებთ სოციალურ ქსელს. ასევე, შეგიძლიათ გადაამოწმოთ, რა კატეგორიებიდან მოგდით რეკლამა და ამოშალოთ არასასურველი კატეგორია.

ანა ქეშელაშვილი გვირჩევს, სოციალურ ქსელში ინფორმაციის გაზიარებას ისეთივე სიფხიზლით მოვეკიდოთ, როგორც რეალურ ცხოვრებაში ქუჩაში სიარულს - „არ ვიაზრებთ, რა მოცულობის ინფორმაციას ვტოვებთ ონლაინ, ამ დროს ჩვენი ყველა “ნაფეხური“ სადღაც აისახება“.

დაბოლოს, ვიყოთ აქტიურები - ბუნებრივია, თავს უფრო დაცულად მეგობრებისა და ახლობლების წრეში ვგრძნობთ, სადაც ჩვენი მოსაზრებებისთვის არავინ გაგვკიცხავს. საჯაროდ აზრის გამოთქმა და მასალის გაზიარება ერთგვარი გამოსვლაა კომფორტის ზონიდან, თუმცა ამას თუ არ გავაკეთებთ, პლატფორმას იმ ადამიანებს მივცემთ, ვინც, შესაძლოა, რადიკალურ და ხშირად მცდარ ინფორმაციას ავრცელებდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG