Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"არ ვაპირებ უცხოეთის აგენტად რეგისტრაციას" - პარლამენტი "ხალხის ძალის" კანონპროექტის განხილვას იწყებს


ჟურნალისტების საპროტესტო აქცია პარლამენტში. 20 თებერვალი, 2023 წელი
ჟურნალისტების საპროტესტო აქცია პარლამენტში. 20 თებერვალი, 2023 წელი

მედიის პროტესტის მიუხედავად, კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ პარლამენტში დარეგისტრირებულია. წინ არის საკომიტეტო და სასესიო მოსმენები.

"არა რუსულ კანონს", - ეს შეძახილი ისმოდა დღეს ყველაზე ხმამაღლა პარლამენტის ბიუროს ოთახთან, სადაც ჟურნალისტები და რედაქტორები "უცხოური გავლენის აგენტის" შესახებ კანონპროექტს აპროტესტებდნენ.

მათ შორის იყვნენ "პუბლიკის", "ნეტგაზეთის, On.ge-ს, "მთის ამბების", "სტუდია მონიტორის", "ქვიარის" რეპორტიორები.

ბიუროს სხდომათა დარბაზის შესასვლელთან მათ დეპუტატებს ასეთი გზავნილები დაახვედრეს: "მაინც ვერ გაგვაჩუმებთ", სოზარ, შენც "აგენტი" ხარ?" "რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი", "მედია ცოცხალი და დამოუკიდებელია".

კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად" მოიაზრება, ვალდებულია დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში, ამავე სახელწოდების ბაზაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, "უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის არიდების" ან დეკლარაციის არშევსებისთვის ორგანიზაცია 25 ათასი ლარით დაჯარიმდება.

"ვერაფრით ვუშვებ, რომ ვინმეს აგენტი ვარ, ამიტომ კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის ამ სტატუსის ტარება...

მე, პირადად, თუ ეს კანონი მიიღეს, არ ვაპირებ უცხოეთის აგენტად რეგისტრაციას, დამაჯარიმებენ, ვერ გადავიხდი, დამარეგისტრირებენ, არ შევავსებ და საბოლოოდ, მიმიყვანენ დახურვამდე. სხვა გზებს გამოვნახავ, რომ აუდიტორიას მივაწოდო ინფორმაცია", - ამბობს "მთის ამბების" მთავარი რედაქტორი გელა მთივლიშვილი.

ჟურნალისტების პროტესტი პარლამენტში. 20 თებერვალი, 2023 წელი
ჟურნალისტების პროტესტი პარლამენტში. 20 თებერვალი, 2023 წელი
ჟურნალისტების საპროტესტო აქცია პარლამენტში. 20 თებერვალი, 2023 წელი
ჟურნალისტების საპროტესტო აქცია პარლამენტში. 20 თებერვალი, 2023 წელი

ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ "უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტი დამოუკიდებელი მედიის გაქრობისკენ გადადგმული ნაბიჯია.

"ჩვენ, ჟურნალისტები, დამოუკიდებელი მედიასაშუალებების წარმომადგენლები ვაშუქებთ ისეთ საკითხებს, რომელიც აღელვებს ხალხს. ეს არის: უმცირესობების, ბავშვის უფლებები, ქალის უფლებები, კორუფცია, დამალული სიმდიდრე. ეს ყველაფერი ნერვებს უშლის ხელისუფლების წარმომადგენლებს და, როგორც ჩანს, მათ გადაწყვიტეს რაღაც იარლიყების მოკერება, რაც, რა თქმა უნდა, არ გამოუვათ... დღეს ჟურნალისტებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს მოსთხოვენ, რომ უცხოეთის აგენტი დაირქვან, ხვალ ეს შეეხება რიგით მოქალაქეებს, როგორც მოხდა რუსეთში", - ამბობს მაია მეცხვარიშვილი, "სტუდია მონიტორის" რედაქტორი.

"ხალხის ძალამ" პარლამენტში ეს კანონპროექტი საქართველოში ამერიკელი სენატორების ვიზიტის პარალელურად დაარეგისტრირა. პროექტი რომ არა ამერიკულს, არამედ რუსულს ჰგავს, ეს თავად სენატორებმა თქვეს თბილისში, პრესკონფერენციაზე.

„ეს კანონი არის მაგალითი, რატომაც ვსაუბრობთ საქართველოს დემოკრატიის უკუსვლაზე“, - განაცხადა სენატორმა ჯინ შაჰინმა სენატორ დიკ დურბინთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

რა ჩაიწერა კანონპროექტის განმარტებით ბარათში?

კანონპროექტის ავტორების განმარტებით, ცვლილება მხოლოდ "ინფორმირების" მიზანს ემსახურება და უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრირებულ სუბიექტებს არ შეუზღუდავს საქმიანობას.

მათივე თქმით, პროექტის მიზანი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა.

ვინ ჩაითვლებიან "უცხოური გავლენის აგენტებად"?

  • ყველა არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირი, მათ შორის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის წლიური შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა". თუმცა, არა - სახელმწიფო ორგანიზაციები ან საქართველოს კანონმდებლობით დაფუძნებული სპორტული ფედერაციები;
  • ტელევიზიები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა);
  • მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, მათ შორის გაზეთები და ონლაინ მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა).

"უცხო ძალაში" იგულისხმება:

  • სხვა სახელმწიფო ხელისუფლების სისტემების შემადგენელი ნაწილები;
  • უცხო ქვეყნის მოქალაქეები;
  • იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოში;
  • ორგანიზაციები, მათ შორის ფონდები, რომლებიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.

კანონპროექტის მიხედვით, მისი ძირითადი ნაწილი გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს, ორ თვეში ამოქმედდება.

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" დოკუმენტი იმ დეპუტატებმა მოამზადეს, რომლებმაც გასულ წელს მმართველი პარტია, "ქართული ოცნება" დატოვეს, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩნენ.

დღესვე ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მხარს დაუჭერენ ყოფილი თანაგუნდელების მიერ დარეგისტრირებულ კანონპროექტს.

"ქართული ოცნების“ სახელით შემიძლია ვთქვა, რომ პრინციპების დონეზე ჩვენ შევთანხმდით და მხარს დავუჭერთ კანონპროექტს, რა თქმა უნდა, დეტალებზე გაგრძელდება მსჯელობა", - თქვა მან პარტიის მთავარ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

კანონპროექტის დასამტკიცებლად, პრეზიდენტის ხელმოწერაა საჭირო. ამ პროცესს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც გამოეხმაურა და თქვა, რომ "ხალხის ძალის" კანონპროექტი ქვეყანას რუსეთთან აახლოებს, ამიტომ მხარს ვერ დაუჭერს.

  • 16x9 Image

    გვანცა ნემსაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.

XS
SM
MD
LG