Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„არ ვიცი“, „არ ჩავერევი“, „ვერ შევაფასებ“ - რას უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა


სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი

„დღეს უკვე ჩემი აზრის დრო არ არის“. არჩევა პრეზიდენტად არ ნიშნავს, რომ მე ვალდებული ვარ ჩემი პირადი პოზიციები გავაჟღერო, პირიქით, თავშეკავება მმართებს, ჩემს პოზიციაზეც ჩემთან ერთად ახლა სახელმწიფო ხდება პასუხისმგებელი, - განაცხდა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პირველ პრესკონფერენციაზე.

რა თემების შეფასება სთხოვეს ჟურნალისტებმა პრეზიდენტს და რა პასუხები გასცა მათ სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი: ჩემი აზრის დრო არ არის
please wait

No media source currently available

0:00 0:01:55 0:00

უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების სია

„თქვენ რასაც მეკითხებით, რომელიმე მოსამართლის მიმართ რა არის ჩემი პოზიცია, მე დღეს აღარ ვარ პოლიტიკური პერსონა არც ოპოზიციაში, არც პოზიციაში, ასე რომ ჩემგან სრულიად მიუღებელი იქნება და ეს თქვენც კარგად იცით, რომ რომელიმე მოსამართლეზე გამოვთქვა ჩემი პირადი პოზიცია. არც იმის მიმართ, როგორ უნდა შეიქმნას სია, მათი ვინც ხვალ შეადგენს უზენაეს სასამართლოს. ერთადერთი შემიძლია ვთქვა, რომ ეს მოითხოვს ძალიან ფრთხილ პროცედურებს... პრეზიდენტი არავითარ შემთხვევაში არ არის ის პირი, რომელსაც შეუძლია მისცეს რამე რჩევა და მითითება ხელისუფლებას, თუ როგორ უნდა შედგეს სია... ეს იმ პირების და იმ შტოების გადასაწყვეტია ვინც ამ პროცესის მონაწილეა... მე შემიძლია ვიყო მხოლოდ საზოგადოების მხარეს და ვთქვა ის თუ რა არის საზოგადოების მოლოდინი. მე პირადად არაფერს არ ვურჩევ, მე კერძო პირი არა ვარ. მე ვარ ქვეყნის პრეზიდენტი და წარმოვადგენ ინსტიტუტს".

რას ურჩევდა პრეზიდენტი მმართველ გუნდს იმ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, რომელიც მოჰყვა პარლამენტში მოსამართლეთა სიის წარდგენას

"ეს არ არის ჩემი შესაფასებელი. ის პროცესები რაც მიმდინარეობს მმართველი გუნდის შიგნით, როგორ განვითარდება ეს პროცესები, ესეც ჩემი გადასაწყვეტი არ არის".

რას გააკეთებდა შერიგებისთვის? (მათ შორის მმართველ გუნდში არსებული დაპირისპირების ფონზე)

"არ ჩავერევი, იმიტომ, რომ არ გავაღრმავო ის დღევანდელი დისკუსიები რაც არის".

უკრაინისთვის ავტოკეფალიის აღიარების მილოცვასთან დაკავშირებით

"ძალიან მარტივი იქნებოდა ჩემთვის უკრაინელი ხალხისთვის მილოცვა, ამ ავტოკეფალიის იმიტომ, რომ ეს არის ჩემთვის ძალიან ბუნებრივი, როგორც ვთქვი, ჩვენი ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე. მაგრამ დღეს მე როგორც კონკრეტული ადამიანი არ გელაპარაკებით. მე არ ვთვლი, რომ მაქვს უფლება ავიღო ეს პასუხისმგებლობა, საკითხების მიმართ, რომელიც არ მინდა დავაკონკრეტო, ყველამ ვიცით რა საფრთხეები შეიძლება იყოს და ეს ყველაზე კარგად იცის საქართველოს საპატრიარქომ. მე არ ავიღებ ჩემ თავზე პასუხისმგებლობას, რომ გავამძაფრო არსებული სიტუაცია".

ცილისწამების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა

"მზა პასუხი ამ კითხვაზე არ არსებობს, არის ჩემგან მზადყოფნა, რომ ამაზე ვიმსჯელოთ... ან არის თუ არა ჩვენთვის შესატყვისი რომელიმე ქვეყნის ახალი კანონმდებლობა, რომელიც ორივე პრინციპს შეითავსებს - ადამიანის ღირსების დაცვასაც და სიტყვის თავისუფლებასაც, მაგრამ ამ საკითხზე უნდა ვიმსჯელოთ".

პრეზიდენტს აღარ აქვს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების წარდგენის უფლება, რა პოზიცია აქვს ამ ცვლილებაზე პრეზიდენტს და ხომ არ ისურვებდა ამ ნორმის შეცვლას?

"ეს იქნება ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში, დღევანდელ სიტუაციაში პრეზიდენტი ვერ იტყვის რომ კონსტიტუციაში არსებობს რაიმე ტიპის ხარვეზი, რომელიც გამოსასწორებელია, ეს არ არის ჩემი სათქმელი".

ნარკოდანაშაულის მუხლით გასამართლებული პატიმრება

"არ მაქვს პოზიცია ამ საკითხზე, არ ვიცი რა გადაწყვეტილებას მივიღებ ამ ძალიან მძიმე საკითხზე. პოზიცია ჩემი წინამორბედის ამ საკითხზე იყო ძალიან მარტივი და მე არ მგონია რომ ამ მარტივ პასუხებს ელოდება საზოგადოება ჩვენგან და ჩემგან პირადად".

მარიხუანის კულტივაციის საკანონმდებლო ინიციატივაზე, თუ კანონპროექტი პარლამენტში დაბრუნდება

"ძალიან ბევრი „თუ“- ებია, მე "თუ"-ებზე და ეჭვებზე არ ვაკეთებ კომენტარებს".

ნაციონალურ მოძრაობასთან თანამშრომლობა

"ჩემი გაგებით, შერიგება და ყველას პრეზიდენტობა უფრო ეხება საზოგადოებას ვიდრე მაინც და მაინც, პოლიტიკურ პარტიებს, მე არ მაქვს ვალდებულება პოლიტიკური პარტიების გამაერთიანებელი ვიყო. თუმცა, ვარ მზად ყველა პოლიტიკურ პარტიასთან მქონდეს ურთიერთობა. სხვათა შორის, ყველა მოწვეული იქნა ჩემს ინაუგურაციაზე, ყველას დაეგზავნა მოლოცვის წერილები, მაგრამ ის ვინც არ მაღიარებს, იმას რა ვუყო, არ ვიცი, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა".

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG