Accessibility links

ასადის ტყუილები პუტინის მხარდაჭერით


ბრძოლები პროვინცია იდლიბში. 2019 წ. აგვისტოს ბოლო.

ჩრდილო-დასავლეთ სირიაში, პროვინცია იდლიბის „დეესკალაციის ზონაში“, რომელიც პრაქტიკულად ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი ძალების უკანასკნელი დასაყრდენია, საზავო შეთანხმება მოქმედებს. მაგრამ ეს ზავი ძალზე მყიფეა, მისი დარღვევის შემთხვევაში ერთმანეთთან კონფლიქტში ჩართულები შეიძლება აღმოჩნდნენ თურქეთისა და სირიის სამთავრობო ძალები. რა არჩევანს გააკეთებს ასეთ ვითარებაში მოსკოვი?

სირიის ქალაქ იდლიბის გარშემო ტერიტორიის უდიდეს ნაწილს აკონტროლებს ისლამისტების კოალიცია „ჰაიათ ტაჰრირ ალ-შამი“, რომლის ბირთვს წარმოადგენენ ტერორისტული ორგანიზაცია „ჯაბჰათ ალ-ნუსრას“ ყოფილი მებრძოლები ან სირიის განთავისუფლების ფრონტის კონტროლქვეშ მყოფი ძალები - ესაა ზომიერი და სეკულარული დაჯგუფებების კავშირი, რომელსაც ანკარა უჭერს მხარს.

პენტაგონის შეფასებით, იდლიბში მეამბოხეთა საერთო რაოდენობა 35 ათასამდეა. პროვინცია იდლიბის ნაწილს თურქეთისა და რუსეთის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ. მიუხედავად მოსკოვისა და დამასკის დაპირებისა, რომ რეგიონში შეიქმნებოდა დეესკალაციისა და დემილიტარიზაციის ზონები, ზაფხულის თვეებში აქ სამხედრო მოქმედებები განუხრელად მწვავდებოდა.

ვლადიმირ პუტინი და რეჯეპ ტაიიპ ერდოანი მოსკოვის მახლობლად გამართულ შეხვედრაზე. 2019 წ. 27 აგვისტო.
ვლადიმირ პუტინი და რეჯეპ ტაიიპ ერდოანი მოსკოვის მახლობლად გამართულ შეხვედრაზე. 2019 წ. 27 აგვისტო.

ვითარებაში გასარკვევად და მოსკოვსა და ანკარას შორის სირიის საკითხში აზრთა სხვადასხვაობის დასაძლევად, გასულ კვირაში თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიიპ ერდოანი მოსკოვში ჩავიდა თავის რუს კოლეგასთან, ვლადიმირ პუტინთან მოსალაპარაკებლად.

თურქეთის პოზიცია კვლავაც ემყარება მთავარ მოთხოვნას - მოსკოვმა შეწყვიტოს იდლიბში ასადის რეჟიმის მხარდაჭერა. ერდოანის თქმით, რეგიონში სირიის სამთავრობო არმიის იერიში მუქარას უქმნის თურქეთის ეროვნულ უსაფრთხოებას. ერდოანმა განაცხადა, ანკარა მზადაა, საკუთარი ინტერესების დასაცავად მკვეთრ ნაბიჯებზეც წავიდესო. თურქეთს აფიქრებს, რომ ჩრდილოეთ სირიაში ვითარების გამწვავების გამო მეტი ლტოლვილი ცდილობს იქიდან თურქეთის ტერიტორიაზე გადასვლას. არადა, ანკარამ უკვე 3,6 მილიონი სირიელი ლტოლვილი შეიფარა მას მერე, რაც სირიაში სამოქალაქო ომი დაიწყო 2011 წლის მარტში.

ზუსტად ერთი წლის წინ, 2018 წლის სექტემბერში სოჭში შეხვედრისას პუტინმა და ერდოანმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის შედეგადაც შეწყდა იდლიბში სირიის სამთავრობო ჯარების იერიში.

ზავის დარღვევის შედეგად ერთმანეთთან კონფლიქტში ჩართულები შეიძლება აღმოჩნდნენ თურქეთისა და სირიის სამთავრობო ძალები.


მაგრამ მოსკოვში ერდოანის ვიზიტისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ანკარამ ვერ შეძლო მის კონტროლქვეშ მყოფ მეამბოხეთა შეჩერება ისე, როგორც ეს სოჭის შეთანხმებით იყო გათვალისწინებული, და მიესალმა იდლიბში ასადის ჯარების ახალი იერიშის დაწყებას.

ამ ზაფხულში სირიის ომის მონაწილე მხარეები უკვე რამდენჯერმე შეთანხმდნენ იდლიბში ზავის თაობაზე, მაგრამ ყველა საზავო შეთანხმება დაირღვა.

31 აგვისტოს დამასკმა მორიგი განცხადება გააკეთა, რომ წყვეტს იერიშს იდლიბის დეესკალაციის ზონაში. მაგრამ სპეციალისტთა აზრით, ბაშარ ალ-ასადის დაპირებების ნდობა არც ახლა შეიძლება.

ვითარებაში გასარკვევად რადიო თავისუფლების რუსული რედაქცია ესაუბრა პოლიტოლოგსა და აღმოსავლეთმცოდნეს, კირილ სემიონოვს, რომლის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ერდოანის მოსკოვში ვიზიტის შედეგად მოხერხდა დაძაბულობის განელება, ეს დროებითი მოვლენაა და მალე ვითარება, დიდი ალბათობით, კვლავ გაუარესდება.

ფიქრობენ, რომ მოსკოვის შეხვედრაზე კრემლმა თურქეთს მისცა კიდევ ერთი შანსი საიმისოდ, რომ გადაწყვიტოს მის კონტროლქვეშ მყოფი მეამბოხეების საკითხი. მთავარი ამოცანაა ოპოზიციურ ფრთაზე „ჰაიათ ტაჰრირ ალ-შამის“ პოზიციების დასუსტება და სირიის განთავისუფლების ეროვნული ფრონტის პროთურქული ძალების გაძლიერება.

თურქეთის სამხედრო კოლონა პროვინცია იდლიბის ჩრდილოეთ ნაწილში. 2019 წ. 30 აგვისტო.
თურქეთის სამხედრო კოლონა პროვინცია იდლიბის ჩრდილოეთ ნაწილში. 2019 წ. 30 აგვისტო.

ცხადია, პუტინისა და ერდოანის შეხვედრის მთავარი თემა სირია იყო. მაგრამ ყველა დანარჩენი საკითხიც გამიზნულად იქნა ისე შერჩეული, რათა მსოფლიოსთვის ეჩვენებინათ, რომ რუსეთსა და თურქეთს სირიის გარდა სხვა საერთო ინტერესებიც აქვთ.

თუკი მოსკოვის შეხვედრას შევხედავთ იმ თვალით, თუ ვინ უფრო მოიგო მოსკოვის შეხვედრაზე - პუტინმა თუ რეჯეპ ერდოანმა, სემიონოვი ფიქრობს, რომ მეტ წარმატებას პუტინმა მიაღწია.

საქმე ისაა, რომ სოჭის შარშანდელ შეხვედრაზე ვითარება სხვაგვარად გამოიყურებოდა - ხელმოწერილი შეთანხმებები ერდოანისთვის უფრო ხელსაყრელად მიიჩნეოდა საერთაშორისო მიმომხილველთა მიერ. მაგრამ თურქეთმა ვერ შეძლო ამ უპირატესობის სრულად გამოყენება. შედეგად ის მივიღეთ, რომ რუსეთსა და სირიას უკვე აღარაფერი აჩერებს იდლიბში სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის ჩასატარებლად. სხვათა შორის, მათ ამაში არც თურქი მეთვალყურეები უშლიან დიდად ხელს.

მართალია, რუსეთი აცხადებს, რომ ეს მხოლოდ ლოკალური, რეგიონალური სამხედრო ოპერაციაა, მაგრამ „სინამდვილეში ეს არის სტრატეგიული იერიში,“ ამბობს სემიონოვი.

პროვინცია იდლიბი, ქალაქი ხან-შეიხუნი. 2019 წ. 3 აგვისტო.
პროვინცია იდლიბი, ქალაქი ხან-შეიხუნი. 2019 წ. 3 აგვისტო.

ასეთ ვითარებაში ლოგიკურად ჩნდება შეკითხვა - რამდენად სერიოზულად გამოიყურება სირიის ჩრდილოეთში ბაშარ ალ-ასადისა და თურქეთის ჯარების შეტაკების პერსპექტივა.

კირილ სემიონოვს მიაჩნია, რომ პირდაპირ შეტაკებამდე საქმე არ მივა. შესაძლოა, თურქეთს საშუალება მისცენ ცეცხლით უპასუხოს დამასკის პროვოკაციებს. მაგრამ ასადს ესმის, რომ ცეცხლთან თამაში არ ღირს. იდლიბში მისი ტაქტიკა არის უფრო პროვოკაციების მოწყობა თურქეთის სამხედროების წინააღმდეგ, ვიდრე პირდაპირი დაპირისპირება. მით უმეტეს, ასადის რეჟიმსა და ანკარას მოეპოვებათ თანამშრომლობის გამოცდილებაც „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში.

მაინც რასთან შეიძლება გვქონდეს საქმე, თუკი ვითარება არ არის მთლად ასეთი პროგნოზირებადი და თუკი მაინც მოხდება თურქეთისა და ასადის ჯარებს შორის კონფლიქტი? რას მოიმოქმედებს მოსკოვი?

კირილ სემიონოვი დარწმუნებულია, რომ რუსეთი არცერთ მხარეს არ მიემხრობა და ყოველ ღონეს იხმარს, რათა შუამავლის როლი მოირგოს.

ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება დაეხმაროს რუსეთის ავიაცია ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს თურქეთის სამხედროებთან რაიმე სახის საბრძოლო შეტაკებებში.
კირილ სემიონოვი


„მაშინ დამასკი, რა თქმა უნდა, პუტინის ასეთ მიდგომას პროთურქულად აღიქვამს. მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ თავად რუსეთი ნამდვილად არ მიიღებს მონაწილეობას კონფლიქტში. ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება დაეხმაროს რუსეთის ავიაცია ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს თურქეთის სამხედროებთან რაიმე სახის საბრძოლო შეტაკებებში. ბაშარ ალ-ასადმა კი შესანიშნავად უწყის, რომ რუსეთის დახმარების გარეშე თურქეთთან ჭიდილის არავითარი საშუალება არ გააჩნია,“ ამბობს სემიონოვი.

აშშ-ის ძალები სირიაში იშვიათად ახორციელებენ იერიშებს ევფრატის დასავლეთით. მაგრამ გასული კვირის ბოლოს ასეთი დარტყმა განხორციელდა და, როგორც ჩანს, ის საკმაოდ ეფექტიანი იყო. ამერიკელთა ოპერაციაზე რუსეთს განსაკუთრებით მწვავე რეაქცია ჰქონდა, მოსკოვიდან რისხვის ტალღა წამოვიდა.

მსგავსი იერიში აშშ-ს ადრეც განუხორციელებია დაჯგუფების წინააღმდეგ, რომელიც ითვლება სირიაში „ალ-ყაიდის“ ფილიალად. მაგრამ ამჯერად მოსკოვის განსაკუთრებული განრისხება აიხსნება არა იმდენად განხორციელებული იერიშით, არამედ იმით, რომ ამერიკელებმა საჭიროდ არ მიიჩნიეს ამ ოპერაციის შესახებ მისი ინფორმირება.

აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ვერტმფრენები, რომლებიც თურქეთის ძალებთან ერთად მონაწილეობენ იერიშებში სირიის ტერიტორიაზე. 2019 წ. 27 აგვისტო.
აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ვერტმფრენები, რომლებიც თურქეთის ძალებთან ერთად მონაწილეობენ იერიშებში სირიის ტერიტორიაზე. 2019 წ. 27 აგვისტო.

ზემოხსენებული მოთამაშეების გარდა სირიის კონფლიქტში სხვა ძალებიც მონაწილეობენ. მაგალითად, ახლახან დამასკის მახლობლად წარმატებული საჰაერო რეიდი ჩაატარეს ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა. სირიაში საკუთარი გლობალური ინტერესები აქვს ირანს. ეს ინტერესთა სიმრავლე აისახება იდლიბში შექმნილ ვითარებაზეც.

„ეს კონფლიქტი თავისებურად უნიკალურია, ვინაიდან მასში მოქმედებენ მრავალი ინტერესის მქონე მთელი რიგი ქვეყნები. ხშირად ისინი პარალელურად აწარმოებენ სამხედრო მოქმედებებს, რომლებსაც არავითარი კავშირი არა აქვთ ერთმანეთთან,“ შენიშნავს სემიონოვი.

როცა სირიაში სხვადასხვა მოთამაშეზე ვლაპარაკობთ, კვლავაც არ შეიძლება დავივიწყოთ ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“, რომელიც არ გამქრალა არენიდან. უფრო მეტიც - ადრე, სანამ ის „ალ-ყაიდის“ სახით მოქმედებდა შუამდინარეთში, ორგანიზაცია იატაკქვეშეთში იმყოფებოდა.

ხშირად ისინი პარალელურად აწარმოებენ სამხედრო მოქმედებებს, რომლებსაც არავითარი კავშირი არა აქვთ ერთმანეთთან
კირილ სემიონოვი


მაგრამ სირიაში სამოქალაქო ომის არენაზე ის ნელ-ნელა ღია სცენაზე გამოვიდა. ახლა „ისლამური სახელმწიფო“ კვლავ იატაკქვეშეთში მოქმედებს და თავს ესხმის როგორც სირიის სამთავრობო, ისე ოპოზიციურ ძალებს. მისი უჯრედები მოიპოვება ასადის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზეც, რის შესახებაც ძალზე არ უყვართ საუბარი რუსეთის სამხედროებს.

„ისლამური სახელმწიფოს“ ჯგუფები მოქმედებს უდაბნოში ჰომსისა და დეირ-ელ-ზორის პროვინციების საზღვრებზე. იქ ისინი უკვე იატაკქვეშეთშიც კი აღარ არიან და ერთმანეთთან გვირაბებით დაკავშირებული სამხედრო ბანაკებიც კი მოეპოვებათ და მათ წინააღმდეგ ბრძოლა ერთობ რთულია.

რაც შეეხება „სირიის დემოკრატიული ძალების“ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს, იქ „ისლამურ სახელმწიფო“ უფრო სუსტია და მხოლოდ იატაკქვეშა უჯრედები ჰგავს.

„ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებით ბევრად უფრო რთული ვითარებაა ერაყში, სადაც დაჯგუფებას მეტი მებრძოლი ჰყავს, ვიდრე სირიაში. იქ ისინი უფრო თამამად და უფრო ღიად მოქმედებენ და ბევრად მეტ თავდასხმას ახორციელებენ. ასე რომ, „ისლამური სახელმწიფო“ ჯერაც რჩება ანგარიშგასაწევ ფაქტორად როგორც სირიაში, ისე მის მიმდებარე რეგიონში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG