Accessibility links

აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვები აუცილებელი სერვისის გარეშე დარჩნენ


"შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ცენტრი"

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების შემდეგ რუსთავში შეჩერდა „აუტიზმის, გონებრივი განვითარების შეფერხების ან დაყოვნების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამა“, რომელსაც ქალაქის ბიუჯეტი აფინანსებს. მშობლებს ბავშვები სპეციალურ ცენტრებში ვეღარ დაჰყავთ. ნანა გეგეჭკორი, რომელსაც აუტიზმის სპექტრის მქონე შვილი ჰყავს, ამბობს, რომ როცა ბავშვი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ცენტრში“ დაჰყავდა, შედეგი თვალშისაცემი იყო:

„პანდემიამდე დავდიოდით ცენტრში კვირაში სამი დღე. გამოსვლაც აღარ უნდოდა, იმდენად მოსწონდა. ძალიან კარგად მეცადინეობდა, კმაყოფილი ვიყავი. თითქოს მეტყველებაც უნდა გაემართა, მაგრამ პანდემიამ ხელი შეგვიშალა. რასაც იმეორებდა, ახლა აღარ ამბობს“.

უხარია, როცა გარეთ გადის. აქამდე იცოდა, სად მიდიოდა, რა უნდა გაეკეთებინა. ახლა კი იცის, რომ სახლში უნდა იყოს...
ნათია შაორშაძე

მას შემდეგ, რაც შვილი ცენტრში ვეღარ დაჰყავს, ნანა გეგეჭკორი ფსიქოლოგისგან დისტანციურად მიღებული რეკომენდაციების შესრულებას ცდილობს:

„რა რეკომენდაციასაც ექიმი მაძლევს, რა დავალებებსაც, იმას ვაკეთებთ, [შვილს] ვიდეოს ვუღებ და ექიმს ვუგზავნი, რომ ნახოს, როგორ გაართვა ბავშვმა თავი დავალებას“.

ნანა გეგეჭკორის მსგავს ვითარებაში აღმოჩნდა ნათია შაორშაძე. გვეუბნება, რომ მის შვილს ცენტრში სიარული და თანატოლებთან ურთიერთობა ძალიან უხაროდა და სჭირდებოდა:

„უხარია, როცა გარეთ გადის. აქამდე იცოდა, სად მიდიოდა, რა უნდა გაეკეთებინა. ახლა კი იცის, რომ სახლში უნდა იყოს... შეეჩვია, რომ ცენტრში აღარ ივლის“.

ნათია შაორშაძის თქმით, კონსულტაციების დროს სპეციალისტებისგან მიღებულ რეკომენდაციებს ზედმიწევნით ასრულებს. „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ცენტრს“, დაახლოებით, 150 ბენეფიციარი ჰყავს, მათ შორის, ცერებრალური დამბლის დიაგნოზით. როგორც ცენტრის დირექტორი ნანა ზერეკიძე ამბობს, დისტანციური ონლაინკონსულტაცია, პირველ ყოვლისა, მშობელზეა ორიენტირებული, მაგრამ ზოგიერთ ოჯახს ინტერნეტი არ აქვს:

ნანა ზერეკიძე
ნანა ზერეკიძე

„არის ბენეფიციართა კატეგორია, რომლებსაც ინტერნეტთან წვდომა არ აქვს, რადგან სოფლებში არიან. არის კატეგორია, რომლებსაც არ შეუძლიათ, ზოგს კი, განსაკუთრებით ლოგოპედებთან, ტელეფონის საშუალებით აქვს ურთიერთობა. ჩვენი სპეციალისტები კვირაში ერთხელ ბენეფიციარებს ურეკავენ ან კომპიუტერით უკავშირდებიან“.

ნანა ზერეკიძის თქმით, აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებთან მუშაობის დიდი ხნით შეწყვეტა უკვე მიღწეულ შედეგს აზიანებს:

აქ იმხელა პრობლემები იქნება და იმდენი სამუშაო, რომ ერთ თვეში, ორ თვეში და შეიძლება წელიწადიც საკმარისი არ იყოს, რომ ახალი სტანდარტები დაგვიდონ.
ხათუნა ბაკურაძე


„ჩვენ გვყავს გერმანელი დონორები. მითითება მოგვცეს, რომ თუკი ბენეფიციარს მეცადინეობისას თუნდაც ერთთვიანი წყვეტა ექნება, ჩათვალეთ, რომ სუფთა ფურცლიდან მოგიწევთ მუშაობაო“.

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ცენტრის“ სამკურნალო განყოფილების მენეჯერი, ხათუნა ბაკურაძე, ეჭვობს, რომ კორონავირუსის საფრთხის პირობებში ბენეფიციარებთან მათი მუშაობის წესებს და სტანდარტებს ჯანდაცვის სამინისტრო სწრაფად შეიმუშავებს.

„ცენტრის ამუშავების შემთხვევაში, თუკი ბავშვთან ნიღბის გაკეთებას მოგვთხოვენ, დისტანციას დავიცავთ... ზოგიერთ ბავშვს ხელით ვამუშავებთ, ვეხუტებით. ისეც ხდება, რომ ზოგის შებოჭვა გვიწევს, კალთაში გვიზის. აქ იმხელა პრობლემები იქნება და იმდენი სამუშაო, რომ ერთ თვეში, ორ თვეში და შეიძლება წელიწადიც საკმარისი არ იყოს, რომ ახალი სტანდარტები დაგვიდონ“.

რუსთავის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ცენტრის“ გარდა, ქალაქის მერია ადგილობრივი ბიუჯეტიდან ვაუჩერული სისტემით წელიწადში 2 400 ლარით აფინანსებს აუტიზმის სპექტრის მქონე ბენეფიციარების სპეციალურ გაკვეთილებს. რუსთავის მერიის სოციალური სამსახურის ბაზაში ასამდე ასეთი ბენეფიციარია აღრიცხული. საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, დავით იშხნელი, ამბობს, რომ როგორც კი პროვაიდერები მუშაობას განაახლებენ, მერიის პროგრამაც განახლდება.

დავით იშხნელის თქმით, გაცდენების მიუხედავად, წლის ბოლომდე ბავშვებს იმდენ გაკვეთილს დაუფინანსებენ, რამდენიც თავდაპირველად იყო გათვალისწინებული.

რუსთავის თვითმმართველობამ ერთ-ერთ პროვაიდერს, „პირველ ნაბიჯს“, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების სწავლებისთვის შენობაც გადასცა. საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის, გიგა ვეფხვაძის, თქმით, ორგანიზაცია ცალკე მშობლებთანაც იმუშავებს, ტრენინგებს ჩაუტარებს, თანაც, უფასოდ.

„პირველი ნაბიჯი“, დიდი ხანია, სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის ადრეულ ინტერვენციას ახორციელებს, მაგრამ აუტიზმის კუთხით რუსთავში ნაკლებად აქტიურობს. როგორც რადიო თავისუფლებას ორგანიზაციაში უთხრეს, მიზეზი ის არის, რომ აუტიზმის პროგრამა ქალაქში ახალი დაწყებული აქვთ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG