Accessibility links

აფეთქება რუსთავში - ვინ აგებს პასუხს


აფეთქების ადგილი

შს სამინისტროს რუსთავის პოლიციის მთავარი სამმართველოს მე-3 განყოფილებაში უკვე გამოკითხეს რუსთავში მცხოვრები იმ ოჯახის წევრები, ვისი ავტოფარეხის დემონტაჟის დროს, 21 ოქტომბერს, ჟანგბადის ბალონი აფეთქდა, რამაც ადამიანების, მათ შორის, არასრულწლოვნების დაშავება გამოიწვია.

როგორც გაირკვა, კუსტარულ რკინის ავტოფარეხს ჯართის მიმღები ერთ-ერთი პუნქტიდან დაქირავებული მუშა ჭრიდა.

ნახევრად დაშლილი და განადგურებული ავტოფარეხის მეპატრონემ, მზია სულაშვილმა, რადიო თავისუფლებას უამბო, თუ რა ჩვენება მისცა პოლიციას:

„რუსთავის მერიამ მომთხოვა ავტოფარეხის დემონტაჟი. ამას თუ არ ვიზამდი, 3000 ლარით დამაჯარიმებდნენ. რკინის კონსტრუქციის აღების ბოლო ვადა 21 ოქტომბერი იყო, მაგრამ რომ ამეღო, ამის ფული არ მქონდა. ამიტომ მივმართე ჯართზე მომუშავეებს და შევუთანხმდი, რომ ავტოფარეხის დაშლისთვის თანხა ჯართის რეალიზებიდან მიეღოთ“.

დაუდევრობას მოჰყვება ყველაფერი. არაფერს ერიდებიან [მუშები]. დაყრილი, მიყრილი [ბალონები]... არ შეიძლება იმ ბალონების ასე თრევა...
შორენა ქაშაკაშვილი

მზია სულაშვილი მომხდარის გამო მერიას აკისრებს პასუხისმგებლობას და ეს გამოძიებასაც უთხრა, რადგან, მისი თქმით, „უსახური ავტოფარეხების აღება მერიის მოვალეობაა“. „ახლა გამოძიებას ჩემზე და დაშავებულ მუშაზე სურს ჯოხის გადატეხა“, უთხრა რადიო თავისუფლებას ავტოფარეხის მეპატრონემ ინციდენტის ადგილას, რუსთავში, მე-19 მიკრორაიონის ნომერ 14 კორპუსის ეზოში.
თუმცა იქვე შორენა ქაშაკაშვილმა, ადგილობრივი მობინადრეებიდან ერთ-ერთმა, განაცხადა, რომ აფეთქება დაუდევრობის ბრალია:

„დაუდევრობას მოჰყვება ყველაფერი. არაფერს ერიდებიან [მუშები]. დაყრილი, მიყრილი [ბალონები]... არ შეიძლება იმ ბალონების ასე თრევა. აირშედუღებას და რკინის ჭრას აქვს თავისი წესი. ამაში ყველანი დამნაშავეები ვართ“, თქვა შორენა ქაშაკაშვილმა.

აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ტალღამ ჩაამსხვრია შენობების მინის ფანჯრები, ბალონის ნამსხვრევმა გაარღვია იქვე არსებული ფეხბურთის სათამაშო მოედნის რკინის ბადე და გადაჭრა მოედნის კარის რკინის ბოძი. გარდა ამისა, აფეთქების ტალღამ დააზიანა რამდენიმე ავტომანქანა. გარდა ამისა, გადაუდებელი დახმარების შემდეგ, ორი მძიმედ დაშავებული არასრულწლოვანი თბილისის კლინიკებში გადაიყვანეს, სხვა დაშავებულები კი რუსთავის საავადმყოფოებში გადიან მკურნალობას.

აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსი
აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსი

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სახის სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

რადიო თავისუფლებას მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში განუცხადეს, რომ კუსტარული ავტოფარეხების დემონტაჟი თავად მეპატრონეებმა უნდა განახორციელონ, ეს მათი ვალდებულებაა:
„ჩვენ ეს კონსტრუქციები არ აგვიშენებია. ვინც ააშენა, იმან უნდა დაშალოს“, უთხრეს რადიო თავისუფლებას რუსთავის მერიაში.

მიმდინარე წლის გაზაფხულიდან, ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დაიწყეს დემონტაჟი იმ არაკაპიტალურად აგებული ავტოფარეხებისა, რომელთა საკუთრების უფლებაც მეპატრონეებს არ გააჩნდათ.

მათივე ცნობით, ადგილობრივი ზედამხედველობის სამსახურმა ათასობოთ წერილი-გაფრთხილება გაუგზავნა თვითნებურად აშენებული და უსახური ავტოფარეხების მეპატრონეებს, რომ დაეშალათ და აეღოთ ისინი.

მერიიდან რადიო თავისუფლებას ასევე აცნობეს, რომ დათვლილია ზარალი, რომელიც მოსახლოებას მიადგა. მერია დაზიანებულ ფანჯრებს აღადგენს.

მერიის მიერ დაფუძნებულმა „რუსთავის სერვისმა“ ინციდენტის დღეს, საღამოს, ტერიტორია მინის ნამსხვრევებისგან გაწმინდა, შენობებიდან ჩამოხსნა დაზიანებული ფანჯრები.

აფეთქების ადგილი
აფეთქების ადგილი

ცნობისთვის: მიმდინარე წლის გაზაფხულიდან, ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დაიწყეს დემონტაჟი იმ არაკაპიტალურად აგებული ავტოფარეხებისა, რომელთა საკუთრების უფლებაც მეპატრონეებს არ გააჩნდათ.

საგულისხმოა, რომ პროცესი ქალაქის მე-12 მიკრორაიონიდან დაიწყო და სამუშაოებს თავდაპირველად მერიის სამსახურები აწარმოებდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG