Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზების მუჰაჯირობა


მთიელები ოსმალეთის იმპერიაში
მთიელები ოსმალეთის იმპერიაში

ჩრდილოეთ კავკასიაში ტერმინი „მუჰაჯირი“, რაც არაბულად „გადასახლებულს“ ნიშნავს სხვა მნიშვნელობით გამოიყენება -„განდევნილები“. მთიელები ოსმალეთის იმპერიაში თავისი ნებით არ მოხვედრილან. რამდენი აფხაზი ცხოვრობს დღეს თურქეთში და რამდენად მოახერხეს საკუთარი კულტურისა და ენის შენარჩუნება?

ამ თემაზე გადაცემაში „კავკასიის ქრონიკებში“ ისტორიკოსი მაირბეკ ვაჩაგაევი მიხაილ გუმბას ესაუბრება. მიხაილ გუმბა თვითგამოცხადებული აფხაზეთის ჰუმანიტარული კვლევების ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელია.

- რამ აიძულა აფხაზები მე-19 საუკუნეში ისტორიული სამშობლო დაეტოვებინათ და ოსმალეთის იმპერიაში გადასახლებულიყვნენ?

- ეს ბევრმა რამემ გამოიწვია. მე-19 საუკუნის დასაწყისში კავკასიაში ასეთი ვითარება შეიქმნა: რუსეთის იმპერიამ 1783 წელს ყირიმის სახანო შეიერთა, რამაც დიდი დარტყმა მიაყენა ოსმალეთის იმპერიის ინტერესებს შავ ზღვაზე. ამის შემდეგ რუსეთი აღმოსავლეთ საქართველოსთან გიორგიესვკის ტრაქტატს აფორმებს, 1804 წელს კი უკვე დასავლეთ საქართველოში შემოდის. ამ დროს აფხაზეთს ქელეშ-ბეი ჩაჩბა მართავდა. ის მიხვდა, რომ თურქეთი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მისი პარტნიორი ქვეყანა იყო, სუსტდებოდა და შეეცადა რუსეთთანაც გამოენახა საერთო. არ სურდა აფხაზეთი რუსეთ-თურქეთის ბრძოლის ველად ქცეულიყო. მე-18 საუკუნის ბოლოს და მე-19 საუკუნის დასაწყისში რუსეთსა და თურქეთს შორის მუდმივად ომები იყო, ხან ბალკანეთში, ხან შავი ზღვის პირას, ხან ყირიმში... ქელეშ-ბეი ჩაჩბა თურქეთის სულთანსა და რუსეთის იმპერიას შორის ლავირებას ცდილობდა, არც თურქებს და არც რუსებს საშუალება არ მისცა აფხაზეთი თავიანთი მიზნებისთვის გამოეყენებინათ.

მიხაილ გუმბა
მიხაილ გუმბა

1808 წლის 2 მაისს ჩაჩბა სოხუმის ციხე სიმაგრეში მოკლეს, თავის რეზიდენციაში. მის შვილებს ასლან-ბეისა და საფარ-ბეის შორის განხეთქილება მოხდა. ასლან-ბეის ოსმალეთის იმპერია ეიმედებოდა, საფარ-ბეიმ კი, რომელიც მეგრელების (დადიანის) სიძე იყო, მხარდაჭერა სამეგრელოში ჰპოვა, სამეგრელო კი უფრო რუსეთს უჭერდა მხარს. 1810 წელ რუსეთ-თურქეთის ომის დროს რუსულმა სამხედრო გემებმა სოხუმის ციხე-სიმაგრე შტურმით აიღეს და თურქული გარნიზონი განდევნეს. პროთურქული ორიენტაციის მქონე ასლან-ბეი იძულებული გახდა აფხაზეთი დაეტოვებინა. მან თან ოჯახი და ახლობლებიც წაიყვანა. სწორედ ამის გამო 1810 წელი მუჰაჯირობის პირველი ტალღის პერიოდად ითვლება. ამის შემდეგ აფხაზეთის მართვას საფარ-ბეი შეუდგა.

1824 წელს ასლან-ბეის შემოჭრამ და დამარცხებამ, ასევე იმ კონფლიქტებმა, რომელიც ამ მოვლენას 1830 და 1837 წლებში მოჰყვა, მუჰაჯირობის ახალი ტალღა გამოიწვია.

1866 წელს სოხუმის სამხედრო განყოფილების ხელმძღვანელმა პოლკოვნიკმა კონიარმა და მისმა ხელქვეითებმა ჩერეპოვმა და იზმაილოვმა ხალხი ლიხნის მოედანზე შეკრიბეს და გამოუცხადეს, რომ აფხაზეთში ბატონყმობა გაუქმდებოდა, სანაცვლოდ კი მათ აზნაურებისთვის გამოსასყიდი უნდა გადაეხადათ. ჩინოვნიკებმა ისიც კი ვერ გააცნობიერეს, რომ აფხაზეთში ბატონყმობა [საუბარია ბატონყმობის იმ წესზე, რომელიც რუსეთში იყო გავრცელებული რ.თ.] არც არასდროს ყოფილა. როდესაც ხალხს უთხრეს, რომ თავისუფლების სანაცვლოდ თავადებისთვის უნდა გადაეხადათ, შოკში ჩაცვივდნენ.

აფხაზები წებელდიდან
აფხაზები წებელდიდან

შეურაცხყოფილები იყვნენ როგორც უბრალო გლეხები (ისინი არასდროს ყოფილან მონები), ასევე აზნაურები და თავადები. ამ გაუაზრებელმა განცხადებამ ლიხნის აჯანყება გამოიწვია. დახოცეს პოლკოვნიკი კონიარი, მისი ჩინოვნიკები ჩერეპოვი და იზმაილოვი, 4 ოფიცერი და 50 კაზაკი. რუსეთმა აფხაზეთში მაშინვე გაგზავნა სამხედრო ძალა. დაიწყო რეპრესიები, დაპატიმრებები... ხალხს იარაღს ართმევდნენ და ციმბირში კატორღაზე აგზავნიდნენ. რეპრესიებისთვის თავი რომ დაეღწიათ ადგილობრივებმა თურქეთში გადასახლება დაიწყეს. მიიჩნევა, რომ ამ დროს აფხაზეთი 20 ათასმა კაცმა დატოვა.

1877 წელს რუსეთსა და თურქეთს შორის მორიგი ომი დაიწყო. თურქულმა ჯარმა სოხუმის ციხე სიმაგრე აიღო. რუსეთმა კონტრშეტევით უპასუხა, რის შემდეგაც თურქებმა აფხაზეთი დატოვეს. უნდა ითქვას, რომ 1877-1878 წლების მუჰაჯირობა ყველაზე მასობრივი და ტრაგიკული იყო. მეფის ბრძანებით, აფხაზებს აეკრძალათ აფხაზეთის ცენტრალურ ნაწილში, ასევე ზღვის გაყოლებაზე დასახლებულიყვნენ.

ხალხს ძალით მიერეკებოდნენ სანაპიროზე, სადაც უკვე გემები იდგა. თურქეთის ხელისუფლებასთან შეთანხმება ჰქონდათ დადებული. თურქეთი, როგორც იმპერია იშლებოდა და ახალი სისხლი სჭირდებოდა, კავკასიელი ახალგაზრდები, რომლებიც მისი ინტერესების გამო თავს გაწირავდნენ. ხალხი გემებზე აჰყავდათ და თურქეთში აგზავნიდნენ. ამ გადასახლების შემდეგ აფხაზეთის შუა ნაწილი ფაქტობრივად დაცარიელდა. იქ აფხაზები ახლაც კი ნაკლებად ცხოვრობენ.

- რა მასშტაბი ჰქონდა გადასახლებას?

- საუბარია დაახლოებით 50 ათას ადამიანზე. თუმცა, აფხაზი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ შესაძლოა 100 ათასი და მეტიც ყოფილიყო. წარმოიდგინეთ ცენტრალური ნაწილი დაცარიელდა, იმ ხალხს კი, ვინც აფხაზეთში დარჩა, ზღვის პირას ცხოვრება აუკრძალეს, საკუთარ მიწაზე, თავიანთ ისტორიულ სამშობლოში.

- ოსმალეთის იმპერიაში ზღვით წავიდნენ?

- ზღვით! გემები ხალხით იყო სავსე. ვერ სუნთქავდნენ. თან აუტანლად ცხელოდა. უწყლობისგან და შიმშილისგან იხოცებოდნენ. ეპიდემიამ ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. უკვე თურქეთში აფხაზები ე.წ. საკარანტინო ბანაკებში მოხვდნენ, იქაც აუტანელ პირობებში. კარანტინი ხანდახან თვეობით გრძელდებოდა. ამის შემდეგ მათ მთელ იმპერიაში ანაწილებდნენ, აძლევდნენ მიწებს, რომლებიც შეეძლოთ დაემუშავებინათ.

- აფხაზებს ერთად ასახლებდნენ თუ სხვადასხვა ადგილებში?

- თავდაპირველად ეთნიკური ნიშნით ჩაასახლეს, ანუ ერთად, ძირითადად ოსმალეთის იმპერიის სასაზღვრო მიწებზე, რადგან საზღვარზე მაშინ დაძაბული ვითარება იყო. ელიტა მაშინვე სულთანის სამსახურში ჩადგა და მისგან პრივილეგიებიც მიიღო: მიწები, ხელფასი... გლეხებს უფრო უჭირდათ.

- გადასახლების შემდეგ მათი ცხოვრების წესი, სოციალური წყობა შეიცვალა?

- თავდაპირველად შეინარჩუნეს ის წყობა, რომელიც მანამდე ჰქონდათ, მაგრამ თურქეთი თავის კვალს მაინც ტოვებს. აფხაზები, ადიღელები, ადგილობრივი ტრადიციების გამო ნელ-ნელა იცვლებოდნენ.

- რა როლი დაეკისრა ამ შემთხვევაში თავადაზნაურობას? ჰქონდათ რამე გავლენა თანამემამულეებზე?

- აზნაურობას გლეხების ცხოვრებაშია აქტიურად ჩარევა აფხაზეთშიც კი არ შეეძლო. გლეხები თავისუფლები იყვნენ. ყველაზე ძლევამოსილი თავადებიც კი ერიდებოდნენ მათ განაწყენებას, მათი ღირსების შელახვას. დიდი თავადი ქელეშ-ბეი ჩაჩბა პირველ რიგში სწორედ გლეხობას ეყრდნობოდა, მათი დახმარებით შეძლო აფხაზეთი ასე კარგად ემართა. ამიტომ ვერ ვიტყვით, რომ თავადაზნაურობა გლეხობაზე რამე გავლენას ახდენდა. თავადს ავტორიტეტი ჰქონდა, მაგრამ არა ძალა. მისი არ ეშინოდათ. ამგვარი რამ აფხაზეთში არასდროს ყოფილა. თავადები თავიანთი ცხოვრებით ცხოვრობდნენ, გლეხები - თავიანთით. ვერ ვიტყვით, რომ გლეხები თავადებს ემორჩილებოდნენ.

- რას აკეთებდნენ აფხაზები ენის, ტრადიციების შესანარჩუნებლად?

- თურქეთის ხელისუფლება ნაციონალურ ანკლავებს დიდად არ სწყალობს. ყველა, ვინც თურქეთში ცხოვრობს მათთვის თურქია და თურქულად უნდა საუბრობდეს. ამ პირობებში აფხაზები და ადიღელები საკუთარ ენას და კულტურას მაინც ინარჩუნებდნენ. დღეს როდესაც აფხაზური დიასპორის წარმომადგენლები თურქეთიდან ჩამოდიან აფხაზურად თავისუფლად ლაპარაკობენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG