Accessibility links

აფხაზეთის საოკუპაციო ხაზის გადაკვეთის რეჟიმს კარანტინი დაემატა


ენგურის ხიდის მიმდებარე ტერიტორია

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ კარანტინი გამოაცხადა ფსოუსა და ენგურთან მდებარე ე.წ. სასაზღვრო საგუშაგოებზე. მდინარე ფსოუ ოკუპირებულ აფხაზეთს რუსეთისგან ჰყოფს, ენგური კი დანარჩენი საქართველოსგან.

სააგენტო „აფსნიპრესის“ ინფორმაციით, 4 თებერვლიდან კარანტინის გამოცხადების გადაწყვეტილება მიღებულია კორონავირუსისგან აფხაზეთის მოსახლეობის დასაცავად. დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ვალერი ბგანბას დავალებით ჩატარებული თათბირის შემდეგ, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა ლუდმილა სკორიკმა განაცხადა, რომ 4 თებერვლიდან აფხაზეთში ჩასვლა აეკრძალათ „მიგრანტებს და მათთან გათანაბრებულ პირებს“.

ენგურის ხიდის მიმდებარე ტერიტორია
ენგურის ხიდის მიმდებარე ტერიტორია

რამდენიმე დღით ადრე, 29 იანვარს აფხაზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტრომ დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელ ენგურის ხიდთან მდებარე ე.წ. გამშვებ პუნქტთან მოძრავი ამბულატორია განათავსა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან აფხაზეთის რეგიონში შესული მოქალაქეების შესამოწმებლად. დე ფაქტო მთავრობაში განაცხადეს, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულია ჩინეთიდან გავრცელებული ახალი სახეობის კორონავირუსის პრევენციისთვის. შემოწმება 1 თებერვლიდან დაიწყეს. ოკუპირებულ გალის რაიონში მცხოვრები ქართველები შიშობდნენ, რომ დე ფაქტო ხელისუფლება კორონავირუსს გამოიყენებდა ე.წ. საზღვრის დაკეტვის საბაბად, თუმცა, კარანტინის გამოცხადების მიუხედავად, დღეს, 5 თებერვალს ენგურის ხიდის გავლით მიმოსვლა შეზღუდული არ ყოფილა.

ოკუპირებული აფხაზეთიდან ენგურის ხიდის გავლით მომავალმა გალელებმა გვიამბეს, რომ სამედიცინო შემოწმება ტემპერატურის გაზომვას და რენტგენის სხივების აპარატით გადაღებას გულისხმობს. მათი ინფორმაციით, ამ ეტაპზე პროცესი მკაცრად არ კონტროლდება და ამბულატორიაში ძირითადად, მსურველებს ამოწმებენ.

„დგას სამედიცინო მანქანა და კონტროლს უკეთებენ ზოგიერთს, ვინც იქეთ მიდის და აქეთაც ვინც მოდის მაგათაც. გააჩნია, ვისაც აქვს სურვილი. ძალით არ არის“, - გვითხრა ოკუპირებული გალიდან ზუგდიდში ჩამოსულმა რობერტ კანკავამ.

კარანტინის გამოცხადების მიუხედავად, არ შეცვლილა გადაადგილებისთვის საჭირო დოკუმენტების სია და პროცედურები - ენგურს იქით მდებარე „აფხაზური საგუშაგოდან“ დანარჩენი საქართველოსკენ მოქალაქეებს კვლავ უშვებენ ე.წ. აფხაზური პასპორტით, ან ბინადრობის დროებითი მოწმობით, რომელსაც თან უნდა ახლდეს საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი პირადობის მოწმობა.

ოკუპირებული აფხაზეთიდან სამეგრელოს რეგიონში დღესაც დროებითი მოწმობით გადმოვიდნენ გალის რაიონის სოფელ ზემო ბარღებში მცხოვრები ცოლ-ქმარი, გენადი და ლენა შარიები. ისინი ზუგდიდში ხშირად ჩადიან სურსათის და მედიკამენტების შესაძენად. შარიებს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მოქალაქეობა არ მიუღიათ და ბინადრობის დროებითი მოწმობებით სარგებლობენ. ასეთ მოწმობებს დე ფაქტო ხელისუფლება „უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის“ გასცემს.

რამდენ ხანს გაგრძელდება ე.წ. საზღვარზე კარანტინი და სამედიცინო შემოწმება, გალელებისთვის უცნობია. მათ ჯერჯერობით არც ის იციან, საერთოდ დაიკეტება, თუ არა დანარჩენი საქართველოსკენ მიმავალი გზა, როგორც ეს 2019 წლის იანვარში მოხდა. მაშინ დე ფაქტო ხელისუფლებამ „ღორის გრიპთან“ ბრძოლის საბაბით, ე.წ. საზღვარი ერთი თვით დაკეტა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG