Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზურ სოციალურ მედიაში სომეხი ეროვნების მოქალაქეთა შეურაცხმყოფელი პუბლიკაციები გაჩნდა


ბაგრამიანის სახელობის ბატალიონის წევრები სოხუმის საბრძოლო დიდების მემორიალთან. 2018 წლის თებერვალი.
ბაგრამიანის სახელობის ბატალიონის წევრები სოხუმის საბრძოლო დიდების მემორიალთან. 2018 წლის თებერვალი.

აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ სოციალურ ქსელებში გაჩნდა სომეხი ეროვნების მოსახლეობის პატივისა და ღირსების შემლახველი პუბლიკაციები. „აფხაზეთის სომეხთა საზოგადოების“ ლიდერი გალუსტ ტრაპიზონიანი ამბობს, რომ სახელმწიფო ასეთ ფაქტებზე არასათანადოდ რეაგირებს. იგი აღნიშნავს, რომ არაერთხელ მიმართა აფხაზეთის სახელმწიფო ორგანოებს მოთხოვნით, ბოლო მოეღოს სომხური საზოგადოების წინააღმდეგ მიმართულ პროვოკაციებს, თუმცა ამან შედეგი ჯერ ვერ გამოიღო.

როგორც გალუსტ ტრაპიზონიანი აზუსტებს, აფხაზეთის სამართალდამცავი ორგანოებისთვის კარგადაა ცნობილი ადამიანი, ვინც წელიწადნახევრის წინ ღიად და საჯაროდ ამჟღავნებდა აგრესიულ ანტისომხურ განწყობებს, თუმცა იგი არ დასჯილა. „აფხაზეთის სომეხთა საზოგადოების“ ლიდერის თქმით, ტენდენცია გრძელდება და სამართალდამცავი ორგანოები დღესაც უარს ამბობენ რეაგირება მოახდინონ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ პუბლიკაციებზე. ამისთვის, გალუსტ ტრაპიზონიანის თქმით, ისინი ფაქტებს ითხოვენ. ფაქტი კი, რომელიც მას მოჰყავს, შემდეგია:

„ამ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელზეც ჩანს, როგორ ესვრიან ქვებს ომის ინვალიდს, უსინათლო, სამოცდაათი წლის კაცს. ეს ფაქტი და ეს ვიდეორგოლი არსებობს. მას მიმართავენ და ეკითხებიან:

- ვინ ხარ?
- სომეხი.
- იბრძოდი?
- კი.
- თავს გმირად მიიჩნევ?
- კი.
- რადგან გმირი ხარ, მაშინ მიიღე.

და ადამიანი მას ესვრის ქვებს. გესმით? იზოლირებაა საჭირო ისეთი ადამიანისა, რომელიც ფიქრობს, რომ სომხობა დასასჯელია“, - ამბობს გალუსტ ტრაპიზონიანი. იგი დარწმუნებულია, რომ ეროვნული შუღლის პროვოცირება უკიდურესად სახიფათოა.

„უნდა იყოს სახელმწიფო პოლიტიკა. დაუყოვნებელი რეაგირება უნდა დაიწყოს. ასეთი მომენტები უნდა შეწყდეს. რისთვისაა შექმნილი სპეცსამსახურები? იმისთვის რომ მასალები შეკრიბოს, მსგავსი ფაქტები აღკვეთოს.

ყველაზე ცუდი და მტკივნეული იქნება, თუ ეს ეროვნებათშორის დაპირისპირებას გამოიწვევს.ეს ძალიან სახიფათოა. სომხური თემი სხვებთან ერთად ქმნის და აშენებს აფხაზურ სახელმწიფოს. ორას სომეხზე მეტი დაიღუპა 1992-93 წლების ომში, ომის ერთ-ერთი მეთაური მე თავად ვარ.

და თუ ასეთი რამ ერთად გავიარეთ, ხალხი ერთიანი იყო, დღეს ვინ შეძლებს აფხაზეთის ხალხის გაყოფას? ვისთვისაა ეს ხელსაყრელი? მოდი დაფიქრდნენ და გადაწყვიტონ“, - უთხრა გალუსტ ტრაპიზონიანმა „ეხო კავკაზას“.

შიდაეროვნული სიძულვილის გაღვივების დაუშვებლობის შესახებ განცხადებები გააკეთეს პოლიტიკურმა პარტიებმაც, კერძოდ, „სახალხო ერთიანობის ფორუმმა“ და „აფსნიმ“.

პარტია „აფსნი“ გამოხატავს თავის აღშფოთებას სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პუბლიკაციების მიმართ, რომლებშიც აფხაზეთის სომხურ თემს პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის წაგებაში ადანაშაულებენ. როგორც პარტიის წევრები აღნიშნავენ, ეს ბრალდებები ძალზე შეურაცხმყოფელი ფორმებითაა გადმოცემული.

„აფხაზეთის სახალხო ერთიანობის ფორუმის“ წარმომადგენლები ასევე აღშფოთებულები არიან იმით, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დროს თავდასხმისა და ბრალდებების ობიექტები ეროვნული უმცირესობები, კერძოდ, სომხები გახდნენ:

კეთდება უსაფუძვლო, თვითნებური მტკიცებულებები იმაზე, რომ მათ ხმა მისცეს „ზემოდან“ მითითებების შესაბამისად. ასეთი განცხადებები, თავისი არსით, პროვოკაციულია. ამ თემაზე სპეკულაციებს, ნაციონალურ თემებთან დაპირისპირებას დესტრუქციული ხასიათი აქვს და არავითარი კავშირი არ აქვს არჩევნებთან და მის შედეგებთან“, - აღნიშნავენ პოლიტიკური პარტია „აფხაზეთის სახალხო ერთიანობის ფორუმის“ წარმომადგენლები. პარტია მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, მიიღონ ყველა საჭირო ზომა პროვოკაციული ქმედებების თავიდან ასაცილებლად და აღკვეთონ ეროვნებათშორისი შუღლის გაღვივების ნებისმიერი ცდა.

ტექსტი შეიცავს იმ ტერმინებსა და ტოპონიმებს, რომლებიც გამოიყენება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG