Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთი რუსეთის შემადგენლობაში არასოდეს შევა - ინტერვიუ როინ აგრბასთან


რამდენად სერიოზული გავლენა აქვს კრემლს აფხაზეთის შიდაპოლიტიკურ საკითხებზე; ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში ითანამშრომლებს თუ არა სოხუმი თბილისთან; 22 მარტს დანიშნული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები აფხაზეთში და შიდაპოლიტიკური საკითხები - ეს ის თემებია რომელზედაც რადიო თავისუფლება არჩევნებამდე სამი დღით ადრე სოხუმელ ჟურნალისტს როინ აგრბას ესაუბრა.

- ვლადიმირ პუტინის საპრეზიდენტო ვადის განულება და, შესაბამისად, მისი მმართველობის 2036 წლამდე გაგრძელებასფხაზეთში როგორ უყურებენ? ხედავენ თუ არა სოხუმში რუსეთთან ასიმილაციისა და, საბოლოოდ, რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საფრთხეს? სამხრეთ ოსეთში ამაზე, შეიძლება ითქვას, ღიად ლაპარაკობენ.

- აფხაზეთი რუსეთის შემადგენლობაში არასოდეს შევა - ყოველ შემთხვევაში, სანამ სამოქალაქო საზოგადოება და მოსახლეობის ის აქტიური ნაწილი არსებობს, რომელიც ამის წინააღმდეგია. ძნელია იმკითხაო, მაგრამ ჯერ ასეთი განწყობა არ არის და არც იქნება. რუსეთის შიდა პოლიტიკა ჩვენს ხედვას, საერთოდ, არ ემთხვევა. აფხაზეთში პუტინის სცენარი არ გავა. თუ ვინმე შიშობს, რომ აფხაზეთი რუსეთის შემადგენლობაში შევა, ეს არარეალურია მინიმუმ 10 წლის განმავლობაში მაინც.

- რაულ ხაჯიმბამ საბოლოოდ თქვა უარი პოლიტიკურ ამბიციებზე თუ მაინც აპირებს რევანშს? თუ - კი, მაშინ - რა ფორმით?

- არა მგონია, რევანშს აპირებდეს. მან პოლიტიკურ კარიერაზე უარი თქვა - ყოველ შემთხვევაში, ახლა ასეა. ალბათ, საპარლამენტო არჩევნების დროს დეპუტატად დაბრუნდება. ალბათ, პარტია „სახალხო ერთობის ფორუმი“ აღადგენს. მისი მომხრეები უფრო ხისტ ზომებს ითხოვდნენ, მაგრამ არ გამოვიდა და „სახალხო ერთობის ფორუმმა“ პოზიცია დაკარგა.

- რაულ ხაჯიმბას ბევრი კრემლის პროექტს უწოდებდა. თუ ასეა, მაშინ კრემლმა მას ზურგი რატომ შეაქცია?

- თავიდან კი, 2014 წელს ის კრემლის პროექტად იყო მიჩნეული. თანდათან ის კურატორები, რომლებიც მისგან ძალიან ბევრს ელოდნენ, მიხვდნენ, რომ არაფერი გამოვიდოდა. მეტიც, 2014 წელს მათ მიიღეს ახალი შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, ბევრი რამ, რაც 2010 წლის შეთანხმებაში იყო ჩადებული, გაუქმდა, მათ შორის მოსკოვის გეგმა მოლაპარაკებულიყვნენ ორმაგ მოქალაქეობაზე, ასევე საკითხები უძრავი ქონების გაყიდვაზე აკრძალვის მოხსნისა და მიწაზე კერძო საკუთრების უფლების შესახებ. ამ შემთხევაში, რაღაც გაგებით, ხაჯიმბამ და მისმა გუნდმა მოსკოვი გააცურეს. უკვე 2016-2017 წლებში იგრძნობოდა, რომ ხაჯიმბასა და სურკოვს ურთიერთობა გაუფუჭდათ. 2016 წელს ხაჯიმბამ მიანიშნა იმაზე, რომ რესპუბლიკა 50 %-იან თვითდაფინანსებაზე გავიდა. მოსკოვში განგაში ატეხეს. ისინი მიხვდნენ, რომ აფხაზეთი შესაძლოა თავად გაიმართოს წელში. და აი, ეს განგაში აისახა ხელშეკრულებების შესრულებაზე. ფინანსების გადმორიცხვა სხვადასხვა მიზეზით ყოვნდებოდა. ხაჯიმბას მმართველობის დასაწყისში, წლინახევრის განმავლობაში, სხვადასხვა მიზეზით ბევრი პროექტის დაფინანსება შეაჩერეს.

რაულ ხაჯიმბა, ვლადიმირ სურკოვი
რაულ ხაჯიმბა, ვლადიმირ სურკოვი

რაღაც კუთხით, რაულ ხაჯიმბამ რუსეთს იმედი გაუცრუა. ამასთან, არსებობს ვერსია, რომ სურკოვი მოდიოდა დოკუმენტების პაკეტით, რათა მათზე ხაჯიმბას მოეწერა ხელი და ამ გზით მოსკოვის მხარდაჭერა მიეღო... ასევე ლაპარაკობენ მათ სატელეფონო საუბარზეც, რომლის დეტალებიც ჩვენ არ ვიცით და რომლის შემდეგ ხაჯიმბა თანამდებობიდან გადადგა. ეჭვობენ, რომ პაკეტი, რომლითაც ბატონი სურკოვი მოდიოდა, სუვერენიტეტს შეეხებოდა. სავარაუდოდ, ხაჯიმბას რაღაც შეთანხმებაზე უნდა მოეწერა ხელი, რომელიც, მისი აზრით, ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა და სუვერენიტეტის დაკარგვის ტოლფასი იქნებოდა. ამას, ალბათ, რამდენიმე წლის შემდეგ გავიგებთ. ჯერჯერობით ამ საკითხს გრიფი საიდუმლო „ადევს“. ანუ სერიოზული ეჭვია, რომ მოსკოვი ხელების გადაგრეხას ცდილობდა და მხარს არ უჭერდა პროექტს, სახელწოდებით „ხაჯიმბა“. ის უკვე აღარ აძლევდა ხელს მოსკოვს.

- თუ ხელისუფლებაში, საბოლოოდ, ასლან ბჟანია მოვა, ეს თბილისთან ურთიერთობაზე როგორ იმოქმედებს?

- არ ვიცი, ჯერ მიჭირს ამაზე პასუხის გაცემა. ცალკეულ ინტერვიუებში ის ამ თემაზე ლაპარაკობდა, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, სერიოზული ეჭვი მაქვს, დაახლოება რეალურად მოხდეს, რადგან ნებისმიერი მოძრაობა რაიმე სახის თანამშრომლობისკენ ისევ მის წინააღმდეგ იქნება გამოყენებული. შესაძლებელია ჰუმანიტარული თანამშრომლობა ენგურჰესთან დაკავშირებით, ასევე მოქალაქეების მიმოსვლასთან დაკავშირებით აფხაზეთ-საქართველოს საზღვარზე. შესაძლოა რაღაც დაიძრას, მაგრამ სერიოზულს არაფერს ველი.

ენგურის ხიდი
ენგურის ხიდი

- ნავთობის კრიზისმა, კორონავირუსთან ერთად, ეკონომიკას სერიოზული დარტყმა მიაყენა. ეს როგორ იმოქმედებს აფხაზეთზე?

რა თქმა უნდა, ხალხს რუბლის ვარდნა აშინებს, მაგრამ მე ამაში პანიკის საფუძველს ვერ ვხედავ. ბიზნესი თავშეკავებულად რეაგირებს - თუ ვიძირებით, ერთად ვიძირებით. რუსულ კორონავირუსს ჩვენამდე ჯერ არ მოუღწევია. რუსეთი, ამ მხრივ, მკაცრ ზომებს ატარებს, საქართველოს მხრიდან კი ჩვენს ხელისუფლებას საზღვრის ჩაკეტვა მოუხდა, რადგან ყველაზე მეტად კორონავირუსი აქედან გვიახლოვდება. დროებითი რეჟიმი 7 აპრილამდე გასტანს. ჩვენთან ჯერ ერთი შემთხვევაც არ ყოფილა. მთავრობამ ზომები მიიღო. უკვე ამუშავდა დეზინფექციის სისტემა. ყველაფერი სპეციალური ხსნარით მუშავდება. სკოლები და უნივერსიტეტებიც არდადეგებზე გაუშვეს. ანუ ჯერ ვუძლებთ. ჯერჯერობით ორკვირიან კარანტინზეა ლაპარაკი, მაგრამ თუ კრიზისი გაგრძელდა, კარანტინიც გაგრძელდება.

- მაინც რა მოლოდინია აფხაზეთში რუბლის სერიოზული გაუფასურების პირობებში ბიუჯეტს რა მოუვა?

- ძალიან რთული კითხვაა, რადგან კრიზისი ჯერ მხოლოდ დაიწყო. მთავრობის ეკონომიკური ბლოკი მის შეჩერებას ცდილობს, რათა მან ზემოქმედება არ მოახდინოს სოციალურ სფეროზე, სამომხმარებლო კალათაზე და ასე შემდეგ. ჯერჯერობით მსხვილი კომპანიები ძალიან არ დაზარალებულან, მაგრამ, ვფიქრობ, ერთ-ორ კვირაში ესეც იქნება.

- რა მოხდება საკურორტო სეზონის ჩავარდნის შემთხვევაში? სოხუმს გეგმა „ბ“ თუ აქვს?

- დიახ, არის საშიშროება და სასტუმროების მეპატრონეებიდან ზოგმა უკვე ატეხა განგაში, რომ სეზონი ჩავარდება, ეს კი შემოსავლების ერთ-ერთი ძირითადი წყაროა, ერთ-ერთი მთავარი სეგმენტი ბიუჯეტის ფორმირებისთვის. მაგრამ ჯერ პანიკა არაა. იმედის მომცემია ის, რომ ჯერ სასტუმროების ჯავშანი არავის მოუხსნია. ის კი არა, რაღაც დროს მატებაც კი იყო. ანუ ვითარებამ თურქეთში და რუსულ-თურქული ურთიერთობების გაუარესებამ გამოიწვია ტურისტების მატება არა თურქეთის, არამედ აფხაზეთის მიმართულებით. ასე რომ, შიში არის, მაგრამ არა პანიკა.

- კრიზისის პირობებში მზად არის თუ არა აფხაზეთის მთავრობა თბილისისგან რაიმე სახის დახმარება მიიღოს - იქნება ეს ჰუმანიტრული, ფინანსური თუ სამედიცინო?

- მგონია, რომ ეს სწორედ ისაა, რამაც ორივე მთავრობა და ჩვენი ქვეყნები უნდა დააახლოოს. სწორედ რომ, უნიკალური შანსია, ბოლოს და ბოლოს, ერთმანეთს გაუგონ. ვფიქრობ, აფხაზეთის მთავრობა ამგვარ დახმარებაზე უარს არ იტყვის და არც სამედიცინო რჩევების მიღების წინააღმდეგ წავა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეს სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც საჭიროა ერთმანეთის გაგება და თანადგომა.

- რამდენად სერიოზული გავლენა აქვს დღეს კრემლს აფხაზეთის შიდაპოლიტიკურ საკითხებზე?

- ვფიქრობ, ყველა პოლიტიკურ ძალას აქვს კონსულტაციები, მაგრამ მოსკოვიც უფრო ფრთხილად იქცევა, ითვალისწინებს რა ძველ გამოცდილებას, როდესაც აფხაზურ ელექტორატსა და აფხაზეთის პოლიტიკაზე, შიდაპოლიტიკურ ვითარებაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა. მოსკოვი, რა თქმა უნდა, ხანდახან აჭარბებს, როგორც სულ ახლახან მოხდა ბატონი სურკოვის შემთხვევაში. მაშინ ყველა ნიღაბი მოიხსნეს და მკაფიოდ თქვეს, რომ აფხაზეთი რაღაც „მოსკოვის ქვედანაყოფის“ მსგავსია.

რაც შეეხება აფხაზეთის შიდა პოლიტიკას, აქ ორი დაპირისპირებული შტაბია. ბუნებრივია, ისინი ერთმანეთის წინააღმდეგ წარმართავენ პოლიტიკასაც და აგიტაციასაც. კანდიდატი, რა თქმა უნდა, ორი კი არა, სამია. ეკონომიკის ყოფილი მინისტრი - ადგურ არძინბა, უშიშროების ყოფილი წარმომადგენელი - ასლან ბჟანია და შინაგან საქმეთა მინისტრი ლეონიდ ძიაფშბა, თუმცა მესამე კანდიდატი აპრიორი თამაშგარეთაა. ასე რომ, ჩვეულებრივი წინასაარჩევნო კამპანიაა, „რუბიკონის გადალახვის“ ელემენტებით. როგორც ამბობენ, ეს აფხაზური არჩევნებია, ანუ „არჩევნებზე მეტი არჩევნები“. ყველა ეს კანდიდატი აფხაზური ელექტორატისთვის კარგად არის ნაცნობი და ისინი ვერაფერს ახალს ვერ გვეტყვიან. ასევე ვიტყვი, რომ არ არსებობს ნათელი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თუ ვის დაუჭერს მხარს მოსკოვი.

- რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ვლადისლავ სურკოვის წასვლა და, ამასთან, იმ პირების მოსვლა, რომლებიც მისი გარემოცვიდან არიან, მოქმედებს აფხაზეთის პოლიტიკაზე? მხედველობაში გვაქვს ინალ არძინბა, რომელიც სურკოვის ხელმძღვანელობით დონბასის მიმართულებით მუშაობს. ასევე, რა როლი შეიძლება ითამაშოს ახრა ავიცბამ, ვინც იმავე დონბასში ბრიგადა „პიატნაშკას“ მეთაურობს და რომელმაც თითქმის მთავარი როლი შეასრულა რაულ ხაჯიმბას გადადგომაში?

- სურკოვის წასვლასთან დაკავშირებით ისეთი გრძნობა მეუფლება, რომ მიუხედავად ბანაკისა, ყველამ ამოისუნთქა. მისი ხელი ყველგან იგრძნობოდა. რაც შეეხება ინალ არძინბას, ჩანს, მასა და ვლადისლავ სურკოვს შორის რაღაც შიდა კონფლიქტი იყო. ღიად ამაზე არ ლაპარაკობენ, მაგრამ მაინც იგრძნობა, რომ მათ შორის ურთიერთობა გაცივდა. რაც შეეხება ახრა ავიცბას, ის იყო ინსტრუმენტი. ოპოზიციამ გამოიყენა და ახლა ის რევოლუციონერების ჯგუფში ვერ ჯდება. განზეა დარჩენილი. გამოდის, რომ ისინი მზამზარეულზე მოვიდნენ. არჩევნებზე გამოდიან და მიიღეს ყველაფერი, რისთვისაც ამდენი ხნის განმავლობაში სასამართლოს გზით იბრძოდნენ. აფხაზურ საზოგადოებაში არსებობს ვარაუდი, რომ ის რუსეთმაც გამოიყენა, რადგან უშუალოდ ბატონი სურკოვის შემსრულებელი იყო. აფხაზეთში უკვე ყველა ლაპარაკობს, რომ ეს სურკოვის დაგეგმილი აქცია იყო, რამაც მოსკოვის გარკვეული წრეების რისხვა გამოიწვია. სწორედ ამის გამო დატოვა სურკოვმა თანამდებობა. ვგულისხმობ 2020 წლის 9 იანვრის მოვლენებს. ამბობენ ასევე, რომ 9 იანვრის აქციაში, რომელიც ხაჯიმბას გადადგომით დამთავრდა, „კრემლის ხელი“ ჩანდა, კერძოდ - სურკოვის. ამან კრემლის გარკვეული წრეების უკმაყოფილება გამოიწვია, რასაც ამ უკანასკნელის [სურკოვის] მხრიდან თანამდებობის დატოვება მოჰყვა.

საპროტესტო აქციის მონაწილეები
საპროტესტო აქციის მონაწილეები

- თქვენი პროგნოზით, ვინ გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებში?

- ეს პროგნოზებიც ყელში ამოვიდა. ისე მოხდა, რომ პროცენტებს ყოველთვის ზუსტად ვამბობდი. მგონია, რომ არჩევნები საერთოდ არ ჩატარდება. თვითონაც ბოიკოტის მომხრე ვარ. მგონია, რომ არჩევნები რამდენიმე მიზეზის გამო არ გაიმართება: პირველი, ბუნებრივია, არის ის, რომ ელექტორატი დაღლილია. ელექტორატი ძალიან დაიღალა იმით, რომ 6 თვის განმავლობაში მესამე არჩევნების ჩატარება უწევს. მეორე - ძირითადი კონკურენტები, რომლებიც ერთმანეთს ებრძვიან, ახალს არაფერს გვპირდებიან. მხოლოდ ის თუა, რომ ბატონ არძინბას შედარებით ახალი გუნდი ჰყავს და შედარებით ახალი შეხედულებები აქვს მომავალზე. და მესამე, საკმაოდ მნიშვნელოვანი, - კანონმდებლობა რეგულირებული არაა. 2019 წლის კრიზისი სწორედ იმის გამო წარმოიშვა, რომ კანონის მე-19 მუხლი, რომელიც პრეზიდენტს შეეხებოდა, დამუშავებული არ იყო. ეს ისევ იჩენს თავს და წაგებული მხარე სწორედ ამას მოიყვანს მიზეზად. ასევეა მე-16 და მე-17 მუხლებიც. დაიწყება სასამართლოებში სიარული, გასაჩივრება. დამთავრდება იმით, რომ იქნება ზეწოლა სასამართლოზე და ყველაფერი ისევ თავიდან დაიწყება.

ჩემი თანამოაზრეები აცნობიერებენ, რომ სჯობს არჩევნები ჩაიშალოს, რათა ახალი არჩევნები შედარებით მშვიდ ვითარებაში დაინიშნოს. ან ბოიკოტი იქნება, ან ხალხი ყველას წინააღმდეგ მისცემს ხმას. ვერც ერთი კანდიდატი 50 %-ს და მეტს ვერ შეაგროვებს. ოპოზიცია ძალიან ხისტად არის განწყობილი. ეს მათი რიტორიკიდანაც იგრძნობა: „არავინ, ჩვენს გარდა“. ეს ამომრჩეველს ძალიან აშინებს. „ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ და მორჩა, სხვას არავის დავუშვებთ“ - ეს საშიშია და სწორედ ეს ითამაშებს საბედისწერო როლს. ხალხი საარჩევნო ყუთებთან არ მივა.

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომლებიც გამოიყენება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG