Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქვთ ცხოველებს უფლებები?


ცხოველები ჰუმანურ მოპყრობას რომ იმსახურებენ, ამაზე შეთანხმება გაცილებით მარტივი გამოდგა, ვიდრე მათ უფლებებზე.
ცხოველები ჰუმანურ მოპყრობას რომ იმსახურებენ, ამაზე შეთანხმება გაცილებით მარტივი გამოდგა, ვიდრე მათ უფლებებზე.

დისკუსიას ცხოველთა უფლებებზე დასასრული არ უჩანს. მაგრამ ამ ტექსტში აგიხსნით, რომ ცხოველთა კეთილდღეობის დაცვა საერთოდ არანაირ კავშირში არაა მათ უფლებებთან.

დათვის ბელი კნუტი

2006 წლის დეკემბერში, ბერლინის ზოოპარკის თანამშრომლებს ნამდვილი ზეიმი ჰქონდათ. 30 წლის მანძილზე პირველად, ზოოპარკის ბინადარმა პოლარულმა დათვმა იმშობიარა და ორი ბელი გააჩინა.

ოღონდ დედამ შვილები მოულოდნელად მიატოვა, პოლარული დათვის ბელებისთვის კი ეს, როგორც წესი, სიკვდილის ტოლფასია.

ერთი მალევე დაიღუპა, აი, მეორე კი ზოოპარკის თანამშრომლებმა გადაარჩინეს. ბელი ინკუბატორში მოათავსეს და კნუტი დაარქვეს.

კნუტის მოვლა-პატრონობა გააპროტესტეს… ცხოველთა უფლებების დამცველებმა.

მათი აზრით, დედისგან მიტოვებული ბელი ადამიანებს არ უნდა აღეზარდათ, რადგან მას სრულყოფილი, დათვისთვის შესაფერისი ცხოვრება ვეღარ ექნებოდა.

კნუტი ბერლინის ზოოპარკში, 2007 წლის მარტი
კნუტი ბერლინის ზოოპარკში, 2007 წლის მარტი

აქტივისტებმა ზოოპარკი სისასტიკეში დაადანაშაულეს და კნუტის დაძინება მოითხოვეს. თუმცა ზოოპარკის თანამშრომლებმა ცივი უარი შეუთვალეს.

კეთილდღეობა VS უფლებები

ცხოველთა კეთილდღეობა და ცხოველთა უფლებები ორი განსხვავებული ცნებაა. ორივეს მიზანი ცხოველთა დაცვაა, მაგრამ განსხვავებული მიზეზით.

ცხოველთა კეთილდღეობის მომხრეებს მიაჩნიათ, რომ ადამიანი ჰუმანურად უნდა მოეპყროს ცხოველებს და მინიმუმამდე დაიყვანოს მათი ტანჯვა. ამავდროულად, ადამიანს შეუძლია ცხოველი გამოიყენოს. ანუ გაამრავლოს, ამუშაოს და შეჭამოს. მაგრამ თან პასუხისმგებელიც იყოს მასზე.

აი, ცხოველთა უფლებების დამცველთათვის კი დაუშვებელია, რომ ადამიანი ცხოველებისგან რაიმე სარგებელს იღებდეს. მათ სწამთ, რომ ცხოველებს აქვთ სიცოცხლის და თავისუფლების უფლება და რომ ისინი დაცულები უნდა იყვნენ ნებისმიერი ექსპლუატაციისგან. მაგალითად, ზოოპარკებისა და სამეცნიერო ექსპერიმენტებისგან.

ჯერ ვერ ვთანხმდებით

ცხოველთა უფლებების საკითხზე კაცობრიობა შეთანხმებას ჯერ ვერ ახერხებს. მორალური და ეთიკური ბუნდოვანებების გარდა, ამას პრაქტიკული მიზეზიც აქვს.

მაგალითად, თუ შევთანხმდებით, რომ ცხოველებს აქვთ უფლება, ისინი არ შევჭამოთ, ეს იმას ნიშნავს, რომ უზარმაზარი ინდუსტრია: ფერმები, სასაკლაოები... უბრალოდ არსებობას შეწყვეტს.

ცხოველთა უფლებების აღიარება ნიშნავს, რომ ცხოველებზე აღარ ჩატარდება ექსპერიმენტები, მათ ხელოვნურად აღარ მოაშენებენ, აღარ გამოიყენებენ მათ შრომას. აკრძალული იქნება ნადირობა და ზოოპარკებიც.

საქართველოს გარეშე

საპირწონედ, კაცობრიობამ უკვე მიაღწია რიგ შეთანხმებებს ცხოველთა კეთილდღეობის დასაცავად და ქვეყნებმა არაერთ საერთაშორისო დოკუმენტს მოაწერეს ხელი.

ერთი-ერთი ასეთი დოკუმენტია “შინაურ ცხოველთა დაცვის ევროპული კონვენცია”, რომელიც 26 ქვეყანას აერთიანებს (მაგრამ არა საქართველოს).

კონვენცია ავალდებულებს ხელისუფლებებს, უზრუნველყონ შინაური ცხოველების ჰუმანური მოპყრობა. კრძალავს შინაური ცხოველების ქუჩაში გაგდებას და გარეული ცხოველების სახლში ყოლას.

ხუთი თავისუფლება

ცხოველთა კეთილდღეობაზე შექმნილი ბევრი სხვა საერთაშორისო დოკუმენტის მსგავსად, ევროპული კონვენციაც ხუთი თავისუფლების პრინციპს ეყრდნობა.

ხუთი თავისუფლების პრინციპი 70-იანი წლების ბოლოს, დიდ ბრიტანეთში შეიმუშავეს. ამ პრინციპების თანახმად, ცხოველი თავს კარგად რომ გრძნობდეს, აუცილებელია:

  • თავისუფალი იყოს შიმშილისა და წყურვილისგან. ანუ წვდომა ჰქონდეს სუფთა წყალზე და მისთვის საჭირო საკვებზე
  • თავისუფალი იყოს დისკომფორტისგან. ანუ მისი მოთხოვნილებების შესაბამისი საცხოვრებელი პირობები და მოსასვენებელი ადგილი უნდა ჰქონდეს
  • თავისუფალი იყოს ტკივილისა და ავადმყოფობისგან. ანუ ადამიანმა არ უნდა ატკინოს და საჭიროების შემთხვევაში, აღმოუჩინოს სამედიცინო დახმარება
  • შეეძლოს ბუნებრივად მოქცევა. ამისთვის სჭირდება სათანადო ადგილი და გარემო
  • თავისუფალი იყოს შიშისა და ტანჯვისგან. ანუ ადამიანმა არ უნდა მიაყენოს ფიზიკური და ემოციური ტანჯვა

კი, ცხოველებს აქვთ განცდები

ცხოველებზე ზრუნვა რომ აუცილებელია, ამაზე ადამიანები ჯერ კიდევ XIX საუკუნეში ალაპარაკდნენ. მაგრამ მაშინ ჯერ კიდევ შეუსწავლელი იყო მსგავსება ადამიანსა და სხვა სახეობებს შორის.

ცხოველთა უფლებებისთვის ბრძოლის ახალი ტალღა დაიწყო „კემბრიჯის დეკლარაციამ ცნობიერებაზე”, დოკუმენტმა, რომელსაც 2012 წელს ხელი მოაწერა ათეულობით ნეირომეცნიერმა, ნეიროფიზიოლოგმა და სხვა აკადემიკოსმა.

მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანის მსგავსად, ძუძუმწოვრებს, ფრინველებს, თევზებს და ბევრ უხერხემლოს აქვთ ცნობიერება და ადამიანის მსგავსი განცდები - ტკივილი, შიში, შფოთვა.

მანამდე ითვლებოდა, რომ ადამიანებს ცნობიერება აქვთ თავის ტვინის ქერქის წყალობით, რომელიც მხოლოდ ჩვენ გაგვაჩნია.

მაგრამ დღეს ბევრი ფიქრობს, რომ ცნობიერებაზე ტვინის სხვა სფეროებია „პასუხისმგებელი”, ეს სფეროები კი ადამიანებსა და ცხოველებს მსგავსი აქვთ.

ვარსკვლავი კნუტი

კნუტი ბერლინის ზოოპარკის ნამდვილი ვარსკვლავი გახდა და მას არნახული შემოსავალი მოუტანა - მხოლოდ 2007 წელს, ხუთ მილიონ ევროზე მეტი.

მაგრამ მან სულ ხუთი წელი იცოცხლა, მაშინ როდესაც ველურ ბუნებაში საშუალოდ 18 წელს იცოცხლებდა. ცხოველთა დამცველები ეჭვობდნენ, რომ დათვი სტრესისგან დაიღუპა. მაგრამ გაკვეთის თანახმად, მისი სიკვდილის მიზეზი გახდა ავტოიმუნური დაავადება, ენცეფალიტი, რომელიც, როგორც წესი, ადამიანებს ემართებათ ხოლმე.

2015 წელს, ბრიტანელმა მკვლევარმა, ალექს გრინვუდმა გამოცემა “გარდიანს” უთხრა, რომ კნუტი პირველი ცხოველია, რომელსაც ენცეფალიტი დაუდგინდა.

მისი სიკვდილის სათანადოდ გამოკვლევის შემდეგ, “შესაძლოა, ბევრი სხვა ცხოველი ავარიდოთ ენცეფალიტით სიკვდილს”, - თქვა გრინვუდმა.

კნუტის ფიტული, 2013 წლის მარტი
კნუტის ფიტული, 2013 წლის მარტი

კნუტის ფიტული 2013 წლიდან ბერლინის ბუნების ისტორიის ეროვნულ მუზეუმში დგას.

XS
SM
MD
LG