Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქვს თუ არა თელავში მოსახლეობას COVID-19 უკვე გადატანილი? - ამას კვლევა დაადგენს


თელავი
თელავი

თელავის მუნიციპალიტეტში სეროპრევალენტობის კვლევა დაიწყო.ეს სამედიცინო ტერმინია და, როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ამ კვლევით განისაზღვრება მოსახლეობაში კორონავირუსის გავრცელებისმასშტაბები.

კვლევა ტარდება ორ მუნიციპალიტეტში: ბოლნისში, რომელიც კორონავირუსით ყველაზე მეტად დაზიანებულად ითვლება, და თელავში, სადაც ოფიციალურად კოვიდ-19-ის არც ერთი შემთხვევა არ არის გამოვლენილი.

სპეციალისტების თქმით, კვლევა ტარდება იმის დასადგენად, თუ როგორია ვირუსის გავრცელება, მაგალითად,ბოლნისის მუნიციპალიტეტში, მთლიანად, ხოლო თელავი შეარჩიეს, როგორცსაკონტოლო ტერიტორია.

კახეთის რეგიონში, როგორც ცნობილია,ამ დრომდე კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ არის გამოვლენილი, ამიტომ კვლევის კიდევ ერთი მიზანია დადგინდეს, ხომ არ აქვს კახეთის რეგიონის მოსახლეობას ეს ვირუსი წინა თვეებში უკვე გადატანილი.

ნელი ხიზანიშვილი
ნელი ხიზანიშვილი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი კახეთში, ნელი ხიზანიშვილი, ამბობს, რომ თელავში გამოიკვლევენ, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, 150 ადამიანს 10 სოფლიდან და თელავის 5 უბნიდან.

„ეს იქნება როგორც ანტისხეულებზე, ასევე ანტიგენზე დამყარებული კვლევა. ვისაც ექნება ორივე მეთოდით დადებითი შედეგი, მათი ნიმუშები ხელახლა იქნება აღებული და შემდგომ ჩაუტარდებათ ჩაღრმავებული კვლევა ლუგარში. ანტისხეულებს აქვს ფორმები G და M - ერთი უფრო ხანდაზმულ მონაცემს აჩვენებს, მეორე შედარებით ახალს. ამით შეიძლება მივხვდეთ, ვის რა ტიპის ვირუსი აქვს გადატანილი, თუმცა ეს მონაცემები შემდგომ კვლევებსაც საჭიროებენ.საერთოდ, სწრაფი ტესტები არ არის რაღაცის დამადასტურებელი, უბრალოდ, ის მიგვანიშნებსრაღაცაზე, რომელიც დამატებით კვლევას საჭიროებს“.

მოსახლეობაში ვირუსის გავრცელების მასშტაბების გამოსავლენად კვლევა თელავში 22 მაისს დაიწყო და 5 დღე გაგრძელდება. კვლევისთვის შერჩეულ ადამიანებს სინჯებს პოლიკლინიკებში უღებენ. ნელი ხიზანიშვილი ამბობს, რომ თუკი აღმოჩნდება, რომ ადამიანებს კორონავირუსი უკვე გადატანილი აქვთ, რეგიონში გარკვეული ღონისძიებები დაიგეგმება, თუმცა რა ტიპის ღონისძიებებზეა ლაპარაკი და იგულისხმება თუ არა შეზღუდვების დაწესება, ის ჯერ არ აკონკრეტებს:

„ბინაზე აღება ცოტა უხერხული მომენტია, ამიტომ ჩვენ გავაკეთეთ იმის ორგანიზება, რომ ამ ადამიანებს ვთხოვეთ და მოდიანსოფლის ამბულატორიებში,სადაც ბიოუსაფრთხოების ყველა პირობაა დაცული. თუ აღმოჩნდება, რომ უკვე აქვს ადამიანს გადატანილიკორონავირუსი, დამატებითი ღონისძიებები დაიგეგმება“.

ექიმ-ინფექციონისტი შოთა რაინაული, რომელიც თელავში მუშაობს, ამბობს: „მიუხედავად იმისა, რომ კახეთის რეგიონში აქტიურად წარმოებს სადიაგნოსტიკო ანალიზები, კოვიდ-19 არ არის გამოვლენილი. ამიტომ ხშირად გაიგებთ, რომ კახეთი დარჩა მწვანე ზონად. ახლა საინტერესოა, რა შედეგს აჩვენებს ის ტესტები, რომლითაც შესაძლებელია გაგება, აქვთ თუ არა ადამიანებს ეს ვირუსი უკვე გადატანილი“.

შეგახსენებთ, რომ ყვარლის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ექიმს, რომელსაც „ლუგარის ლაბორატორიაში“ 2 მაისს ჩატარებული PCR ტესტით კორონავირუსი დაუდგინდა, ამავე ლაბორატორიაში განმეორებით ორჯერ გაკეთებული PCR ტესტით კორონავირუსი არ დაუდასტურდა. შესაბამისად, ექიმი ქალი კოვიდინფიცირებული არ არის.

საქართველოში ახალი კორონავირუსი სამი თვის წინ დაფიქსირდა.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, განაცხადა, ახალი კორონავირუსით ყველაზე მეტად ქვემო ქართლი დაზარალდა, მათ შორის ბოლნისის ორი სოფელი დღემდე ე.წ. ცხელ წერტილად რჩება.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG