Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორის პოლიციასთან აქცია გაიმართა პოლიციელთა მიერ მოქალაქეზე ძალადობის გამო

„ვისი იმედი ჰქონდეს მოქალაქეს?“ - აქცია გორის პოლიციასთან პოლიციელთა მიერ მოქალაქეზე ძალადობის წინააღმდეგ
„ვისი იმედი ჰქონდეს მოქალაქეს?“ - აქცია გორის პოლიციასთან პოლიციელთა მიერ მოქალაქეზე ძალადობის წინააღმდეგ

28 მაისს ქალაქ გორში საპროტესტო აქცია ჩატარდა - მოქალაქეებმა გააპროტესტეს პოლიციელთა მიერ „კომბინატის დასახლებაში“ ახალგაზრდა კაცის ჯგუფურად ცემა.

იყო დაძაბულობაც - მოქალაქემ, რუსკა მჭედლიძემ, რომელსაც ჰქონდა ბანერი, რომელზეც ძალადობის მონაწილე პოლიციელები იყვნენ გამოსახული, პოლიციის შენობაში შესვლა სცადა, თუმცა არ შეუშვეს.

მანამდე მოქალაქეებმა მიიტანეს ბანერები წარწერებით: „პოლიციელო, როგორ ბედავ წამებას“, „არა წამებას“, „ამ ქვეყანაში მთავარი კრიმინალი რუსულ-ქართული ოცნებაა“, „ხმა ამოიღე ღირსეულო პოლიციელო“, „ვისი იმედი ჰქონდეს მოქალაქეს?“ და ა.შ..

„არ გრცხვენიათ?! ეს არის კაცობა?! ეს არის მოქალაქეობა?“ - მიმართა პოლიციელებს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ რუპორის გამოყენებით.

„ეს იყო სისტემური [დანაშაული] და სისტემურობა აჩვენა იმან, თუ რამდენი პოლიციელი ურტყამდა არაკაცურად ერთ კაცს. ეს რომ ერთი და ორი ყოფილიყო, შეიძლება კიდევ გადაცდომა გვეწოდებინა“, - თქვა მან.

აქციაზე იმყოფებოდნენ მოქალაქეები როგორც გორიდან, ასევე თბილისიდან ჩასული აქტივისტები, მათ შორის 2024 წლის საპროტესტო აქციებისას დაკავებულ დემონსტრანტთა ოჯახის წევრები.

მანამდე, 28 მაისს, პროკურატურამ ექვსი პოლიციელი დააკავა მოქალაქეზე ძალადობის საქმეზე.

მათ 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

რა მოხდა გორში

გუშინ, 27 მაისს, რეგიონულმა მედიამ, qartli.ge-მ, გაავრცელა ვიდეოკადრები, რომლებშიც ჩანდა, როგორ ძალადობდა რამდენიმე პოლიციელი გორში, „კომბინატის დასახლებაში“, პაპუნა ლოცულაშვილზე. ამ კადრების მიხედვით, პოლიცია აკავებს ორ ადამიანს.

მოგვიანებით გაირკვა, რომ კაცი ნაცემია და პოლიციელზე ძალადობას ედავებიან - მის წინააღმდეგ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით და შინაპატიმრობა, ჯარიმა ან ორიდან ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრება.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, 28 მაისს განაცხადა, რომ მოქალაქე საპოლიციო გადამოწმების მიზნით იყო შეჩერებული და ძალადობას წინ უსწრებდა მისი მხრიდან „აგრესიული ქმედება“ და „თავდასხმა“.

„იგი არ დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნას, გადამოწმებულიყო მისი მონაცემები, რა დროსაც გახდა აგრესიული და განახორციელა ფიზიკური თავდასხმა სამინისტროს ერთ-ერთ თანამშრომელზე. კერძოდ, ბლაგვი საგნით, ქვის გამოყენებით დაუზიანა ჯანმრთელობა“, - თქვა დარახველიძემ.

ძალადობა პოლიციის მხრიდან

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სამართალდამცავები მოქალაქეებზე ძალადობენ. გამოუძიებელი ასეთი საქმეები არაერთია, მათ შორის 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ, როცა პოლიცია მოქალაქეებსა და ჟურნალისტებზე ვიდეოკამერების წინ ძალადობდა.

პროკურატურამ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით. ეს მუხლი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს ძალადობით ან იარაღის გამოყენებით.

სად არის ახლა ნაცემი კაცი

ნაცემი კაცი ვიდეოკადრების გავრცელებიდან რამდენიმე საათში პროკურორის დადგენილებით გაათავისუფლეს, თუმცა მის წინააღმდეგ საქმის წარმოება არ შეწყვეტილა.

პაპუნა ლოცულაშვილი წუხელ კლინიკა „ვივამედშიც“ იმყოფებოდა გამოკვლევებზე. მან სამედიცინო დაწესებულება რამდენიმე საათში დატოვა. პაპუნა ლოცულაშვილს ნეკნი აქვს გატეხილი.


გამოხმაურებები

  • სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი „გმობს პოლიციელების მხრიდან ყველა სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, განსაკუთრებით კი არასათანადო მოპყრობის ფაქტებს“.
  • „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის თქმით, მან ნახა გავრცელებული კადრები და „აბსოლუტურად მიუღებელი კადრებია და, რა თქმა უნდა, შესაბამის სახელმწიფო უწყებებს უნდა ჰქონდეთ და ექნებათ სათანადო რეაგირება“.
  • იურისტი ლონდა თოლორაია, რომელმაც რამდენიმე წლის განმავლობაში იმუშავა ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტში, დირექტორის პოზიციაზე და შემდეგ იყო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სახელმწიფო ინსპექტორი, სოციალურ ქსელში წერს, რომ დანაშაულებრივი „საქმეების 99%, რომელზეც პოლიციელის მიმართ დევნა დაწყებულა (დიდი ბრძოლის შემდეგ), ზუსტად ასეთი საქმეები იყო - ვიღაცამ გადაიღო (ფოტო ან ვიდეო) ან ვიღაც მოკვდა“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG