Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქციები ყურადღების მისაქცევად, ერგნეთის შეხვედრის მოლოდინში


ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს წუხელ თანასოფლელები ურეკავდნენ და სწერდნენ, ჩვენც გამოვიდოდით საპროტესტო აქციაზეო. ოჯახის მიერ ცენტრალური მაგისტრალის აღაიანის მონაკვეთზე გზის გადაკეტვა გამაფრთხილებელი ხასიათის იყო.

ოჯახი დახმარებას სთხოვს ყველას, ვისაც ზაზა გახელაძის გათავისუფლების საქმეში რაიმეს გაკეთება შეუძლია. გახელაძის მშობლიურ სოფელში დღეს დიდიც და პატარაც ცხინვალის ციხის პატიმრის ოჯახის გვერდით დგას. ისინი მზად არიან ოჯახისგან შეტყობინების მიღებისთანავე, ნებისმიერ დროს გავიდნენ აქციაზე და საქართველოს ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმა მოსთხოვონ.

„მთელი სოფელი და რაიონი გამოვა აუცილებლად. ახალგაზრდები გამოვალთ, ზაზას მეგობრები - ის ხალხი, ვინც იცნობს და არ იცნობს. ყველა გამოვალთ და ყველა გავაპროტესტებთ ბოლომდე. ოჯახს ბოლომდე გვერდში დავუდგებით. იმედი გვქონდა, რომ გაათავისუფლებდნენ, მაგრამ არაფერი. ფორმალურად მოვიდნენ, როგორც იციან ხოლმე -ვმუშაობთ, ვმუშაობთო, მაგრამ შედეგი არ არის“, - ამბობს ზაზა გახელაძის ერთ-ერთი თანასოფლელი.

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

ბრალდების მხარე გახელაძისთვის 14 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა. დღევანდელი განაჩენის გასაჩივრება შესაძლებელია დე ფაქტო უზენაესი სასამართლოს კოლეგიაში.

საოკუპაციო ძალების მიერ გასული წლის ზაფხულში დაკავებულ ზაზა გახელაძეს დე ფაქტო ხელისუფლებამ ბრალი წაუყენა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით - „სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა“ და „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა“.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2020 წლის 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში დაჭრეს და დააკავეს. დე ფაქტო ხელისუფლება ირწმუნებოდა, რომ გახელაძემ სამხედრო მოსამსახურეს ესროლა, თუმცა სასამართლო პროცესზე ერთ-ერთმა მოწმემ თქვა, რომ ზაზა გახელაძეს დამიზნებით არ უსვრია.

ზაზა გახელაძის ოჯახში ახლა ხელისუფლების მიერ ცხინვალის ციხის პატიმრის გასათავისუფლებლად ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ელოდებიან. ზაზას ცოლი, ირმა ბუთხუზი, ამბობს, რომ თუ აქტიური ქმედებები ვერ ნახეს, ქუჩაში ისევ გავლენ:

„დაველოდებით, ხელისუფლებისგან რა შედეგები იქნება. ეს ბოლო და უკანასკნელი არ იქნება, ალბათ, და შეიძლება ისევ გავიდეთ აქციაზე. იმის იმედი არის, რომ უფრო დაჩქარდება პროცესი და მალე დაგვიბრუნდება ზაზა. ვნახოთ, რა შედეგს დადებენ“.

„ხალხი მესიჯს გვწერდა, გვირეკავდნენ, რატომ ჩვენც არ გაგვაგებინეთო, მაგრამ ოჯახს არ უნდა, რომ სიტუაცია დაიძაბოს, თუმცა თუ საშველი არ იქნება და ზაზა ოჯახს ვერ დაუბრუნდება, მთელი სოფელი გვერდზე დაუდგება და რეაგირება თუ არ იქნება, ოჯახი აქციებს გამართავს“, - აცხადებს ზაზას ბიცოლა, იზო გახელაძე.

ცხინვალის ე. წ. სასამართლოს განაჩენი ყველაზე მეტად ზაზას დედ-მამამ განიცადა. მიხეილ გახელაძეს გულის სამკურნალო წამლები დასჭირდა. ზაზას დედას, 210 დღეა, თვალზე ცრემლი არ შეშრობია. ყოველდღე ეუბნებიან, მალე გავათავისუფლებთო, მაგრამ 7 თვე გავიდა. იმედდაკარგული დედა გზის გადასაკეტად წავიდა და ყურადღებას ითხოვდა.

„პირველივე დღიდან ჩემი შვილის გათავისუფლება მინდა. მე არ მინდა, ამ ამბავს პოლიტიკური ელფერი მიეცეს. ჩემი დაჭრილი შვილი, 7 თვეა, იქ ციხეშია და 12 წელიწად-ნახევარი მისცეს. ეს სამართლიანია? მეტი ვეღარაფერი მოვიფიქრე და გზა გადავკეტე და კიდევ გადავკეტავ, სანამ ნორმალურ პასუხს არ მომცემს მთავრობა და სანამ ჩემ შვილს არ გამოუშვებენ. გვპირდებიან, ვმუშაობთ, ვმუშაობთ, ვმუშაობთო. ეს დღევანდელი დღე მათი 7 თვის მუშაობის შედეგია“, - განაცხადა საპროტესტო აქციის დასრულების შემდეგ ზაზა გახელაძის დედამ, ნანა ბუნტურმა.

აქციამდე გახელაძეების ოჯახში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძე ჩავიდა, რომელიც ოჯახს შექმნილი მდგომარეობის შესახებ ესაუბრა, თუმცა ანთაძემ კონკრეტული ვერაფერი თქვა.

„რაც შეეხება შემდგომ ნაბიჯებს, საზოგადოებისთვის კარგად ცნობილია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისა და, ზოგადად, საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდირებული პოზიცია უკანონო დაკავებების დანაშაულებრივ პრაქტიკასთან დაკავშირებით. მსურს დაგარწმუნოთ, რომ ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს კონსულტაციები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა შესაბამის მხარეზე განხორციელდეს ადეკვატური ზეწოლა და უკანონო პატიმარი ზაზა გახელაძე საკუთარ ოჯახს დაუბრუნდეს. ცენტრალური ხელისუფლება იყენებს მყარ ბერკეტს, ეს არის საერთაშორისო პარტნიორების განუყრელი თანადგომა ოკუპაციასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ანთაძემ.

რაც შეეხება საერთაშორისო რეაქციას, გახელაძის განაჩენის შემდეგ საქართველოს მეგობარი ქვეყნების საელჩოებმა უკვე გააკეთეს განცხადებები და პასუხისმგებლობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ მხარეს, რუსეთის ფედერაციას, დააკისრეს. რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ უკვე დაიწყო მხარეებთან კონსულტაციები მარტში ერგნეთში „ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრის ჩატარების თაობაზე. ამ შეხვედრაზე ქართული მხარე კიდევ ერთხელ მოითხოვს ცხინვალის ციხეში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებას. გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციები გახელაძის გათავისუფლების მოთხოვნით და ოჯახის მიმართ სოლიდარობის გამოსახატავად საპროტესტო აქციების გამართვას აპირებენ. კვირას ასეთი აქცია ზაზა გახელაძის მშობლიურ სოფელ ქვემო ჭალაში გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG