Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქ ცხოვრობდა ნარიმანი


კეკელიძის ხიდი ახლა ცარიელია. იქ აღარ დგანან ადამიანები სანთლებით ხელში, რომლებიც ნარიმან მაქარაშვილისგან, "წმინდა ღმერთ ნარიმანად" წოდებულისგან, სხვადასხვა სახის სასწაულს ელიან.

უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში კეკელიძის ხიდსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არ წყდებოდა იმ ადამიანების მიმოსვლა, რომლებსაც მტკიცედ სჯეროდათ ნარიმან მაქარაშვილის სასწაულების და მის ფანჯარაში გამოჩენას დღისითაც ელოდნენ და ღამითაც.

ნარიმან მაქარაშვილმა ("ბერი ნიკოლოზი") დროებითი საცხოვრებელი, დეკემბრის ბოლოს, ბინის პატრონის თხოვნით დატოვა. მრავალსართულიან კორპუსში, ბარნოვის 80 ნომერში, ორსართულიანი ბინა, რომელშიც ნარიმან მაქარაშვილი ცხოვრობდა, მისი წასვლის შემდეგ ასე გამოიყურება.

​​ნარიმან მაქარაშვილი ბარნოვის 80 ნომერში წელიწადზე მეტხანს უსასყიდლოდ ცხოვრობდა.

ბინა ნარიმან მაქარაშვილის მრევლის ერთ-ერთ წევრს ეკუთვნის, რომელმაც საცხოვრებელი ნარიმან მაქარაშვილს ერთი წლის წინ, მას შემდეგ დაუთმო, რაც ის თბილისში, გამრეკელის ქუჩაზე მდებარე ბინიდან სახლის მესაკუთრესთან და მეზობლებთან შექმნილი პრობლემების გამო გამოასახლეს. მის გამოსახლებას მაშინ მრევლის პროტესტი და სამართალდამცავებთან დაპირისპირება მოჰყვა.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, პატრული თანამშრომლებს არაერთხელ მოუწიათ მისვლა ბარნოვის ქუჩაზეც. მათ ნარიმანის მეზობლებსა და მრევლს შორის წარმოქმნილი კონფლიქტის განმუხტვა უხდებოდათ: "ათასნაირი ადამიანი მოდიოდა. 24 საათის განმავლობაში იდგნენ სადარბაზოში. სულ რომ ხმამაღლა არ ელაპარაკათ, 20 კაცი რომ დგას სადარბაზოში და თუნდაც ერთმანეთს ელაპარაკებიან, უკვე ისეთი ხმაურია, თითქოს სახლში გესხდნენ ეს ადამიანები და ეს არ მთავრდებოდა. ვთხოვდით ხოლმე, რომ დრო გამოეყოთ და ისე მოსულიყვნენ, მაგრამ ალბათ ზოგს როდის ეცალა და ზოგს როდის. ამიტომ ღამის სამ საათზეც კი შეიძლებოდა სადარბაზოში 15 ადამიანი მდგარიყო. ბავშვები გვყავს, მოხუცები, ვწუხდებოდით და ეს ქმნიდა პრობლემას", - ამბობს ნარიმან მაქარაშვილის ყოფილი მეზობელი ნიკოლოზ მილორავა.

კორპუსის პირველ სართულზე მდებარე მაღაზიის კონსულტანტის თქმით კი, უმჯობესი იქნებოდა, საპატრიარქოს გაეკეთებინა მკაფიო განცხადება იმის შესახებ, რომ ნარიმან მაქარაშვილს წლების წინ შეუჩერდა მღვდელმსახურების უფლება: „იქნებ ხალხი მიმხვდარიყო, რომ ის, რაც აქ ერთი წლის განმავლობაში ხდებოდა, რელიგიასთან კავშირში არ არის. იყო შემთხვევები, როცა ის საყოფაცხოვრებო ნარჩენს ყრიდა ფანჯრიდან. ხალხი კი მის ნაგავს აგროვებდა“.

სხვადასხვა მედიასაშუალებაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნარიმან მაქარაშვილი 14 წელია მდუმარებაში ცხოვრობს. ასე სჯერა მის მრევლს. ისინი ირწმუნებიან, რომ "ბერ ნიკოლოზს", იგივე "ღმერთ ნარიმანს", მძიმე დაავადებების განკურნება შეუძლია. სწორედ ამიტომ იკრიბებიან ისინი მის საცხოვრებელთან, ანთებენ სანთლებს, ლოცულობენ და მღერიან.

ნარიმან მაქარაშვილის ბინასთან მრევლი ლოცულობს
please wait

No media source currently available

0:00 0:02:19 0:00

ნიკოლოზ მაქარაშვილი ბერად 1992 წლის 5 ივნისს აღიკვეცა და სამი წლის განმავლობაში გაბრიელ სალოსის მორჩილებაში იყო. საქართველოს საპატრიარქომ ნარიმან მაქარაშვილის შესახებ სპეციალური განცხადება ჯერ კიდევ 2016 წელს გაავრცელა: “საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ტრანსპორტში, განსაკუთრებით კი სამკურნალო დაწესებულებებში ეკლესიის სახელით ვრცელდება ბერი ნიკოლოზის (მაქარაშვილი) ფოტოები ასეთი ტექსტებით „მხსნელი”,”გადამრჩენელი” და ა.შ. გვინდა განვმარტოთ, რომ ბერ ნიკოლოზს თითქმის 20 წელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გარკვეული მიზეზების გამო შეჩერებული აქვს მღვდელმსახურება”.

ნარიმან მაქარაშვილი ბარნოვიდან ზემო ფონიჭალაში გადავიდა საცხოვრებლად. ახლა მისი მრევლი იქ იკრიბება.

ნარიმანის სახლთან საშობაო ლოცვა
please wait

No media source currently available

0:00 0:00:34 0:00

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG