Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზიანებს თუ არა კიევს აშშ-ის სადაზვერვო ინფორმაციის გაჟონვა?


უკრაინელი ჯარისკაცი ვერტმფრენში დონეცკის რეგიონში, 2023 წლის 8 აპრილი
უკრაინელი ჯარისკაცი ვერტმფრენში დონეცკის რეგიონში, 2023 წლის 8 აპრილი

უკრაინის სოციალურ ქსელებსა და საინფორმაციო სივრცეში აშშ-ის დაზვერვის საბუთების გაჟონვას მშვიდად შეხვდნენ.

უკრაინაში ვარაუდობენ, რომ ეს არის, რუსეთის მიერ ორგანიზებული „საინფორმაციო-ფსიქოლოგიური სპეცოპერაცია“, რომელიც ვერ შეუშლის ხელს უკრაინის სარდლობას, დადგენილ ვადებში განახორციელოს დაგეგმილი კონტრშეტევა.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა, გაჟონვას უწოდა „ფოტოშოპი“ და „ვირტუალური ფსევდოგაჟონვა“ და დასძინა, რომ უკრაინის ნამდვილ გეგმებს რუსები ბრძოლის ველზე იხილავენო.

ოფიციალური კიევის ამ მოსაზრებას იზიარებენ დამოუკიდებელი ექსპერტებიც, რომლებიც ამ გაჟონვის ერთადერთ ნეგატიურ შედეგად ასახელებენ იმას, რომ, მგრძნობიარე ინფორმაციის გაჟონვის შიშით, უკრაინის ხელისუფლება იძულებული გახდება შემდგომში უარი უთხრას მოკავშირეებს თავისი გეგმების შესახებ ინფორმაციის გაცვლაზე.

„ამ საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ოპერაციის მთავარი მიზანი უკრაინის კონტრშეტევის ჩავარდნაა“

კონტრშეტევისთვის უკრაინის არმიის მომზადების შესახებ სოციალურ ქსელებში, სავარაუდოდ, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს და ნატოს საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვაში არაფერია ისეთი, მანამდე ღია წყაროებით ცნობილი რომ არ ყოფილიყო. გარდა უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის დანაკარგების შესახებ მონაცემებისა (მოკლულია 16 000-17 000 რუსი სამხედრო), რაც რეალობას არ შეესაბამება და მისი გაყალბება შესაძლოა მიუთითებდეს რუსეთის სასარგებლოდ დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობაზე, - ამბობს დამოუკიდებელი სამხედრო ექსპერტი მიხაილო სამუსი.

„სოციალურ ქსელსა და საინფორმაციო სივრცეში აშშ-ის სადაზვერვო სამსახურების საიდუმლო დოკუმენტების ეს ე.წ. გაჟონვა რუსეთის სპეცსამსახურების კლასიკური საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ოპერაციაა. აშკარაა, რომ ამ დოკუმენტების რაღაც ნაწილი მოპოვებულ იქნა რუსეთის დაზვერვის მიერ, ნაწილი კი მოდიფიცირებულია. საქმე ის გახლავთ, რომ ამ ფაქტების სინამდვილის დადგენა საკმაოდ რთულია. ამისათვის საჭიროა, რომ იმავე აშშ-ის დაზვერვის სამსახურებმა ჩაატარონ აუდიტი და დეტალური შეისწავლონ ეს დოკუმენტები. ამას სჭირდება ძალიან დიდი დრო და ამაზეც არის გათვლილი ეს საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ოპერაცია. ჩემი აზრით, ამ ოპერაციის მთავარი მიზანი არის უკრაინის კონტრშეტევის ჩავარდნა ან მისი ეფექტიანობის შემცირება იმის ხარჯზე, რომ [ამ გაჟონვით] შეიქმნას პრობლემები თავად აშშ-ის შიგნით, აშშ-ის სადაზვერვო სამსახურების და, საერთოდ, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორების შიგნით; და, ვინაიდან უკვე ნელ-ნელა იწყება საპრეზიდენტო არჩევნებისწინა რბოლა, შექმნას სავარაუდო კრიზისი კონგრესის შიგნით და ამერიკის პოლიტიკუმში, ერთი სიტყვით, მოახდინოს ნეგატიური გავლენა უკრაინის კონტრშეტევის ამერიკულ ფაქტორზე; ეს გაჟონვა მიზნად ისახავს ასევე უნდობლობის ჩამოგდებას, ერთი მხრივ, აშშ-სა და მის ნატოელ და ევროპელ მოკავშირეებს შორის და, ასევე, აშშ-სა და უკრაინას შორის“, - უთხრა მიხაილო სამუსმა რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს.

გასულ კვირაში, გამოცემა New York Times-ის სტატიიდან გახდა ცნობილი, რომ ინტერნეტში გაჟონა, სავარაუდოდ, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს საიდუმლო დოკუმენტების ფოტოასლებმა, რომლებიც ეხება კონტრშეტევისთვის უკრაინის არმიის მომზადებას. მოგვიანებით გაირკვა, რომ ინტერნეტსივრცეში გავრცელებულია, სავარაუდოდ, სხვა საიდუმლო მასალებიც, რომლებიც ეხება არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების მოწინააღმდეგეებს, მათ შორის ჩინეთსა და რუსეთს, არამედ მოკავშირე სამხრეთ კორეასაც და ასევე, ახლო აღმოსავლეთს.

ტელეკომპანია CNN-ის თანახმად, ოფიციალური პირები ზოგიერთი დოკუმენტის ნამდვილობას ადასტურებენ, რაც მიუთითებს, რომ აშშ ჯაშუშობს არა მხოლოდ მოწინააღმდეგეებზე, არამედ მოკავშირეებზეც და უსმენს სამხრეთ კორეის, ისრაელისა და უკრაინის წარმომადგენლებს.

„ამ გაჟონილ დოკუმენტებში შემოდის ისეთი თეზისი, თითქოს აშშ ეწეოდეს სადაზვერვო და ჯაშუშურ საქმიანობას უკრაინის უმაღლესი ხელისუფლების შესახებ ინფორმაციის მოპოვების მიზნით, რაც ქმნის უნდობლობის ატმოსფეროს და, რბილად რომ ვთქვათ, არ უწყობს ხელს ეფექტიანი ურთიერთობის გაგრძელებას. აი, სწორედ ამაზეა გათვლილი, ჩემი აზრით, მთელი ეს ოპერაცია, მთელი ეს კამპანია. იმედი მაქვს, რომ უკრაინის ხელმძღვანელობას, აშშ-ისა და ნატოს ხელმძღვანელობას კარგად ესმით, რომ ეს არის საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ოპერაცია და, რომ საჭიროა მშვიდად მოეკიდონ ამას და განაგრძონ იმ მოვალეობის შესრულება, რომელიც მაქსიმალურად დაეხმარება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დასახული მიზნისათვის მზადებაში. და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იმის დაშვება, რომ [რუსეთის] ამ საინფორმაციო-ფსიქოლოგიურმა ოპერაციამ გავლენა მოახდინოს უკრაინის გეგმაზე, ჩაატაროს თავისი საკუთარი კონტრშეტევითი ოპერაცია უკრაინის ტერიტორიების დეოკუპაციის მიზნით“, - ამბობს მიხაილო სამუსი.

სხვადასხვა ქვეყანამ, მათ შორის დიდმა ბრიტანეთმა, პოლონეთმა, ესტონეთმა, ლატვიამ და ჩეხეთმა გადასცეს უკრაინას როგორც საბჭოთა წარმოების, ისე დასავლეთის მოდელის საარტილერიო დანადგარები და ათასობით ჭურვი.

დასავლეთის ქვეყნები კვლავაც აგრძელებენ უკრაინის სამხედრო დახმარებას, რამაც შესაძლებლობა უნდა მისცეს კიევს აწარმოოს წარმატებული კონტრშეტევა ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად.

„სიკვდილის მოლოდინი, თავად სიკვდილზე უარესია“

სოციალურ ქსელებში გაჟონილი მასალები შეიცავს ინფორმაციას კონტრშეტევის სამზადისში მყოფი უკრაინული ქვედანაყოფების ერთი ნაწილის რიცხოვნების და, ასევე, მის შეიარაღებაში არსებული საბრძოლო მასალებისა და სამხედრო ტექნიკის შესახებ. დოკუმენტებში მოხსენიებული 12 ბრიგადიდან 9 უკრაინის დასავლელი მოკავშირეების დახმარებით არის აღჭურვილი, რაც უკრაინაშიც და მის ფარგლებს გარეთაც საყოველთაოდ არის ცნობილი. დოკუმენტების თანახმად, მათი აღჭურვისთვის საჭიროა 250 ტანკი და 350 ქვეითი საბრძოლო მანქანა, რაზეც, ექსპერტების თქმით, არაერთხელ განაცხადეს უკრაინის მოკავშირე ქვეყნების ლიდერებმა.

„არავითარი საიდუმლო მონაცემები [ამ გაჟონვით] კრემლს არ მიუღია, რადგან უკრაინის არმიის პირადი შემადგენლობის რიცხოვნებაც კი არაერთგზის გამოქვეყნებულა მსოფლიოს ცნობილ გამოცემებში. მოდი გავიხსენოთ გამოცემა „ეკონომისტში“ გამოქვეყნებული სტატია, რომელშიც გაშლილად წარმოადგინეს [უკრაინის არმიის] კორპუსების რაოდენობა, თითოეულ კორპუსში შემავალი ბრიგადების რაოდენობა და ამ ბრიგადების რიცხოვნობა. გავიხსენოთ რამშტაინის (გერმანიაში არსებული აშშ-ის უდიდესი საავიაციო ბაზა - რედ.) შეხვედრა. დასრულდა თუ არა რამშტაინის ფორმატის შეხვედრა, ჯერ გამოქვეყნდა იმ შეიარაღების და ტექნიკის საერთო სია, რომელიც უკრაინას გადაეცემა, შემდეგ კი თითოეულმა ქვეყანამ ცალკე თავის მოვალეობად მიიჩნია საკუთარი მონაწილეობის ჩვენება და გამოაქვეყნა იმ შეიარაღებისა და საბრძოლო მასალის ჩამონათვალი, რომელსაც ისინი უკრაინას სთავაზობენ“, - უთხრა სამხედრო ექსპერტმა ოლეგ ჟდანოვმა რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს.

ამ გაჟონვით ცხადი ხდება, რომ უკრაინის არმია ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე დაკომპლექტებული ყველა იმ აუცილებელი ტექნიკითა და აღჭურვილობით, რაც კონტრშეტევაზე გადასვლას ესაჭიროება. ვალერი ზალუჟნიმ, უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურმა, დეკემბერში თქვა, რომ მის ქვეყანას 300 ტანკი, 600-700 საბრძოლო ჯავშანმანქანა და 500 ჰაუბიცა სჭირდება წარმატებული კონტრშეტევისთვის.

„ესეც არავისთვის არის საიდუმლო. მაგალითად, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა საჯაროდ მოიხადა ბოდიში უკრაინისათვის შეიარაღების მიწოდების შეფერხების გამო. ეს ხომ მთელ მსოფლიოშია ცნობილი, ეს მხოლოდ იმაზე ლაპარაკობს, რომ შესაძლოა მოხდეს კონტრშეტევის თარიღის კორექტირება, არც მეტი და არც ნაკლები. სხვა დანარჩენი კი გეგმის მიხედვით გრძელდება და არავითარი აღმოჩენა ამ გაჟონილ დოკუმენტებს ამ მხრივ არ მოუხდენია. სხვათა შორის ძალიან საინტერესოა, რომ ერთსა და იმავე ქვეყანაში სხვადასხვა გამოცემები, ურთიერთსაწინააღმდეგო თვალსაზრისებს ავითარებენ. მხედველობაში მაქვს „ვაშინგტონ პოსტი“ და „ნიუ-იორკ ტაიმსი“. თავდაპირველად „ნიუ-იორკ ტაიმსი“ წერდა, რომ მოხდა პენტაგონის დოკუმენტების გაჟონვა, რაც ძალიან ცუდია და იუსტიციის სამინისტრო იწყებს გამოძიებას ამ გაჟონვის ფაქტზე. შემდეგ კი „ვაშინგტონ პოსტი“ წერს, რომ ეს ხომ კარგია, რადგან მეტყველებს, რომ დაზვერვის ცენტრალურ სამმართველოს ხელი მიუწვდება რუსეთის სპეცსამსახურების ყველა საინფორმაციო ფაილზე. ამიტომ მე მეჩვენება, რომ ეს არის ძალიან კარგად დაგეგმილი და ორგანიზებული საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ოპერაცია. და თუ ვინ ატარებს მას, აშშ თუ რუსეთი, ძალიან რთული სათქმელია. ვნახოთ, ვის სასარგებლოდ იმუშავებს ეს. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს [გაჟონვა] კრემლშიც იწვევს დიდ შეშფოთებას, უკრაინის შეიარაღებული ძალების მზადების, მისთვის შეიარაღების მიწოდებისა და კონტრშეტევის გარდაუვალობის თვალსაზრისით“, - ამბობს ოლეგ ჟდანოვი.

რადიო თავისუფლება: „გვერდზე რომ გადავდოთ ეს გაჟონვა თუ საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ოპერაცია, რამდენად მიზანშეწონილია ღია სივრცეში იმაზე გაუთავებელი საუბარი, რომ უკრაინის არმიამ კონტრშეტევა აპრილ-მაისში უნდა დაიწყოს? ხომ არ იკარგება ამით მოულოდნელობის ის ეფექტი, რომელიც ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობაა ნებისმიერი სამხედრო ოპერაციის წარმატებისთვის?

ოლეგ ჟდანოვი: „მე ვფიქრობ, რომ არა! რატომ, იმიტომ, რომ ზოგჯერ ისე ხდება, რომ სიკვდილის მოლოდინი, თავად სიკვდილზე უარესია. ამიტომ აქ შეიძლება საქმე გვქონდეს ვადების თვალსაზრისით მოწინააღმდეგის შეცდომაში შეყვანასთან. დაე, გველოდონ. მაისში 31 დღეა. ახლა თუ უნდათ ბანქოზე იმარჩიელონ და თუ უნდათ ყავის ნალექზე იმკითხაონ, თუ რომელ დღეს დაიწყება კონტრშეტევა. ის, რომ ამაზე ბევრს ლაპარაკობენ, მე მესმის ამით ჩვენი თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის შეშფოთება, რადგან ეს საუბრები მოსახლეობაში სწრაფი კონტრშეტევისა და სწრაფი გამარჯვების შესახებ ზედმეტ მოლოდინს აჩენს, აყალიბებს საზოგადოებრივ აზრს და იწვევს ეიფორიას. ომი კი ეს არის არაპროგნოზირებადი და ორმხრივი პროცესი. დიახ, კონტრშეტევა იქნება, მაგრამ ის შესაძლოა არ აღმოჩნდეს ისეთი წარმატებული, როგორც ადამიანებს წარმოუდგენიათ. ამიტომ, რაც უფრო ნაკლებს ლაპარაკობენ, საზოგადოება უფრო მშვიდად იქნება და ინფორმაციასაც უფრო ადეკვატურად აღიქვამს“.

უკრაინის არმიის მიერ კონტრშეტევის მომზადების შესახებ ინტერნეტში გაჟონილ „საიდუმლო სამხედრო დოკუმენტებს“ რუსული დაზვერვის მიერ შეთითხნილი უწოდა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა,

„სსრკ-ის დაშლის შემდეგ, რუსული დაზვერვა იმდენად დეგრადირდა, რომ "სოლსბერის თავგადასავლების", "სამდღიანი გეგმებისა" და სხვა წარუმატებლობების ჩამორეცხვის ერთადერთ საშუალებად "ფოტოშოპი" და "ვირტუალური ფსევდოგაჟონვაღა" დარჩა. მოსკოვს ძალიან სურს უკრაინის კონტრშეტევის ჩაშლა. მაგრამ რუსები რეალურ გეგმებს ბრძოლის ველზე იხილავენ. მალე", - წერს პოდოლიაკი თავის ტვიტერში.

უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა თანახმად, „მალე“ კალენდარულად ეს არის გაზაფხული, რომელიც ჯერ მხოლოდ შუაგულშია.

  • უკრაინის არმია მზად იქნება გაზაფხულზე შეტევაზე გადასასვლელად, რომლის ერთ-ერთი სტრატეგიული მიზანი იქნება „სამხრეთ ფრონტის გარღვევა“, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ვადიმ სკიბიცკიმ გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
  • როგორც Deutsche Welle იუწყება, სკიბიცკიმ ხაზი გაუსვა, რომ შეტევის დაწყების მომენტი დამოკიდებულია მთელ რიგ ფაქტორებზე, მათ შორის, დასავლეთიდან იარაღის მიწოდებაზე.
  • სკიბიცკი აცხადებს, რომ მომავალი შეტევის მიზანია „უკრაინის ყველა ოკუპირებული ტერიტორიის, მათ შორის ყირიმის გათავისუფლება“ და 1991 წლის საზღვრების აღდგენა.
  • მანამდე ეს სკიბიცკის უშუალო უფროსმა, გენერალმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა.
  • მაგრამ 2022 წლის მაისში ბუდანოვი „აქტიური საომარი მოქმედებების უდიდესი ნაწილი დასრულებას“ წლის ბოლოსთვის ვარაუდობდა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG