Accessibility links

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ანაკლიაში პორტის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო


ანაკლიის პორტის მშენებლობა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ელიზაბეტ რუდის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად რეგიონის განვითარებისთვის. ელიზაბეტ რუდმა შესაბამისი განცხადება გააკეთა ანაკლიაში, სადაც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID-ის) პროექტების „ათასწლეულის გამოწვევისა“ და „მშვიდობის კორპუსის“ წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა. სტუმრებს გიდობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებლებმა მამუკა ხაზარაძემ, კურტ კონტმა და კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა გაუწიეს.

Direct link


„ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ ორი დიდი ამერიკული კომპანიაა ჩართული ამ პროექტში, SSA Marine-ი და „კონტი ჯგუფი“. ამერიკის მთავრობის სააგენტოების ფართო ჩართულობა აჩვენებს მნიშვნელობას, რომელიც აქვს ამ პროექტს ამერიკისთვის. ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „მშვიდობის კორპუსი“ და „ათასწლეულის გამოწვევის“ კორპორაცია ჩართულები არიან ანაკლიის განვითარებაში“, - განაცხადა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში ელიზაბეტ რუდმა.

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ელიზაბეტ რუდი
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ელიზაბეტ რუდი

ანაკლიაში პორტის ტერიტორიაზე, დაახლოებით 110 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე, ამ ეტაპზე სამშენებლო სამუშაოების პირველი ფაზა მიმდინარეობს. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორის, ლევან ახვლედიანის, ინფორმაციით, ეწყობა ორკილომეტრ-ნახევრიანი არხი, სადაც უნდა მოგროვდეს ტერიტორიაზე არსებული წყალი, პარალელურად სუფთავდება ტერიტორია:

„ეს არის პირველი ეტაპი, რომელიც დასრულდება ივნისის ბოლოს და ივლისში დავიწყებთ დაღრმავების სამუშაოებს და ე.წ. რეკლამაციას, რომელიც ითვალისწინებს ოთხ-ნახევარი მილიონი კუბური მეტრის ამოღებას ზღვის ფსკერიდან და დაყრას ამ 110 ჰექტარ ტერიტორიაზე“.

ანაკლიის პორტის პროექტი
ანაკლიის პორტის პროექტი

ლევან ახვლედიანის მტკიცებით, სამუშაოები სამ წელს გასტანს და პირველ გემს ანაკლიის პორტი 2020 წელს მიიღებს.

ოფიციალური ინფორმაციით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური საქართველოში განხორციელებულ ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ამერიკულ ინვესტიციას წარმოადგენს, რომელშიც ორი მსხვილი ამერიკული კორპორაცია მონაწილეობს.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას საფუძველი 24 დეკემბერს ჩაეყარა. პროცესი 9 ფაზას მოიცავს, რომლის მთლიანი ბიუჯეტი 2.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG