Accessibility links

აშშ-ის კონგრესში საქართველოზე: დახმარების მიღება ოლიგარქების ზეგავლენების შეზღუდვაზეც იქნება დამოკიდებული


აშშ-ის საბიუჯეტო კანონპროექტში დაზუსტდა საქართველოსთან დაკავშირებული კრიტერიუმები, რომელთა დაკმაყოფილებაც აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებისთვის ამერიკის მიერ გამოყოფილი დახმარების სრულად მისაღებად.

კრიტერიუმების ჩამონათვალს დაემატა - ოლიგარქების არაფორმალური მმართველობის ზეგავლენების შეზღუდვასთან თუ საარჩევნო რეფორმის ეფექტიანად განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

ტექსტის თანახმად, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების პირდაპირი დახმარებისთვის გამოყოფილი თანხის 15% შესაძლოა არ გაიცეს და ეს დამოკიდებული იქნება სახელმწიფო მდივანის შეფასებებზე - დგამს თუ არა საქართველოს ხელისუფლება ეფექტიან ნაბიჯებს.

კონკრეტულად, უნდა შეფასდეს ხელისუფლების საქმიანობა შემდეგი მიმართულებებით:

  • საარჩევნო რეფორმის ეფექტიანი განხორციელება;
  • სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის პატივისცემა - საკანონმდებლო თუ აღმასრულებელ დონეზე;
  • ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა საჯარო ინფორმაციაზე შეუზღუდავი წვდომის ჩათვლით;
  • სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების უფლებებისა და მედიის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა;
  • ოლიგარქების არაფორმალური ზეგავლენების შეზღუდვა მთავრობის საქმიანობაზე და ასევე კანონებისა და რეგულაციების დამტკიცების პროცესზე.

საბიუჯეტო კანონპროექტის განახლებულ ტესტში ასევე ნახსენებია საქართველოს მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემის ამსახველი საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცება. კონგრესმენები მიესალმებიან, რომ ამ ცვლილებებს საქართველოს პოლიტიკური სპექტრის უდიდესი ნაწილი უჭერს მხარს.

საბიუჯეტო კანონპროექტი 6 ივლისს დაამტკიცა ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის ქვეკომიტეტმა. ამჯერად, კანონპრიექტი, მასში ჩამატებული და დაზუსტებული კრიტერიუმებით, ასიგნებების კომიტეტმა უნდა დაამტკიცოს.

საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ჯერ ადრეა კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წიაღში განხილული კანონპროექტის საბოლოო სახეზე მსჯელობა. საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, წინ მისი შემუშავების ხანგრძლივი პროცედურებია - როგორც საკუთრივ წარმომადგენელთა პალატაში, ასევე სენატში.

აშშ-ისთვის უმნიშვნელოვანეს საბიუჯეტო კანონპროექტში ასეთი მწვავე ჩანაწერების გაჩენა უკვე განგაშის საფუძველია ოპოზიციისთვის, რადგან ისინი მსგავს ფაქტს ვერ იხსენებენ ბოლო სამი ათეული წლის მანძილზე. ამასთან, ოპოზიციისთვის აშკარაა, რომ ქვეკომიტეტში დამტკიცების შემდეგ, კანონპროექტის ტექსტი კიდევ უფრო დამძიმდა საქართველოსთვის.

ოპოზიცია თვლის, რომ საქართველოსთვის ამერიკის ფინანსური დახმარების შეზღუდვა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისა და ბიძინა ივანიშვილის მმართველობის დამღუპველი პოლიტიკის შედეგია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG