Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჭარის მთავრობის სხდომების მედიისთვის დახურვას საზოგადოების ნაწილი არ ეთანხმება


აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობა
აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობა

არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ნეგატიურად აფასებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის გადაწყვეტილებას დაეხურა რეგიონის მთავრობის სხდომები.

ახალი წესის მიხედვით, ჟურნალისტები აღარ დაიშვებიან შენობაში სხდომის მიმდინარეობისას და მისი დაწყებიდან10 წუთის განმავლობაში მხოლოდ ტელეოპერატორებს აქვთ საშუალება გადაიღონ კადრები. ამასთან, მთავრობის წევრები მხოლოდ სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთებენ კომენტარს მედიასთან. ეს პრაქტიკა აჭარის მთავრობის ახლად დამტკიცებულმა თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ პირველივე სხდომიდან დაამკვიდრა მიმდინარე წლის 31 ივლისს, რასაც ჟურნალისტებისა და არასამთავრობო სექტორის ნაწილის უარყოფითი შეფასება მოჰყვა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ რეგიონალური ოფისების ხელმძღვანელი მალხაზ ჭკადუა ამბობს, რომ ეს არ არის კანონდარღვევა, თუმცა აქ ირღვევა ღიაობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპი.მისივე თქმით, აჭარის "მთავრობის სხდომების მედიისთვის დახურვის პრეცედენტმა შესაძლოა უარყოფითი პრაქტიკა შექმნას და გაუმჭვირვალობისკენ წაახალისოს ადგილობრივი თვითმმართველობები“, რაც, როგორც მალხაზ ჭკადუა ფიქრობს, გარკვეულწილად, ხდება კიდეც:

„პირველი სხდომის დახურვა იყო გარკვეული ნიშანი იმისა, რომ მნიშვნელოვანი რაღაც იცვლება მთავრობის დამოკიდებულებაში მედიის მიმართ. რატომ არის კარგი, როცა მთავრობის სხდომა ღიაა? ჟურნალისტები ესწრებიან ცოცხალ დიალოგს, აზრთა გაცვლას, დაგეგმარების პროცესს, აგრეთვე მთავრობის ურთიერთკოორდინაციის პროცესს ადევნებენ თვალს, რაც ასე საჭიროა ა/რ მთავრობის სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის. ამის დახურვა და მხოლოდ შეჯამებული განცხადების გაჟღერება მედიასთან რამდენიმეწამიან კომენტარში, ცხადია, ვერ ჩაითვლება გამჭვირვალობის მაღალ სტანდარტად და მედიასთან სასურველი კომუნიკაციის ფორმად. ამიტომ მოვუწოდებთ აჭარის მთავრობას, რომ შეცვალოს ეს გადაწყვეტილება“.

თორნიკე რიჟვაძე
თორნიკე რიჟვაძე

გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, რომელიც კითხვაზე, თუ რატომ მიიღო გადაწყვეტილება მთავრობის სხდომების დახურვის შესახებ, მაშინ როცა მისი წინამორბედი და, ამავე დროს, მისივე გუნდის წევრი ორი თავმჯდომარე ამ მხრივ ღიაობით გამოირჩეოდა, იშველიებს რეგლამენტის მოქმედ რედაქციას, რომლის მიხედვითაც, მას მსგავსი გადაწყვეტილების მიღება შეუძლია. აღსანიშნავია, რომ ეს წესი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაამკვიდრა ყოფილმა თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ, თუმცა მის შემდეგ ამ თანამდებობაზე მყოფ არც არჩილ ხაბაძეს და არც ზურაბ პატარაძეს მედიისთვის ეს შესაძლო შეზღუდვის წესი არ გამოუყენებია, განსხვავებით თორნიკე რიჟვაძისგან, რომელიც სწორედ ამ წესებს განმარტავს:

„მთავრობის სხდომის ჩატარებას არეგულირებს რეგლამენტი, რომელიც არის სამართლებრივი აქტი და მის საფუძველზე მთავრობის სხდომა, როგორც წესი, დახურულია, თუმცა ეს არანაირად არ უშლის ხელს ჩვენს გაცხადებულ პრინციპს, რომელიც არის მთავრობის ღიაობა და საჯაროობა, მაქსიმალურად გამჭვირვალე საჯარო ინსტიტუტები. მედიის წარმომადგენლებს, ასევე არასამთავრობო სექტორს და სხვა ყველა დაინტერესებულ ადამიანს - როგორც მთავრობის სხდომის დასაწყისში, ასევე ბოლოს - შეუძლია მთავრობას დაუსვას კითხვები და ამომწურავად მიიღოს პასუხი ყველა საკითხზე“.

თუმცა ამომწურავი პასუხის მიღების მოლოდინი მას შემდეგ, რაც რეგიონის მთავრობის სხდომები მედიისთვის დაიხურა, აღარ აქვს გაზეთ „ბათუმელების“ჟურნალისტს ცაგო კახაბერიძეს, რომელიც მანამდე აქტიურად ესწრებოდა ღია სხდომებს და ამზადებდა მასალებს გაზეთისთვის:

ჟურნალისტებისთვის დახურული კარი არის, ზოგადად, ძალიან ცუდი. ჟურნალისტებს წლების განმავლობაში უწევდათ ბრძოლა ღიაობისთვის და ღია სხდომის დახურვა ჩემთვის არის უკან გადადგმული ნაბიჯი, იმიტომ რომ ჩვენ ბრძოლით უკვე მივაღწიეთ გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უფრო მაღალ საფეხურს რაღაც ეტაპზე და ამ საზოგადოებას ეს დაეტყო...
მაია მერკვილაძე

„როცა რეკავ კონკრეტული თემის ირგვლივ და ასე არკვევ, სულ სხვა ინფორმაციას იღებ, და როცა იქ განხილვას უსმენ,სულ სხვა ინფორმაციას. და ამიტომ სხდომის დახურვა ჩემთვის იყო პრობლემა. შეიძლება ითქვას, პანიკაშიც ჩავვარდი, რომ ეს შესაძლებლობა მერთმეოდა. სხდომის შემდეგ კომენტარების მოსმენა კი, რაც არ უნდა ამომწურავად მომიყვეს უკვე დასრულებული სხდომის შესახებ, სულ სხვაა, იმიტომ რომ არ ისმენ რეპლიკას, ვეღარ ისმენ პასუხებს, წამოიჭრა საკითხი და რა უპასუხეს მინისტრებმა. უფრო ცოცხალი პროცესი იყო, კომენტარებს ვინიშნავდი. მაგალითად, ყოფილა შემთხვევა, როცა ამბავი იქ გამიგია და ჩემთვის მომინიშნია“.

აჭარის მთავრობის სხდომების დახურვის წინააღმდეგია ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე მაია მერკვილაძე, რომელიც ამბობს, რომ რეგიონალური მედიისთვის მნიშვნელოვანი იყო იმ საკითხების დეტალური გაშუქება, რომლებიც სამთავრობო სხდომებზე განიხილებოდა და წყდებოდა კიდეც:

„ჟურნალისტებისთვის დახურული კარი არის, ზოგადად, ძალიან ცუდი. ჟურნალისტებს წლების განმავლობაში უწევდათ ბრძოლა ღიაობისთვის და ღია სხდომის დახურვა ჩემთვის არის უკან გადადგმული ნაბიჯი, იმიტომ რომ ჩვენ ბრძოლით უკვე მივაღწიეთ გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უფრო მაღალ საფეხურს რაღაც ეტაპზე და ამ საზოგადოებას ეს დაეტყო. ეს გადაწყვეტილება კი, ჩემი აზრით, უკან გადადგმული ნაბიჯია და საზოგადოებისთვის იქნება, პირველ რიგში, ცუდი“.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ 2016 წელს საქართველოს მთავრობის სხდომებზე ჟურნალისტების დასწრების შეზღუდვა უარყოფითად შეაფასა, რადგან მიიჩნია, რომ მსგავსმა პრაქტიკამ მთავრობის წევრებთან ჟურნალისტების კომუნიკაცია გაართულა.

XS
SM
MD
LG