Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჭარის ტელევიზიის და რადიოს დირექტორის ვინაობა დღეს უნდა გაირკვეს


აჭარის ტელევიზიის სტუდია
აჭარის ტელევიზიის სტუდია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის ასარჩევად კენჭისყრა დღეს, 22 ნოემბერს, 17 საათზეა დაგეგმილი.

აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ ოქტომბერში განახლებულმა მრჩეველთა საბჭომ, სადაც უმრავლესობაში „ქართული ოცნების“ კვოტით წარდგენილი წევრები არიან, დირექტორი 9 კანდიდატიდან უნდა შეარჩიოს.

2019 წლის აპრილის შემდეგ, როცა მრჩეველთა საბჭოს წინა შემადგენლობამ დირექტორ ნათია კაპანაძეს უნდობლობა გამოუცხადა, კონკურსი ოთხჯერ გამოცხადდა. სამ შემთხვევაში, ხმების საკმარისი რაოდენობა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო, მეოთხე კონკურსი კი, ბათუმის საქალაქო სასამართლომ შეაჩერა. წინა შემადგენლობის მრჩეველთა საბჭოში „ქართულ ოცნებას“ ხუთიდან მხოლოდ ერთი წარმომადგენელი ჰყავდა.

საბჭოს ამ შემადგენლობას დირექტორის არჩევის მეოთხე მცდელობა მას შემდეგ შეეზღუდა, რაც 23 სექტემბერს, მოსამართლე კობა გოცირიძემ დააკმაყოფილა ერთ-ერთი კანდიდატის, გოგა კოხრეიძის სარჩელი და კონკურსი შეაჩერა.

გოგა კოხრეიძე, რომელსაც „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატად მიიჩნევენ, მანამდე ჩატარებულ სამივე კონკურსში მონაწილეობდა.

9 კანდიდატიდან 6 აჭარის ტელევიზიის და რადიოს თანამშრომელია. ისინი აცხადებენ, რომ კონკურსში მონაწილეობას ერთგვარი აქციის სახე აქვს, რათა მრჩეველთა საბჭოს არ მისცენ კანდიდატების სიმცირის არგუმენტი.


ამასობაში, 6-წლიანი უფლებამოსილების ვადა ამოეწურათ წინა მოწვევის უმაღლესი საბჭოს მიერ „თავისუფალი დემოკრატების“ კვოტით არჩეულ ნატა იმედაიშვილს, „რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატ გიორგი ირემაძეს და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებს, ირაკლი დარცმელიძესა და ბეჟან გობაძეს. საბჭოს მეხუთე წევრი გიგა ჩხარტიშვილი „ქართული ოცნების“ კვოტით 2018 წელს აირჩიეს მას შემდეგ, რაც საბჭო საკუთარი სურვილით დატოვა ზაზა ხალვაშმა.

25 ოქტომბერს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ ხმათა უმრავლესობით აირჩია საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს მრჩეველთა საბჭოს სამი წევრი: თამილა დოლიძე, სოსო სტურუა და თამარ წილოსანი. პარტიული კვოტით არჩეული დოლიძე და სტურუა „ქართული ოცნების“ ორი ფრაქციის კანდიდატები იყვნენ, ხოლო წილოსანი დამოუკიდებელი დეპუტატების კვოტით აირჩიეს. პროცესს ბოიკოტი გამოუცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციამ, რომელსაც თავისი კვოტით მეოთხე კანდიდატი უნდა წარედგინა.

სოსო სტურუა აჭარის ტელევიზიის ყოფილი დირექტორია, თამილა დოლიძე - საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილე, ხოლო თამარ წილოსანი - აჭარის უმაღლესი საბჭოს თანამშრომელი.

აჭარის ტელევიზიის და რადიოს გარშემო განვითარებული ამ პროცესების გამო, მაუწყებლის ჟურნალისტების ნაწილმა რამდენჯერმე გამოთქვა შიში, რომ აჭარის ტელევიზიის და რადიოს დამოუკიდებლობას საფრთხე ემუქრება და ხელისუფლებისგან ზემოქმედების რისკის ქვეშ დგება.

18 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დირექტორის შესარჩევი კონკურსი განახლდა.

9 კანდიდატიდან 6 აჭარის ტელევიზიის და რადიოს თანამშრომელია. ისინი აცხადებენ, რომ კონკურსში მონაწილეობას ერთგვარი აქციის სახე აქვს, რათა მრჩეველთა საბჭოს არ მისცენ კანდიდატების სიმცირის არგუმენტი.

ამ 6 კანდიდატიდან 3 წინა კონკურსებშიც მონაწილეობდა:

ბაჩო გურაბანიძე
ბაჩო გურაბანიძე

ბაჩო გურაბანიძე - აჭარის ტელევიზიის დილის გადაცემის ხელმძღვანელია. აქვს აჭარის რადიოში, შემდეგ კი, ტელევიზიაში მუშაობის 17-წლიანი გამოცდილება;

ფირუზ ბოლქვაძე
ფირუზ ბოლქვაძე

ფირუზ ბოლქვაძე - აჭარის ტელევიზიასა და რადიოში 2004 წლიდან მუშაობს საინფორმაციო სამსახურის რეპორტიორად, გადაცემის წამყვანად და პროდიუსერად;

ნათია ზოიძე
ნათია ზოიძე

ნათია ზოიძე - აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი იყო 2005-2009 წლებში. სხვადასხვა დროს მუშაობდა ტელეკომპანია „იმედში“, „ტვ-25“-სა და გაზეთ „ბათუმელებში“. ამჟამად აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოვალეობას ასრულებს.

კონკურსში პირველად მონაწილეობენ:

შოთა გუჯაბიძე
შოთა გუჯაბიძე

შოთა გუჯაბიძე - რეჟისორი, მკვლევარი, სამოქალაქო აქტივისტი, საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებელი. აჭარის ტელევიზიაში მუშაობდა 1994-1997 წლებში. 2006 წლიდან მაუწყებლისთვის იღებს დოკუმენტურ ფილმებს;

მაია მერკვილაძე
მაია მერკვილაძე

მაია მერკვილაძე - 2017 წლიდან მუშაობს აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილედ. მანამდე 8 წლის განმავლობაში მუშაობდა „ტვ 25“-ში;

ლაშა ზარგინავა
ლაშა ზარგინავა

ლაშა ზარგინავა - აჭარის ტელევიზიაშია 2014 წლიდან. ამ პერიოდში მუშაობდა პროდიუსერად, ტოქშოუს წამყვანად, ანალიტიკური გადაცემის რედაქტორად და წამყვანად. აქვს 20-წლიანი ჟურნალისტური გამოცდილება.

წინა კონკურსების მონაწილეთაგან დირექტორობისთვის ისევ იბრძვიან:

გოგა კოხრეიძე
გოგა კოხრეიძე

გოგა კოხრეიძე - 2014-2018 წლებში იყო საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი. 2005-2014 წლებში ტელეკომპანია „202“-ის დირექტორი. 1999-2004 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრი;

შოთა ზოიძე
შოთა ზოიძე

შოთა ზოიძე - პოეტი. 1991-1993 წლებში იყო აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დეპარტამენტის თავმჯდომარე;

დავით ჩხარტიშვილი
დავით ჩხარტიშვილი

დავით ჩხარტიშვილი - 2005-2007 წლებში იყო გაზეთ „აჭარის რედაქტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG