Accessibility links

site logo site logo

ახალგორელების „შავი სია“   


ახალგორი

ერთი ქალი ახალგორიდან გამოსვლას რამდენიმე თვის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა. მას ყველა საჭირო დოკუმენტი ხელთ ჰქონდა. იმისთვისაც მზად იყო, რომ ოსური პასპორტით ჯერ რუსეთში გადასულიყო და შემდეგ იქიდან საქართველოში ჩამოსულიყო, თუმცა დე ფაქტო კაგებეში უთხრეს, რომ წასვლის ნებას არ აძლევდნენ. მიზეზი არ აუხსნიათ. ქალი, რომლის ვინაობასაც მისივე უსაფრთხოების გამო არ ვასახელებთ, ცოტა ხნის წინ თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მაინც გადმოვიდა.

„ახალგორის ადმინისტრაციიდან და კაგებედან გამაფრთხილეს, რომ დაბის დატოვების უფლება არც ერთი გზით არ მქონდა. მიზეზი არ ამიხსნეს. მხოლოდ ის მითხრეს, რომ „შავ სიაში“ ვარ. არადა, ქრონიკული დაავადებების მკურნალობა მჭირდება. ცხინვალში ექიმთან წავედი, რომელმაც გამსინჯა, გულდასმით მომისმინა და სრულიად უფასოდ დამიწერა ფორმა # 100. თვითონვე მითხრა, რომ კვლევები აუცილებლად მჭირდება და გადადება აღარ შეიძლება. მაგრამ ყველა ხომ ვერ დადის ამხელა გზაზე ცხინვალში? მეც საქმეზე ვიყავი წასული, შემთხვევით ვისარგებლე და ასე შევედი ექიმთან. ეს ცნობა შემდეგ ახალგორის ადმინისტრაციაში მივიტანე, კიდევ რამდენიმე კვირას მაცდევინეს და ბოლოს მომცეს უფლება, რომ თბილისისკენ წამოვსულიყავი. ჩავიტარებ ყველა კვლევას, ვიმკურნალებ და მერე, მოგვიანებით, დაბაში ისევ დავბრუნდები“, - გვეუბნება წყარო ახალგორიდან და ამბობს, რომ ადგილობრივ ადმინისტრაციას და კაგებეს იმ ადამიანების „შავი სია“ აქვთ შედგენილი, ვისაც დაბიდან გასვლა ეკრძალება, თვითონ კი ამ სიიდან ამოღებას მხოლოდ ექიმის მიერ დაწერილი ცნობის მეშვეობით მიაღწია.

ოკუპირებული ახალგორის ადმინისტრაციაში გამოკრულ მოქალაქეთა ე. წ. შავი სიის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილიც გვიდასტურებს. მისი თქმით, სიაში შეტანილმა ბევრმა ახალგორელმა უკვე დატოვა დაბა, თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც საბიუჯეტო ორგანიზაციებში მუშაობენ და მათ დაბის დატოვება ეკრძალებათ.

„მაისის ბოლოს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობამ ახალგორის მოსახლეობისთვის დაწესებული შეზღუდვები კიდევ უფრო გაამკაცრა. თუკი აქამდე საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე მოსახვედრად . . „პროპუსკის“ მიღება ახალგორში მცხოვრებთა დიდი ნაწილისთვის გაწელილი და მტკივნეული პროცესი იყო, ახლა ნებართვის მიღება შეუძლებელი გახდა. ახალგორის რაიონულ ადმინისტრაციაში გამოიკრა იმ ადამიანებისშავი სია“, ვისაც გადაადგილების ნებართვაზე უარი გაურკვეველი ვადით ეთქვა. სიაში 300-მდე სახელი და გვარია. უარის თქმის კრიტერიუმები და მიზანი უცნობია“, - წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, „ოსური პასპორტის“ მფლობელები ე. წ. საზღვრის გადაკვეთას „პროპუსკის“ გარეშეც ახერხებდნენ, თუმცა ახლა „შავ სიაში“ ე. წ. ოსური პასპორტების მფლობელებიც მოხვდნენ. მათთვის უცნობია, ერთი მხრივ, რა მიზეზით ეთქვათ უარი და, მეორე მხრივ, რა გავლენა ექნება ამას მათ მიმოსვლაზე დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე. „შავი სიების“ არსებობა რეგიონში შიშის ატმოსფეროს კიდევ უფრო ამძაფრებს.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობის პოლიტიკის მიზანი, რომელიც სოციალური მდგომარეობის ხელოვნურ დამძიმებას და რეგიონის მარგინალიზაციას იწვევს, სავარაუდოდ, ახალგორის მოსახლეობის იმ წერტილამდე მიყვანაა, რომელიც მათ საკუთარი საცხოვრებლის დატოვებისკენ უბიძგებს. ეს ვარაუდი უკვე გამოკვეთილ ტენდენციას ეფუძნება.

„ამ ბოლო პერიოდში დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტისთვის ცნობილი გახდა, რომ ახალგორელ პედაგოგს, რომელიც, ფაქტობრივად, შინაპატიმრობაში იმყოფებოდა, ნება დართეს ახალგორი დატოვოს, უკან დაბრუნების ნებართვის პერსპექტივის გარეშე. ასევე, იმ 25 ახალგაზრდას, რომლებმაც სკოლა წელს დაამთავრეს (სულ 519 მთელ სამხრეთ ოსეთში), უფლება აქვთ სწავლის გასაგრძელებლად დანარჩენ საქართველოს მიაშურონ, თუმცა, დიდი ალბათობით, უკან დაბრუნების უფლების გარეშე. აღნიშნული ვითარება სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობის ახლომხედველობასა და საზოგადოების რეალური საჭიროებების აღქმის ბუნდოვანებაზე მეტყველებს. სამხრეთ ოსეთის .. რესპუბლიკა 2008 წლის ომის შემდგომ რუსული ფინანსური დახმარების უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობით მიმღებია (ერთ სულ მოსახლეზე), თუმცა ამან ტერიტორიის დეპოპულაცია ვერ შეაჩერა. ერთი მხრივ, ლიახვის ხეობაში გატარებულმა ეთნიკურმა წმენდამ, მეორე მხრივ კი, დანარჩენი საქართველოსგან მიზანმიმართული იზოლაციით გამოწვეულმა უპერსპექტივობამ სამხრეთ ოსეთის დემოგრაფია მთლიანად შეცვალა. ეთნიკურად ოსი მოსახლეობაც რუსეთის ფედერაციაში მიემგზავრება და ტოვებს საცხოვრებელს, თუმცა უკან დაბრუნების პერსპექტივით. ამ ფონზე ალოგიკურია პოლიტიკა, რომელიც თანაბრად გაუსაძლის პირობებს უქმნის ქართველი და ოსი ეთნიკური წარმომავლობის პირებს ახალგორში, აიძულებს მათ, რომ მშობლიური მხარე დატოვონ“, - აცხადებს დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას და საერთაშორისო აქტორებს, რომ როგორც ჟენევის ფორმატში, ასევე, ოფიციალურ განცხადებებში ხაზი გაუსვან და რეაგირება მოახდინონ მსგავს ტენდენციებზე.

ჟენევის დისკუსიის მორიგი რაუნდის გამართვა თვის ბოლოსაა დაგეგმილი. დისკუსიის თანათავმჯდომარეები დღეს ცხინვალშიც ჩავიდნენ და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ. ნანუაშვილი კი საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებს მოუწოდებს, მომავალ შეხვედრაზე აუცილებლად გააჟღერონ ინფორმაცია ახალგორში მოქალაქეთა უფლებების დარღვევების შესახებ და ამით საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღება მიიქციონ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG