Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ ხდება ახალგორის რუსიფიკაცია


„დაწყებულია ახალგორის რუსიფიკაციის პროცესი - სკოლებში ბავშვებს, პედაგოგებსა და ტექნიკურ პერსონალს ერთმანეთთან ქართულად საუბარს უკრძალავენ“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ყოფილი სახალხო დამცველი, "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" ხელმძღვანელი უჩა ნანუაშვილი.

14 თებერვალს, ამ არასამთავრობო ორგანიზაციამ გაავრცელა სპეციალური განცხადება ახალგორში შექმნილი საგანგაშო ვითარების შესახებ.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ოკუპირებულ ახალგორის რაიონში, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვასთან ერთად, მწვავედ დგას მშობლიურ ენაზე სწავლის უფლების საკითხი: „უკანასკნელ პერიოდში ახალგორში ორი ქართული სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ახალგორის პირველი საშუალო სკოლის დირექტორი, ნინო ამირანაშვილი, და სოფელ იკოთის საშუალო სკოლის დირექტორი, მზია ფსუტური“.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ინფორმაციით, ახალგორის პირველი საშუალო სკოლის დირექტორმა გათავისუფლებამდე შენიშვნა მიიღო დაწყებით კლასებში ქართულ ენაზე მოსაუბრე მოსწავლეებისა და მასწავლებლების გამო. დირექტორი გააფრთხილეს, რომ ბავშვებმა შესვენებაზეც კი არ უნდა ისაუბრონ ქართულად იმ ბავშვებთან, რომელთა კლასებიც ჯერ ისევ ქართულ ენაზე სწავლობენ. კითხვებს ბადებს ამავე ხანებში მეორე ქართული სკოლის დირექტორის, მზია ფსუტურის
გათავისუფლებაც, თუმცა, საოკუპაციო ძალები ნინო ამირანაშვილის გათავისუფლებას წეროვნიდან გადასული მოსწავლეების საჭირო დოკუმენტაციის გარეშე გაფორმებას, ხოლო მზია ფსუტურის შემთხვევაში პედაგოგიური განათლების უქონლობას უკავშირებენ.

არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, ახალგორის საგანმანათლებლო დაწესებულებებში ქართული ენის აკრძალვა საგანგაშო სახეს იძენს.

უჩა ნანუაშვილის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ცხინვალიდან
ახალგორში ჩასულმა ე.წ. საგანმანათლებლო კომისიამ გაფრთხილება მისცა თითქმის ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებას. ქართულ ენაზე საუბარი აუკრძალეს მასწავლებლებს და მომსახურე პერსონალს არა მხოლოდ ბავშვებთან, არამედ ერთმანეთთანაც.

ეს პროცესი ახალგორში რამდენიმე წლის წინ დაიწყო და სკოლები
ეტაპობრივად გადადიოდნენ რუსულენოვან სწავლებაზე. სულ უფრო მცირდებოდა ქართულის გაკვეთილები და სხვადასხვა საგნის გაკვეთილების ჩატარებაც რუსულ ენაზე დაიწყეს. დაბაში სულ უფრო ცოტა ადამიანი რჩება, თითქმის დაცარიელებულ ახალგორში კი პედაგოგების დევნა დაიწყო.

10 თებერვალს რადიო თავსუფლება უკვე წერდა ახალგორელი დირექტორების გათავისუფლების შესახებ. პირველი სკოლის დირექტორი, ნინო ამირანაშვილი გათავისუფლების იმ მიზეზზე ლაპარაკობს, რომელიც ადგილობრივი განათლების განყოფილებიდან აცნობეს. საქმე ისაა, რომ ამირანაშვილმა გასული წლის სექტემბრის
დასაწყისში მეათე კლასში წეროვნიდან გადასული მოსწავლეები მიიღო, თუმცა ბავშვების მშობლებმა, გზის ჩაკეტვის გამო, მე-9 კლასის ატესტატის ჩატანა ვერ მოახერხეს, სხვა საბუთები კი წესრიგში ჰქონდათ. ამირანაშვილს ეს ბავშვები სკოლიდან არ გაუშვია, რაც თანამდებობის ფასად დაუჯდა.

ახალგორის რაიონში 10 სკოლიდან 6 ქართულია, თუმცა ამ სკოლებშიც, სადაც, დაახლოებით, 200-მდე ბავშვი სწავლობს, უკვე იკრძალება ქართულ ენაზე სწავლება.

"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" აცხადებს, რომ „განათლების უფლება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით გარანტირებული უფლებაა. ის განმტკიცებულია როგორც გაეროს, ასევე ევროსაბჭოს შესასრულებლად სავალდებულო ხელშეკრულებებით. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია არ აკონკრეტებს, რომელ ენაზე უნდა მიმდინარეობდეს სწავლება, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განათლების
უფლებას აზრი დაეკარგებოდა, მისით მოსარგებლეებს მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება რომ არ ჰქონდეთ“.

არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების დარღვევის შესახებ საკითხი უნდა დააყენოს ყველა საერთაშორისო შეხვედრაზე და უზრუნველყოს მისი განხილვა როგორც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში, ისე "ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის" ფარგლებში; ამასთან, გამოიყენოს სამართლებრივი მექანიზმები, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობა.

საქართველოს ხელისუფლება როგორც ახალგორის, ისე გალის რაიონებში მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების ხელყოფის საკითხს ჟენევის დისკუსიებზე აყენებს, თუმცა, უშედეგოდ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG