Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალგორის ქართული სკოლის ყოფილი დირექტორი საკუთარი უფლებების დასაცავად იბრძვის


ახალგორი
ახალგორი

ახალგორის ქართული სკოლის ყოფილმა დირექტორმა, ნინო ამირანაშვილმა, საკუთარი უფლებების დასაცავად ცხინვალის სასამართლოს მიმართა. ამირანაშვილი თანამდებობიდან გათავისუფლებას ასაჩივრებს და სამსახურში აღდგენას ითხოვს.

დირექტორი თანამდებობიდან მიმდინარე წლის 3 თებერვალს გაათავისუფლეს - მას შემდეგ, რაც მან წეროვნის დევნილთა დასახლებიდან ახალგორში სასწავლად გადასული მოსწავლეების სკოლიდან გარიცხვაზე უარი თქვა.

ვერ მოიტანეს ატესტატი, იმიტომ რომ გზა დაიკეტა და მის აღებას უნდოდა დრო, მე კი ბავშვები სკოლიდან ვერ გავუშვი.
ნინო ამირანაშვილი

ყველაფერი კი გასული წლის სექტემბერში დაიწყო. ახალგორის ქართულ სკოლაში წეროვნის დევნილთა დასახლებიდან 5 მოსწავლე გადავიდა. მათ ოკუპირებული დაბის სკოლაში გარკვეული საბუთები ჩაიტანეს, თუმცა 9 კლასის დამამთავრებელი ატესტატი საქმეში არ იდო. ამასობაში ახალგორის ე.წ. გამშვები პუნქტიც ჩაიკეტა, დაბის განათლების განყოფილებიდან კი ამირანაშვილს ბავშვების სკოლიდან გარიცხვა მოსთხოვეს, რაზეც დირექტორმა უარი განაცხადა. თებერვალში რადიო თავისუფლებამ ახალგორში მყოფი პირველი სკოლის ყოფილი დირექტორის, ნინო ამირანაშვილის, ჩაწერა მოახერხა. იგი თავისი გათავისუფლების იმ მიზეზზე ლაპარაკობდა, რომელიც ადგილობრივი განათლების განყოფილებიდან აცნობეს.

„მივიღე 5 მოსწავლე საქართველოდან, ადგილობრივი მცხოვრებლები. მათი მშობლები მუშაობენ აქ, დაბა ახალგორში. მათ ყველა საბუთი მოიტანეს, არ ჰქონდათ განათლების დამადასტურებელი მე-9 კლასის ატესტატი. გზა ჩაიკეტა და მე-9 კლასის ატესტატი ვერ მოვატანინე. მათ ჰქონდათ პირადი საქმეები, რომლის მიხედვით, გადაყვანილი არიან ისინი მეათე კლასში. ისინი შეფასებულები არიან და არის დირექტორის (წეროვანის სკოლის) ბრძანების ამონაწერიც, რომ გავიდნენ სკოლიდან. აი, ეს იყო: შენ არ გქონდა უფლება მიგეღო ბავშვები, ვისაც სრულად არ ჰქონდა დოკუმენტებიო. ვერ მოიტანეს ატესტატი, იმიტომ რომ გზა დაიკეტა და მის აღებას უნდოდა დრო, მე კი ბავშვები სკოლიდან ვერ გავუშვი“.

სკოლის დირექტორს მოსწავლეები სკოლიდან რომ გაერიცხა, ჩაკეტილი გზის გამო ისინი ვეღარც წეროვანში დაბრუნებას მოახერხებდნენ და საერთოდ განათლების მიღების გარეშე დარჩებოდნენ, ამიტომ პირველი სკოლის დირექტორმა ბავშვის ინტერესი და უფლებები ყველაფერზე წინ დააყენა.- ასე ფიქრობენ სკოლის პედაგოგები, რომლებიც ყოფილ დირექტორს სოლიდარობას უცხადებენ. მათი აზრით, ამირანაშვილი უსამართლოდაა გათავისუფლებული. ერთ-ერთი ახალგორელი პედაგოგის, რადიო თავისუფლების წყაროს, ცნობით, რომლის ვინაობას მისივე უსაფრთხოების გამო არ ვამხელთ, გვეუბნება, რომ განათლების განყოფილების ახალმა გამგემ, ჰამლეტ ელოევმა, თავიდანვე დაიწყო ამირანაშვილზე ზეწოლა და მის გათავისუფლებას ყველა ხერხით ცდილობდა. გარდა ამისა, ამირანაშვილს, როგორც სკოლის დირექტორს, დაბიდან გასვლა საერთოდ აეკრძალა. წყაროს ცნობით, განათლების განყოფილების გამგე ეთნიკური ნიშნით სხვა პედაგოგებსაც პრობლემებს უქმნის.

დაწყებულია ახალგორის რუსიფიკაციის პროცესი - სკოლებში ბავშვებს, პედაგოგებსა და ტექნიკურ პერსონალს ერთმანეთთან ქართულად საუბარს უკრძალავენ.
უჩა ნანუაშვილი

ახალგორელ დირექტორს და პედაგოგებს პრობლემები მას შემდეგ დაეწყოთ, რაც დაბაში განათლების განყოფილების ახალი უფროსი დანიშნეს. ყოფილმა მილიციელმა, ჰამლეტ (გაბო) ელოევმა, დირექტორებსა და მასწავლებლებს მოსთხოვა ხელწერილები დაეწერინებინათ იმ მშობლებისთვის, რომლებსაც ბავშვები წეროვნიდან ახალგორში გადაჰყავდათ. მშობლებს ხელწერილში უნდა აღენიშნათ, რომ მათი შვილები სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლას არ გააგრძელებდნენ საქართველოს უმაღლეს სასწავლებელში. თუ ამას არ დაწერდნენ, ბავშვებს სკოლის დამამთავრებელ ატესტატს არ მისცემდნენ. რადიო თავისუფლების ახალგორელი წყაროს ინფორმაციით, პირველი სკოლის დირექტორმა, ნინო ამირანაშვილმა, ამ დავალების შესრულებაზე უარი თქვა და ელოევს აუხსნა, რომ ეს კანონსაწინააღმდეგო ქმედება იყო, ამის შემდეგ კი მას პრობლემები დაეწყო.

ახალგორში ქართველი პედაგოგების შევიწროება და ქართულ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვა რამდენიმე წლის წინ დაიწყო და სკოლები ეტაპობრივად გადადიოდნენ რუსულენოვან სწავლებაზე. სულ უფრო მცირდებოდა ქართულის გაკვეთილები და სხვადასხვა საგნის გაკვეთილების ჩატარებაც რუსულ ენაზე დაიწყეს.

„დაწყებულია ახალგორის რუსიფიკაციის პროცესი - სკოლებში ბავშვებს, პედაგოგებსა და ტექნიკურ პერსონალს ერთმანეთთან ქართულად საუბარს უკრძალავენ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ყოფილმა სახალხო დამცველმა, "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" ხელმძღვანელმა, უჩა ნანუაშვილმა.

14 თებერვალს ამ არასამთავრობო ორგანიზაციამ გაავრცელა სპეციალური განცხადება ახალგორში შექმნილი საგანგაშო ვითარების შესახებ.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ოკუპირებულ ახალგორის რაიონში, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვასთან ერთად, მწვავედ დგას მშობლიურ ენაზე სწავლის უფლების საკითხი.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ინფორმაციით, ახალგორის პირველი საშუალო სკოლის დირექტორმა გათავისუფლებამდე შენიშვნა მიიღო დაწყებით კლასებში ქართულ ენაზე მოსაუბრე მოსწავლეებისა და მასწავლებლების გამო. დირექტორი გააფრთხილეს, რომ ბავშვებმა შესვენებაზეც კი არ უნდა ისაუბრონ ქართულად იმ ბავშვებთან, რომელთა კლასებიც ჯერ ისევ ქართულ ენაზე სწავლობენ. კითხვებს ბადებს ამავე ხანებში მეორე ქართული სკოლის დირექტორის, მზია ფსუტურის გათავისუფლებაც, თუმცა საოკუპაციო ძალები ნინო ამირანაშვილის გათავისუფლებას წეროვნიდან გადასული მოსწავლეების საჭირო დოკუმენტაციის გარეშე გაფორმებას, ხოლო მზია ფსუტურის შემთხვევაში პედაგოგიური განათლების უქონლობას უკავშირებენ.

არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, ახალგორის საგანმანათლებლო დაწესებულებებში ქართული ენის აკრძალვა საგანგაშო ვითარებას ქმნის. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების დარღვევის შესახებ საკითხი უნდა დააყენოს ყველა საერთაშორისო შეხვედრაზე და უზრუნველყოს მისი განხილვა როგორც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში, ისე "ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის" ფარგლებში, ამასთან, გამოიყენოს სამართლებრივი მექანიზმები, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG