Accessibility links

უგამოცდოდ ჩარიცხული სტუდენტები ოკუპირებული ტერიტორიებიდან


ახალგორი

„გილოცავთ, ბავშვებო, წარმატებები და წინსვლა თქვენ!“- ეს გზავნილი ახალგორელი აბიტურიენტებისა და მშობლების ჩათში ერთ-ერთმა მშობელმა მას შემდეგ ჩააგდო, რაც განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება გახდა ცნობილი.

6 ივლისს საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწო, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლები კი უგამოცდოდ უკვე სტუდენტები გახდნენ.

„ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტები საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან, სახელმწიფო მათი სწავლის საფასურს სასწავლო გრანტის მაქსიმალური ოდენობით სრულად დააფინანსებს. მთავრობის გადაწყვეტილებით, იმავე პირობებით ისარგებლებენ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველი აბიტურიენტები“, - ეს ინფორმაცია განათლების სამინისტრომ გაავრცელა.

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ 22 ივნისს ისევ დაკეტა დანარჩენ საქართველოსთან დროებით გახსნილი „საზღვარი“, რის გამოც საქართველოს მოქალაქე აბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის საშუალება არ მიეცათ.

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ კორონავირუსის პანდემიის გამო დანარჩენ საქართველოსთან 14 მარტიდან დაკეტილი საზღვარი რამდენიმე დღით ცალმხრივად ორჯერ გახსნა - 26 მაისს და 22 ივნისს. საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობა მიეცა რამდენიმე ათეულ მოქალაქეს, რომლებიც დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა საჭიროების გამო - მათ შორის სამკურნალოდ - იმყოფებოდნენ.

ახალგორელი აბიტურიენტები ე.წ. გამშვები პუნქტის გამონაკლისის სახით გახსნას 5 ივლისს ელოდნენ, მაგრამ ეს პირობა არ შესრულდა. შემდეგ ადმინისტრაციიდან უთხრეს, რომ გზას 10 ივლისისთვის გახსნიდნენ, თუმცა 5 დღეში ამ გზის გახსნა აბიტურიენტებს აღარ დასჭირდებოდათ, რადგან ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა მათთვის უკვე დასრულებული იქნებოდა.

„გუშინდელი ღამე ბავშვებმა სტრესში გაატარეს, არავინ არაფერი იცოდა გზის გახსნაზე. მოლოდინი კი გვქონდა, რომ საქართველოს განათლების სამინისტრო ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა, მაგრამ ბავშვებს და ჩვენ ნერვები დაგვაწყდა. ბოლო წუთამდე არაფერი თქვეს. აქ ჩაკეტილები ვართ და ხომ შეიძლებოდა, რომ ეს ინფორმაცია რამდენიმე დღით ადრე ეთქვათ, ხომ იცოდნენ, რომ ესენი ამ გზის გახსნას არ აპირებდნენ. ახლა უკვე იმაზე დავიწყეთ ფიქრი, შემოდგომაზეც რომ არ გახსნან გზა, ბავშვები სასწავლებლად როგორ ჩამოვლენ. თან ამბობენ, კორონავირუსის მეორე ტალღა დაიწყებაო და შეიძლება გზა სულაც აღარ გახსნან“, - გვითხრა ერთ-ერთი ახალგორელი აბიტურიენტის მშობელმა.

ერთ-ერთი ახალგორელი პედაგოგი კი გვეუბნება, რომ ბავშვები და მშობლები ერთმანეთს ურეკავენ და უკვე სტუდენტობას ულოცავენ.

„ამ ბავშვებზე კაგებეს მხრიდან ზეწოლა განხორციელდა და რომ არა ჟურნალისტების და არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიურობა, ალბათ, არც ბიბილოვის და არც ჩვენს მთავრობას რექცია არ ექნებოდა. ახლა ბავშვები ძალიან გახარებულები არიან, ერთმანეთს ჩათში წერენ და ულოცავენ. ალბათ, საღამოს ერთ-ერთ მათგანთან შეიკრიბებიან და თავისებურად აღნიშნავენ“.

ამ ბავშვებზე კაგებეს მხრიდან  ზეწოლა განხორციელდა და რომ არა ჟურნალისტების და არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიურობა, ალბათ, არც ბიბილოვის და არც ჩვენს მთავრობას რექცია არ ექნებოდა.  ახლა ბავშვები ძალიან გახარებულები არიან, ერთმანეთს ჩათში წერენ და ულოცავენ...

რადიო თავისუფლებამ ახალგორელი აბიტურიენტების პრობლემის გაშუქებას არაერთი სტატია მიუძღვნა, პრობლემა კი მას შემდეგ გამწვავდა, რაც დაბაში კაგებეს წარმომადგენლები ჩავიდნენ და მოსწავლეების მიმართ მუქარა და ზეწოლა დაიწყეს. პირველ შეხვედრაზე ახალგორელ აბიტურიენტებს უშიშროების კომიტეტის წარმომადგენლებმა პირდაპირ მოსთხოვეს, რომ თბილისში სასწავლებლად არ წასულიყვნენ; აცნობეს, რომ ე.წ. სასაზღვრო გამშვებ პუნქტს არ გაუხსნიდნენ და გააფრთხილეს, თავში აზრადაც არ გაევლოთ შემოვლითი გზებით თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადაპარვა. შეშინებულმა ახალგაზრდებმა ეს ამბავი მშობლებს და პედაგოგებს უამბეს. რადიო თავისუფლებამ მაშინ აბიტურიენტებზე ზეწოლის ფაქტის შესახებ ერთ-ერთი პედაგოგისგან შეიტყო. მედიით ამბის გახმაურების შემდეგ დე ფაქტო ხელისუფლებამ 19 ივნისს აბიტურიენტებსა და მათ მშობლებთან კიდევ ერთი შეხვედრა გამართა. ამჯერად ტონი სულ სხვანაირი იყო.

„ნებისმიერ კურსდამთავრებულს უფლება აქვს აირჩიოს ნებისმიერი სასწავლებელი ნებისმიერ ქვეყანაში უმაღლესი განათლების მისაღებად. ამიტომ დღეს შევიკრიბეთ იმისთვის, რომ საქართველოში გასვლის პროცედურა აგიხსნათ. იქ გამოცდების ჩასაბარებლად ვინც წავა და შემდეგ უკან დაბრუნდება, კორონავირუსთან დაკავშირებით ორკვირიან კარანტინში მოთავსდება“, - ამ სიტყვებით მიმართა ახალგორის განათლების განყოფილების გამგემ, ჰამლეტ ელოევმა, აბიტურიენტებსა და მათ მშობლებს. ინფორმაცია ამის შესახებ ცხინვალის ტელევიზიამ გაავრცელა. შეხვედრას ამჯერადაც კაგებეს ოფიცრები ესწრებოდნენ.

2019-2020 სასწავლო წელს ახალგორის რაიონში სკოლა 22-მა მოსწავლემ დაასრულა, აქედან 11-მა - ქართული სკოლა, მათგან ექვსმა კი სწავლის გასაგრძელებლად საქართველოს უმაღლესი სასწავლებელი შეარჩია და ეროვნული გამოცდების ჩაბარება გადაწყვიტა.

ახალგორის ლეგიტიმური გამგებელი, ნუგზარ თინიკაშვილი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან ეს მოსწავლეებზე ზეწოლის პირველი შემთხვევა არ ყოფილა. მსგავსი დაბარება მაშინაც იყო, როცა საქართველოს ხელისუფლებამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამა შეიმუშავა და მათ შესაძლებლობა მისცა სწავლა ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში გაეგრძელებინათ.

აფრთხილებენ და უკრძალავენ, რომ სკოლადამთავრებულები წამოვიდნენ და თბილისში მიიღონ უმაღლესი განათლება. ადრეც იყო მსგავსი შეხვედრა, ქეთევან ციხელაშვილმა რომ გაახმოვანა, და მთავრობის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტებისთვის იყო შეთავაზება, რომ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის შემთხვევაში სახელმწიფო იხდიდა სწავლის გადასახადს. სწორედ მაშინ დაიწყეს შეზღუდვა და გააფრთხილეს ბავშვები, რომ იქ არ წახვალთ და ცხინვალში უნდა ისწავლოთო“.

ადამიანის უფლებადამცველები გამუდმებით ლაპარაკობენ ოკუპირებულ გალსა და ახალგორში ადამიანის უფლებების დარღვევაზე, მათი კვლევები საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებშიც ხვდება, მაგრამ ოკუპაციის ხაზს მიღმა ვითარება არ იცვლება.

ახალგორელი ახალგაზრდები სოციალური ქსელის მეშვეობით ახლა იმაზე საუბრობენ, როგორ წავლენ ლექციებზე, თუ დე ფაქტო ხელისუფლება გზას შემოდგომითაც არ გახსნის.

ახალგორის ე.წ. სასაზღვრო გამშვები პუნქტი გასული წლის 4 სექტემბრის შემდეგ ჩაკეტილია და გამონაკლისის სახით ის მხოლოდ რამდენჯერმე გაიხსნა. ერთხელ პენსიონერებს მისცეს საშუალება წეროვანში გადმოსულიყვნენ და 5 თვის დაგროვილი პენსია მიეღოთ, რამდენჯერმე კი გადასასვლელი გადაუდებელი ავადმყოფების ტრანსპორტირებისთვის გახსნეს. დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალგორის გზა ჩორჩანა-წნელისის კრიზისის გამო ჩაკეტა და ჩორჩანის ტყიდან ქართული პოლიციური საგუშაგოს გატანამდე ახალგორის გამშვები პუნქტის გახსნას არ აპირებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG