Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვის სთავაზობს დე ფაქტო ხელისუფლება დეპუტატად ახალგორელებს?


ოკუპირებული ახალგორის მცხოვრებნი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტით თბილისის მიმართულებით გადაადგილებას ვეღარ შეძლებენ. მათ ამისთვის სპეციალური საშვი უნდა აიღონ.

"ღორის გრიპის" გამო დაბაში სპეციალური კარანტინის გამოცხადებამდე თბილისისკენ გადაადგილება შესაძლებელი იყო როგორც ე.წ. საშვით, ასევე ოსური პასპორტით, თუმცა დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახურმა გადაადგილების წესები შეცვალა. ამის შესახებ ახალგორელებს ჯერ იანვარში აცნობეს, შემდეგ ეს ვადა მარტის ბოლომდე გადასწიეს. მარტში კარანტინი გაუქმდა. გარკვეული დროის განმავლობაში მოქალაქეები ე.წ. პასპორტით გადაადგილებას კიდევ ახერხებდნენ, მაგრამ ახლა ეს მთლიანად აიკრძალა.

საშვის მიღების მსურველთა საბუთების რეგისტრირება მხოლოდ ახლა დაიწყეს. ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი მიიჩნევს, რომ დე ფაქტო ხელისუფლება სულ უფრო მეტ ბარიერს ქმნის იმისთვის, რომ ადგილობრივ მოსახლეობას მაქსიმალურად შეუშალოს ხელი გადაადგილებაში.

9 ივნისს, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დე ფაქტო პარლამენტის არჩევნები უნდა ჩატარდეს. ახალგორში საპარლამენტო არჩევნებისთვის განსაკუთრებული სამზადისი ჯერ არ შეინიშნება. კანდიდატების ვინაობაც ბოლომდე ჯერ ცნობილი არ არის. თუმცა, დაბაში მმართველი პარტიის, „ედინაია ოსეტიას“ წარმომადგენლები გამოჩნდნენ და ქუჩების დასუფთავება დაიწყეს. ბიბილოვის ხელისუფლებამ ახალგორის რაიონი ორმანდატიან საარჩევნო ოლქად გაყო. წინაგარელებს და ახალგორელებს "არჩევნების" შემდეგ დე ფაქტო პარლამენტში საკუთარი მაჟორიტარები ეყოლებათ.

ახალგორში „ედინაია ოსეტიამ“ წამოაყენა სპარტაკ დრიაევის კანდიდატურა, რომელიც თამარ მეარაყიშვილის ერთ-ერთი ბრალდების საქმეშიც ფიგურირებს. დრიაევი მმართველი პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელია და ცილისწამებაში სწორედ ის ადანაშაულებდა ადგილობრივ სამოქალაქო აქტივისტს. თამარ მეარაყიშვილის ცნობით, დრიაევის კანდიდატურით დაბის მოსახლეობა უკმაყოფილოა, რადგან მას არც სათანადო განათლება აქვს და კრიმინალური წარსულის მქონეცაა. დრიაევი სხვადასხვა მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის საქართველოს საპატიმროში 23-წლიან სასჯელს იხდიდა, მაგრამ ოსურ მხარესთან მოლაპარაკების შემდეგ პრინციპით „ყველა ყველაზე“ გაცვალეს. ასე აღმოჩნდა დრიაევი ახალგორში და ახლა იქ დეპუტატობისთვის იბრძვის.

"მმართველი პარტია რომ გქვია და მეორე ვადით გინდა ხელისუფლებაში მოსვლა, ხომ კარგს ეძებ?! აყენებ ადამიანს, რომელსაც 9 კლასი აქვს ცოდნა. ღია ინფორმაციაა, რომ გასამართლებული იყო 23 წლით. გორის ტერიტორიაზე "გამოიჩინა" თავი. გორშია დაბადებული" - უთხრა რადიო თავისუფლებას თამარ მეარაყოშვილმა.

დე ფაქტო პარლამენტის არჩევნებისთვის კანდიდატების რეგისტრაცია კენჭისყრამდე ორი თვით ადრე უნდა დასრულდეს. შესაბამისად, ახალგორელებს 9 აპრილის შემდეგ მეტი ეცოდინებათ დრიაევის კონკურენტების შესახებ.

XS
SM
MD
LG