დუბაიში დაფუძნებული დეველოპერული კომპანიის ხელმძღვანელები რუსეთის მოქალაქეები არიან და წლებია, ბიზნესი აქვთ საქართველოშიც. ერთ-ერთის გვარი „დოსიეს“ შარშანდელი გამოძიების ფოკუსში მოექცა - ფულის გათეთრების რუსული სქემის მონაწილეთა შორის.
როგორც რადიო თავისუფლებას Mira Developments-ში უთხრეს, "დოსიეს" ბრალდებები სრულიად უსაფუძვლოა და კომპანია კანონიერად საქმიანობს მსოფლიოს მასშტაბით.
რადიო თავისუფლებამ Mira Developments შეკითხვები ელექტრონულ მისამართზე გაუგზავნა. შეკითხვების ნაწილზე პასუხები ვერ მივიღეთ.
მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა, თუმცა წინასწარი გაყიდვები უკვე გამოცხადებულია. კლიენტებს სთავაზობენ როგორც ელექტრონული წესით დარეგისტრირებას; ასევე აქვთ შეთავაზებები უძრავი ქონების აგენტებისგან, ბროკერებისგან.
გაყიდვების დაწყების შესახებ „კედარო ჯგუფიც“ იუწყება, საქართველოში დაფუძნებული უძრავი ქონების სერვისების კომპანია რომელიც, როგორც აცხადებენ, Mira Development-თან თანამშრომლობს.
გამოცემა Commersant-ის ინფორმაციით, პროექტისთვის მილიარდი დოლარის ინვესტიციაა განსაზღვრული. ინვესტიციის მასშტაბთან დაკავშირებით დაზუსტებული პასუხი ვერ მივიღეთ თავად Mira Developments-ისგან.
თბილისში თუ სად?
ძნელი დასადგენი აღმოჩნდა პროექტის ზუსტი ადგილმდებარეობაც.
რადიო თავისუფლებას თბილისის მერიაში უთხრეს, რომ - ეს ტერიტორია თბილისს არ ეკუთვნის და გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაა. „მირა დეველოპმენტს“-ის მიერ მონიშნული რუკით და Google Maps-ის მიხედვით კი, ტერიტორია თბილისს, ისანი-სამგორის რაიონს უნდა ეკუთვნოდეს.
შეკითხვებით მივმართეთ გარდაბნის მერიასაც, ასევე -ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს. პასუხები არ მიგვიღია.
პასუხი ასევე ვერ მივიღეთ Mira Developments-ისგან - ეკუთვნის ეს ტერიტორია თბილისს, თუ გარდაბნის მუნიციპალიტეტს.
- Mira Developments-ის ვებსაიტის თანახმად, Mira Verde თბილისის თავზე, თრიალეთის ქედის სამხრეთ ფერდობზე, თავისუფლების მოედნიდან - 14 წუთის, ხოლო თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 21 წუთის სავალზეა; მისადგომია კრწანისის ქუჩის გავლით, შავნაბადის მონასტრის გზითა და სამომავლოდ - ტაბახმელიდან დაგეგმილი მარშრუტითაც. ერთგან მითითებულია, რომ პროექტი ახლოს არის ტერიტორიასთან, სადაც ადრე "კრწანისის სამთავრობო რეზიდენცია" იყო.
- გასული წლის შემოდგომაზე, როცა კომპანია „მირა დეველოპმენტს“-ს არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან თბილისში ჩამოყვანილი ჰყავდა 300-ზე მეტი ბროკერი, ბლოგერი, დიზაინერი თუ ინვესტირების სპეციალისტი, სტუმრებმა “მირა ვერდესთვის” შერჩეული ტერიტორიაც დაათვალიერეს. ერთ-ერთი ბლოგერი ვიდეოში ამბობს, რომ ახალი უბანის გადაღმა ბოტანიკური ბაღია და ამატებს, რომ უშუალოდ ბაღის მომიჯნავედ მშენებლობა აკრძალულია.
პროექტთან დაკავშირებით საჯარო ოფიციალური ინფორმაცია არ იძებნება, მათ შორის არც - „მირა ვერდესთან“ გაფორმებული კონტრაქტის ან მშენებლობის უფლების შესახებ. ეს საკითხებიც იყო შეკითხვებს შორის - რომლებითაც ჩვენ სახელმწიფო უწყებებს მივმართეთ, მაგრამ პასუხი ვერ მივიღეთ.
„პროექტის შემუშავება და მშენებლობა ხორციელდება სრულ შესაბამისობაში საქართველოს მოქმედ სახელმწიფო რეგულაციებთან, სალიცენზიო მოთხოვნებთან და საუკეთესო ინდუსტრიულ სტანდარტებთან“, - მოგვწერეს Mira Developments-იდან. ხოლო მიწით სარგებლობისა თუ მშენებლობის ნებართვებთან დაკავშირებული კონკრეტული ინფორმაციისთვის ისევ საქართველოს სახელმწიფოს უწყებებთან გადაგვამისამართეს - ისინი ფლობენ ყველა საბუთებს ამ მიზნებისთვისო.
ჩვენთვის გამოგზავნილი წერილის ბოლოს Mira Developments-ი კვლავ აღნიშნავს, რომ კომპანიის გამოცდილებისა და ამბიციური მიზნების გათვალისწინებით, მისი პროექტების ყველა დოკუმენტაცია არის ყოველთვის "ყოვლისმომცველი, არსებობს ყველა აუცილებელი შეთანხმება და ნებართვა", ხოლო პროექტები "სრულად შეესაბამება მოქმედ რეგულაციებს".
რა შენდება?
კონცეფციით „ქალაქი ქალაქში“ - Mira Verde კლიენტებს კომფორტული ცხოვრების ყველანაირ სერვისს სთავაზობს, ტერიტორიიდან გაუსვლელად.
ბრენდირებული აპარტამენტების ფასები საქართველოში 330 ათასი დოლარიდან იწყება, თაუნჰაუზების - 990 ათასიდან, ვილების - 2.2 მილიონიდან, ხოლო სასახლეების - 5.5 მილიონი დოლარიდან.
ფეშენებელური საცხოვრებელი სივრცეების გარდა, „მირა ვერდე“-ს ახალ უბანში აშენდება:
- საბავშვო ბაღი
- „ევროპული სკოლა“
- ოფისები
- გამაჯანსაღებელი ცენტრი
- გოლფის 18 მოედანი
- აუზები
- კაფეები და რესტორნები
- ხელოვნური ინტელექტის უნივერსიტეტი
ეს უნივერსიტეტი იქნება - “კომპიუტერული დიზაინის, არქიტექტურის, ურბანიზმის და მდგრადი ტექნოლოგიების ცენტრი” - მითითებულია პროექტის ვებსაიტზე.
“მირა ვერდეს” პროექტის ავტორმა, სახელგანთქმულმა იტალიელმა არქიტექტორმა, მარკო კასამონტიმ, შარშან, თბილისში გამართულ ფორუმზე თქვა, რომ ეს უნივერსიტეტი ნიჭიერი ადამიანების ცოდნის განვითარებისა და კვლევების ცენტრი იქნება - “პატარა” უნივერსიტეტი, ხოლო “მთავარი უნივერსიტეტი ფლორენციაში იქნება”. ამის შესახებ საჯარო წყაროებში არაფერი იძებნება.
ფორუმზე მარკო კასამონტი “მირა ვერდეს” ვრცელი პრეზენტაციით წარსდგა. მის რეგალიებს შორის არის - “მირა დეველოპმენტს”-ის არქიტექტურის დეპარტამენტის Art-დირექტორი.
კომპანიის ცნობებით, “მირა დეველოპმენტსი” თანამშრომლობს იტალიური დიზაინის ცნობილ სახელებთან - Bentley Home, Etro Home, ELIE SAAB, Jacob & Co., GFF, John Richmond და Trussardi.
Trussardi Residences – ამ კონცეფციით აშენებული ერთი პროექტი კომპანიას დუბაიში აქვს და აპარტამენტები იქ ისევ იყიდება. ამავე კონცეფციით აშენდება ერთ-ერთი მთავარი შენობა "მირა ვერდეს" კომპლექსშიც.
ბინები კლიენტებს საქართველოშიც დასრულებული რემონტით ჩაბარდებათ - ავეჯით, ტექნიკით - Trussardi Casa-ს დიზაინით. კომპანია კლიენტებს არწმუნებს, რომ ჩაფიქრებულია 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს სერვისი - 24/7-ზე მომსახურებით, კონტროლისა და უსაფრთხოების სისტემებით.
"Mira Developments"-ის ფეშენებელური პროექტები მილიარდობით დოლარს ითვლის. ერთ-ერთი ბრენდირებული ობიექტის მშენებლობა დაგეგმილია შვეიცარიის ალპებშიც - ELIE SAAB-ის დიზაინით.
"Mira Developments-ი გამოცდილი დეველოპერია მასშტაბური პროექტების პორტფოლიოთი - ბრენდირებული უძრავი ქონების მიმართულებით, ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში; რომელთა რეალიზებაც ხდება წამყვანი არქიტექტურული სტუდიების, მსოფლიოში ცნობილი მოდის ბრენდებისა და მოწინავე კონტრაქტორების ჩართულობით", - წერია კომპანიის გამოგზავნილ ტექსტში. აქვე აღნიშნულია, რომ მასშტაბური პროექტები, ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში, "Mira Developments-ს აქცევს "უმნიშვნელოვანეს ხიდად" - ბიზნესთანამშრომლობისა და გამოცდილების გაცვლის პროცესის წინ წასაწევად რეგიონებში, რომლებიც დინამიკურად ვითარდება.
ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი - რით იზიდავენ კლიენტებს?
„მირა ვერდეს“ რეკლამები ყველგანაა, სადაც პოტენციური კლიენტები ეგულებათ. სოციალურ ქსელებში, უძრავი ქონების აგენტები, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, მყიდველებს უძრავი ქონების სარფიანად შეძენას სთავაზობენ.
რეკლამებში პროექტის მიმზიდველ მხარეებად ასახელებენ შემდეგს:
- საქართველოს აქვს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი,
- ეკონომიკა მზარდია,
- უძრავი ქონების ყიდვისა და გაქირავების ფასები სწრაფად იზრდება,
- მზარდია ტურიზმის პოტენციალიც,
- 45-ზე მეტი ავიაკომპანია დაფრინავს 25-ზე მეტ ქვეყანაში,
- ტერიტორიულად ახლოს არის როგორც არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, ასვე ევროპის ქვეყნებთან,
- იოლია უძრავი ქონების შეძენა უცხოელებისთვის.
ბროკერები და ინფლუენსერები ამბობენ, რომ საქართველოში მშენებლობების ბუმია და თბილისი მეორე დუბაი ხდება.
ბრიუსელის მიმართ თბილისის კონფრონტაციული პოლიტიკის ფონზე საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია. ბრიუსელში განაცხადეს ისიც, რომ “საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის მხოლოდ სახელი“ დარჩა და საქართველო ევროკავშირისკენ აღარ მიდის. 2024 წელს, ევროკავშირმა, ადამიანის უფლებების დარღვევისა და დემოკრატიული უკუსვლის გამო, საქართველოს გაწევრიანების პროცესის შეჩერებაზე განაცხადა; ხოლო თბილისმა ევროკომისია შანტაჟში დაადანაშაულა. ამავე წლის ნოემბერში, “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე პოლიტიკური დღის წესრიგიდან ხსნის ევროკავშირთან გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყებას - რაც ევროინტეგრაციის აუცილებელი ეტაპია. ბრიუსელსა და თბილისს შორის შეჩერდა მაღალი დონის შეხვედრები, გაიყინა თანამშრომლობის არაერთი მიმართულება, დაპაუზდა დახმარების პროგრამები, ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის დაწესდა სავიზო შეზღუდვები.
"Mira Verde"-ს რეკლამებში ახსენებენ საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების 6-მილიარდიან ინვესტიციასაც. თუმცა, Mira Developments-ის მიერ ჩაფიქრებულ პროექტი „Eagle Hills“-ის ინვესტიციის ნაწილი არ არის. Mira Developments-ი დამოუკიდებლი კერძო კომპანიაა.
2025 წლის სექტემბერ-ოქტომბერში, თბილისში გამართულ ფორუმზე, “მირა დეველოპმენტს”-მა დუბაიდან 320 ბროკერი, ბლოგერი, დიზაინერი და ინვესტირების სპეციალისტი მოიწვია.
დასვენება, ექსკურსიები, ვახშმები, კონკურსები, კონცერტები ქართული ცეკვებით და რაც მთავარია - "მირა ვერდეს" პროექტის პრეზენტაცია - სტუმრების გრაფიკი წინასწარ იყო გაწერილი.
არაბული ინვესტიცია - რუსული ელფერით
Mira Developments-ი 2023 წელს, დუბაიში დაფუძნდა.
თანადამფუძნებლები და მმართველები არიან ტიმურ მამაიხანოვი და ტამარა გეტიგეჟევა - რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც ბიზნესს საქართველოშიც ფლობენ. საჯარო რეესტრის თანახმად, 2021 წელს, მათ თბილისში შპს “მირა ჰოტელი” ["Mira Hotel"] დააფუძნეს - წილებს 50%-50%-იანი თანაფარდობით ფლობენ.
ტიმურ მამაიხანოვს უმაღლესი განათლება მოსკოვში აქვს მიღებული. რუსეთში, მათ შორის - დაღესტანში წარმოებული ბიზნეს-საქმიანობის ცნობები რუსეთის საძიებო ბაზებში იძებნება.
ინტერნეტში გავრცელებული ვიდეოები ადასტურებს, რომ ტამარა გეტიგეჟევა თავად მონაწილეობდა შარშან თბილისში გამართულ ღონისძიებაში და ასობით სტუმარს დუბაიდან სიტყვითაც მიმართავდა.
საჯარო წყაროებში იძებნება მსგავსი სახელწოდების შპს - „Mira-Hotels“-ი - სასტუმროსა და რესტორნების მართვის კომპანია - რომელიც თბილისში მენეჯმენტს უწევს რამდენიმე ცნობილ სასტუმროს და პორტფოლიოში შეყვანილი ჰყავს ასევე "მირა თრეველსი". როგორც Mira Developments-იდან მოგვწერეს, კომპანია Mira Developments-ს არანაირი შეხება არა აქვს - უკვე არსებულ სასტუმროებთან - "ოპერაციული, კორპორაციული ან სხვა სახის".
რუსეთის მოქალაქე - ტიმურ მამაიხანოვი მოხსენიებულია რუსეთის მედიის - „დოსიე ცენტრის“ ჟურნალისტურ გამოძიებაში, რომელიც შარშან გამოქვეყნდა.
გამოძიების თანახმად:
- დუბაიში მოქმედი კომპანია MIRA რუსული ფულის გათეთრების სქემაში იყო ჩართული - საეჭვო კლიენტებს გაურკვეველი წარმოშობის ფულით დუბაიში უძრავი ქონების ყიდვის შესაძლებლობას აძლევდა.
- უძრავი ქონების შესაძენად საჭირო ნაღდი ფული მოსკოვში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში უნდა მიეტანათ. შემდეგ კი, კონკრეტულ უძრავ ქონებას, დუბაიში, კლიენტისთვის ოფშორებში დარეგისტრირებული კომპანია ყიდულობდა.
ჟურნალისტური გამოძიების თანახმად - ამ სქემის უკან დგანან ადამიანები „მჭიდროდ დაკავშირებული ჩრდილოვან ტრანზაქციებთან და კრიპტოდანაშაულთან“.
მამაიხანოვმა „დოსიე ცენტრის“ ყურადღება, როგორც აცხადებენ - მისი ყოფილი ბიზნეს-პატნიორის, ხაჯი-მურატ მაგომედოვისა და მისი ცოლის საქმის გამოძიებისას მიიპყრო. გამოძიების მიხედვით, წლების წინ, მამაიხანოვი და მაგომედოვი ერთად ფლობდნენ „Yablokostor“-ს [Apple Store], მოსკოვში - ცნობილ შოპინგცენტრ Gorbushka-ში.
როგორ ყიდულობდნენ ბინას დუბაიში
"დოსიე ცენტრის" თანახმად, MIRA-ს უძრავი ქონების აგენტმა, რომელიც ოფიციალური რეესტრიდან შემთხვევითი პრინციპით შეარჩიეს, ისინი დააკავშირა ადამიანთან მოსკოვში, რომლისთვისაც ფული უნდა მიეტანათ.
"ბინის შეძენის მსურველი" ფულის მისატანად მოსკოვში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში დაიბარეს. მანამდე მას აუხსნეს, რომ არც საბანკო ოპერაცია დასჭირდებოდა, არც ნოტარიუსი და საქმე არც მაკონტროლებელ ორგანოებთან ექნებოდა - და პრობლემა არ იყო, რომ კლიენტს ბინის ყიდვა სავარაუდოდ საეჭვო წარმოშობის ფულით სურდა.
პარალელურად, „დოსიე ცენტრმა“, როგორც აღნიშნავენ, იმავე სასტუმროში ნომერი იქირავა და აღმოაჩინა, რომ საბანკო ანგარიში, რომელიც მათ ნომრის ფულის გადასახდელად უნდა გამოეყენებინათ - ინდმეწარმე ტიმურ მამაიხანოვის საბანკო ანგარიში იყო.
არაბთა გაერთიანებული საამიროების რეესტრის შესწავლის შემდეგ, „დოსიემ“ დაადგინა, რომ MIRA-ს სახელის ქვეშ გაერთიანებული კომპანიები დაკავებული არიან დეველოპერული საქმიანობით, უძრავი ქონების სერვისებით, შეძენილი უძრავი ქონების მართვის მომსახურებით და ასევე - კლიენტებს ჰპირდებიან დახმარებას ლეგალური საბუთების მიღებაში, საბანკო ანგარიშების გახსნაში, კომპანიების რეგისტრაციაში. ამ სერვისების შესახებ ცნობები ღიად - MIRA INTERNATIONAL-ის ოფიციალურ ვებსაიტზეც იძებნება.
“დოსიე ცენტრის” გამოძიებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე - Mira Developments-ი გვწერს, რომ საკითხით შვეიცარიის მედიაც დაინტერესდა და პასუხი მათაც გაუგზავნეს, რომ "დოსიეს" “ბრალდებები სრულიად უსაფუძვლოა და წარმოადგენს აშკარად მიკერძოებული ნარატივის ნაწილს”.
“Mira Developments-ი, არასოდეს არის ჩართული და არც ენდობა რაიმე სახის საეჭვო ან უკანონო პრაქტიკას საკუთარი საქმიანობის წარმართვისას”, - აცხადებს “Mira Developments-ი რადიო თავისუფლებისთვის გამოგზავნილ წერილში.
ფორუმი