Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი გარემოსდაცვითი კანონი, რომელსაც არავინ იცავს


რუსთავი
რუსთავი

რუსთაველი სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ  პირველ ივნისს მიღებული კანონი „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ არ სრულდება, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო კი ამაზე არ რეაგირებს, ან მისი რეაგირება სუსტი და არაეფექტიანია.

გარემოს დამცველი აქტივისტი გივი შანიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ, მაგალითად, შავი მეტალურგიის საწარმო „რუსელოსი“ დღესაც ისევე ბოლავს, როგორც პირველ ივნისამდე:

„მიწევს გარდაბანში წასვლა, გზაზე არის კომპანია "რუსელოსი" და ყოველ წასვლაზე და წამოსვლაზე გული მისკდება - ოთხივე მილიდან ბოლავს ქალაქს, პირველ რიგში ბოლავს პენიტენციარულ დაწესებულებებში მყოფ პატიმრებს. მათთვის გაუფილტრავი კვამლით გაგუდვა არავის მიუსჯია”.

გივი შანიძე ამბობს, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს ჯერ კიდევ 25 ივნისს მიმართა იმის გასარკვევად, როგორი ეკოლოგიური მდგომარეობაა რუსთავში და ასრულებენ თუ არა საწარმოები ახალი კანონით განსაზღვრულ პირობებს, თუმცა პასუხი დღემდე არ მიუღია. დეპარტამენტიდან გარკვეული ინფორმაცია აქვს აქტივისტ გოგა ჯმუხაძეს. მას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში უთხრეს, რომ ახალი წესების დარღვევისთვის რუსთავის მეტალურგიული ქარხანა 20 ათასი ლარით დააჯარიმეს. აქტივისტისთვის უცნობია, რა ზომები მიიღეს სხვა დამრღვევების მიმართ, ამიტომ დეპარტამენტის ცხელ ხაზზე ხშირად რეკავს, მაგრამ, სათანადო პასუხს ჯერჯერობით ვერ იღებს:

„გარემოს დაცვის დეპარტამენტიდან თანამშრომელმა დამირეკა და მითხრა, აიო, გუშინ ხომ გელაპარაკეთო და გითხარითო... ყვირილი დაიწყო. მოვუწოდე ამ ადამიანს, რომ საჯარო მოხელე ხართ და თმენის ვალდებულება გაქვთ-მეთქი, ჩემი, როგორც მოქალაქის კი - კანონდარღვევის აღნიშვნა“.

გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის კანონის მიხედვით, იურიდიული თუ ფიზიკური პირი, რომელიც გარემოს მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს, ვალდებულია გადაიხადოს არა თანხა, არამედ გაატაროს გარემოს აღსადგენად საჭირო ღონისძიებები წინასწარ განსაზღვრული გეგმა-გრაფიკით. დარღვევისთვის დაკისრებული თანხა მთლიანად უნდა მოხმარდეს ზიანის გამოსწორებას. გარდა ამისა, მძიმე მრეწველობის საწარმოები ვალდებულნი არიან, მილებზე დააყენონ ფილტრები დეტექტორით, რომელიც დიდი სიზუსტით აფიქსირებს ამა თუ იმ ქარხნის გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების რაოდენობას. ამ ე.წ. სენსორების არსებობა მნიშვნელოვანია, რათა საწარმოებმა ერთმანეთს აღარ დააბრალონ გარემოს უფრო მეტად დაბინძურება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ნელი კორკოტაძემ, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ზოგიერთმა საწარმომ დეტექტორების დამონტაჟება უკვე დაიწყო, თუმცა უმრავლესობა კანონს არღვევს:

„რამდენიმე კომპანიის მიმართ შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი. მიმდინარეობს სხვა კომპანიების მიმართ საქმის წარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო. ყველა კომპანიის მიმართ, ვინც არ ასრულებს ვალდებულებებს, გატარდება შესაბამისი ზომები“.

სილიკომანგანუმის ერთ-ერთი ქარხნის დირექტორი, გია ლეჟავა, გვეუბნება, რომ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის კანონს არ მოჰყოლია დეტექტორებისთვის სპეციალური პარამეტრების მიღება, რომლითაც საწარმოებმა უნდა იხელმძღვანელონ. ლეჟავას თქმით, მოწყობილობას, რომელიც საკმაოდ ძვირია, მისი საწარმო, სავარაუდოდ, არ შეიძენს.

საქართველოს ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელი ლევან ვეფხვაძე აცხადებს, რომ მთავრობა ვალდებული იყო ფილტრების და დეტექტორების პარამეტრები მიეღო. იმის გამო, რომ ეს არ გაკეთდა, საწარმოებს შესყიდვის პრობლემები შეექმნათ:

„ეს დეტექტორები, რომელიც ყველას ეგონა, რომ სერიული წარმოებისაა და შეუძლიათ დაამონტაჟონ, ასე არ აღმოჩნდა. ეს მოწყობილობები ძალიან ინდივიდუალურია. გათვალისწინებულია გაფრქვევის იმ ნაკადებზე, რომელიც ინდივიდუალურია ყველა საწარმოსთვის. შესაბამისად, საჭიროა სამი თვე მაინც, რომ განსხვავებული გაფრქვევის წერტილებს შესაბამისი დეტექტორები მოერგოს. ახლა ისეა, რომ საქართველოს 100-ზე მეტი კომპანია კანონდამრღვევი გამოდის“.

რუსთავი
რუსთავი

საქართველოს ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ მთავრობამ საწარმოებს ამ წლის ბოლომდე მაინც უნდა მისცეს ვადა, რათა მათ დეტექტორები და ფილტრები შეიძინონ და დაამონტაჟონ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ნელი კორკოტაძე კი ამბობს, რომ დეტექტორების ინსტრუქცია, რომლითაც მეწარმეებმა უნდა იხელმძღვანელონ, მთავრობას დიდი ხანია მიღებული აქვს და ეს დოკუმენტი მისი უწყების გვერდზეც არის ატვირთული.

  • 16x9 Image

    დავით მჭედლიძე

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG