გიგა ავალიანის საქმეში ბრალდებულები არასრულწლოვანები არიან და ვინარჩუნებთ მათ კონფიდენციალურობას. ცხადი რომ გახდეს, ვინ რას ამბობს სტატიაში, გთავაზობთ ჩამონათვალს:
- მოზარდი - ჯანმრთელობისთვის ისეთი მძიმე დაზიანების მიყენებაში ბრალდებული, რომელმაც სიკვდილი გამოიწვია, ცნობილი ინიციალებით - ა.გ.
- მოზარდის მეგობარი - მოზარდი, რომელიც ავალიანზე ძალადობას ტელეფონით იღებდა.
- მოზარდის მეორე მეგობარი - ჯერ შეუტყობინებლობის, შემდეგ კი ჯანმრთელობის დაზიანების მომზადების მუხლით დაკავებული დ.ჩ.
- მოზარდის შეყვარებული - გიგა ავალიანის მოსწავლე ნ.ი.
- მოზარდის შეყვარებულის მეგობარი - გიგა ავალიანის მოსწავლე გ.მ. - ყოფილი მაღალჩინოსნის შვილი.
„მკვლელებსა და მკვლელების ადვოკატებს ჩემი მოსმენა მაინც მოუწევთ...“ - თქვა ეკა კუპატაძემ, გულზე მიიკრა 15-მდე წიგნაკი, შავი თავშალი შეისწორა და სასამართლოში შევიდა.
მან რამდენიმე საათით ადრე, გვიან ღამით შეიტყო, რომ დაკავებული არასრულწლოვანების ადვოკატებმა მისი ჩვენება „უდავოდ“ ცნეს.
სამართლებრივად ეს ნიშნავდა, რომ სასამართლოში მისი დაკითხვა აღარ უნდა გამხდარიყო საჭირო.
ამის მიუხედავად, 26 მარტს ის მაინც მივიდა სასამართლოში და, როგორც დაზარალებულის უფლებამონაცვლემ, სიტყვით გამოსვლა ითხოვა. მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს წინააღმდეგობა არ გაუწევია.
ეკა კუპატაძე მის შვილზე ძალადობაში ბრალდებულებს სასამართლო დარბაზში მანამდე არასდროს შეხვედრია.
„აქ თუ ვინმე მათიანს [იგულისხმება ბრალდებულების ოჯახის წევრები - რ.თ.] დაინახავ, სთხოვე მანდატურებს და გაგარიდებენ, არცერთი წამით გამოხვიდე მდგომარეობიდან იცოდე, გიგას გაფიცებ“, - უბარებს ეკა კუპატაძე შვილს, ნიკა ავალიანს, რომელიც დერეფანში რჩება, დარბაზში ეკა კუპატაძე შედის.
სხდომათა დარბაზის მარცხენა მხარეს, უკვე სხედან ბრალდებული არასრულწლოვანები და მათი ოჯახის წევრები. მარჯვნივ პროკურორები - ლევან ვეფხვაძე და ქეთი სონიძე.
ეკა კუპატაძეს ოჯახის ადვოკატი, დარეჯან სულაშვილი ახლავს. ის სკამს დარბაზის შუაში, დასაკითხ ტრიბუნასთან, ეკა კუპატაძესთან რაც შეიძლება ახლოს დგამს და ჯდება. მანდატურებს დარბაზში წყლით სავსე ჭიქები შეაქვთ.
ეკა კუპატაძე მოსამართლის მაგიდასთან მიდის და სახლიდან წამოღებულ წიგნაკებს მის წინ აწყობს.
„გიგას წიგნები და ჩანაწერებია, უნდა ვაჩვენო მოსამართლეს ვინ მოკლეს“, - გვითხრა ეკა კუპატაძემ სხდომის დაწყებამდე.
სხდომა დახურულია, კარის მიღმა ბგერები აღწევს, თუმცა შინაარსი იკარგება. ბრალდებულები თავდახრილები სხედან, წინ იშვიათად იყურებიან. მოსამართლე ნიკაპით ხელებს ეყრდნობა და ასე ისმენს ეკა კუპატაძის სათქმელს, რომელიც ჯამში, ექვს საათს გრძელდება.
„თქვენ მოგიწევთ მომისმინოთ მე, თქვენ მოგიწევთ შემომხედოთ მე“, - ისმის დარბაზიდან.
ამ დროის განმავლობაში, გიგა ავალიანის გარეთ დარჩენილი ძმა, ბიძა და ნათესავები, რამდენჯერმე დარბაზის კარისკენ გარბიან, იმ მომენტებში როდესაც ეკა კუპატაძის ხმამაღალი საუბარი ისმის.
„გიგა ავალიანის დედის ხმაა? მეზობელ დარბაზში გავიგონეთ და ეგრევე ვიცანით“, - თქვა მოქალაქემ, რომელმაც დერეფანში ჩამოიარა.
1 ოქტომბერს, ღამით, 22:20 საათზე თბილისში, თემქის დასახლებაში, სასწავლო ცენტრიდან გამოსულ ახალგაზრდა მასწავლებელს ორი არასრულწლოვანი აედევნა. ისინი გიგა ავალიანს სახლამდე გაჰყვნენ და სადარბაზოში შესვლამდე თავს დაესხნენ, ერთ-ერთი ამ სცენას ტელეფონით იღებდა. ავალიანმა 23 დღეს იცოცხლა და 24 ოქტომბერს გარდაიცვალა.
„ჩემი შვილის მკვლელობის გამო ყველა აგებს პასუხს, ვინც იცოდა და არ თქვა, ვინც მიჩქმალა, ვინც სწორად არ უმკურნალა“, - ეუბნება სხდომიდან გამოსული ეკა კუპატაძე დარბაზის კართან შეკრებილებს.
გიგა ავალიანის საქმეზე ამ დროისთვის ოთხი არასრულწლოვანია დაკავებული, აქედან ერთს დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან, ორს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რომელსაც სიკვდილი მოჰყვა, ერთს კი - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადებას. თავდაპირველად არასრუწლოვანებს შედარებით მსუბუქი მუხლები ჰქონდათ შეფარდებული, თუმცა ავალიანის დედის პროტესტის შემდეგ, საგამოძიებო უწყებამ განსხვავებული ნაბიჯები გადადგა.
რას ვგულისხმობთ „ნაბიჯების გადადგმაში“?
გიგა ავალიანზე თავდასხმიდან ექვსი თვის შემდეგ, 10 თებერვალს, საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გაირკვა, რომ ავალიანის საქმეზე დაკავებულ ორ არასრულწლოვანს არამხოლოდ ბრალი დაუმძიმდათ, არამედ კიდევ ერთ არასრულწლოვანთან ერთად, ძალადობის ოთხ ახალ ეპიზოდზეც წარედგინათ ბრალი.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებულები მსხვერპლებს სოციალური ქსელებით, გოგონების სახელით უკავშირდებოდნენ, შეხვედრაზე იტყუებდნენ და ჯგუფურად უსწორდებოდნენ. ძალადობის ამსახველ ვიდეოებს იღებდნენ და ავრცელებდნენ.
პროკურატურის ინფორმაციით, ოთხივე ახალი ეპიზოდი 2025 წელს დიდი დიღომში მოხდა და ყველა შემთხვევაში ერთმანეთს ჰგავდა - წინასწარ შერჩეული მსხვერპლით ჯგუფური თავდასხმითა და ძალადობის გადაღებით.
გიგა ავალიანზე თავდასხმას პროკურატურა ამ სამი არასრულწლოვანის დაგეგმილი ჯგუფური ძალადობის მეხუთე ეპიზოდად მიიჩნევს და მიუხედავად იმისა, რომ საქმეს უკვე სასამართლო იხილავს, ამ ოთხ ეპიზოდთან ერთადაც პარალელურადაც განიხილავს.
ჯგუფური ძალადობის საქმის განხილვის დროს, რომელიც მრავალეპიზოდიანია, გიგა ავალიანის საქმეზეც გახდა ახალი დეტალები ცნობილი.
მაგალითად, მოწმის სახით დაკითხეს არასრულწლოვანი [გ.მ.], რომელიც შს მინისტრის ყოფილი მოადგილის მერაბ მალანიას შვილია.
მერაბ მალანია - 2016-2019 წლებში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე.
ეკა კუპატაძის ვერსიაა, რომ ყოფილმა მაღალჩინოსანმა თავისი გავლენები და კონტაქტები გამოიყენა და დაეხმარა ბრალდებული მოზარდის [ა.გ.] შეყვარებულს ნ.ი.-ს თავისი მამხილებელი მტკიცებულებების გაქრობაში და „საქმის ჩაფარცხვაში, რამაც გამოძიება ჩიხში შეიყვანა“.
დაკითხული არასრულწლოვანი, რომელსაც ამ დროს თან ახლავს მამა, გამოკითხვის ოქმში ბრალდებებს უარყოფს. ყოფილი მაღალჩინოსნის შვილი, ბრალდებულის შეყვარებულის მსგავსად, გიგა ავალიანის მოსწავლე იყო.
„გ.მ. [მაღალჩინოსნის შვილი] საქმეში მოწმის სტატუსით არსებობს. ეს ბავშვი ეკა კუპატაძის ცენტრში ემზადებოდა და იყო ნ.ი.-ს [შეყვარებული - რ.თ.] ახლობელი, ამიტომ დაზარალებულს გაუჩნდა ეჭვი და ვარაუდი იმისა, რომ სწორედ მალანიამ მიასწავლა გიგა ავალიანის საცხოვრებელი მომავალ თავდამსხმელებს. თუ გამოიკვეთება მისი დანაშაული, პროკურატურა იქნება შეუვალი“, - ამბობს საქმის პროკურორი ქეთი სონიძე.
მისივე თქმით, გამოკითხვის დროს გ.მ.-მ დაადასტურა, რომ ა.გ.-ს გიგა ავალიანზე თავდასხმამდე „ახლო პერიოდში ტელეფონით ესაუბრა“, თუმცა უარყოფს, რომ მოსალოდნელ დანაშაულზე რაიმე შეიძლება სცოდნოდა.
„მოწმის ჩვენებაზე დეტალურად ვერ მოგიყვებით, თუმცა ის ამ საქმეში მონაწილეობას გამორიცხავს“, - ამბობს პროკურორი.
ავალიანების ოჯახის ადვოკატი, დარეჯან სულაშვილი რადიო თავისუფლებასთან აზუსტებს, რომ ნ.ი. და გ.ა. მეგობრები არიან, თუმცა მაღალჩინოსნის შვილი და ბრალდებული არასრულწლოვანი, რომელმაც გიგა ავალიანს დაარტყა ერთმანეთს არ იცნობდნენ.
„უფრო სწორად ა.გ.-მ იცოდა რომ გ.მ. იყო ნ.ი.-ს მეგობარი, მათ შორის კავშირი იკვეთება 29 სექტემბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით... დეტალებს ვერ გეტყვით, ვინაიდან გამოძიება გრძელდება“, - ამბობს ადვოკატი.
არასრულწლოვანის დედამ რადიო თავისუფლების არც სატელეფონო ზარს და არც ტექსტურ შეტყობინებას არ უპასუხა.
შეყვარებულის როლი
პროკურატურის ცნობით, ბრალდებულის შეყვარებულის ნ.ი.-ს ტელეფონი „გასუფთავებულია“ და გამოძიება ექსპერტიზის დასკვნის შედეგებს ელოდება. გიგა ავალიანის ოჯახი ვარაუდობს, რომ ტელეფონიდან ინფორმაცია დანაშაულის დაფარვის გამო წაშალეს, შესაბამისად, ელიან, რომ აღდგენილი მონაცემები ეჭვებს გაფანტავს და კითხვებსაც უპასუხებს.
ეკა კუპატაძე ფიქრობს, რომ სწორედ ნ.ი. დაეხმარა შეყვარებულ ბრალდებულს გიგა ავალიანის ფეისბუკზე პოვნასა და ამოცნობაში.
რატომ ფიქრობს ეკა კუპატაძე ასე?
საქმის მასალების თანახმად, სატელეფონო ანძების ამონაწერებმა აჩვენა, რომ 26 სექტემბერს ნ.ი. ა.გ-სთან ერთად ოთხ საათზე მეტ დროს ატარებს დიღმის პარკში.
ადვოკატ დარეჯან სულაშვილის თქმით, ეს სწორედ ის დროა, როცა ნ.ი.-მ მიწერა გიგა ავალიანს, რომ გაკვეთილს „ჯანმრთელობის მდგომარეობის“ გამო ვერ დაესწრებოდა, ამ შუალედში დაურეკა კუპატაძემ ნ.ი.-ს დედას, რომ მისი შვილი ბევრს აცდენდა და ამ შუალედში აქვს ა.გ.-ს ჩამოტვირთული ფოტოები სოციალური ქსელიდან.
ავალიანის ოჯახი ვარაუდობს, რომ შეყვარებულმა ა.გ. წააქეზა.
პროკურორ ქეთი სონიძის თქმით, ამ ეტაპზე გამოძიებას არ აქვს მოპოვებული მტკიცებულებების ის ერთობლიობა, რომელიც ნ.ი.-ს ბრალს დაადასტურებდა.
„დანაშაულის შესახებ შეიძლება იცოდე, დანაშაულის ჩადენამდე ან მის შემდეგ - ახლა გამოძიება, სწორედ, ამის გამოკვლევაზე მუშაობს. თუ დევნის დასაწყებად მტკიცებულებების საკმარისი ჯაჭვი შეიკვრება, პროკურატურა უკან არ დაიხევს“, - ამბობს პროკურორი.
მისი განმარტებით, დანაშაულის შეუტყობინებლობა ისჯება იქამდე, სანამ სამართალდამცველების ყურამდე მივა. ამიტომ ახლა საკვლევია, „როდის გაიგო ნ.ი.-მ მომხდარი 19 ოქტომბრის შემდეგ, როცა მისი შეყვარებული დააკავეს, [ანუ] 19 ოქტომბრამდე, თუ დანაშაულის ჩადენამდე პერიოდში“.
„საქმის მასალებიდან ცალსახად არ ვლინდება, დაუკვეთა თუ არა ნ.ი.-მ მასწავლებელზე ანგარიშსწორება შეყვარებულს, თუმცა ის, რომ ნ.ი. ეჭვობდა, რომ რაღაც მოხდა, ირკვევა იმ ტექსტების შინაარსით, რომელსაც ჯგუფელს უგზავნის. ის პირველი ოქტომბრის შემდეგ პერიოდში, აქტიურად სვამს კითხვას, რა მოხდა გაგასთან და რამე ხომ არ ჩაარტყეს“, - უთხრა პროკურორმა რადიო თავისუფლებას.
ნ.ი. სასამართლოში არ დაიკითხება. მისი ჩვენება დაცვის მხარემ „უდავოდ“ ცნო.
ექსპერტიზის დასკვნის შედეგი
გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ, არგუმენტით, რომ გაუთქმელობის დოკუმენტზე აქვთ ხელი მოწერილი. დუმილი აირჩიეს ბრალდებულების ოჯახის წევრებმაც.
თუმცა მათი სტრატეგია ცნობილია. ადვოკატები ცდილობენ დაარწმუნონ სასამართლო, რომ 28 წლის მასწავლებლის გარდაცვალების მიზეზი დარტყმა არ გამხდარა. მათ პასუხისმგებლობის ისრები კლინიკისკენ და ექიმებისკენ გადააქვთ - სიკვდილი არასწორმა დიაგნოზმა, მკურნალობამ და კლინიკაში განვითარებულმა ვირუსმა გამოიწვიაო. ამაზე საუბრობდა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში იმ ბრალდებულის მამაც, რომელმაც გიგა ავალიანს დაარტყა.
ექიმების პასუხისმგებლობასა და დაგვიანებულ რეაგირებაზე გიგა ავალიანის ოჯახიც საუბრობს. გამოძიება ამ გზითაც მიდის, თუმცა „დაცვის მხარის სტრატეგია გააცამტვერა ექსპერტიზის დასკვნამ და ექსპერტმა, რომელიც სასამართლოში დაიკითხა“, - ამბობს ადვოკატი დარეჯან სულაშვილი.
პროკურატორის ცნობით, სამედიცინო ექსპერტმა მკაფიოდ დაადასტურა, რომ გიგა ავალიანს მიყენებული აქვს დაზიანება წინ, შუბლის მიდამოში, საიდანაც ჩნდება პირველი ბზარი.
„მინდა აღვნიშნო, რომ მაშინ, როდესაც გიგა ავალიანი ემზადებოდა დედის დაბადების დღის აღსანიშნავად, ბრალდებულები ემზადებოდნენ გიგა ავალიანზე ძალადობის განსახორციელებლად. მაშინ, როდესაც გიგა ავალიანი ყიდულობდა სახლისათვის პროდუქტებს, ბრალდებულები ყიდულობდნენ ელექტროშოკს და სხვა საგნებს. ეს არის მოცემულობა, რომელიც ამ საქმეში არის რეალობა და გიგა ავალიანი ზუსტად ბრალდებულების მიერ განხორციელებული ქმედების შედეგად გარდაიცვალა“, - განაცხადა ავალიანის საქმის კიდევ ერთმა პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ.
მეორე პროკურორი ქეთი სონიძე კი რადიო თავისუფლების დამაზუსტებელ კითხვაზე, შეეძლო თუ არა მუშტს გაეტეხა შუბლის ძვალი, პასუხობს: „მუშტიც მიეკუთვნება მკვრივ, ბლაგვ საგანს და როგორც ქვას ან ხის ნაჭერს, ისევე მუშტს შეეძლო ადამიანის ამ მდგომარეობამდე მიყვანა“.
ჯგუფური ძალადობის სხვა ეპიზოდები - ცრუ ჩვენება
ჯგუფური ძალადობის სხვა ეპიზოდებზე, გარდა გიგა ავალიანის საქმისა, სადაც მოქმედება დიდ დიღომში ვითარდება (გიგა ავალიანს თემქის დასახლებაში დაესხნენ თავს), პროკურატურამ მტკიცებულებების შესწავლა დაასრულა. გამოჰკითხა მოწმეები - ისინი დიდი დიღმის მაცხოვრებლები არიან, მათ შორის არასრუწლოვანებიც. გამოიკვლია ძალადობის ამსახველი ვიდეომტკიცებულებები და ექსპერტიზის დასკვნები, რომელმაც დაადასტურა, რომ ვიდეოში ბრალდებულები ჩანან ან მათი ხმა ისმის.
პროკურორის თქმით, მოწმეების უმრავლესობამ დაადასტურა, რომ ძალადობის ამსახველ ვიდეოებზე ბრალდებულები არიან ასახულნი, თუმცა „იყო რამდენიმე, რომელმაც ვიდეოკადრებში ამ პირთა ამოცნობა უარყო და ასევე უარყო ის ინფორმაცია, რომელიც მოწმის გამოკითხვის ოქმში ჰქონდათ მითითებული“.
„…ამ პირთა ნაწილი ძალადობის მონაწილე იყო და თავისი თავის წინააღმდეგ ჩვენება არ მისცა, ხელი დააფარა მეგობრებს, ასევე ეშინოდათ შურისძიების... მათთვის, ვინც იცრუა, დადგება სამართლებრივი შედეგები“, - უთხრა რადიო თავისუფლებას პროკურორმა, ქეთი სონიძემ.
ამის თქმიდან რამდენიმე საათში პოლიციამ კიდევ ერთი არასრულწლოვანი მოწმე ცრუ ჩვენებისთვის დააკავა. მას ოთხ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე აცხადებს, რომ ეს დაკავება იქნება გაფრთხილება სხვა მოწმეებისთვისაც, რომლებიც სიმართლის დამალვას შეეცდებიან.
ფორუმი