Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი საბანკო რეგულაციები - კახეთში მაღაზიებში განვადებები შემცირდა


ახალი საბანკო რეგულაციების ამოქმედების შემდეგ კახეთში ტექნიკის მაღაზიებს ვაჭრობა გაუნახევრდათ. ადამიანებს, რომლებსაც შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა არ შეუძლიათ, სესხსა და განვადებაზე უარს ეუბნებიან. არადა, რეგიონში ტექნიკის მაღაზიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ გაყიდული საქონლის 80-90 პროცენტი სწორედ განვადებებზე მოდიოდა. რა შეიძლება მოხდეს ბაზარზე იმ შემთხვევაში, თუკი არსებული მდგომარეობა არ შეიცვალა?

რეგულაციები რაც დააწესეს, იმის მერე პრობლემებია. ვფიქრობთ, რომ ძალიან დიდი უარყოფითი შედეგი იქნება. კარგია დაბრუნდეს ისე, როგორც იყო, რადგან აქ მოსახლეობის შემოსავალი ძირითადად სოფლის მეურნეობაზეა დამოკიდებული.

საბანკო რეგულაციის ამოქმედებიდან 10 დღე გავიდა და კახეთში ტექნიკის მაღაზიის მფლობელები და თანამშრომლები განვადებების მკვეთრ შემცირებაზე ალაპარაკდნენ. 7 მაისიდან საკრედიტო ოფიცრები სესხს შემოსავლის დოკუმენტის წარდგენის გარეშე ვერ გასცემენ. იგივე წესი მოქმედებს განვადებებზე. ლაგოდეხის ტექნიკის მაღაზიაში ერთ-ერთი ბანკის წარმომადგენელი გვეუბნება, რომ 7 მაისიდან დღემდე „საქართველოსა“ და „თიბისი ბანკის“ ოფიცრებს მათ მაღაზიაში არც ერთი განვადება არ გაუკეთებიათ, რის გამოც საქონელს ვეღარ ყიდიან.

„დღის განმავლობაში მინიმუმ 5 ადამიანს ვეუბნებით უარს განვადებაზე, რადგან მათ არ აქვთ შემოსავლების დამადასტურებელი საბუთი. ჩვენს მაღაზიაში 7 მაისიდან დღემდე ერთი განვადებაც კი არ გაკეთებულა “ საქართველოსა“ და “თიბისი“ ბანკის მიერ. ამჟამად განვადებებზე შეზღუდვა არ აქვს „კრედოს“, თუმცა მათ ლიმიტი აქვთ დაწესებული და მისი ამოწურვის შემდეგ, სავარაუდოდ, სესხს ვეღარ გასცემს. დაზარალებული გამოდის როგორც ბანკი, ისე ტექნიკის მაღაზია და მომხმარებელი“.

ძალიან კარგია. ნეტავ აქამდეც არ მოეცათ სესხის აღების საშუალება. ახლა სესხი მაქვს და ვალის გადახდა აღარ შემიძლია. რა გავაკეთო?!

ტექნიკის კიდევ ერთ მაღაზიაში გვეუბნებიან, რომ თუკი ახლად დაწესებული საბანკო რეგულაცია არ შეიცვალა, კომერციული ობიექტები იძულებული გახდებიან მუშაობა შეაჩერონ, რადგან გაყიდული საქონლის თითქმის 80-90 პროცენტი საბანკო განვადებებზე მოდიოდა:

„მაღაზიაში ძალიან მცირეა ნაღდი ანგარიშსწორებით ვაჭრობა. დღის განმავლობაში შეიძლება ვივაჭროთ 5-10 %, ხოლო 90 % არის მთლიანად განვადება. რეგულაციები რაც დააწესეს, იმის მერე პრობლემებია. ვფიქრობთ, რომ ძალიან დიდი უარყოფითი შედეგი იქნება. კარგია დაბრუნდეს ისე, როგორც იყო, რადგან აქ მოსახლეობის შემოსავალი ძირითადად სოფლის მეურნეობაზეა დამოკიდებული. ხალხს არ აქვს ფიქსირებული შემოსავალი და სახელფასო ცნობებს, უბრალოდ, ვერ წარმოადგენენ“.

ახალი საბანკო რეგულაციები მოსახლეობის იმ ნაწილისთვის არის მიუღებელი, ვისაც შემოსავალი არასტაბილურად და ისიც ნაღდი ანგარიშსწორებით აქვს. ჩვენ მიერ გამოკითხული მოქალაქეების ნაწილი ამბობს, რომ საყოფაცხოვრებო ტექნიკა ძირითადად განვადებით აქვთ შეძენილი. არიან ისეთები, ვისაც ცვლილებები მოსწონს:

„შეიძლება არ გაქვს ოფიციალური ხელფასი და გაქვს სხვა შემოსავალი, როგორ შეიძლება ბანკმა უარი გითხრას სესხზე ან განვადებაზე? ხალხი ფიზიკურად წვალობს და ზოგს აქვს შესაძლებლობა გააკეთოს განვადება და ეს რეგულაცია მათ ამ უფლებას უზღუდავს“.

„ძალიან კარგია. ნეტავ აქამდეც არ მოეცათ სესხის აღების საშუალება. ახლა სესხი მაქვს და ვალის გადახდა აღარ შემიძლია. რა გავაკეთო?!“

„მე რომ არ ვიღებ ბანკში ხელფასს და დამჭირდეს სესხის აღება, რა გავაკეთო? ეს რეგულაცია ჩემთვის ძალიან ცუდია“.

ეკონომისტების ნაწილი ფიქრობს, რომ ახალი რეგულაციები საბანკო სექტორის განვითარებას შეაფერხებს, პრობლემებს შეუქმნის ბიზნესს და დაზარალდებიან მოქალაქეებიც. ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" გამგეობის თავმჯდომარე გიორგი კეპულაძე იმედოვნებს, რომ პრობლემა მოგვარდება:

„რეგიონში მცხოვრები ადამიანების უმრავლესობა არის თვითდასაქმებული. ისინი ფონს გადიოდნენ მარტივი სამოყვარულო ტიპის სესხებით, რისი აღებაც დღეს მათ, სამწუხაროდ, აღარ შეუძლიათ. ტექნიკის მაღაზიები შეიძლება მთლიანად არ დაიხუროს, თუმცა შემცირდება მათი მასშტაბი. იმედი მაქვს, ეს ასე არ მოხდება და რამე გამოსავალი მოიძებნება“.

ახალი საბანკო რეგულაცია მოქალაქეებს სესხის აღების დროს გარკვეულ შეზღუდვებს უწესებს. კერძოდ, მომხმარებელთა შემოსავლებისა და გადახდისუნარიანობის სრული ანალიზის გარეშე სესხები აღარ გაიცემა. გადაწყვეტილების ერთ-ერთ მიზეზად ის გარემოება სახელდება, რომ მსესხებლების მნიშვნელოვანი ნაწილი საბანკო ვალდებულებებს ვერ ასრულებს და სესხის დაფარვის ვადებს აცილებს. ეროვნული ბანკის ეს რეგულაცია პირველ ეტაპზე შეეხება კომერციულ ბანკებს, ხოლო სამომავლოდ არ გამორიცხავენ რომ ამ კატეგორიაში მოექცნენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიც.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG