Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალციხის სოფლების ნაწილი სასმელად ვარგის წყალს ითხოვს


წყარო სოფელ მუგარეთში
წყარო სოფელ მუგარეთში

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუგარეთში ცოტა და ისიც სასმელად უვარგისი წყალი მოდის, რის გამოც მოსახლეობა დასალევ წყალს მეზობელი სოფლებიდან ეზიდება. ადგილობრივ მცხოვრებთა ნაწილი ირწმუნება, რომ ათეულ წელზე მეტია მათი ონკანებიდან წყალი არ გამოსულა, ხოლო ტექნიკური დანიშნულების წყალს ბიდონებით ეზიდებიან. მუგარეთში იმასაც ამბობენ, რომ ავზი, საიდანაც სოფელი წყლით მარაგდება, დაბინძურებულია, მილები კი -გამოსაცვლელი. წვიმიანი ამინდის დროს სოფელში მღვრიე წყალი მოდის, გვალვებისას კი საერთოდ შრება და სოფელი უწყლოდ რჩება.

ვისაც შეძლებული ოჯახი აქვს, იმას გამოყვანილი ყავს წყალი ტყიდან, მაგრამ ვინც ჩემნაირი ღარიბია, არ აქვს. არაა კაი წყალი. ზოგი ბინტითაც კი წმენდს წყალს და სვამს“.

წვიმის დროს მოდის ტალახივით წყალი. მე, მაგალითად, მანქანით ვეზიდები ხან წნისიდან, ხან სხვა სოფლებიდან“, – ამბობს მუგარეთში მცხოვრები რეზო კაპანაძე.

ბავშვებს ვერ ვასმევთ, ისეთი ცუდი წყალი მოდის. კოღო და ბაყაყი მოყვება წყალს. ამიტომ ბავშვებისთვის ვყიდულობთ, ან მეორე სოფლიდან, ფერსადან, მოგვაქვს“.

სოფლებში შექმნილი პრობლემების გამო, ხელმძღვანელი პირებისგან დაზუსტებულ ინფორმაციას ითხოვენ ახალციხის საკრებულოს წევრები. „ქართული ოცნების“ დეპუტატი ტიგრან მელქონიანი მუნიციპალიტეტის მერიას თემში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაციას სთხოვს. მმართველი პარტიის დეპუტატმა ამის შესახებ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, რაზეც სხვა დეპუტატებიც დაეთანხმნენ. საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე დაპუტატებს დაჰპირდა, რომ პროექტების ჩამონათვალს ყველა დეპუტატს უახლოეს დღეებში გადაუგზავნის.

წინუბნის ღელეში უნდა მოეწყოს საფილტრე დანადგარები, მოწყობილობა, რომლის მეშვეობითაც ხუთი სოფლი სასმელ წყალს მიიღებს. ამ ხუთ სოფელში იქნება ჩართული მუგარეთიც.
ზაზა მელიქიძე

საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს დაჰპირდა, რომ მათივე ტერიტორიულ ერთეულებში ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაციის უახლოეს დღეებში მიაწვდის.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ სასმელი წყლის პრობლემა არა მხოლოდ სოფელ მუგარეთში, არამედ მის მიმდებარე დასახლებებშიც დგას. ამიტომ თვითმმართველობაში პროექტი მომზადდა, რომელიც ხუთი სოფლისათვის წყლის მიწოდებას უზრუნველყოფს. მერის, ზაზა მელიქიძის, განმარტებით, აღნიშნული პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდშია წარდგენილი და დაფინანსებას ელოდებიან.

წინუბნის ღელეში უნდა მოეწყოს საფილტრე დანადგარები, მოწყობილობა, რომლის მეშვეობითაც ხუთი სოფლი სასმელ წყალს მიიღებს. ამ ხუთ სოფელში იქნება ჩართული მუგარეთიც. პროექტი, როგორც სათავე, ასევე გამწმენდი ნაგებობების, მზად არის. გარდა ამისა, უკვე გვაქვს მაგისტრალი, რომელიც სოფელ მუგარეთს საკმაო რაოდენობის წყალს მიაწვდის“, – ამბობს ზაზა მელიქიძე.

დააფინანსებს თუ არა მუნიციპალური განვითარების ფონდი აღნიშნულ პროექტს, თვითმმართველობაში ვერ აკონკრეტებენ. მათი ინფორმაციით, პროექტი ორ ნაწილს მოიცავს. ერთი ეტაპი, სათავე-ნაგებობების სარეაბილიტაციო სამუშაოებს, მეორე კი მაგისტრალის მოწყობას ითვალისწინებს. პროექტის საერთო ღირებულება, დაახლოებით, 1 800 000 ლარია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG