Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნაცნობიც რომ ყოფილიყო, ვერ ამოვიცნობდი - ბადრი ესებუას საქმეზე მოწმეები გამოჰკითხეს


ბადრი ესებუა, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში
ბადრი ესებუა, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობები და "საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ ბადრი ესებუას სუნის, ხმის და ფსიქიატრიული ექსპერტიზები ჩაუტარდება.

22 თებერვალს გამართულ სასამართლო სხდომაზე ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში 8 ადამიანი გამოიკითხა. 7 დაზარალებულისა და 1 მოწმის სტატუსით.

ყველა „საქართველოს ბანკის“ თანამშრომელია. ისინი იმ 43 ადამიანს შორის იყვნენ, რომლებიც 2020 წლის 21 ოქტომბერს ბანკზე თავდასხმისას მძევლად აიყვანეს.

დაზარალებულების გამოკითხვამდე, მხარეებმა შუამდგომლობებზე იმსჯელეს.

სხდომას დარბაზში ესწრებოდა ბრალდებული ბადრი ესებუა, რომელიც წინასწარ პატიმრობას ბათუმის #3 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის.

პროკურატურის და დაცვის მხარის მოთხოვნები

სხდომის დაწყებისას ბადრი ესებუას ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფთან კონსულტაცია გაიარა და მზად არიან ბრალდებულს ხმისა და სუნის ექსპერტიზა ჩაუტარდეს ბანკიდან ამოღებულ ნიმუშებთან შესადარებლად. ადვოკატმა თქვა, რომ არ ენდობიან ექსპერტიზას, ამიტომ მოითხოვენ ექსპერტიზის პროცესებში ჩაერთოს მათი მხრიდან შერჩეული სპეციალისტიც:

ჩვენც გვაინტერესებს ექსპერტიზის ჩატარება, იმისთვის რომ ჩვენი უდანაშაულობა დამტკიცდეს... ჩვენი მოთხოვნა იქნება ჩაერთოს ჩვენი ექსპერტი, ჩვენი სპეციალისტი ჩაერთოს, რომ ის იყოს ერთგვარი დამკვირვებელი, რათა ჩატარდეს ყველაფერი ობიექტურად”, - განაცხადა იოსებ ჯანაშიამ სასამართლო სხდომაზე.

მისივე სიტყვებით, ბრალდების მხარეს თავადაც სურს დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარება, თუმცა პროცედურა ძვირადღირებულია, რისი გადახდის შესაძლებლობაც არ აქვთ, ამიტომაც საჭიროდ მიიჩნევენ ექსპერტიზის პროცესში მათ მიერ შერჩეული სპეციალისტის ჩართვას.

პროკურორი მირანდა წერეთელი ამ მოთხოვნას არ დაეთანხმა. მისივე თქმით, არანაირი საფუძველი არ არსებობს საიმისოდ, რომ ექსპერტიზის ობიექტურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს, ექსპერტს მუშაობისას დამატებითი “ზედამხედველი” არ სჭირდება, თქვა მირანდა წერეთელმა და, მისი სიტყვებით, მხარეს სურვილის შემთხვევაში, თავადაც შეუძლია ანალოგიური ექსპერტიზის ჩატარება.

ბადრი ესებუას საქმის სასამართლო სხდომა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში
ბადრი ესებუას საქმის სასამართლო სხდომა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში

მოსამართლე ეკატერინე ბებიამ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა, ესებუას ჩაუტარდეს სუნის და ხმის ექსპერტიზა, რადგან მანამდე ის ძებნილი იყო და უშუალოდ მისგან ვერ მოხერხდებოდა ნიმუშების აღება.

რაც შეეხება დაკავებულის ფსიქიატრიულ გამოკვლევას, ამ პროცედურის აუცილებლობა ბრალდების მხარემ “საქმის სპეციფიკურობით” ახსნა. პროკურორების თქმით, საუბარია მძიმე დანაშაულზე - ადამიანების მძევლად აყვანაზე, ამიტომაც შესაბამისი დასკვნა საქმეში უნდა არსებობდეს.

პროკურორმა დიმიტრი ხვიტიამ ბადრი ესებუასთვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, მისი 20 დღით შესაბამის დაწესებულებაში განთავსება მოითხოვა.

მოთხოვნას არ დაეთანხმა დაცვის მხარე. ადვოკატი იოსებ ჯანაშია ამბობს, პროკურორის შუამდგომლობა უსაფუძვლოა და მხოლოდ “პატიმრის დისკრედიტირებას” ემსახურება, ვინაიდან არც სამედიცინო დოკუმენტაცია და არც მოწმეთა ჩვენებები არ აჩენს ფსიქიკური მდგომარეობის ეჭვქვეშ დაყენების საფუძველს.

მიუხედავად ადვოკატების პოზიციისა, მოსამართლემ პროკურატურის ეს შუამდგომლობაც დააკმაყოფილა.

ყვიროდა, არ გამაბოროტოთო - დაზარალებულთა ჩვენებები

“საქართველოს ბანკის” თანამშრომლების ჩვენებები თითქმის იდენტური იყო. მათთვის დღემდე რთულია 2 წლის წინ მომხდარის შესახებ ემოციების გარეშე საუბარი.

თითქმის ყველა მოწმემ გაიხსენა, რომ 2020 წლის 21 ოქტომბერს, დაახლოებით 14:00-დან 15:00 საათამდე შუალედში, სანამ შეიარაღებული პირი ბანკში შეიჭრებოდა, შესასვლელთან ორჯერ გაისროლა.

ყვიროდა, არ გამაბოროტოთო… საშინელება იყო… რაღაც არაადამიანური თვალები ჰქონდა, შეღებილი. სამხედრო ჩექმები და ფორმა ეცვა…

დაზარალებულს, “საქართველოს ბანკის” მოლარე-ოპერატორს თეონა კუკავას ახსოვს, როგორ აღმოჩნდა მის პირდაპირ მოულოდნელად შეიარაღებული, ნიღბიანი პირი, რომელმაც დაიყვირა “ძარცვა არისო”.

შემდეგ მახსოვს, კიდევ გაისროლა, მგონი გარეთ კამერა ნახა და ესროლა. [შენობის გარედან ტელეკომპანია „ოდიშის“ ოპერატორის მიმართულებით გაისროლა] ერთხელ თუ ორჯერ გაისროლა… ადი ზევითო, ჩამოიყვანე მენეჯერიო, თორე ამათ აქ ჩავცხრილავო - თანამშრომელს მიუშვირა იარაღი”, - განაცხადა სხდომათა დარბაზში თეონა კუკავამ. მანვე გაიხსენა, რომ ყველას ძალიან ეშინოდა და ყველა “კანკალებდა”.

როგორც დაზარალებულმა თქვა, შეიარაღებული პირი თავიდანვე ითხოვდა 112-ში დარეკვას, მედიასა და სამართალდამცველებთან დაკავშირებას. მისი ამ მოთხოვნის შესრულების შემდეგ კი უკვე პოლიციასთან განაცხადა საკუთარი პირობების შესახებ, რომ მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ ითხოვდა 500 ათას დოლარს და უსაფრთხოდ გასვლას.

ყვიროდა, არ გამაბოროტოთო… საშინელება იყო… რაღაც არაადამიანური თვალები ჰქონდა, შეღებილი. სამხედრო ჩექმები და ფორმა ეცვა… ყოველდღე ღმერთს მადლობას ვეუბნები, რომ გადავრჩით, განწირული ვიყავით. დღემდე მომყვება ეს ამბავი… აგრესიული იყო… დაიყვირა, ერთ დღეს ყველა მოვკვდებით და რა მნიშვნელობა აქვსო”, - ამ სიტყვებით იხსენებდა მოწმე „საქართველოს ბანკში“ შეჭრილ პირს.

თეონა კუკავას თქმითვე, მოგვიანებით პირდაპირი სატელეფონო დიალოგი შედგა სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორთან ავთანდილ გალდავასთან.

შემდეგ მახსოვს, როგორ მოვიდა ბატონი ავთანდილი. ჩვენ მაშინ ძალიან გაგვიხარდა, გვეშველაო, გავიფიქრეთ. ბატონმა ავთანდილმა თვითონ ამოალაგა ფული, 5 შეკვრა… შემდეგ ბიჭებმა თქვეს, გოგოები გავუშვათო… სამი მძევალი ბიჭი დაიტოვა და მეოთხე გალდავა. ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ვნახე, რომ რაღაც პლასტმასის მომჭერებით გადააბა ეს მძევლები”, - განაცხადა ბანკის თანამშრომელმა.

ადვოკატის შეკითხვაზე, ამსგავსებს თუ არა დარბაზში მყოფ ბრალდებულს ბანკში შეჭრილს პირს, მოწმემ აღნიშნა, ის “ისეთი ჩაცმული იყო, რომ ნაცნობიც რომ ყოფილიყო ვერ ამოიცნობდა”.

მოსამართლის შეკითხვაზე, ხომ არ სურს თეონა კუკავას კითხვები დაუსვას, ბადრი ესებუამ თქვა, რომ მოწმე ნერვიულობს და უმჯობესია გაუშვან:

ცოდოა, არ აწვალოთ და გაუშვით. ვხედავ, რომ წვალობს”, - თქვა ბადრი ესებუამ.

ბადრი ესებუას კითხვები არ ჰქონია გამოკითხულ სხვა დაზარალებულებთანაც და პროკურორებს გაუმეორა, გაითვალისწინონ დაზარალებულების მძიმე ემოციური მდგომარეობა და გაუფრთხილდნენ მათ.

ფეხი მკრა და მითხრა, დარეკე 112-შიო. მას სჭირდებოდა შუამავალი, ვისი საშუალებითაც მოლაპარაკებას დაიწყებდა… გვითხრა, მე არაფერი მაქვს დასაკარგი… თუ ჩემი მოთხოვნები არ შესრულდება, ხალხის ამოხოცვას დავიწყებო…

ადვოკატების შეკითხვაზე, რომელიც ბრალდებულსა და ბანკში შეჭრილ პირს შორის მსგავსებას შეეხებოდა, იგივე პასუხი გასცა “საქართველოს ბანკის” მოლარე-ოპერატორმა აიდა ქაჯაიამ.

ყველანი დაწექით ძირს, ეს არის ძარცვა. სად არის თქვენი უფროსი, სად არის თქვენი მენეჯერიო. მე მაგიდის ქვეშ შევძვერი და განგაშის ღილაკს დავაჭირე ხელი… ყველა ქვითინებდა, იყო სტრესული სიტუაცია. ხელში ეჭირა ყუმბარა… არ გაინძრეთო… დემონსტრირებდა, რომ ხელში ჰქონდა ყუმბარა… არ გაინძრეთ, გესვრითო… ითხოვდა მენეჯერს… მე ფეხზე ფეხი მკრა და მითხრა, დარეკე 112-შიო. მას სჭირდებოდა შუამავალი, ვისი საშუალებითაც მოლაპარაკებას დაიწყებდა… გვითხრა, მე არაფერი მაქვს დასაკარგი… თუ ჩემი მოთხოვნები არ შესრულდება, ხალხის ამოხოცვას დავიწყებო”, - განუცხადა სასამართლოს მოწმემ.

მისივე თქმით, მოგვიანებით თავდამსხმელმა მძევლები მესამე სართულზე აიყვანა, სადაც კამერების გათიშვა მოსთხოვა და შუქი ჩააქრო.

ჩვენ ვისხედით იატაკზე… მას ჩვენთან დიდად არ უნდოდა საუბარი… გვითხრა, ჩვენ კარგა ხანი ვიქნებით აქ, სანამ ჩემი მოთხოვნა არ შესრულდებაო”, - თქვა აიდა ქაჯაიამ.

ქაჯაიამ გაიხსენა, რომ თავდამსხმელის ერთ-ერთი მოთხოვნა, რომელიც მან პოლიციას წაუყენა, იყო ვერტმფრენი, რაზეც ავთანდილ გალდავასგან მიიღო პასუხი, რომ ეს ტექნიკურად ვერ მოხერხდებოდა. ქაჯაიამ თქვა, რომ გალდავა სხვა მოთხოვნების შესრულებას დათანხმდა და სანაცვლოდ მძევლების ნაწილის გათავისუფლება სთხოვა. რის შემდეგაც შეიარაღებულმა პირმა რამდენიმე მძევალი გაუშვა.

როგორც დაზარალებულმა განმარტა, თავდამსხმელის გაღიზიანება გამოიწვია ერთ-ერთი ტელეკომპანიით გასულმა ინფორმაციამ, სადაც საუბარი იყო, რომ თითქოს ზუგდიდში შსს მძიმე ჯავშანტექნიკის მობილიზებას ახდენდა. რაზეც უკმაყოფილება გამოხატა ავთანდილ გალდავასთან და უსაფრთხო დერეფანი მოითხოვა.

სასამართლოს სხდომაზე იგივე გაიმეორა კიდევ ერთმა დაზარალებულმა, ბანკის მოლარე-ოპერატორმა გვანცა თორდიამ. მოჰყვა იმასაც, რომ ბანკში შეჭრილმა წიხლით ერთ-ერთი სალაროს შუშა ჩაამსხვრია.

მახსოვს, ვტიროდი და მითხრა, რა გატირებს, ერთ დღეს ყველა მოვკვდებით და რა მნიშვნელობა აქვს ეს როდის მოხდებაო… მერე მე გამიშვა და გარეთ მყოფებთან დამაბარა, უთხარი, შეიარაღებული არისო”, - თქვა დაზარალებულმა გვანცა თორდიამ.

“საქართველოს ბანკის” კიდევ ერთმა თანამშრომელმა, ლიკა კარტოზიამ გაიხსენა, რომ ნიღბიანმა მას მენეჯერის მოყვანა მოსთხოვა.

გამიშვა მეორე სართულზე, რომ მომეყვანა [მენეჯერი]. მეორეზე არავინ იყო. ყველანი მესამეზე იყვნენ ასულები. მათ მოასწრეს იქ ასვლა… მე ცუდად ვიყავი, იქ დამალევინეს წყალი და შემდეგ გავედით ტერასაზე. იქიდან სახანძრო კიბით ჩავედით ქვევით”,- მოჰყვა დაზარალებული.

მახსოვს, ვტიროდი და მითხრა, რა გატარებს, ერთ დღეს ყველა მოვკვდებით და რა მნიშვნელობა აქვს ეს როდის მოხდებაო… მერე მე გამიშვა და გარეთ მყოფებთან დამაბარა, უთხარი, შეიარაღებული არისო...

ყოფილი მძევლის, “საქართველოს ბანკის” გაყიდვების კონსულტანტის ნანა ჩიქოვანის თქმით, თავდასხმისას ემოციურად ყველა მძიმე მდგომარეობაში იყო, რამდენიმე ტიროდა.

მახსოვს, ვიყავი შოკში, სანამ არ გაჩნდა იმედი, რომ ჩვენთან ვიღაც მოდის”, - განმარტა ნანა ჩიქოვანმა.

მოწმის, ასევე “საქართველოს ბანკის” თანამშრომლის, სოფიო გაბისონიას განცხადებით, შეიარაღებული პირის ბანკში შეჭრისას, მას შემდეგ, რაც გაიგეს გასროლის ხმა და შეძახილი “ძარცვაა”, ბანკის მეორე სართულზე მყოფმა თანამშრომლების და მომხმარებლების ნაწილმა შენობიდან გასვლა ვერანდიდან მოახერხეს.

იმავე გზით შეძლეს შენობის დატოვება დღეს სასამართლოში გამოკითხულმა, დაზარალებულებმა ბანკის თანამშრომლებმა სალომე შენგელიამ და რიმა ლოგუამაც.

მოწმეების გამოკითხვა მომდევნო სხდომაზე, 1 მარტს გაგრძელდება. პროკურატურა ამბობს, რომ კიდევ ათეულობით მოწმეა გამოსაკითხი.

დღეს დარბაზში იმყოფებოდნენ ბრალდებულის მშობლები და ნათესავები. მათ სასამართლოს შენობა უკომენტაროდ დატოვეს.

2-წლიანი ძებნის შემდეგ ბადრი ესებუას დაკავება შსს-მ 8 თებერვალს, დილით დაადასტურა. იგი ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარში, ნათესავის სახლში დააკავეს. ბადრი ესებუა დაკავებულია ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით.
"საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმის საქმეზე ბრალდებულ ბადრი ესებუას დაკავების შემდეგ, 9 თებერვალს პროკურატურამ კიდევ ერთი ბრალი, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა და შენახვის მუხლით წარუდგინა. ის არ აღიარებს არც ამ მუხლით წარდგენილ ბრალს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.
შეიარაღებული, ნიღბიანი პირი ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა და მძევლად აიყვანა 43 ადამიანი. ის 500 ათას დოლარს და უსაფრთხოდ გადაადგილებას მოითხოვდა. სამართალდამცავებთან მოლაპარაკების შედეგად, მოთხოვნებზე თანხმობის მიღების შემდეგ, ესებუამ მძევლების უმრავლესობა გაათავისუფლა და სამ მძევალსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორთან ერთად დატოვა ბანკის შენობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG