Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბავშვები ზუგდიდის საბავშვო ბაღში იატაკზე იწვნენ


იყენებს თუ არა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის პირველი საბავშვო ბაღი ბავშვების საძინებლად იატაკს, - ამ საკითხის მოკვლევა დაიწყო ზუგდიდის მერიამ. პარალელურად სააღმზრდელო დაწესებულებაში მონიტორინგის ჩატარებას გეგმავს პარტია „ევროპული საქართველო“, რომლის წევრმა, ბათლომე შელიამ, 25 სექტემბერს, ერთ-ერთი მშობლის თხოვნით, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა დარჩელის ბაღში გადაღებული ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ბავშვები იატაკზე დაფენილ ლეიბებზე წვანან.

არ სძინავთ, რადგან არ გვაქვს საძინებელი. არ გვაქვს ოთახიც, იმიტომ რომ აქ დევნილები ცხოვრობდნენ.
ინეზა ქობალია


ოთახში, სადაც ვიდეოა გადაღებული, დღეს ლეიბების ნაცვლად მხოლოდ ხალიჩა ეფინა. ამასთან, ადმინისტრაციაში უარყოფენ ბრალდებას, თითქოს პატარებს იატაკზე აძინებენ. ერთ-ერთი აღმზრდელის, ხატია ნინუას, თქმით, კადრში ასახულია არა ბავშვების ძილი, არამედ მათი დასვენების პროცესი, რადგან აქტიური თამაშების შემდეგ ოთახში ლეიბებს აფენენ და პატარებისთვის „მოსვენების კუთხეს“ აწყობენ.

„ნასადილევი ბავშვები იყვნენ გადასული მოსვენების კუთხეში, ამ პერიოდში ან ზღაპრებს ვუკითხავთ, ან სხვადასხვა სათამაშოთი ვერთობით“, - ამბობს მასწავლებელი.

ამასთან, ბაღის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ სააღმზრდელო დაწესებულებას არ აქვს საძინებელი ოთახი, არც საწოლები და, შესაბამისად, ბავშვებს ვერ აძინებენ. როგორც გამგე, ინეზა ქობალია, რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, ეს მხოლოდ დროებითია, რადგან მათთვის ახალი ბაღი უახლოეს მომავალში აშენდება:

„არ სძინავთ, რადგან არ გვაქვს საძინებელი. არ გვაქვს ოთახიც, იმიტომ რომ აქ დევნილები ცხოვრობდნენ. ერთი წელია, რაც გათავისუფლდა. ახლა ჩვენ ახალ ბაღსაც გვიშენებენ, უკვე ოქტომბრიდან იწყებენ“.

სოფელ დარჩელში ბავშვებს იატაკზე დაფენილ ლეიბზე სძინავთ
please wait

No media source currently available

0:00 0:01:53 0:00

ვიდეოს ავტორს ერთ-ერთი აღსაზრდელის ბიძას, თორნიკე ხარამიშვილს, ბაღის ადმინისტრაცია დაწესებულებაში უნებართვოდ შეჭრასა და თანამშრომელთა შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. მასწავლებლების თქმით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი მათ მოწოდებას, ვიდეოს გადაღება შეეწყვიტა, არ დაემორჩილა და ხელი ჰკრა ორ მათგანს. თავად თორნიკე ხარამიშვილი კი ამბობს, რომ ნასვამი არ ყოფილა დ არც შეურაცხყოფა მიუყენებია ვინმესთვის. აღსაზრდელის ბიძის სიტყვებით, მან გადაიღო ის, რაც, დიდი ხანია, საბავშვო ბაღში ხდება.

ვიცით, საძინებელი რომ არ აქვთ და ამიტომ ჩვენს ბავშვებს გვიან იღებენ. მოგვყავს გამოძინებული ბავშვები.
ნანა ახვლედიანი


„ბაღში არ არის ის პირობები, რომელიც უნდა ჰქონდეს ბავშვებს, საძინებელიც კი. მივმართავ მთავრობას, რომ დროულად მიხედოს ამას“, - განაცხადა თორნიკე ხარამიშვილმა.

სხვა ბავშვების მშობლების ინფორმაციით, ბაღში ინფრასტრუქტურული პრობლემებია, თუმცა არ ადასტურებენ, რომ მათ შვილებს იატაკზე სძინავთ:

„ვიცით, საძინებელი რომ არ აქვთ და ამიტომ ჩვენს ბავშვებს გვიან იღებენ. მოგვყავს გამოძინებული ბავშვები“, - განაცხადა ერთ-ერთი ბავშვის ბებიამ, ნანა ახვლედიანმა.

დარჩელის ბაღის და სხვა სოფლების სააღმზრდელო დაწესებულებების მონიტორინგს გეგმავს „ევროპული საქართველო“. პარტიის წევრ ბათლომე შელიას თქმით, ამ საკითხს დააყენებს საკრებულოს უახლოეს სხდომაზეც. დეპუტატი ირწმუნება, რომ ბაღის დირექტორი სიმართლეს მმართველი პარტიის შიშით ვერ ამბობს, რეალურად კი ის, 2 წელია, პრობლემის მოგვარებას უშედეგოდ ცდილობს:

„ჩვენი ინფორმაციით, 2 წელია, ბაღის გამგე უშედეგოდ ცდილობს რესურსცენტრიდან… ხელისუფლებისგან ითხოვს ელემენტარული პირობების შექმნას და ამ პირობებს არ უქმნის მას ხელისუფლება“, - განაცხადა ბათლომე შელიამ.

მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავამ ბაღის ხელმძღვანელობის თვითშემოქმედება უწოდა იატაკზე ბავშვებისთვის საძინებლის მოწყობას, რაც, მისივე თქმით, რეაგირების გარეშე არ დარჩება.

„დარჩელის საბავშვო ბაღში არ გვყავს ბაგის ჯგუფი. შესაბამისად, აქ არ არის დასაძინებელი ოთახები და ბავშვები არ იძინებენ. რაც შეეხება გავრცელებულ ვიდეოს, ამ ფაქტს ჩვენ შევისწავლით. ინფორმაციის წინასწარი მოკვლევით, ეს არის უშუალოდ ბაღის ხელმძღვანელობის თვითშემოქმედება, რომელიც, რა თქმა უნდა, რეაგირების გარეშე არ დარჩება“, - განაცხადა ზუგდიდის მერის მოადგილემ.

კონსტანტინე კაკავას სიტყვებითვე, სასიხარულოა ის ფაქტი, რომ დარჩელში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი აშენდება. ახალი ბაღი 180 აღსაზრდელზე იქნება გათვლილი. მერის მოადგილის განცხადებით, პროექტს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს და ამ ეტაპზე შესრულებულია საპროექტო სამუშაოების 90 %.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG