Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარიამი და სხვა ბავშვები კონფლიქტის ზონიდან


აქ ბავშვები ლაპარაკობენ ომზე, ადამიანების გატაცებაზე, შიშზე, მათ ახლოს შეიარაღებული პირების ყოფნაზე. 1 ივნისი სოფელ ქვეშში.
აქ ბავშვები ლაპარაკობენ ომზე, ადამიანების გატაცებაზე, შიშზე, მათ ახლოს შეიარაღებული პირების ყოფნაზე. 1 ივნისი სოფელ ქვეშში.

მარიამ ვაშაგაშვილი საოკუპაციო გამყოფ  ხაზთან, სოფელ ქვეშში ცხოვრობს. ქვეში ოკუპირებულ არცევს ესაზღვრება და მავთულხლართებით არის გარშემორტყმული. არცევში რუსეთის საოკუპაციო სამხედრო ბაზა მთის წვერზეა განთავსებული, საიდანაც შეიარაღებული ე.წ. მესაზღვრეები როგორც ქვეშს, ისე არცევს აკონტროლებენ.

როცა მშობლები სოფლის ბაღებში გადიან სამუშაოდ, ბავშვები ნერვიულობას იწყებენ - საოკუპაციო ღობის სიახლოვეს ცხინვალისკენ მათი გატაცების საფრთხე ყოველთვის დიდია.

ამ საფრთხეს მარიამ ვაშაგაშვილი დიდი ხანია გრძნობს. ფსიქოლოგობა გადაწყვიტა, უნდა, რომ სწავლის დასრულების შემდეგ ისევ სოფელში დაბრუნდეს და აქაურებს, ომის დროს გადატანილი ტრავმების დაძლევაში დაეხმაროს.

„ძალიან გვწყდება გული იმაზე, რომ ტაძრებში ვერ ავდივართ. ბაღებთან მავთულხლართებია გაბმული და იქაც არ შეგვიძლია მისვლა და ეს ჩვენი ოჯახებისთვის და მთელი სოფლისთვის რთულია“.

ბავშვთა დაცვის დღე სოფელ ქვეშში
please wait

No media source currently available

0:00 0:03:29 0:00

მარიამს დღეს ცისფერი, ყვავილებიანი კაბა ეცვა, სკოლაში განსაკუთრებულ სტუმრებს ელოდნენ. მანამდე მან და მისმა კლასელებმა მწერალ დათო ტურაშვილს წერილები გაუგზავნეს, - ეგებ ჩვენთანაც შეძლო ჩამოსვლაო. მარიამ ელიაურის საყვარელი წიგნი "ჯინსების თაობაა".

„მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლის ომის დროს თვეების ვიყავი და თითქოს არც არაფერი უნდა მახსოვდეს, ჩემთვის აქ ცხოვრება მაინც რთულია, იმიტომ, რომ სულ საფრთხეში ვართ რუსის ჯარების შემოსვლის გამო. აქ სკოლაღა რჩება ერთადერთ ნათელ წერტილად, რომ სოფელი არ დაიცალოს. დათო ტურაშვილის „ჯინსების თაობა“ მიყვარს, სადაც საბჭოთა კავშირის ყოფაა აღწერილი. სწრაფვა თავისუფლებისკენ. ახლა ამ თავისუფლებას ყოველდღიური საფრთხე ოკუპაციის ხაზთან ემუქრება, იმიტომ რომ ყოველ წუთს შეიძლება შემოვიდნენ“.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, ქვეშელი მოსწავლეებისთვის განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი იყო. წიგნი ყველას შეხვდა.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, ქვეშელი მოსწავლეებისთვის განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი იყო. წიგნი ყველას შეხვდა.

მიუხედავად იმისა, რომ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა, მღერიან და ცეკვავენ, მაინც საფრთხეებზე საუბრობენ. აქ ბავშვები ლაპარაკობენ ომზე, ადამიანების გატაცებაზე, შიშზე, მათ ახლოს შეიარაღებული პირების მიმოსვლაზე.

„სტრესის მსხვერპლი ვართ, იმიტომ რომ ოკუპაციასთან და ე.წ. საზღვართან ახლოს ვართ. ხშირია, როცა გადმოდიან ოკუპანტები, მიყავთ ხალხი. ასეთი საფრთხე ყოველთვის არსებობს ასეთ სოფლებში. განვიცდით ამას“.

მოსწავლეებმა მწერალ დათო ტურაშვილს წერილები გაუგზავნეს, - გვეწვიე წიგნებითო
მოსწავლეებმა მწერალ დათო ტურაშვილს წერილები გაუგზავნეს, - გვეწვიე წიგნებითო

შეუძლებელია ამ ახალგაზრდებმა დაკარგონ დამოუკიდებლობა და თავისუფლება, ამბობს მწერალი დათო ტურაშვილი. ქვეშის სკოლაში დღეს მან ბევრი წიგნი დაარიგა. იხუმრა კიდეც, აგერ ამ სკოლიდან ორი მინისტრი ახლავე შეგვიძლია შევარჩიოთო, მაგრამ იმ ორ ბავშვს ფეხბურთელობა უფრო უნდაო.

„არაჩვეულებრივი ბავშვები დაგვხვდნენ... კარგი ქვეყანა თუ გვინდა, მთავარი გამოსავალი არის განათლება, ცოდნა და პროფესიონალიზმი. ამიტომაც სულ ბავშვებთან ვურთიერთობთ, რომ ამ თაობამ მაინც დაიჯეროს, რომ ყველაზე მეტად რაც გვაკლია, ესაა პროფესიონალიზმი და, შესაბამისად, პატრიოტიზმი“.

ბავშვები განსაკუთრებით ნერვიულობენ, როცა მშობლები სოფლის ბაღებში გადიან სამუშაოდ. ნაკვეთები საოკუპაციო ღობის სიახლოვესაა.
ბავშვები განსაკუთრებით ნერვიულობენ, როცა მშობლები სოფლის ბაღებში გადიან სამუშაოდ. ნაკვეთები საოკუპაციო ღობის სიახლოვესაა.

ქვეშის საჯარო სკოლაში ახლა 260 მოსწავლე ირიცხება. იყო დრო, როცა ამ სკოლაში ოკუპირებული არცევიდან ბავშვები შემოვლითი გზებით გადმოდიოდნენ. სწავლის გამო მავთულხლართებზე ძვრებოდნენ. შარშან მათ ქვეშის სკოლა დაამთავრეს და ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღარ დაბრუნებულან.

არცევიდან ერთი პედაგოგიც მალულად გადმოდიოდა ქვეშის სკოლაში, მაგრამ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა იმდენჯერ დააკავეს, რომ ბოლო-ბოლო ისიც დანებდა.

800-კომლიანი სოფელი ქვეში გორის მუნიციპალიტეტის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. სოფელს ესაზღვრება ოკუპირებული ზემო არცევი, სადაც ქართული და ოსური ოჯახები წარსულში გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ.

90-იანი წლების კონფლიქტის დროს აქაურები ერთმანეთს უფრთხილდებოდნენ და შეიარაღებული ფორმირებებისგან იცავდნენ, ამიტომ არც მაშინ და არც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს აქ არც მსხვერპლი ყოფილა და არც სახლები გაუნადგურებია ვინმეს. ქვეშელებსა და არცეველებს ერთმანეთისთვის გაკეთებული სიკეთე ახსოვთ.

2008 წლის ომის შემდეგ, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქვეში მავთულხლართებით შემოღობეს და არცევთან კონტაქტიც თითქმის მთლიანად გაწყდა.

XS
SM
MD
LG