Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმელი პროფესორის რეპუტაციას ეჭვქვეშ სხვა სტუდენტებიც აყენებენ


ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტმა გოგონამ სამართლის პროფესორი სექსუალურ შევიწროებაში საჯაროდ 21 მაისს დაადანაშაულა. მეორე დღეს სტუდენტმა უნივერსიტეტის ეთიკის კომისიას მიმართა. გოგონა ამბობს, რომ ტელეფონში შენახული აქვს ლექტორისგან მიღებული შეტყობინებები და მათზე პასუხები. ზოგიერთი მედიასაშუალებით მაშინვე დასახელდა პროფესორის ვინაობა. ის ბათუმის საკრებულოს წევრი აღმოჩნდა.

რას ამბობს სტუდენტის მიერ სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული პროფესორი?

23 მაისს ბათუმის ტელეკომპანია TV 25-მა გაავრცელა საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, ბათუმის უნივერსიტეტის ლექტორის ომარ მახარაძის კომენტარი:

ომარ მახარაძე
ომარ მახარაძე

"ეს იყო აბსოლუტურად დაგეგმილი სიბინძურე, სიცრუე. ჩემი ტელეფონის ე.წ. აიქლაუდი გატეხილია. ტელეფონი რომ გატეხილი იყო, ეს არჩევნებამდე ვიგრძენი. პარტიული დავალებით მივლინებით ვიყავი ხულოში და ეს ყველამ, მთელმა რაიონმა და პარტიულმა ელიტამ იცის. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია იცით, დაველოდოთ გამოძიებას და ვინც დამნაშავეა ის როგორც წესი და რიგია კანონით ისე დაისჯება."

რას ამბობენ ბათუმის უნივერსიტეტის სხვა სტუდენტები?

მას შემდეგ, რაც ბათუმის უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტმა გოგონამ პროფესორი საჯაროდ დაადანაშაულა სექსუალურ შევიწროებაში, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები ამავე ლექტორის არაერთ მსგავს საქციელზე ალაპარაკდნენ და განაცხადეს, რომ ის უკვე წლებია სტუდენტებს ავიწროებს.

იურიდიული ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტმა გოგონამ, რომელმაც გვთხოვა მისი სახელი და გვარი არ დავასახელოთ, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სექსუალური შევიწროების შესახებ ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად კონკრეტული პროფესორის ვინაობა არ თქმულა, სტუდენტების ნაწილი მიხვდა, ვის შესახებაც იყო ლაპარაკი: „არის ლექტორების კატეგორია უნივერსიტეტში, რომლებზეც წინა თაობის სტუდენტებისგან წინასწარ ვართ გაფრთხილებული, რომ წინა მერხებზე არ დავსხდეთ და ყურადღება არ უნდა მივიპყროთ, იმიტომ რომ შეიძლება რაღაც მოგვწერონ, ან ცუდად გვითხრან და ა.შ. ერთ-ერთი ეს ლექტორია და იმდენად ბევრი და ცუდი რაღაც გამიგია მასზე, რომ სათაურის წაკითხვისთანავე მივხვდი, რომ ამ ადამიანზეა საუბარი. პირველად, რაც უნივერსიტეტში გავიგე ამ ადამიანზე, ის იყო, რომ ერთ გოგოს წერდა, მერე ამ გოგომ გამოუქვეყნა კურსის ჯგუფში. შემდეგ საგანი ჩაუტოვა და გადაბარებაზე გაუშვა მთელი ჯგუფი დასჯის მიზნით. ამ ადამიანს ჰქონდა ძალაუფლება ფაკულტეტზე და გავლენა თანამდებობიდან გამომდინარე.“

ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტები ობიექტურ გამოძიებას და პროფესორის პასუხისმგებლობის საკითხის დასმას მოითხოვენ.

„პირადად მინახავს, როგორ ჩაკირკიტებით ეკითხებოდა ხოლმე გოგონებს მათი ნათესავების შესახებ. ჰყავდათ თუა არა მამა, ძმა ან გათხოვილი თუ იყო. ისეთი დამოკიდებულება ჰქონდა, რომ თუ გათხოვილი იყავი მისთვის უკეთესი იყო. სანამ ფოტოებს გამოგიგზავნიდა ან მოგთხოვდა იგებდა, გყავდა თუ არა ძმა, ან მამა, რომელსაც შეიძლებოდა პასუხი მოეთხოვა მისთვის. აქამდე ამ ყველაფერზე ხელშესახები არგუმენტი არ მინახავს, თუმცა მეც ვთვლი და არავის არ სჯერა კურსზე, რომ მას ფეისბუქი გაუტეხეს და მას არ გაუკეთებია, იმდენად ცუდი რეპუტაცია აქვს ამ ადამიანს. რადგან ახლა უკვე გვაქვს ხელშესახები, იმედია ეს საქმეც არ ჩაიფარცხება როგორც, არ მინდა უდანაშაულობის პრეზუმფცია დავარღვიო, თუმცა, როგორც სხვა შემთხვევაში მოხდა“ - უთხრა რადიო თავისუფლებას უნივერსიტეტის მესამე კურსელმა გოგონამ.

ჩვენს უნივერსიტეტში არის 1200 მდე თანამშრომელი და 7 000 მდე სტუდენტი. ყველა ზრდასრული ადამიანები არიან. ძალიან რთულია, არ არსებობს ამის კონტროლის მექანიზმი. მოხდა ასეთი რაღაც, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია რეაგირება.
მერაბ ხალვაში

სხვა შემთხვევა კი, რომელზეც იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი საუბრობს, 2 წლის წინ მოხდა ბათუმის უნივერსიტეტის სხვა ფაკულტეტზე. სტუდენტმა გოგონამ ერთ ერთი ლექტორი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა და დახმარებისთვის უნივერისტეტის რექტორსაც მიმართა.

როგორც ბათუმის უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში გვეუბნება, ეს საქმე გამოსაძიებლად აჭარის პროკურატურას გადასცეს, თუმცა, გოგონა მალევე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა და გამოძიებაც შეჩერდა. ძალადობაში დადანაშაულებული ლექტორი კი ისევ უნივერსიტეტში მუშაობს.

რა რეაქცია აქვს ბათუმის უნივერსიტეტის ადმინისტრაციას ბოლო შემთხვევაზე?

მეორეკურსელი გოგონას მიერ პროფესორის სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებას სტუდენტების პროტესტი მოჰყვა. მათ იურიდიული ფაკულტეტის დეკანს და რექტორს მიმართეს, რომ არ შევლენ ომარ მახარაძის ლექციებზე. უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ საქმის შესასწავლად ეთიკის საბჭო შექმნა. სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებულ ლექტორს ხელშეკრულება შეუჩერეს. რექტორი მერაბ ხალვაში ამბობს, რომ სტუდენტმა გოგონამ დამადასტურებელ მასალად წარმოადგინა ფოტოები და მიმოწერა მასსა და პროფესორს შორის.

„ძალიან რთული თემაა პირადად ჩემთვის. აქ არის წმინდა ადამიანური თემა, აქ არის უნივერსიტეტის რეპუტაციის თემა, ზოგადად სისტემის რეპუტაციისაც. ჩვენს უნივერსიტეტში არის 1200 მდე თანამშრომელი და 7 000 მდე სტუდენტი. ყველა ზრდასრული ადამიანები არიან. ძალიან რთულია, არ არსებობს ამის კონტროლის მექანიზმი. მოხდა ასეთი რაღაც, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია რეაგირება“ - ამბობს რექტორი მერაბ ხალვაში.

უნდა დავადგინოთ ეს ფაქტი იყო, თუ ცილისწამებაა. ეს ხომ მარტო ორი ადამინის საკითხი არ არის?! მე მაღელვებს მთლიანად ფაკულტეტის ბედიც, აკადემიური პერსონალის ბედი, უნივერსიტეტის საქმიანი რეპუტაცია.
ლევან ჯაყელი

ბათუმის უნივერსიტეტის რეაგირება კი, ფაქტის დამტკიცების შემთხვევაში იქნება სექსუალურ შევიწროებაში მხილებული ლექტორისთვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა - ამბობს ბათუმის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ლევან ჯაყელი. მან რადიო თავისუფლებას ისიც უთხრა, რომ უნივერსიტეტი არ დაელოდება გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომელმაც საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, იძულების მუხლით აღძრა.

ლევან ჯაყელის თქმით, უნივერსიტეტში სპეცილურად შექმნილი კომისია საქმეს თავად გამოიძიებს. იურიდიული ფაკულტეტის დეკანი იმასაც ამბობს, რომ ეთიკის კომისია სწავლობს სექსუალური შევიწროების სხვა შემთხვევებსაც, რომელთა შესახებ სტუდენტები მხოლოდ ახლა ალაპარაკდნენ.

„უნდა დავადგინოთ ეს ფაქტი იყო, თუ ცილისწამებაა. ეს ხომ მარტო ორი ადამინის საკითხი არ არის?! მე მაღელვებს მთლიანად ფაკულტეტის ბედიც, აკადემიური პერსონალის ბედი, უნივერსიტეტის საქმიანი რეპუტაცია. ეს საკითხი არ არის მხოლოდ ერთი კონკრეტული პროფესორის ქმედება და ერთი სტუდენტის დაზარალება. ამას სხვა პრევენციული მნიშვნელობაც აქვს და რაც შეიძლება რადიკალურად უნდა მივუდგეთ ამ ფაქტს და მივცეთ სათანადო რეაგირება. მიმდინარეობს ინფორმაციის მოძიება და შეკრება სხვა შემთხვევებთან დაკავშირებითაც. სტუდენტები ყვებიან, თუმცა როდესაც დადასტურებამდე მივდივართ, სამწუხაროდ, ვერ ვპოულობთ და ვერ მივდივართ წინ. სამწუხაროდ, მხოლოდ ზეპირსიტყვიერი ინფორმაცია გვაქვს“ - ამბობს ლევან ჯაყელი.

საქმის მოკვლევას ბათუმის უნივერსიტეტის სხვა ფაკულტეტის სტუდენტებიც აწარმოებენ და მხარდაჭერას უცხადებენ ყველა სტუდენტს, ვინც სექსუალური შევიწროების გამო ხმა აიმაღლა.

„სხვა სტუდენტებსაც ჰქონდათ ინფორმაცია და გარკვეული მიზეზების გამო არ ასაჯაროვებდნენ. როგორც ვიცი, ამ ლექტორთან მიმართებაში თავის დროზე სხვა მსგავს ინციდენტებსაც ჰქონდა ადგილი და ჩხუბიც კი მომხდარა“ - ეუბნება რადიო თავისუფლებას ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის სტუდენტი შალვა ილარიშვილი.

ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტი გოგონას მიერ პროფესორის სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულების გამო, აჭარის რეგიონში მოქმედმა შვიდმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ადეკვატურ რეაგირება მოთხოვა როგორც უნივერსიტეტის ეთიკის კომისიის, ასევე ბათუმის საკრებულოს.

თავის მხრივ, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ, სულიკო თებიძემ 22 მაისს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე დაგმო ყოველგვარი ძალადობა და განაცხადა, რომ დაელოდებიან გამოძიების შედეგებს, ხელს არავის არ დააფარებენ და „ვინც არ უნდა იყოს, კანონის სრული დაცვით აგებს პასუხს.“

ბათუმის საკრებულოს პრესსამსახურში გვითხრეს რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბათუმის უნივერსიტეტის პროფესორი ომარ მახარაძე მივლინებით იმყოფება უკრაინაში, საიდანაც 28 მაისს დაბრუნდება და განცხადებას გააკეთებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG