Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმელმა ეკოდამცველებმა საპროტესტო აქცია თბილისში გამართეს


30 მარტს ბათუმში კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გაიმართება.
30 მარტს ბათუმში კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გაიმართება.

ბათუმიდან ჩამოსულმა გარემოსდამცველებმა 27 მარტს თბილისში, მთავრობის კანცელარიის წინ, ბათუმის ნავსადგურის ტერიტორიაზე მინერალური სასუქების ტერმინალის დაგეგმილი მშენებლობა გააპროტესტეს. აქციას რუსთაველი და მცხეთელი ეკოაქტივისტებიც შეუერთდნენ.

„ჩვენ ვითხოვთ გარემოზე ზემოქმედების ანგარიშთან ერთად ეკონომიკურ გათვლებს, თუ რა ფინანსურ სარგებელს მოუტანს ეს ტერმინალი ჩვენს ბათუმს და ჩვენს ქვეყანას“, განაცხადა აქციაზე გოჩა გოგუაძემ, ბათუმის „წრიული ეკონომიკის კლუბის“ წარმომადგენელმა. მისი სიტყვებით, „როცა ვკლავთ საქართველოს „მწვანე დედაქალაქს“, უნდა ვიცოდეთ, რას მივიღებთ ჩვენ, ბათუმელები“.

მიმდინარე წლის იანვარში ბათუმში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ორ მსხვილ კომპანიას შორის. ამერიკულ კორპორაცია Trammo-სა და Wondernet Exspress -ს შორის გაფორმებული შეთანხმებით, ბათუმის პორტის ტერიტორიაზე მულტიმოდალური ტერმინალი უნდა აშენდეს.

ზაალ ბუხუტაშვილი
ზაალ ბუხუტაშვილი

თბილისში გასაპროტესტებლად ჩამოსული ბათუმელი ზაალ ბუხუტაშვილი ბათუმის პორტში ქიმიურ ტერმინალში მუშაობდა და მულტიმოდალური ტერმინალის წინააღმდეგ გამოსვლის გამო კონტრაქტი აღარ გაუგრძელეს. მან რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ბათუმის მოსახლეობა ახალი ტერმინალის მშენებლობის წინააღმდეგია.

„ეს იქნება ქიმიური ტერმინალი, რომლის მშენებლობის წინააღმდეგია ბათუმის მოსახლეობის 99 პროცენტი. თავად ვატარებდით გამოკითხვებს და იცის მოსახლეობამ, ამ ტერმინალით რა ზიანს მიიღებს. ვერ ავიცილებთ დამტვერიანებას, რადგან გემების ტრიუმებში ქიმიური პროდუქტების ჩატვირთვა კონვეიერებით მოხდება. ბათუმი დაიმტვერება მავნე ბენეფიტებით და ამას ვერ ავიცილებთ თავიდან“, თქვა ზაალ ბუხუტაშვილმა. როგორც მან დასძინა, თბილისში პროტესტის მიზეზი ის არის, რომ ახალ ტერმინალს მთავრობა ლობირებს. ბათუმელმა ვატო ნებურიშვილმა, რომელიც საინიციატივო ჯგუფ „ჩემი ბათუმის“ წევრია, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ საკურორტო ქალაქის უმთავრესი ტრენდი ტურიზმია.

ვატო ნებურიშვილი
ვატო ნებურიშვილი

„დაახლოებით 30 მაღალი დონის სასტუმრო შენდება ბათუმში. რისთვის შენდება, ხომ უნდა დაფიქრდეს ხელისუფლება, რომელმაც არადემოკრატიული გადაწყვეტილება მიიღო და იწონებს აბსოლუტურად გაურკვეველ და მავნე პროექტს, რომლის ეკონომიკური ღირებულება... რა ბათუმს, რა ქალაქს, აჭარის მთავრობის მეთაურს რომ ვკითხე, მოგება 3 მილიონი აშშ დოლარი იქნებაო. 3 მილიონი დოლარი ბათუმის ერთი სამორინეს სალიცენზიო გადასახადია“, თქვა ვატო ნებურიშვილმა.

აქციაზე მყოფმა რუსთაველმა გარემოსდამცველმა გივი შანიძემ კი განაცხადა, რომ ბათუმის ეკოლოგიაზე მთელმა საქართველომ უნდა იზრუნოს, რამდენადაც, დასასვენებლად ჩავდივართ თუნდაც, ზაფხულში და, ბუნებრივია, სუფთა გარემოში ყოფნა გვსურს. „ესეც რომ არა, - დასძინა მან, - მთელი მსოფლიო გაიგებს ამ პროექტის მავნებლობას და იქ უცხოელი ტურისტი აღარ ჩავა“.

აქციის დასასრულს მონაწილეებმა დააანონსეს, რომ 30 მარტს, 15:00 საათზე, ბათუმში, მერიის წინ, კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გაიმართება. თავის მხრივ, კომპანია Wondernet Exspress-ის აქციონერი დიმიტრი აბდუშელიშვილი აცხადებს,რომ მინერალური სასუქების ახალი ლოჯისტიკური დერეფნის შექმნაზე შეთანხმება მიღწეულია ძირითად პარტნიორებთან - „საქართველოს რკინიგზასთან“, ბათუმის პორტთან, აზერბაიჯანის რკინიგზასა და ბაქოს ნავსადგურთან. მისივე სიტყვებით, „ეს იქნება ჭკვიანი ტერმინალი“, საქართველოსთვის სატრანზიტო ქვეყნის სტატუსის მიმნიჭებელი.

  • 16x9 Image

    დავით მჭედლიძე

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG