Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმის სასამართლომ ახალი მეჩეთის აშენების საკითხის არსებითი განხილვა დაასრულა


შემდეგი სხდომა, რომელზეც ბათუმის საქალაქო სასამართლო ქალაქის მერიის მუსლიმი თემის წარმომადგენელთა რეპლიკებს მოისმენს, 12 ივნისს ჩაინიშნა. მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ იმედი გამოთქვა, რომ მანამდე მხარეები ახალი მეჩეთის აშენების საკითხზე მოლაპარაკებას განაახლებენ და შეთანხმებას შეძლებენ. ჯუმბერ ბეჟანიძემ ისიც უთხრა მოსარჩელე მხარეს, რომ მუსლიმ თემს სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მცდარი მოლოდინი არ უნდა შეუქმნან, რადგან, მისივე თქმით, სარჩრელის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი არ ნიშნავს, რომ მეჩეთის აშენების ნებართვას მიიღებენ.

„ძალიან მნიშვნელოვანი და ფაქიზი თემაა. ამიტომ, სადაც საზოგადოების ინტერესია, იქ ინფორმაცია ზედმიწევნით და სწორად უნდა იქნეს საზოგადოებასთან მისული, რომ მოლოდინიც შესაბამისი ჰქონდეთ. ამიტომ გთხოვთ კიდევ ერთხელ, შეძლებისდაგვარად სწორად განვმარტოთ“, - თქვა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ.

სახელმწიფოს პოლიტიკა, ზოგადად, დისკრიმინაციულია და ეს არ არის ერთი კონკრეტული გამოვლინება, არამედ წარსულშიც იყო დისკრიმინაციული მიდგომები და ეს არის ამგვარი პოლიტიკის გაგრძელება მუსლიმი თემის მიმართ...
ანზორ ხატიაშვილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გასაჩივრებულია ქალაქ ბათუმის მერიის 2017 წლის მაისში „ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდის'' ნებართვაზე უარის მიღება. ქალაქის თვითმმართველობამ სამშენებლო ნებართვაზე უარი პირველივე ეტაპზე განაცხადა იმ მოტივით, რომ ადგილი მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონაა და იქ არც საკულტო ნაგებობისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობის შესაძლებლობა არსებობს. მუსლიმი თემის თვითორგანიზებულმა ჯგუფმა ახალი მეჩეთის ასაშენებლად ადგილი გენერალ აბაშიძის ქუჩაზე რამდენიმე წლის წინ შეიძინა. უარის მიღების შემდეგ სასამართლოში შეიტანა სარჩელი და ითხოვა მერიის გადაწყვეტილების გაუქმება და სამშენებლო ნებართვის მიღება. მათ ინტერესებს იცავენ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ და „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“, რომლებიც ბათუმის მერიის გადაწყვეტილებას რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციად მიიჩნევენ:

„სახელმწიფოს პოლიტიკა, ზოგადად, დისკრიმინაციულია და ეს არ არის ერთი კონკრეტული გამოვლინება, არამედ წარსულშიც იყო დისკრიმინაციული მიდგომები და ეს არის ამგვარი პოლიტიკის გაგრძელება მუსლიმი თემის მიმართ. მერიის ის არგუმენტი, რომ თითქოს მიწის ამ ნაკვეთზე, რომელიც მათ შეიძინეს და მეჩეთის მშენებლობა სურს მუსლიმ თემს, ადრინდელი გეგმის მიხედვით, პროექტში მიწის ნაკვეთს კვეთს გზა, რომელიც მომავალში შესაძლებელია მართლაც გაკეთდეს იქ და შესაძლებელია მისი გაფართოების საჭიროებაც დადგეს, განაშენიანების ტემპებიდან გამომდინარე, რაც იმ ტერიტორიაზე მიმდინარეობს ახლა. თუმცა ეს აბსტრაქტული არგუმენტია. მერიის პოზიცია დაუსაბუთებელია, იმიტომ რომ უფრო კონკრეტული და ძლიერი არგუმენტი უნდა მოგვესმინა ჩვენ“, - ამბობს ანზორ ხატიაშვილი, „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ წარმომადგენელი.

ბათუმის მერიიის იურისტმა ვახტანგ გედენიძემ არგუმენტებზე საუბარი არც მედიასთან ისურვა და სხდომათა დარბაზი პროცესის დასრულების შემდეგ მალევე უკემენტაროდ დატოვა, სასამართლო პროცესის დაწყებისას კი სხდომის გადადება მოსამართლეს კიდევ ერთხელ სთხოვა იმ მოტივით, რომ მერია მოლაპარაკებებს გააგრძელებს მუსლიმ თემთან, რადგან, როგორც შემდეგ პროცესის მსვლელობისას აღნიშნა, სასამართლო ვერ დაავალდებულებს მერიას ბათუმში ახალი მეჩეთის ასაშენებლად ნებართვა გასცეს. სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი საქმე ისევ მერიაში დაბრუნდება სამშენებლო ნებართვის განხილვის პირველივე ეტაპზე, რაც, მისივე თქმით, რა შედეგით დასრულდება ჯერ არავინ იცის.

თუმცა, შედეგის მიუხედავად, ბათუმში ახალი მეჩეთი აუცილებლად აშენდებაო, ამბობს ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე. მისი თქმით, ისინი ყველა სამართლებრივ გზას გაივლიან იმისთვის, რომ სამშენებლო ნებართვა მიიღონ და თუ ამ გზით შედეგი არ დადგება, არსებობს კანონის მიღმა გზაც, რომელსაც, ტარიელ ნაკაიძის აზრით, როგორც მუსლიმი, ასევე მართლმადიდებელი მრევლი ამ დრომდე იყენებს და საკულტო ნაგებობებს ნებართვის გარეშე აშენებს:

ტარიელ ნაკაიძე
ტარიელ ნაკაიძე

„მუსლიმი თემი კარგად გათვითცნობიერდა ბრძოლის დემოკრატიულ წესებში. მეჩეთი არა მარტო საკულტო ნაგებობის მნიშვნელობისაა ჩვენთვის, არამედ სოციალური და პოლიტიკური მოძრაობის თვალსაზრისითაც გახდა ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ბრძოლის უნარებს ვიძენთ და ვხუმრობ ხოლმე ამ თემაზე - ყველაზე კარგად მუსლიმებს გვარგო მეჩეთის არაშენებამ, იმიტომ რომ ასეთი ბრძოლის შექმნის პრეცედენტი შეიძლება სხვა თემებმა არც მოგვცეს. ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად სამართლებრივი გზებით მივაღწიოთ საბოლოო შედეგს. თუ ამ გზით ვერ მივაღწევთ, მეჩეთი ყველა ვარიანტში აშენდება. ამას არაფერი არ დაუდგება წინ - მივმართავთ იმ გზას, რა გზითაც ააშენეს შვიდი ეკლესია ჩვენს ირგვლივ და რა გზითაც აქამდე ვაშენებდით მეჩეთებს“.

ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდში აცხადებენ, რომ ბათუმში, გენერალ აბაშიძის 49 ნომერში, 3 ათასი კვმ ფართობის მიწა მუსლიმი მრევლის შემოწირულებით შეიძინეს, სამშენებლო ნებართვაზე უარის მიღების შემდეგ კი ამავე ადგილას მუსლიმებმა ხის მსუბუქი კონსტრუქცია ააგეს და სამლოცველოდ გამოაცხადეს, სადაც პერიოდულად ლოცვას აღავლენენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG